[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / თარგმანი

მოქალაქეობის ეროზია - ბრაიან ს. ტერნერი

აბსტრაქტი

სოციალური მოქალაქეობის გაბატონებული, მარშალიანური პარადიგმის ნგრევა გამოიწვია იმ სოციალურმა და ეკონომიკურმა ფაქტორებმა, რომლებიც ამყარებდნენ ომის შემდგომი დიდი ბრიტანეთის კეთილდღეობის იდეის კონსენსუსს. აღნიშნულის მოდიფიცირება გამოიწვია მთელმა რიგმა ეკონომიკურმა და ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა. სტატია გამოყოფს სამი ტიპის სოციალურ იდენტობას, რომლებიც ეფექტური (ქმედითი) უფლებების ბაზისზე დაშენდა, რაც თავის მხრივ მოიცავდა შრომაში, ომსა და რეპროდუქციაში მონაწილეობას. სოციალური იდენტობის სამი ტიპია: მშრომელები, სამხედროები და მშობლები.

მუდმივ სამუშაო ადგილებზე დასაქმება გარდაიქმნა არამუდმივ, მერყევ პირობებში მუშაობად. ამ ფაქტორმა და ომის ტექნოლოგიურმა განვითარებამ გამოიწვია თვითონ სამუშაოსა და ომის, როგორც ეფექტური მოქალაქეობის მიღწევის შესაძლებლობის, ეროზია. მნიშვნელობას არ კარგავს რეპროდუქციის გზით სოციალური მონაწილეობის პრაქტიკა, ქორწინებაში მასობრივი ღალატისა და ოჯახის ინსტიტუტში გამოწვეული ცვლილებების მიუხედავად. ფაქტობრივად, ახალი რეპროდუქციული ტექნოლოგიების ზრდამ გაზარდა ქორწინების, როგორც სოციალური ურთიერთობის, ნორმატიული დომინირების ხარისხი. რეპროდუქციის ამ უფლებებს აღვწერ ,,რეპროდუქციული მოქალაქეობის“ სახელით. მოცემული სტატიის ფარგლებში აგრეთვე განხილულია ე.წ. ,,მესამე გზის“ სტრატეგიის შემუშავებაში ნებაყოფლობითი გაერთიანებების როლი, რომლებიც სოციალური შეკავშირების წყარო ხდება იმ საზოგადოებებში, რომლებშიც სოციალური კაპიტალი იკლებს და ნებაყოფლობითი გაერთიანების სექტორი სულ უფრო მეტად ხდება ეკონომიკურ დამგროვებლურ ლოგიკას დამორჩილებული.

ნაციონალური მოქალაქეობის ეროზიის კვალდაკვალ მარშალიანური სამი ფორმის უფლებები (სამართლებრივი, პოლიტიკური და სოციალური) გაძლიერებულ იქნა გლობალური უფლებებით, კერძოდ, ეკოლოგიური, აბორიგენული (ადგილობრივი) და კულტურული უფლებებით. აღნიშნული ტენდენცია გამოიწვია წუხილმა, რომელიც მიემართება გარემოს, საზოგადოებასა და სხეულს შორის კავშირს. შესაბამისად, სოციალური უსაფრთხოების ძიება ჩანაცვლებულ იქნა, ონტოლოგიური უსაფრთხოების წუხილებით.

საკვანძო სიტყვები: მოქალაქეობა; გლობალიზაცია; ნებაყოფლობითი გაერთიანებები; ომი; სამუშაო; რეპროდუქცია.

მარშალი და მოქალაქეობის თეორია

მოქალაქეობის მარშალიანური თეორია ფართოდ განიხილებოდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში. დღეს უკვე მარტივად შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ თეორიის ძირითადი ასპექტები და ასევე შევაჯამოთ კრიტიკა, რომელიც აღნიშნულ თეორიას მიემართება. მარშალმა მოქალაქეობა დაყო სამ ნაწილად. სამოქალაქო კომპონენტი აუცილებელი წინაპირობა იყო ინდივიდუალური თავისუფლებების მიღწევისათვის და მოიცავდა ისეთ ელემენტებს, როგორიცაა სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება და მართლმსაჯულების უფლება. პოლიტიკური კომპონენტი მოიცავდა პოლიტიკური ძალაუფლების განხორციელებაში მონაწილეობის უფლებას, კერძოდ, თავისუფალი არჩევნებისა და ფარული კენჭისყრის უფლებას. რაც შეეხება, სოციალურ კომპონენტს, მარშალმა აღნიშნული ჩამოაყალიბა, როგორც უფლება "მინიმალურ ეკონომიკურ კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე, რა პირობებშიც ინდივიდს აქვს შესაძლებლობა სრულად გაიზიაროს სოციალური მემკვიდრეობა და იცხოვროს როგორც ცივილიზებულმა არსებამ“ (Marshall 1950 {1964} : 69).

აღნიშნული სამი კომპონენტი ჩამოყალიბდა მე-17 საუკუნიდან მე-20 საუკუნემდე შუალედში ინსტიტუციური დიფერენციაციის შედეგად, რამაც თავის მხრივ ხელი შეუწყო სპეციალური სააგენტოების ჩამოყალიბებას, რომლებიც ამ უფლებების გამოხატვას უზრუნველყოფდნენ. გარდა სამად დაყოფილი უფლებებისა, არსებობდა მთელი რიგი ინსტიტუტებისა, რომლებიც აღნიშნულ უფლებებს სოციალურ გამოხატულებას ანიჭებდა, კერძოდ, სასამართლოები და მართლმსაჯულების სისტემა, პარლამენტი და ადგილობრივი თვითმმართველობითი ორგანოები და ასევე, განათლებისა და სოციალური სერვისების სისტემები.

მარშალის თეორიის ღირსებას წარმოადგენს იმის მტკიცება, რომ მოქალაქეობა გარდაქმნის კაპიტალისტური ბაზრის უარყოფით გავლენას, რესურების გადანაწილების უფლებრივი საფუძვლის მეშვეობით, რაც იწვევს მუდმივ წინააღმდეგობას ერთი მხრივ, თანასწორობის დემოკრატიულ გაგებასა და მეორე მხრივ de facto უთანასწორობას შორის, რომელიც, ძირითადად, ახასიათებს კაპიტალისტურ ბაზარს და მომხვეჭელობასა თუ სიმდიდრის შემგროვებლობაში, კონცენტრირებაში გამოიხატება. საზოგადოების შიგნით არსებობს დინამიური და წინააღმდეგობრივი ურთიერთობა კაპიტალიზმსა და მოქალაქეობას შორის, ან სხვა აბსტრაქტულ ტერმინებს - სიმწირესა და სოლიდარობას შორის.

ომის შემდგომ პერიოდში დიდ ბრიტანეთში მოქალაქეობამ იდეალებისა და მისწრაფებების, მშვიდობის ინსტიტუციონალიზაცია მოახდინა, რაც თავის მხრივ სოციალურ კეინსიანიზმს განასახიერებდა. ამ თვალსაზრისით, მოქალაქეობა არის სტატუსით განსაზღვრული პოზიცია, რომელიც ამცირებს ეკონომიკური კლასის უარყოფით ეფექტებს კაპიტალისტურ საზოგადოებაში. მოქალაქეობის, როგორც სტატუსის ერთ-ერთი პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ სტატუსებს შორის განსხვავება ერთი მხრივ, შეიძლება იყოს უთანასწორობის მიზეზი (სტატუსით განსაზღვრული უფლებრიობა), ხოლო მეორე მხრივ, მოქალაქეობას, როგორც სტატუსს, შეუძლია შეამციროს კლასობრივი უთანასწორობა. სტატუსით განსაზღვრული უფლებრიობა სოციალური უზრუნველყოფის ბიუროკრატიული სისტემის პირობებში, რესურსთა სიმწირის გამო, სტატუსთა შორის კონკურენციის მიზეზი ხდება (Lockwood 1996; Runciman 1996; Turner 1989). მარშალმა აღნიშნული საკითხი გააანალიზა შესაძლებლობების თანასწორობასა და პირობების თანასწორობას შორის პარადოქსული ურთიერთობის განხილვისას, განათლების მიღწევებისა და სოციალური მობილობის მაგალითებით. სოციალური მობილობის პროცესი, რომელიც დაფუძნებული უნდა ყოფილიყო სერტიფიცირებულ განათლებაზე, მიზნად ისახავდა მემკვიდრეობითი პრივილეგიის მოცილებას, მაგრამ პრაქტიკაში ეს ნიშნავდა „განსხვავებების გამოვლენისა და განვითარების უფლებას“ (Marshall 1950 {1964}:94}. მოქალაქეობა, როგორც სოციალური წევრობის პრინციპი, ამავდროულად სოციალურ გარიყულობას წარმოშობს, რადგან ის ეფუძნება სოციალურ კონფლიქტებს იმის შესახებ, თუ ვის რაზე აქვს ან არ აქვს უფლება.

მარშალის პარადიგმა გაკრიტიკებული იყო სხვადასხვა, ლიბერალური, მარქსისტული და კონსერვატორული, მიმართულებით. უპირველეს ყოვლისა, ამ თეორიამ ვერ შეძლო ეფექტური ანალიზის გაკეთება იმ მიზეზობრივ კავშირსა თუ მექანიზმებზე, რამაც მოქალაქეობის გაფართოება გამოიწვია. ყველაზე აშკარა, რაც ახსნიდა სოციალური უფლებების საზღვრების ზრდას მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეებში, იყო მუშათა კლასის კონფლიქტების გავლენა ეკონომიკურ უფლებებზე, რომლებიც დაკავშირებულია დასაქმებასთან, ავადმყოფობასთან და პენსიის მიღებასთან (Montgomer y 1993; Parker 1998). ამ მხრივ მნიშვნელოვანი განსხვავებები იყო ამერიკულ და ბრიტანულ დებატებს შორის. დიდ ბრიტანეთში სოციალური უფლებების საზღვრების ზრდის მთავარ ფაქტორად მოიაზრებოდა კლასობრივი უთანასწორობა ძირითად რესურსებზე (როგორიც იყო: საცხოვრისი, განათლება და სოციალური დაცვა) ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ამერიკული დებატები მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით, ძირითადად, მიგრაციასა და სოციალურ მობილობას უკავშირდებოდა. მოქალაქეობის ამერიკული გამოცდილება ეხებოდა სამოქალაქო იდეალების განხორციელების წარმატებულ ან წარუმატებელ დანერგვას რასობრივი დაყოფისა და კონფლიქტების კონტექსტში (Smith 1997). მოქალაქეობის განვითარების სხვა ძირითადი მიზეზ-შედეგობრივი მახასიათებელი როგორც ამერიკაში, ასევე დიდ ბრიტანეთში, იყო თანამედროვე ომის გაუთვალისწინებელი შედეგები. ყოვლისმომცველი ჯანდაცვის სისტემის იდეამ ფართო აღიარება მოიპოვა ომის წლებში, მთავრობამ შემოიტანა ჯანდაცვის ეროვნული სერვისი, რომელიც უფასო მკურნალობას სთავაზობდა ყველა მოქალაქეს. საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო დიდ ბრიტანეთში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და სამოქალაქო უფლებების მოძრაობა ამერიკაში, ვიეტნამის ომის შემდეგ, იყო პასუხი საზოგადოების მობილიზებასა და საზოგადოების თვითკრიტიკულ შეხედულებებზე. ამ მიზეზს შეიძლება ვუწოდოთ "ტიტმუსის ეფექტი". რიჩარდ ტიტმუსი (1962: 188) თავის ნაშრომში, „შემოსავლის განაწილება და სოციალური ცვლილება,“ ამტკიცებდა, რომ ომი მნიშვნელოვანი სტიმული იყო ეროვნული თვითკრიტიკისა და სოციალური ცვლილებებისთვის.

მეორე კრიტიკა არის ის, რომ მარშალი მოქალაქეობას განიხილავდა, როგორც ერთგვაროვან კონცეფციას და არ ცდილობდა მოქალაქეობის ტიპების დიფერენცირებას ან მოქალაქეობის განსხვავებული ფორმების სხვადასხვა ისტორიული განვითარებისა და ტრაექტორიის შედარებით ანალიზს. უნდა აღინიშნოს, რომ ევროპაში კაპიტალისტური მოდელის ნაირსახოვანი განვითარების ფონზე, მოქალაქეობამ მიიღო სხვადასხვა ფორმა.

ნიშანდობლივია, რომ მარშალი არ განასხვავებს აქტიურ და პასიურ მოქალაქეობას (Turner 1990). რომელი ისტორიული და სოციალური მოცემულობები განაპირობებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეფექტურ, აქტიურ ჩართულობას და არა უბრალოდ პასიურ მონაწილეობას? წარსულში რევოლუციური ბრძოლები და ომის დამანგრეველი შედეგები იწვევდა მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას, მაგრამ, როგორც ტიტმუსს მიაჩნდა, შეიძლება დაგვჭირდეს ახალი საშუალებების მოფიქრება ეროვნული კრიტიკული გამორკვევისა და მოქალაქეობის ფორმირების საკითხებისთვის იმ დროს, როდესაც ბირთვულმა და ბიოლოგიურმა ომებმა ის პირობები შეცვალა, რაც საკმარისი იყო დაბრუნებული სამხედროების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

მესამე, მარშალი თავის ანალიზში მოიაზრებდა ჰეტეროგენულ საზოგადოებას, რომელშიც რეგიონალური, კულტურული და ეთნიკური დაყოფა არ იყო მნიშვნელოვანი სოციალური კლასების დაყოფასთან შედარებით. მარშალი მუშაობდა იმ პოლიტიკურ კონტექსტში, სადაც გაერთიანებული სამეფოს ერთიანობის პრობლემა არ იდგა. „ინგლისელობის“ კულტურული და კონსტიტუციური პრობლემა მარშალის დროს ბრიტანეთში მთავრობის ცვლილებისას ძნელად წარმოსადგენი იყო. მარშალის მთავარ სისუსტედ გვევლინება ეროვნულ მოქალაქეობასთან დაკავშირებით ეთნიკური და რასობრივი დაყოფის უგულებელყოფა (Crowley 1998).

დასასრულს, მარშალის თეორია, უპირველეს ყოვლისა, უფლებების თეორია იყო, თუმცა ის არაფერს ამბობდა ვალდებულებებსა და მოვალეობებზე. თეორია გვთავაზობდა პასიურ მოქალაქეობას, სადაც სახელწიფო უნივერსალური უფლებების კონტექსტით, იცავდა ადამიანს ბაზარზე მიმდინარე გაუთვალისწინებელი, მოულოდნელი მოვლენებისაგან. პოლიტ-ეკონომისტები აკრიტიკებდნენ მარშალის მოქალაქეობის პარადიგმას, როგორც ლიბერალურ რეფორმიზმს. მათი აზრით, პარადიგმა ცენტრში მხოლოდ ფორმალურ უფლებებს აყენებდა, ყოველგვარი არსებითი სარგებლიანობის გარეშე. კრიტიკოსები ირწმუნებოდნენ, რომ მოქალაქეობის ეროზია უბრალოდ ,,მმართველი კლასის სტრატეგიაა“, რომლის მიზანიც მხოლოდ მოქალაქეობის დაპირებით ჩვეულებრივ მუშათა კლასზე ზეგავლენის მოპოვებაა (Mann 1987). როგორ გადაიქცევა მოქალაქეობის უფლებები (entitlement) უფლებებზე წვდომის ეფექტურ ფორმად? ამ შემთვევაში ჩემი არგუმენტი ისაა, რომ მოქალაქეობა, როგორც სტატუსი, თავისთავად არ არის საკმარისი უფლების ეფექტური გარანტირებისთვის. ეფექტური ანუ ქმედითი მოქალაქეობა დამოკიდებულია უფლების (ანუ მოქალაქედ ყოფნის სტატუსის) სამ ფუნდამენტურ კომპონენტზე, ესენია: შრომა, ომი და რეპროდუქცია.

თარგმანი სრულად იხ. მიმაგრებყლ ფაილში.

ბრაიან_ს._ტერნერი_1651841649.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“