საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
20 მაისი სოფელ ძარაში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას უკავშირდება, რომელიც ოსური საზოგადოებისთვის დღემდე ბუნდოვანებით მოცულ, ისტორიულ შავ ქალად რჩება - სათანადო გამოძიების, დამნაშავე პირების დასჯის, მსხვერპლების უფლებების აღდგენის და პატივისცემის გარეშე. ძარის ტრაგედია 90-იანი წლების აგრესიული ეთნო-ნაციონალიზმის და შოვინიზმის ტალღის ერთ-ერთი ტრაგიკული გამოვლინებაა, რომელმაც საქართველოში მცხოვრებ ოსებს მძიმე გამოცდილება და მეხსიერება დაუტოვა.
1992 წლის ამ დღეს, სოფელ ძარასთან დაუდგენელმა პირებმა ჩაცხრილეს სატვირთო ავტომანქანა, რომლითაც დევნასა და შევიწროებას გაქცეული ოსები ჩრდილოეთ ოსეთისკენ მიდიოდნენ. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 33 ადამიანი, მათ შორის უმეტესობა ქალი და ბავშვი, დაშავდა 16.
ძარაში მომხდარი ეს უმძიმესი დანაშაული არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ იყო გამოძიებული, მსხვერპლები და მათი ოჯახის წევრები კი პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხის გარეშე არიან დარჩენილი. 90-იან წლებში მოქმედი ხელისუფლების ფარგლებში შეიქმნა საგამოძიებო კომისია, თუმცა მას არ გამოუვლენია და არ დაუსჯია დამნაშავეები.
ძარის ტრაგედია უხილავი და არაღიარებულია ქართულ საზოგადოებაში, ჩვენი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არც კი იცის ამ მძიმე დანაშაულის შესახებ და შესაბამისად, ნაკლებად გამოხატავს თანაგრძნობას ოსური საზოგადოების და დაღუპულთა ოჯახების მიმართ.
წარსულის გადააზრების, კონფლიქტების ტრანსფორმაციის და ნდობის მშენებლობის პროცესში ამგვარი მოვლენების შესახებ საჯარო მსჯელობას, აღიარებას და ემპათიის ჩვენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
საქართველოში წარსულის ტრავმული მოვლენებისა და მასობრივი ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების მიმართ არასდროს გატარებულა თანმიმდევრული და პრინციპული სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მიზნად დაისახავდა სამართლიანობის აღდგენასა და ისტორიული ჭრილობების განკურნებას. ამის საპირისპიროდ, წარსულის კრიტიკული გაანალიზების პროცესები ან იგნორირებულია, ან გამოიყენება პოლიტიკურ ინსტრუმენტალურად, რაც ხელს უშლის არა მხოლოდ სამართლიანობის აღდგენას, არამედ მეხსიერების პოლიტიკის დემოკრატიზაციასაც. ეს რეალობა ქმნის დუმილის კოლექტიურ კულტურას, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს სოციალური დაყოფასა და უნდობლობას სხვადასხვა ჯგუფებს შორის.
ინსტრუქცია