საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
კვლევითი ანგარიში წარმოადგენს სიღრმისეული ანალიზის შედეგებს საქართველოს ორ, ეთნიკური უმცირესობით კომპაქტურად დასახლებულ საზღვრისპირა რეგიონში (ჯავახეთი და დმანისი) სახელმწიფო უსაფრთხოების პოლიტიკის, საპოლიციო კონტროლისა და მეთვალყურეობის პრაქტიკების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიური გამოცდილებების შესახებ. კვლევა ჩატარდა ეთნოგრაფიულ დაკვირვებებისა და სიღრმისეულ ინტერვიუების მეთოდით, ასევე თეორიული და სამართლებრივი ჩარჩოს შესახებ კრიტიკული ლიტერატურის სიღრმისეული შესწავლით. კვლევის ფარგლებში გამოკვეთილია, თუ როგორ ფუნქციონირებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და პოლიციის სისტემები და როგორ აღიქმება ეთნიკური უმცირესობების მიერ.
დოკუმენტი შედგება ხუთი ძირითადი ნაწილისგან. პირველი ნაწილი ლიტერატურის მიმოხილვაა, სადაც განვიხილავთ სახელმწიფო კონტროლის თეორიულ ჩარჩოს, სეკურიტიზაციის კონცეფციას და უსაფრთხოების მიდგომებს. ამ ნაწილში მიმოვიხილავთ, თუ როგორ ახდენს სახელმწიფო სივრცეების სეკურიტიზაციას, როგორ მუშაობს ზემოდან ქვევით და ქვემოდან ზევით კონტროლის რეჟიმები და როგორ ხდება ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურად „სხვა“-დ, და შესაძლო საფრთხედ წარმოსახვა. მიმოხილვაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კრიტიკული სოციოლოგიური და ანთროპოლოგიური მიდგომების წარდგენას, რომლებიც ეხმარება მკითხველს იმის გააზრებაში, თუ როგორაა გადაჯაჭვული ძალაუფლება, ზედამხედველობა და სოციალური მოწყვლადობა ერთმანეთთან.
მეორე ნაწილში მიმოვიხილავთ საერთაშორისო სამართლის მექანიზმებისა და „რბილი სამართლის“ წყაროებს იმისათვის, რათა გავარკვიოთ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში საპოლიციო საქმიანობის შესაბამისი სტანდარტები და მათი როლი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო სისტემების შენების პროცესში. ამავე თავში ვაანალიზებთ, თუ როგორ აწესრიგებს საერთაშორისო სამართალი საპოლიციო საქმიანობის სტანდარტებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.
მესამე ნაწილი ეძღვნება დმანისის რეგიონს და იქ არსებულ კონტროლის მექანიზმებს. აღწერილია, როგორ ყალიბდება უსაფრთხოების რეჟიმი, რომელიც ფორმალური ინსტიტუტების (პოლიცია, სუსი) და არაფორმალური მმართველობის (სოფლის რწმუნებულები, ადგილობრივი ელიტები) ერთგვარი კომბინაციაა. საველე კვლევის შედეგებში ავსახავთ კონტროლის ჰიბრიდულობას და დაკვირვების პრაქტიკებს ყოველდღიურ ცხოვრებაში − დაწყებული გადაადგილების კონტროლიდან, დამთავრებული ე.წ. ინფორმატორთა ქსელით. ყურადღება გამახვილებულია დმანისში მიმდინარე ეთნიკური დაძაბულობების მართვაზე, რომლის სათავეშიც უსაფრთხოების სტრუქტურები სათავეში დგას და ხშირად, ამ პროცესში, თვითონვე აქვთ კონფლიქტის წარმომშობის, და არა − გამანეიტრალებლის როლი.
მეოთხე ნაწილი ფოკუსირებულია ჯავახეთის რეგიონზე. აქ წარმოდგენილია კონტროლის სპეციფიკური სტრუქტურები, რომლებიც მოქმედებს ისტორიულად ჩამოყალიბებული უნდობლობის ფონზე სომხურ თემსა და ქართულ სახელმწიფო სტრუქტურებს შორის. ასევე აღწერილია პოლიტიკური ლოიალობის მოდელები და ის კოორდინაცია, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების, სასულიერო პირებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებს შორის ჩანს. აღწერილია, როგორ ხდება კონტროლის სივრცეების კონსტრუირება − საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან დაწყებული სკოლებით და მედიის გამოყენებით დამთავრებული. მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ კონტროლი ხშირად ეფუძნება არა ფიზიკურ ძალას, არამედ შიშის, კვალის დატოვებისა და სიჩუმის კულტურის დამკვიდრებას.
მეხუთე ნაწილი ეხება უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სამოქალაქო სექტორის კონტროლის ფორმებს. აქ წარმოვაჩენთ, თუ როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო აპარატის მიერ მართული კონტროლი მაშინ, როცა დემოკრატიული მონაწილეობა და პლურალიზმი ისედაც მორყეულია. კვლევის შედეგები აჩვენებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სუს-ის მუშაობის მეთოდიკას, − კონტროლისა და დასჯის მექანიზმებს, მის არაფორმალურ გავლენას სამოქალაქო პროცესებსა და ამ პროცესში ჩართულ ადგილობრივ სამოქალაქო აქტივისტებზე, ჟურნალისტებზე და კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებზე.
ინსტრუქცია