საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ჭარბვალიანობა ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს საქართველოს რეალობაში. სხვადასხვა მიზეზის გამო ფიზიკური პირების მიერ აღებული სესხების მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება, რამაც არაერთი პრობლემა, მათ შორის, შინამეურნეობების ვალაუვალობა, გაღარიბება და საცხოვრისის დაკარგვაც კი შეიძლება გამოიწვიოს. ამ გამოწვევის არსებობა სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემითა თუ სოციოლოგიური კვლევით დასტურდება. მაგალითისთვის, სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევით - “ვალი საქართველოს მოსახლეობაში“, დასტურდება, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში (2015-2024 წლებში) სხვადასხვა ფორმისა და ვადიანობის ვალი ჰქონია საქართველოს მოსახლეობის 82.9%-ს, ხოლო, 2024 წლის მდგომარეობით, აქტიური ვალი უფიქსირდებოდა შინამეურნეობების 62.1%-ს.
ფინანსური სისტემის პირველი ფორმები, რომლის ძირითადი იდეა მდგომარეობს ფულის დამზოგველიდან მსესხებელთან გადადინებაში, საუკუნეების წინ ჩნდება. დროთა განმავლობაში, გარდაქმნის შედეგად, ჩამოყალიბდა ორი ძირითადი შრისგან შემდგარი ფინანსური სისტემა. თანამედროვე ფინანსური სისტემის პირველ შრეზე გვხვდებიან ისეთი ფინანსური შუამავლები/ინსტიტუტები, როგორებიც არიან კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო კომპანიები, ვალუტის გამცვლელი ობიექტები და სხვა. რაც შეეხება მეორე შრეს, მისი არსებობის მიზანია პირველ შრეზე მყოფი ფინანსური ინსტიტუტების ერთგვარი ზედამხედველობა და ბაზარზე წარმოქმნილ ანომალიებთან გამკლავებაში დახმარება. ფინანსური სისტემის საზედამხედველო ფუნქციებს ითავსებს ცალკეული ქვეყნისა თუ ქვეყანათა ჯგუფის ცენტრალური ბანკები, რომლებიც ფინანსური სისტემის ძირითადი მოთამაშეებისთვის განსაზღვრულ ჩარჩო-პირობებს ადგენენ.
როგორც ზემოთ აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ფინანსური სისტემები საკმაოდ კომპლექსური ბუნებისაა, მისი არსებობის ძირითადი იდეა შედარებით მარტივად შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს - ყოველ საზოგადოებაში, დროის ნებისმიერ მონაკვეთში, არსებობს 2 ტიპის სუბიექტისგან შემდგარი ჯგუფები:
ამ ორი ჯგუფის წევრებს შეუძლიათ, დამოუკიდებლად მოიძიონ ერთმანეთი. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, დამზოგველმა ფული ასესხოს მსესხებელი ჯგუფის წარმომადგენელს, თუმცა პროცესი რამდენიმე მიზეზის გამო გართულდეს:
ამ და სხვა სირთულეების არსებობის გამო ერთი ფიზიკური თუ იურიდიული პირისგან ფულის მეორეს სასარგებლოდ გადადინების პროცესში ჩართულნი არიან სხვადასხვა სახის ფინანსური შუამავლები.[2] ფულადი ნაკადის მოძრაობისას, სტანდარტულ შემთხვევაში, დამზოგველი საპროცენტო სარგებელს იღებს ფულის დაზოგვისთვის, ხოლო მსესხებელს ძირითად თანხასთან ერთად სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულება წარმოექმნება. რაც შეეხება თავად ფინანსურ შუამავალს, მისი ოპერირების ხარჯი იფარება მსესხებლის მიერ გადახდილ საპროცენტო ხარჯსა და დამზოგველის სასარგებლოდ გაცემულ საპროცენტო სარგებელს შორის სხვაობიდან.
ფინანსური სისტემის განვითარების დონისგან დამოუკიდებლად, ყოველთვის არსებობს იმის რისკი, რომ მსესხებელი დამზოგველთან დადებულ ხელშეკრულებას ვერ შეასრულებს, რაც პოტენციური ზარალის მომტანია როგორც ფინანსური შუამავლის (როგორც დამზოგველი სუბიექტის წარმომადგენელი), ისე მსესხებლისთვის. შეუსრულებელი სასესხო ხელშეკრულების გამო მსესხებელი სუბიექტის შესაძლო ზიანი შემდეგია: მსესხებელს შეიძლება (1) მოუხდეს უზრუნველყოფის შესაბამისი აქტივის გაყიდვა, (2) შეიძლება დაუწესდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქცია, (3) შეიძლება გრძელვადიან პერიოდში დაუზიანდეს ურთიერთობა ფინანსურ შუამავალთან და სხვა. საფინანსო სექტორში ფინანსური შუამავლებისა და მათი მომხმარებლების დაზღვევის მიზნით ჩამოყალიბდა ცენტრალური ბანკის ინსტიტუცია, რომლის მიზანიც საფინანსო სექტორის ზედამხედველობა და მთლიანად ეკონომიკაში ფინანსური სექტორიდან მომავალი პოტენციური ზიანის პრევენცია ან მისი ხანგრძლივობის/ სიმწვავის შემცირებაა.
ფასების საერთო დონის სტაბილურობასთან ერთად, რაც ცენტრალური ბანკის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს, როგორც ზემოთ აღინიშნა, ცენტრალური ბანკები ზრუნავენ ფინანსური შუამავლებისა და მსესხებელი სუბიექტების ინტერესების დაცვაზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ მსესხებელი სუბიექტების ინტერესების დაცვასთან მიმართებაში ჩნდება ტერმინი - „ჭარბვალიანობა“. საქართველოს ეროვნული ბანკის (ცენტრალური ბანკი საქართველოში) განმარტების თანახმად, შინამეურნეობების ჭარბვალიანობა ვალის იმ დონემდე დაგროვებას გულისხმობს, რაც აუარესებს მსესხებელი შინამეურნეობის ფინანსურ მდგომარეობას, ან საცხოვრებელ პირობებს. წარმოდგენილი ნაშრომის ძირითადი მიზანიც სწორედ საქართველოში ჭარბვალიანობის შესაძლო პრობლემის აღმოჩენა და მის გამომწვევ მიზეზებზე მსჯელობაა.
[1] თანამედროვე სამყაროში საქონლისა და მომსახურების სანაცვლოდ ეკონომიკური აგენტები ძირითადად ქაღალდის ფულს იღებენ. ანუ, არსებული მდგომარეობით, იშვიათია ბარტერით (საქონელი საქონლის სანაცვლოდ) ან სასაქონლო ფულის (მაგ. ოქრო, ვერცხლი ან სხვა ძვირფასი ლითონი) სანაცვლოდ საქონლისა და მომსახურების გაცვლის შემთხვევები. შემდგომში აქტივის ნაცვლად გამოიყენება ტერმინი - „ფული“.
[2] საქართველოს შემთხვევაში, ფულადი ნაკადის მოძრაობის პროცესში 3 ძირითადი ფინანსური შუამავალია ჩართული და ანგარიშის ძირითადი ნაწილიც სწორედ ამ სამ ფინანსურ შუამავალს ეხება: კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ე.წ. კერძო მევახშეები, რომლებიც ერთიანდებიან ჯგუფში დასახელებით - „სესხის გამცემი სუბიექტები“.
ინსტრუქცია