საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ისეთი მშვენიერია, ისეთი ბრდღვიალა თვალები აქვს. დიდი, ღრმა, ელვარე ცისფერი თვალები.
თავსაფარი კოხტად წაუკრავს. ისე, რომ თავსაფრის ყურები არცერთ მხარესაა უშნოდ გამოჩანჩლული. არც თმა მოუჩანს არსაიდან.
ახალგაზრდა გოგო-ბიჭები წამდაუწუმ ეძახიან, მასთან მიმოდიან. ზოგს რა კითხვა აქვს და ზოგს რა - "ბანანი რა ღირს?", "ჩიფსები სად დევს?", "პური არ გაატარა და რა ვქნა?". ეს გოგო-ბიჭები მისი თანამშრომლები არიან. არ ბრაზდება, არ აპროტესტებს. მშვიდად და ძალიან საქმიანად იგერიებს ყველა ახალ კითხვას. თითქოს, მოსწონს კიდეც მის დახმარებას რომ საჭიროებენ. ყველაფერი ხუთი თითივით იცის და ახერხებს, ყველაფრის გაკონტროლებაზე ერთდროულად ეჭიროს თვალი.
ის იმდენად ნაცნობია ჩემთვის, იმდენად შინაურული, იმდენად ახლო. მას შემდეგ, რაც აგერ სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო ამ მარკეტში კონსულტანტად მუშაობა, სულ აქ დავდივარ. ჩემი სოფლის სუნი აქვს, დედაჩემს და ჩემს მეზობელ ქალებს მახსენებს. 50 წლამდე იქნება.
მისმა დგომამ, მიმოხვრამ, საუბრის ინტონაციამ და განსაკუთრებით მისმა ხელებმა, კარგა ხანია ყველაფერი მიამბო მასზე. სულ ახლა გამოვეცნაურე და ერთი-ორი კითხვაც ჩავუკვეხე.
ხულოში, ჩემი სოფლის მეზობელ სოფელში ცხოვრობდა აქამდე. ასეც მივხვდი. ახლახან გადმოვიდა საცხოვრებლად ბათუმის ერთ-ერთ გარეუბანში. ჩამოსვლისთანავე სამსახური მოძებნა. ძლიერია.
უსიყვარულო, ნაადრევი, გარიგებით ქორწინება. შემდეგ შვილები, ოჯახის საქმე, პირუტყვის მოვლა. დილას შრომა. შუადღეს შრომა. საღამოს შრომა.
მისი ამბავიც ისეთია, როგორც ხულოს სოფლებში მცხოვრები სხვა ქალების, მაგრამ მისი ამბის ბოლოა სხვანაირი.
ოჯახის წლიური შემოსავლის ჯაფა, მეტწილად მის მხრებზე იყო, მაგრამ შემოსავლებთან ნაკლებად ჰქონდა წვდომა, როგორც იქ მცხოვრებ სხვა ქალებს.
თავდაჯერებულია და იცის, რომ კონსულტანტობით დაწყება არ ნიშნავს სამუდამოდ კონსულტანტად დარჩენას იმ მცირე, სრულიად შეუსაბამო ხელფასის ამარა, რასაც ამოდენა შრომაში უზარმაზარი მოგების მქონე ქსელური მაღაზია უხდის.
გუშინ წინ რომ შემოვედი, მისი ცვლა დამთავრებულიყო. კარებში, მოლარის მაგიდასთან შევხვდი, საჭმლის სოდას ყიდულობდა. ჩანთიდან ხელით ნაქარგი, ღია ცისფერი ქისა ამოიღო. ხურდა ფულით აპირებდა გადახდას. მაშინვე გადაიფიქრა. ქისა უკან ჩააბრუნა და ჩანთის წინა ჯიბეში, საგულდაგულოდ შენახული ბარათი ამოაცურა. ნაცნობ მოლარეს მიუბრუნდა და უთხრა - “არა, ბარათით გადავიხდი. გუშინ ავიღე ბანკში”.
სულ პირველად რომ შევხვდი, ძალიან მოქუფრულად ეცვა, მუქი და რუხი ფერები. ასე ეცვა შემდეგ დღეებშიც, მაგრამ შემდეგ კვირაში აღარ.
იმ დღეს ერთ ჭიქას დავადგი თვალი, ფერად ჭიქას, დახლიდან მომზირალ ერთფეროვან ჭიქებში რომ გარეულიყო. მიმიხვდა და მითხრა - “მართლა ლამაზია. მე ძალიან მიყვარს ხასხასა ფერები. ეს ბოლოა დარჩენილი. ერთი ცალი ჩემთვის ვიყიდე გუშინ”.
ნეტა, აქამდე თუ უყიდია რაიმე მისი თავისთვის. მე ხომ ვიცნობ მისნაირ ქალებს, რომლებიც დღემდე სოფლებში ცხოვრობენ და რომლებიც არა თუ ჭიქას, არამედ ახალ საცვლებს, “კალგოტკას”, ჰიგიენურ საშუალებებს ვერ ყიდულობენ წლების განმავლობაში.
სოდის საფასური მოლაპლაპე ბარათით ამაყად გადაიხა. დამემშვიდობა. კართან დატოვებული კიდევ ერთი ჩანთა აიღო და გამჭვირვალე კარებში ფერადი კაბის შრიალით გავიდა.
შემდეგი მე ვიყავი რიგში. მოლარემ ჩემი პური ვერ გაატარა და კოდის აკრეფა დაიწყო ხელით. თან მელაპარაკებოდა - “იცი რა მაგარი ქალია. რთული ცხოვრება აქვს გამოვლილი, მაგრამ ხომ ხედავ, როგორი მაგარი ქალია.
გუშინ მოგვიყვა,, მოძალადე ქმარი მიატოვა. ყოველღამე სცემდა თურმე. აქ ქირით ცხოვრობს. შვილებიც წამოიყვანა”.
იქვე, ხილის ასაწონ დახლთან მდგარმა კონსულტანტი მიუბრუნდა - “მეორე სამსახურიც რომ იპოვა, იცოდი?”.
ნეტა, განახათ, როგორი საოცარი თვალები აქვს. მოელვარე ცისფერი თვალები.
ინსტრუქცია