[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / თარგმანი

მხოლოდ პურის ამარა ვერ იცხოვრებ: ეკონომიკური და დისკურსული ასპექტების განუყოფლობა პოლონეთის ნეოლიბერალურ და პოპულისტურ რეჟიმებში - მიხალ ბუხოვსკი

წინამდებარე თავში განვიხილავ ცენტრალური ევროპის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ტრანსფორმაციას, რომელსაც სათავე ყოფილ კომუნისტურ სახელმწიფოებსა და სოციალისტურ საზოგადოებებში 1989 წლიდან დაედო. ამ პროცესში ცივი ომის გლობალური წესრიგი ახალი, ომისშემდგომი რეჟიმით შეიცვალა (Chari and Verdery 2009).ეს პროცესი ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ სფეროებში მრავალგანზომილებიან და ერთმანეთთან დაკავშირებულ გადაწყობათა სერიებს გულისხმობდა. ეს გადაწყობები კი ფუნდამენტურად ებმოდნენ კოლექტიურ ცნობიერებაში დამკვიდრებულ სურათ-ხატებს, რომლებიც თავის მხრივ საჯარო დისკურსის ფორმირებასა და კონკრეტული ნარატივების ჰეგემონურად ჩამოყალიბებაში იღებდნენ მონაწილეობას. სხვა სიტყვებით, ვეცდები, დავამტკიცო, რომ 1989 წელს დაწყებული ტრანსფორმაციის პროცესები ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ გარემოებებს ეფუძნებოდნენ, თუმცაღა მიზანშეწონილი არც კულტურულ ასპექტთა როლის უგულვებელყოფა იქნებოდა. მატერიალური და მენტალური ასპექტების კომბინირება გვეხმარება, გავიგოთ, თუ რატომ მიემხრო ხალხის უმრავლესობა ზოგიერთ პოსტ-სოციალისტურ საზოგადოებაში მემარჯვენე პოპულიზმსა და ნაციონალიზმს. იმისათვის, რომ ჩემი არგუმენტი უფრო დეტალურად წარმოვადგინო, პირველ რიგში შევეცდები მოვხაზო იმ კულტურული ჩარჩოს ზოგადი კონტურები, რომლის წიაღშიც, კონკრეტული სოციალური აქტორების მონაწილეობით, ტრანსფორმაციის ეს პროცესი მიმდინარეობდა. ამის შემდეგ შევეცდები ეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაფუძნებული კონკრეტული მონაცემების დახმარებით ვაჩვენო, თუ რა აზრით აღმოჩნდა ეფექტური თავის დაღწევა კომუნისტური წყობის მძიმე ეკონომიკური შედეგებისაგან. დაბოლოს, შევეცდები ვაჩვენო მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც - პოსტ-სოციალისტური ეკონომიკების ზრდის მიუხედავად - პოპულიზმი და ნაციონალიზმი კვლავ დაუბრუნდნენ დღის წესრიგს. მიუხედავად იმისა, რომ აქ გამოთქმულ მოსაზრებათაგან ზოგიერთი შესაძლოა მთლიანად ცენტრალური ეროპის რეგიონისთვისაც იყოს რელევანტური, ძირითადად ყურადღებას მაინც პოლონეთის შემთხვევაზე გავამახვილებ.

(პოსტ)კომუნიზმი და (პოსტ)სოციალიზმი

კომუნიზმი იყო ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმი, სადაც, პრინციპში, ერთი პარტიის მონოპოლია დოგმის ხარისხამდე იყო აყვანილი. სოციალიზმი კი სოციო-ეკონომიკური და კულტურული სისტემა გახლდათ, სადაც კომუნისტური ხელისუფლებების მიერ მართული საზოგადოებები ცხოვრობდნენ და ფუნქციონირებდნენ[1]. ეს კონცეპტუალური განსხვავება არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რომ პოლიტიკური რეჟიმი საზოგადოებისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა, ან იმას, რომ პოლიტიკური და სოციალური აქტორები ინტეგრირებული მთელის ნაწილებს არ წარმოადგენდნენ. არაეფექტური, ზოგიერთ შემთხვევაში პერმანენტულ დეფიციტში მყოფი ეკონომიკით (Verdery 1996: 19–37) და “სოციალისტურ დემოკრატიად”[2] წოდებული ხისტი პოლიტიკური რეჟიმით დაღლილი და უკმაყოფილო, აჯანყებული მოსახლეობების წნეხქვევ ცენტრალურ ევროპაში პოლიტიკური ალიანსები დაშლასა და ხელახალი კონფიგურაციით ფორმირებას ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში ახერხებდნენ. თუ მხედველობაში მივიღებთ ზიგმუნტ ბაუმანის მიერ შემოთავაზებულ “პოლიტიკურ” და “სისტემურ” რევოლუციათა კონცეპტუალურ დიფერენციაციას, სადაც პირველი პოლიტიკური ფორმაციის ცვლილებას გულისხმობს, ხოლო მეორე პოლიტიკური ,ეკონომიკური და სოციალური წესრიგის მმართველობის ფუნდამენტურ ცვლილებას (Bauman 1992: 156–57), 1990-იანი წლები რეტროსპექტივაში სისტემურ რევოლუციად მოჩანს. შედეგად მივიღეთ პოსტ-კომუნისტური პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებს ემყარებოდა და -  ანალოგიური პრინციპით - აღმოცენდა კომპლექსური სოციო-ეკონომიკური და კულტურული სისტემა, რომელსაც პოსტ-სოციალიზმს ვუწოდებთ.

გლობალურ მასშტაბზე განვრცობილი ისტორიული კონტინგენტურობა, რომელმაც ცივი ომი დაასრულა, კაპიტალიზმის სპეციფიკურ ვარიანტად, ნეოლიბერალიზმად გარდაისახა. მას გაერთიანებულ სამეფოში ტეტჩერიზმის, შეერთებულ შტატებში კი რეიგანომიკის სახელებით ვიცნობთ. ეს ახალი რეჟიმი ყოფილი კომუნისტური ბლოკის ტერიტორიაზე 1989 წლიდან მკვიდრდებოდა. როგორც ჯოზეფ სტიგლიცი ამტკიცებს, “ნეოლიბერალური დოქტრინის ზენიტად პოსტ-სოციალისტურ საზოგადოებებში სავარაუდოდ ბერლინის კედლის დანგრევის შემდგომი 1990-97 წლები უნდა მივიჩნიოთ”(2001: xv). პოსტ-სოციალისტურ საზოგადოებებში ნეოლიბერალიზმის იმპლემენტაცია ე.წ. შოკური თერაპიის[3] სახით მოგვევლინა და პოლონეთში სხვებთან ერთად მას ლეშეკ ბალცეროვიჩი უჭერდა[4]. ამ ეკონომიკურ პროექტს არაერთი დასავლური მთავრობა და საერთაშორისო ინსტიტუცია აფინანსებდა, მაგალითისთვის მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, პარიზის კლუბი და ლონდონის კლუბი, მოგვიანებით კი ევროკავშირი. პროცესი ღრმად კომპლექსურად და უკიდურეს წვრილმანებამდე დოკუმენტირებულად მიმდინარეობდა, მათ შორის ანთროპოლიგიურ ლიტერატურაშიც (მაგ.  Buchowski et al. 1999; Berdahl et al. 2000; Burawoy and Verdery 2000; Hann 2002; Kürti and Skalník 2009)[5]. დედაქალაქები წალეკეს უცხოელმა ექსპერტებმა, რომლებიც ადგილობრივ მთავრობებს კომპანიების მართვაში დახმარებას ისე სთავაზობდნენ, რომ ადგილობრივი სპეციფიკის შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ. და რადგან როგორც წესი ამ ექსპერტებს სასტუმროს მისადგომების მიღრმა ბევრი არაფერი უნახავთ, მათ მეტსახელად “მერიოტის ბრიგადები” შეარქვეს (Wedel 1998). სიმპტომურია ისიც, რომ ეს მეტსახელი ძვირადღირებული სასტუმროების ქსელს უკავშირდება.

პოსტ-კომუნისტური “ახალი შეთანხმების” ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რომელსაც უმაღლეს პოლიტიკურ ეშელონებშიც იზიარებდნენ, უწინ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიების არნახული ტემპებით პრივატიზაცია გახლდათ. დევიდ ჰარვი (2004) ამ პროცესს უწოდებს “აკუმულაციას ჩამორთმევით”, სადაც დოვლათი, საჯარო საკუთრების პრივატიზაციის მეშვეობით, კაპიტალისტთა მცირერიცხვოვანი ჯგუფის ხელში იყრის თავს. საზოგადოების თვალში - და ამასვე მოწმობს არაერთი სასამართლო დოკუმენტიც - ეს პროცესი ნაწილობრივ კორუმპირებული და ზოგ შემთხვევაში კრიმინალური ელიტების ხელით წარიმართა. ეკონომიკური სისტემის რესტრუქტურიზაციამ მასშტაბური ოციალური ცვლილებები გამოიწვია. შეჩერდა რამდენიმე ათასი ინდუსტრიული ფაბრიკა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, რამაც შესაბამისად უმუშევრობის, კომუნისტური წარსულისთვის გაუგონარი ფენომენის, დრამატული ზრდა გამოიწვია. ეს ინდუსტრიული რევოლუცია იმდენად ნაჩქარევად და მასშტაბურად წარიმართა, რომ 2000-იანი წლების დამდეგისთვის პოლონეთის ზრდასრული მოსახლეობის მეოთხედი უმუშევარი იყო. ქვეყნის ზოგიერთ გაუკაცრიელებულ რეგიონში უმუშევრობა 50%-აც კი აღწევდა. ამის თანადროულად მიმდინარეობდა სასოფლო სამეურნეო მიწების გაკერძოვების პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთში ამ სექტორში პრივატიზაცია დამუშავებადი მიწის მხოლოდ მეხუთედზე გავრცელდა (იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სოციალისტურ პერიოდში მიწის 80% კერძო საკუთრებას წარმოადგენდა), ეს მონაცემი მაინც უზარმაზარ მასშტაბს გულისხმობს, რომელიც 4 მილიონ ჰექტარზე მეტია. ქვეყანაში მომუშავე ორი მილიონ ფერმერს ახალი თავსატეხი გაუჩნდა საბანკო სესხებზე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთებისა და ფასების ფლუქტუაციის სახით. 1993 წელის ლამის ერთ ღამეში დაშლილმა სახელმწიფო ფერმებმა 200 ათასი სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მუშა უმუშევრად და უპერსპექტივოდ დატოვა. ზოგიერთ გაჩანაგებულ რურალურ ტერიტორიებზე ადამიანები თავს ტყეში სოკოებისა და კენკრის შეგროვებითა და გზაზე ჩამომავალი მგზავრებისთვის მიყიდვით ირჩენდნენ, თითქოს ქვეყანა შემგროვებლური ტიპის ეკონომიკას დაბრუნებოდა.

ამრიგად, საზოგადოებრივ ჯგუფებში გაბატონებული სოციალური უკმაყოფილება დიდ ქალაქებში უწინ მოძრაობა “სოლიდარობის” სიმაგრეების -  უზარმაზარი ინდუსტრიული ფაბრიკა-ქარხნების -  დახურვით გამოწვეული მასობრივი უმუშევრობის შედეგს, ხოლო პატარა ქალაქებში გამეფებული უიმედობა ათწლეულების მანძილზე გამართულად მომუშავე ადგილობრივი ინდუსტრიების დახურვისა და სოფლად მომუშავე ფერმერებისა და ფიზიკური სამუშაოთი დაკავებული მუშებისთვის შექმნილი გაუსაძლისი პირობების რეზულტატს წარმოადგენდა. ცხოვრების ასეთ უცაბედ არევას ბევრი აპროტესტებდა (იხ. Ekiert and Kubik 1999), მაგრამ ეს პროტესტი ფრაგმენტირდა, გაიფანტა და ჩახშობილ იქნა. რეფორმას მხარი პროფესიული კავშირების ლიდერებმაც კი დაუჭირეს. როგორც იანუშ სტაინჰოფი, ყოფილი სამთავრობო კაბინეტის წევრი, აღიარებს, “უნდა გავიაზროთ, რომ იმ დროს “სოლიდარობა”, როგორც სოციალური და პროფკავშირული მოძრაობა… რეფორმებს მხარს უჭერდა. ამავე დროს ყველა აცნობიერებდა პასუხისმგებლობასა და აუცილებლობას, რომელიც ამ საზოგადოებისათვის სადავო გადაწყვეტილებების მიღება ახლდა თან” (Sandecki 2020).

ამ რეფორმათა მალეგიტიმიზირებელი დისკურსების ფორმირებამ და მიმოქცევამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა შოკური თერაპიის შესაძლოობა. თუმცა, იმის მტკიცება, რომ სოციალურ პროცესებს მხოლოდ დისკურსები წარმართავენ კულტურალისტურ ახსნათა პრივილეგირებას გულისხმობს, რასაც არ ვეთანხმები. ზოგადად, ჩემი მიდგომა ნეოლიბერალურ რეფორმათა იმპლემენტაციისა და წინააღმდეგობების მიზეზთა ძიებისას გლობალიზაციის პერსპექტივას ეყრდნობა. ცენტრალურ ევროპაში ეკონომიკურმა ნეოლიბერალიზმმა[6] რეგიონი ნახევარპერიფერიად გადააქცია. (Shields 2009). ამას კი თავისი შედეგები ჰქონდა მოქმედ კლასობრივ ურთიერთმიმართებებზე. (Buchowski 2017). ჩემი მიდგომა “რელაციონალურ რეალიზმს” კვეთს, რომელიც “სიტუირებულ სოციალურ მექანიზმებსა და კაპიტალის, შრომის, სახელმწიფოებისა და სოციალური რეპროდუქციის დროსივრცულ წყებებზე ამახვილებს ყურადღებას” (Kalb 218:205). ვთვლი, რომ ინტერპრეტაციული ჩარჩო სოციალური ხატების, პოლიტიკური და ეკონომიკური იდეოლოგიებისა და პრაქტიკების ფორმირების პროცესში საჯარო დისკურსთა როლს არა უბრალოდ მხედველობაში უნდა იღებდეს, არამედ ხაზგამით აღნიშნავდეს. დისკურსები გლობალური და ლოკალური კაპიტალის, მათი მფლობელების, დოვლათისა და რესურსების განმკარგველებისა და ადგილობრივი კომპრადორების იერარქიულ ურთიერთმიმართებათა ჩამოყალიბებაში ჩაუნაცვლებელ როლს თამაშობენ. ისინი მონაწილეობას იღებენ ბრძოლებში დაპირისპირებულ კლასებს შორის, სადაც ინტერესთა რეალიზაცია მიმდინარეობს და აგრეთვე პოლიტიკურ კლასებსა და სახელმწიფოს შორის კონკურენციაშიც ინვესტიციებთან, წარმოებისა და მოხმარების კონტროლთან, კაპიტალისა და შრომის ნაკადებთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ მოსახლეობის წარმოდგენებისა და - ყოველ შემთხვევაში ლიბერალურ დემოკრატიაში - ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვება შეძლონ, დომინანტური კლასები, რომელთა ქმედებები იმ წესებს ემორჩილება, რომელთა შესახებაც ანტონიო გრამში საუბრობდა (1994), დისკურსების წარმოებისა და მიმოქცევის პროცესში ერთვებიან - დისკურსებისა, რომლებიც შემდგომ ჰეგემონურები ხდებიან. ეს იმას გულისხმობს, რომ რიგი მსოფლმხედველობები, სურათ-ხატები “საგანთა ბუნებრივ წესრიგზე”, ძალაუფლება, იერარქია და სოციალური ურთიერთობები კოლექტიურ ცნობიერებაზე დომინირებენ. მიუხედავად იმისა, კონტრ-დისკურსები გამუდმებით იჩენდნენ თავს, ნეოლიბერალურ დისკურსთან შედარებით ისინი მეტ-ნაკლებად მაინც იჩრდილებოდნენ. ამ უკანასკნელის განმტკიცების საქმეში აკადემიიდანაც ბევრი ჩაერთო - არა მხოლოდ ეკონომისტები, არამედ პოლიტიკის მეცნიერები, სოციოლოგები და ნეოლიბერალიზმის სხვა ინტელექტუალი კომპრადორები.

როგორ გახდა შესაძლებელი ნეოლიბერალური დისკურსების ასეთი აღზევება და გავლენის ზრდა? აქ შეგვიძლია ყურადღება ორ ძირითად მიზეზზე გავამახვილოთ. პირველი - არსებობს იდეოლოგიური მიზეზი. ანტი-კომუნისტური განწყობებით მოტივირებულმა გადამწყვეტმა უმრავლესობამ პოსტ-სოციალისტურ საზოგადოებებში წარსულის უარყოფა და უზრუნველყოფილი მომავლის დაპირების დაჯერება არჩია. “დავეწიოთ დასავლეთს” რეფორმათა ერთ-ერთი მამოძრავებელი იმპულსი იყო. ესენციალიზებული “დასავლეთის” ცოდნა ტიპური გახლდათ მათთვის, ვისაც “დასავლეთში” არასდროს ეცხოვრა. ის წარმოადგენდა მითს დასავლური ცხოვრების სტილსა და ცხოვრების მაღალ სტანდარტზე. რეფორმატორებმა რჩევები ნეოლიბერალ ეკონომისტთა რანგებიდან შერჩეული ექსპერტებისგან მიიღეს. ქმედებები და გადაწყვეტილებები კაპიტალიზმის მყისიერი მშენებლობის მიზანს ემსახურებოდა ახალი, მარჯვე, ანტრეპრენიორული სულისკვეთებით გაჯერებული, მობილური სუბიექტებით, რომლებიც ერთ ადგილზე გაჩერებულ “სოციალისტ დინოზავრებს” შეუპირისპირეს. დოვლათი მათ ხელში აღმოჩნდებოდა, ვისაც მტკიცედ სურდა, გამხდარიყო საშუალო კლასის ნაწილი. საბოლოო ანგარიშით, ეს გადაწყვეტილებები და ქმედებები  კომუნიზმთან გამოთხოვებისა და პრივილეგირებულ დასავლურ კლუბში გაწევრიანების სურვილს ემყარებოდნენ.

მეორე მიზეზი უფრო თეორიულია. “ნეოლიბერალური პროგრამა მიდრეკილია ეკონომიკური სისტემა თეორიულ აღწერას დააშენოს - სხვა სიტყვებით ის წარმოადგენს ერთგვარ ლოგიკის მანქანას, რომელიც თავს წარმოაჩენს ეკონომიკურ აგენტთა მოძრაობაში მომყვან შეზღუდვათა ჯაჭვის სახით”. (Bourdieu 1998: 96). სხაგვარად რომ ვთქვათ, ეკონომიკური პრაქტიკები და მათი განმარტებები, ან სულაც სოციალური სინამდვილის მატერიალური და მენტალური ასპექტები აყალიბებენ მჭიდროდ ურთიერთგადაჯაჭვულ მთელს, რომლის ეჭვქვეშ დაყენება არც ისე ადვილია. ამ მანქანის გაგრძელებას - უფრო სწორად მის განუყოფელ ელემენტს - წარმოადგენენ დისკურსები, რომლებიც ეკონომიკურ გარდაქმნათა თანმდევი სოციალური ძვრების სანქციონირებას ახდენდნენ. ამ პირობებში პოსტ-კომუნისტი ობლების, წარსულის ჩონჩხების, “ლუზერების”, შეცვლილ გარემოებებთან ვერადაპტირებულებისა და მათ საპირწონედ “ევროპული მოდერნულობისა” და “კაპიტალისტურ ნორმალურობის” გზაზე შემდგარი კლასების ფორმირება აუცილებლობას წარმოადგენდა. “ტრანზიციაში დაკარგულ” ადამიანებს დომინანტურ დისკურსებში არა ნეოლიბერალური რეფორმების შედეგად მიღებულ სტრუქტურულ ჩარჩოში გამომწყვდეულებად, არამედ თავიანთივე მენტალური და კულტურული მანკიერებების მსხვერპლებად წარმოაჩენდნენ. როგორც ჩანს, “ლუზერებმა”ვერაფრით აუწყვეს ფეხი ახალ, “ბუნებრივ” სოციოეკონომიკურ და პოლიტიკურ წესრიგს, რათა ბურდიეს მიერ აღწერილ ლოგიკურ მანქანაში თავიანთი ფუნქცია აღმოეჩინათ.

მხოლოდ_პურის_ამარა_ვერ_იცხოვრებ_1698234581.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ამ კონცეპტუალური დაყოფის შესახებ უფრო დაწვრილებით იხ. Buchowski (2017:26)

[2] ამ პოლიტიკური სისტემის შესახებ ხალხის წარმოდგენებს პოპულარული ხუმრობა ასახავს:
- რა განსხვავებაა “დემოკრატიასა” და “სოციალისტურ დემოკრატიას” შორის?
- იგივე, რაც სკამსა და ელექტროსკამს შორის!

[3] ახალი შეთანხმების მომხრეები უარყოფდნენ, რომ ეს შოკური თერაპია იყო. იანუშ ლევანდოვსკი, პოლონეთის პარლამენტის ყოფილი წევრი, პრივატიზაციის ყოფილი მინისტრი და ამჟამად ევროპარლამენტის წევრი, ცოტა ხნის წინ აცხადებდა: “არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც რეფორმა შოკურ ხასიათს ატარებდა, რადგან პროცესში, რეფორმატორების სახით, ჩართული იყო სახელმწიფოს ხილული ხელიც.”

[4] ბალცეროვიჩმა შოკური თერაპიის გეგმის განსახორციელებლად ანალიტიკური ცენტრი ჩამოაყალიბა, სადაც ჯეფრი საქსი, სტანისლავ გომულკა და იან-ვინსენტ როსტოვსკი გაწევრიანდნენ. ორი მათგანი ლონდონის ეკონომიკის სკოლაში მუშაობდა, სადაც აგრეთვე ასწავლიდნენ რობინსი დ ფონ ჰაიეკი.როსტოვსკი და გომულკა მომდევნო მთავრობების ეკონომიკურ მრჩევლებადაც მოგვევლინენ. პირველი მათგანი ფისკალურად ხისტი ფინანსთა მინისტრი გახდა უკანასკნელ სამთავრობო კაბინეტში. ორივეს ახასიათებდნენ პოლიტიკურ ლიბერალებად და ეკონომიკურ ნეოლიბერალებად, იქამდე, სანამ იაროსლავ კაჩინსკის კანონისა და სამართლიანობის პარტია 2015 წლის არჩევნებში გაიმარჯვებდა. პარტიამ კეთილდღეობის რამდენიმე პროგრამა დანერგა, მათ შორის წამყვანი პროექტი სახელწოდებით 500+ რომელიც 500 ზლოტის (დაახლოებით 115 ევროს) ყოველთვიურ დახმარებას ითვალისწინებდა 18 წლამდე ბავშვებისთის. ყოფილმა ლიდერებმა არ დააყოვნეს და პროექტი ეკონომიკურად დესტრუქციული პოპულისტური დღის წესრიგის ნაწილად მონათლეს. თუმცა, ამ ფონზე, 4 წლის განმავლობაში, COVID 19-ის პანდემიის დაწყებამდე, ეკონომიკური მაჩვენებლები არ გაუარესებულა.

[5] ამ საკითხზე დაწყვრილებითი ანთროპოლოგიური კვლევებისთვის იხ. Brandstädter (2007); Buyangelderiyn (2008); Horschelmann and Stenning (2008); Buchowski (2012).

[6] ნეოლობერალიზმი გულისხმობს ისეთ ურთიერთდაკავშირებულ და საზოგადოდ ცნობილ პოლიტიკებს როგორებიცაა ეკონომიკური ლიბერალიზაცია (რაც სოციალური კეთილდღეობის სეგმენტში ქამრების შემოჭერის პოლიტიკის გატარებას გულისხმობს), ბაზრების დერეგულაცია, გლობალიზაცია და კაპიტალისა და პროდუქციის (ისევე როგორც პროფესიონალების) თავისუფალი მიმოქცევა და - რაც პოსტ-სოციალისტურ კონტექსტში ყველაზე მნიშვნელოვანია - (რე-)პრივატიზაცია. (იხ.Springer, Birch and MacLeavy 2016: 2).

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“