[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური დაცვა / კვლევა

მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა და მისი კავშირი არჩევნების შედეგებთან საქართველოში

Library Thumbnail Image

მკვლევრები: 

სოციალური_შემწეობა_Geo_1727782926.pdf

შესავალი

წინამდებარე კვლევა აფასებს საქართველოში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამისა და სახელმწიფო ხარჯების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის დონესა და ინტენსივობას. კვლევის მიზანია, სტატისტიკურად დადგინდეს, ხდებოდა თუ არა სამთავრობო პარტიის მიერ სოციალური ხარჯებით მანიპულირება საარჩევნო პროცესების დროს, რითაც  უთანასწორო პოლიტიკური და საარჩევნო კონკურენციის პირობები იქმნებოდა. ლათინური ამერიკის,[1] აფრიკისა[2] და სხვა განვითარებადი ქვეყნების[3] ემპირიული მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ სამთავრობო პარტიები ხშირად პოლიტიკური მიზნით იყენებენ სოციალური დახმარების პროგრამებს ამომრჩეველთა მობილიზაციისთვის. კვლევით დგინდება, რომ საქართველოც არ წარმოადგენს გამონაკლისს,[4] და არსებობს სოციალური ხარჯების გაწევის შემთხვევები, რომელიც საარჩევნო მიზნებითაა მოტივირებული.[5]

სოციალური დახმარების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში პოლიტიკოსები სხვადასხვა სტრატეგიას იყენებენ, რათა გავლენა მოახდინონ ამომრჩეველთა ქცევაზე და უზრუნველყონ არჩევნებზე მათგან მხარდაჭერა. თეორიული მასალა და მტკიცებულებები მიუთითებს სტრატეგიების მრავალფეროვნებაზე, რომლებსაც პოლიტიკოსები, განსაკუთრებით, სამთავრობო პარტიის ლიდერები, მიმართავენ. ამ სტრატეგიებიდან ყველაზე ხშირად გამოიყენება:

  • რესურსების მიზნობრივი განაწილება: სამთავრობო პარტიამ, შესაძლოა, შერჩევითად მიმართოს სოციალური რესურსები კონკრეტულ დემოგრაფიულ ჯგუფებზე ან რეგიონებზე, რითაც ახალისებს ამ ჯგუფების მხრიდან მხარდაჭერას და ზრდის წარმატების შანსს არჩევნებზე;
  • სოციალური მხარდაჭერის გაწევის დრო: სოციალური დახმარების ან ფინანსური რესურსების გაცემის დრო, შესაძლოა, დაემთხვეს არჩევნებს, რათა შეიქმნას პოზიტიური აღქმა სამთავრობო პარტიის ან კანდიდატის მიმართ. აღნიშნული, თავის მხრივ, ხელს უწყობს ამომრჩეველთა კეთილგანწყობის მოპოვებას;
  • პოლიტიკური მფარველობა: პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ, გამოიყენონ სოციალური კეთილდღეობის პროგრამები ლოიალური მხარდამჭერების დასაჯილდოებლად, ფაქტობრივად შექმნან პატრონაჟის სისტემა, რომელშიც პოლიტიკური ლოიალობა დაჯილდოვდება მთავრობისგან სარგებლის გაზრდით;
  • პროპაგანდა, კომუნიკაცია და მესიჯბოქსი: პოლიტიკურმა აქტორებმა, შესაძლოა, სოციალური დახმარების პროგრამები გამოიყენონ, რათა მიზნობრივი ჯგუფები დაარწმუნონ, რომ ისინი პირადად არიან პასუხისმგებელი ამ პროგრამების არსებობაზე, რითაც საარჩევნო პროცესში მოსახლეობის კეთილგანწყობას ზრდიან;
  • ამომრჩევლის მოსყიდვა: უკიდურეს შემთხვევებში, თანამდებობის პირებს შეუძლიათ სოციალური სერვისებით პირდაპირ ამომრჩეველთა ხმებზე ვაჭრობა, რითაც მიმართავენ უკანონო და/ან არაეთიკურ პრაქტიკას არჩევნებში გამარჯვებისთვის.

სოციალური დახმარების პროგრამების გამოყენება საარჩევნო მანიპულაციის ტაქტიკაში სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ მმართველობასა და კანონის უზენაესობას. ასეთმა პრაქტიკამ, შესაძლოა, შეარყიოს საარჩევნო პროცესების სამართლიანობა, გააძლიეროს კორუფცია და მთავრობას არამდგრადი ფისკალური ტვირთი დააკისროს. ამ გამოწვევების დასაძლევად საჭიროა რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფს სოციალური დახმარების პროგრამების სამართლიან და გამჭვირვალე ადმინისტრირებას, ყოველგვარი პოლიტიზების გარეშე.

წინამდებარე კვლევა ცდილობს წარმოაჩინოს, თუ რამდენად აქვს ადგილი საქართველოში არჩევნებისას პოლიტიკურ მანიპულაციებს. მიუხედავად ამისა, კვლევის სფერო შეზღუდულია მონაცემთა და რესურსების ხელმისაწვდომობის კუთხით, რაც ხელს უშლის უფრო ფართო მიზეზ-შედეგობრივი მონაცემების ანალიზს, როგორიცაა, მაგალითად,  კვაზი-ექსპერიმენტული მეთოდები. ამის გამო, კვლევა ფოკუსირებულია მიზნობრივი საჯარო რესურსებისა და სოციალური დახმარების გაცემის დროით ანალიზზე, და ეყრდნობა საჯაროდ ხელმისაწვდომ ადმინისტრაციულ მონაცემებს. სტატისტიკური ანალიზისთვის გამოყენებულია კორელაციური და რეგრესიული მეთოდები.

სოციალური პროგრამების პოლიტიკური მიზნებისთვის მანიპულირების ფენომენის სრულყოფილად გამოსაკვლევად, კვლევის პირველი ნაწილი მიმოიხილავს არსებულ ლიტერატურას, რომელიც ეძღვნება პირობიან ფულად ტრანსფერებს, სოციალურ დახმარებასა და არჩევნების შედეგებს შორის კავშირს. მიმოხილვა გვიჩვენებს მსოფლიოში გავრცელებულ იმ მრავალფეროვან სტრატეგიებს, რომლებიც გამოიყენება სოციალური და სხვა სამთავრობო პროგრამების პოლიტიკურ მანიპულირებაში. ეს მოიცავს კლიენტელიზმის პოლიტიკური ეკონომიკის ანალიზს, როდესაც სამთავრობო პარტიები განვითარებად დემოკრატიებსა და ავტორიტარულ რეჟიმებში იღებენ პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ლეგიტიმურობას საჯარო სახსრების ან პრივილეგიების სტრატეგიული განაწილების გზით. სოციალური დახმარების პროგრამებში კლიენტელიზმისა და მანიპულაციების მრავალფეროვანი თეორიული მოდელების ანალიზის მეშვეობით, ეს ანგარიში მიზნად ისახავს თეორიული ჩარჩოს ჩამოყალიბებას საარჩევნოდ მოტივირებული სოციალური ხარჯების გაღების საკითხების გასააზრებლად.

ანგარიშის მეორე ნაწილში წარმოდგენილია კვლევის შედეგები, რომლებიც მიღებულია მეორადი ადმინისტრაციული მონაცემების გამოყენებით, რათა გამოკვლეულიყო პოტენციური კორელაცია სოციალურ დანახარჯებსა და არჩევნების შედეგებს შორის მუნიციპალურ დონეზე. მონაცემები გაანალიზებულია სხვადასხვა რეგრესიული მოდელის მეშვეობით, სადაც დამოკიდებული ცვლადი წარმოადგენს არჩევნების შედეგებს, ხოლო დამოუკიდებელი ცვლადებია სოციალური დანახარჯები, სოციალური, ეკონომიკური და გეოგრაფიული მახასიათებლები. წარმოდგენილი ანალიზი ცდილობს, გამოავლინოს ნებისმიერი ემპირიული კავშირი ცვლადებს შორის, რითაც გაამდიდრებს ცოდნას საარჩევნო დინამიკაზე სოციალური დახმარების პრაქტიკული შედეგების თაობაზე.

სოციალური_შემწეობა_Geo_1727782926.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Layton, M. L., & Smith, A. E. (2015). Incorporating marginal citizens and voters: the conditional electoral effects of targeted social assistance in Latin America. Comparative Political Studies48(7), 854-881.

[2] Graham, V., Sadie, Y., & Patel, L. (2016). Social grants, food parcels and voting behaviour: a case study of three South African communities. Transformation: Critical Perspectives on Southern Africa91(1), 106-135.

[3]Zucco, C. (2011). Conditional cash transfers and voting behavior: Redistribution and clientelism in developing democracies. Unpublished manuscript. Princeton University.

[4] https://cutt.ly/keUrFwRW.

[5] https://cutt.ly/XeWT5hlr.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“