საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ისტორია, როგორც დარგი და სამეცნიერო დისციპლინა ევროპაში, ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში XIX საუკუნიდან იქმნებოდა. XIX საუკუნის შუა ხანებისთვის გერმანიის ცხრა უნივერსიტეტში ისტორიის ოცდარვა პროფესორი საქმიანობდა. სამოცი წლის შემდეგ ისტორიას უკვე 185 პროფესორი ასწავლიდა.[1] ისტორიკოსთა რაოდენობის ზრდა პირდაპირ კავშირშია იმ პოლიტიკურ და სოციალურ გარდაქმნებთან, რასაც დღეს ერი-სახელმწიფოსა და ბიუროკრატიის სახელით ვიცნობთ.
ორმაგმა რევოლუციამ - 1789 წლის საფრანგეთისა და ინდუსტრიული რევოლუციის თანმდევმა შედეგებმა სათავე დაუდო ახალ იდეებსა და იდეოლოგიებს, სოციალურ კლასებსა და მოძრაობებს. ხანგრძლივი მეცხრამეტე საუკუნის (1789-1914) ისტორიის ცენტრში დგას ნაციონალიზმი და ნაციონალური საკითხი, რომელმაც ევროპაში და ევროპის მიღმა ფეხი მოიკიდა და მიიკედლა როგორც იდეები და იდეოლოგიები, ისე ინსტიტუტები და ინფრასტრუქტურები.
ისტორიის დაუფლება და მისი როგორც დარგის, ნაციის სამსახურში ჩაყენება თანამედროვე ფენომენია და სათავეს იღებს ევროპული უნივერსიტეტებისა და ერი-სახელმწიფოების აუდიტორიებიდან და კაბინეტებიდან. გეოგრაფიული ევროპა საკმაოდ ფართო არეალს მოიცავს, თუმცა ამ გეოგრაფიული სიჭრელის მიუხედავად, 1860-იანი წლებიდან ისტორიისა და პოლიტიკის გადაკვეთა ლონდონიდან თბილისამდე თვალშისაცემი იყო. ისტორიაზე წერდნენ საშუალო კლასის წარმომადგენლები, არისტოკრატიული ოჯახების შვილები, დაბალი კლასიდან წამოსული პირველი თაობის ლიბერალები და სასულიერო წოდებიდან საერო ცხოვრებაში გადასული მოქალაქეები. სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფიის სათავეები, რომელიც ერთი მხრივ, იწყება XIX საუკუნის შუა პერიოდის თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების ქალაქებში, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთის იმპერიის დიდ ცენტრებში - სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვში და მისი საწყისი პერიოდი სრულდება 1918 წლის თებერვლით, როდესაც დაარსდა თბილისის უნივერსიტეტი.
1918 წლის თებერვალში თბილისში პირველი ქართული უნივერსიტეტი დაარსდა. გასათვალისწინებულია უნივერსიტეტის დაარსების პოლიტიკური კონტექსტიც. ის ემთხვევა რუსეთის იმპერიის დაშლას, კავკასიაში ცარისტული წესრიგის მოშლასა და ქართული ნაციონალიზმის მომძლავრების პერიოდს. 1918 წლისთვის, თბილისს, როგორც ქალაქს უკვე ეტყობოდა რომ კარგავდა მის კოსმოპოლიტურ წარსულს და ჩამოყალიბებას იწყებდა თბილისის ახალი სახე, რომელიც გადაჯაჭვული იქნებოდა ქართველ ხალხთან, საქართველოს ისტორიასთან და მომავალთან. სწორედ ამ დროს, თბილისის უნივერსიტეტი გახდა საქართველოს დედაქალაქ თბილისისა და შესაბამისად, მთლიანად ქართველი ერის რიტალური ცენტრი.[2]
ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებით, თბილისის უნივერსიტეტს შეეძლო შეესრულებინა კავკასიოლოგიის სამეცნიერო მისია, მაგრამ მას არ ჰქონდა ამბიცია ქცეულიყო კავკასიის შემსწავლელ უნივერსიტეტად, მისი კვლევითი პროფილი უნდა ყოფილიყო საკუთრივ საქართველოზე ორიენტირებული.[3] თბილისის უნივერსიტეტს და შესაბამისად საქართველოს უნდა ეპოვა საკუთარი ადგილი ქართული მეცნიერების დაფუძნებაში, შექმნასა და განგრძობადობაში. თბილისის უნივერსიტეტში პირველი დისერტაცია 1920 წელს აკაკი შანიძემ წარადგინა. წარდგენილი დისერტაციის თემა იყო „ერთი მოვლენა ქართული ენისა“. პოლ მენინგმა და მარჩელო კრეკმა მახვილგონივრულად უწოდეს 1918-1920 წლებს შორის მოქცეულ პერიოდს „პირველების მთელი წყება საქართველოსთვის“: პირველი ქართული დისერტაცია, თან ქართული თემატიკით პირველ ქართულ უნივერსიტეტში, პირველი ქართული რესპუბლიკის ახლახან დამოუკიდებლობა მოპოვებულ დედაქალაქში.[4]
1921 წლის საბჭოთა ოკუპაციამ სათავე დაუდო ისტორიის შესწავლის, კვლევისა და სწავლების ახალ მეთოდოლოგიას, რომელიც დაფუძნებული იყო მარქსისტულ ინტერპრეტაციაზე, სოციალური და კოლონიური ისტორიის შესწავლაზე. სოციალური ისტორიის კვლევამ და რუსეთის კოლონიური პოლიტიკის კრიტიკამ 1930-იან წლებამდე გასტანა, შემდეგ კი იწყება ნაციონალური ისტორიის აღმავლობა, რომელმაც 1980-იან წლებამდე გასტანა. სწორედ 1930-იან წლებში დაწყებული ისტორიის პოლიტიკა იქცა იმ ყრუ კედლად, რომელმაც ერთი მხრივ, მეთოდოლიგიურ სიღატაკეში გამოამწყვდია ქართული საისტორიო მეცნიერება, ხოლო მეორე მხრივ, ხელი შეუწყო ისტორიის მკაფიოდ იდეოლოგიზირებულ გააზრებას, სწავლებასა და ხშირ შემთხვევაში ფალსიფიცირებას, რომლის შედეგიც იყო ახალი კოლექტიური მეხსიერების ჩამოყალიბება, რომელმაც გმირებისა და მოკავშირეების კვალდაკვალ, მტრებისა და ანტიგმირების ახალ-ახალი სახე-ხატები შექმნა.
***
II მსოფლიო ომის დასრულებიდან სამ თვეში, 1945 წლის 14 დეკემბერს გაზეთ „კომუნისტში“გამოქვეყნდა ისტორიკოსების სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილის წერილი „თურქეთისადმი ჩვენი კანონიერი პრეტენზიების შესახებ“. წერილის რუსული თარგმანი მეორე დღეს დაიბეჭდა რუსულენოვან გაზეთ “Заря Востока”-ში, ხოლო 20 დეკემბერს უკვე “Правда”-სა და “Известия”-ში. ისტორიკოს ქლერ კაიზერის შეფასებით, სტატიის ასეთი თანმიმდევრული გამოქვეყნება და მისი ფართოდ გავრცელება მოწმობს, რომ საქართველოს პრეტენზიების გასაჯაროება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საკავშირო მასშტაბით, მაღალ დონეზე იყო შეთანხმებული პარტიულ ორგანოებში.[5] საბჭოთა საქართველოში ისტორიკოსები უკვე საზღვრებზე, ისტორიულ სიმართლესა და უსამართლობაზე აქტიურად ალაპარაკდნენ. წარსულის, საბჭოთა პოლიტიკისა და მეცნიერების ეს ახალი სამკუთხედი პირველი შემთხვევა არ იყო საბჭოთა საქართველოში, იქამდე რამდენიმე წლით ადრე, 1943 წელს გამოიცა საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო, რომლის რედაქტირების პროცესშიც, ისტორიკოსების გარდა, მონაწილეობდნენ საბჭოთა კავშირისა და საბჭოთა საქართველოს პირველი პირებიც: იოსებ სტალინი, ლავრენტი ბერია და კანდიდ ჩარკვიანი.[6]
სწორედ საბჭოთა საქართველოში ჩამოყალიბდა ისტორიკოსის იმგვარი ფუნქცია, რომლის მოვალეობაც უნდა ყოფილიყო არათუ მეთოდოლიგიურ მრავალფეროვნებასა და ფართო წყაროებზე დაყრდნობით ისტორიის კვლევა, შესწავლა და სწავლება, არამედ პირიქით - ისტორიკოსი უნდა გამხდარიყო მეომარი ფრონტს მიღმა, რომელიც ისტორიაში ეძიებს ავტოკრატიული სახელმწიფოსთვის გამოსადეგ „სამართლებრივ არგუმენტებსა“ და „ისტორიულ სიმართლეებს“. სწორედ ამ „ისტორიულ სიმართლეებს“ შეეწირა XIX-XX საუკუნის ქართული პოლიტიკური აზრის ისტორია და 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხანმოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი, უპრეცენდენტო და უნიკალური ისტორია, რომლის ფალსიფიცირებისთვის წლების განმავლობაში საბჭოთა ტოტალიტარული სახელმწიფო რესურსებსა და ინფრასტრუქტურებს მთელი დატვირთვით იყენებდა.
1956 წლის მარტის მოვლენებმა, რომელსაც განსხვავებული გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ხელახლა გააცოცხლა წარსულის დაუფლებისა და მონოპოლიზების საკითხი. 1956 წლის მარტის მოვლენები აფხაზეთსა და შიდა ქართლის ჩრდილოეთში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს განსხვავებულად ესმოდათ. აფხაზებისთვის სტალინი ასოცირდებოდა აფხაზური პატრონ-კლიენტალური სისტემის რღვევასთან და მის თანმდევ ტერორთან, რომელსაც შეეწირნენ ნესტორ ლაკობა და მისი კლანის წევრები, რამაც გამოიწვია აფხაზეთის ტერიტორიაზე ლავრენტი ბერიას პარტიული კლანის გავლენების ზრდა.[7] თუკი ქართველებისთვის სტალინი მარტის იმ მღელვარე დღეებში ქართულ ნაციონალიზმთან და საქართველოს ისტორიასთან ასოცირდებოდა, აფხაზებისთვის იოსებ სტალინის სახელი, განსხვავებით მისი წინამორბედის, ვლადიმირ ლენინისგან, იგივდებოდა დეპორტაციებთან და საბჭოთა ტერორთან. ამ მოვლენების კვალდაკვალ აფხაზი პარტიული ფუნცქიონერები და ინტელიგენცია ცდილობდნენ საბჭოთა ინდუსტრიული პოლიტიკის თანმდევი დემოგრაფიული პროცესები და შიდა პარტიული ბრძოლები წარმოედგინათ როგორც ქართველი ბოლშევიკების უხეში ჩარევა აფხაზი ხალხის ყოველდღიურობასა და პოლიტიკაში.
იმ სამ წელიწადში, რომელიც მიჯნავდა სტალინის სიკვდილსა (1953 წ. მარტი) და 1956 წლის მარტის მოვლენებს საბჭოთა საქართველოში მიმდინარეობდა ცხარე დისკუსია შუა საუკუნეების ისტორიის შესახებ. 1954 წელს ლიტერატურათმცოდნე პავლე ინგოროყვამ გამოაქვეყნა ნაშრომი სათაურით „გიორგი მერჩულე: ქართველი მწერალი მეათე საუკუნისა: ნარკვევი ძველი საქართველოს ლიტერატურის, კულტურის და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისტორიიდან“. წიგნის პირველი გამოცემის ტირაჟი 10 000 ეგზემპლარს შეადგენდა.[8]
ნაშრომში ინგოროყვა საუბრობდა არამხოლოდ ქართული ჰაგიოგრაფიის თავისებურებებსა და შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის ასპექტებზე, არამედ ის შეეხო საქართველოს ფეოდალური ისტორიის რიგ საკითხებსაც, მათ შორის ყველაზე სკანდალური, განხილვადი და პოლიტიკურად ინტერპრეტირებადი გახდა მოსაზრება აფხაზთა ჩამოსახლებაზე. ინგოროყვას მოსაზრებით, ეთნიკური აფხაზები შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ავტოქტონურ მოსახლეობად ვერ ჩაითვლებოდნენ და ისინი ამ ტერიტორიაზე გვიან შუა საუკუნეებში, XVII საუკუნიდან გამოჩნდნენ. ცნობილი ფაქტია რომ საბჭოთა კავშირში პრესაზე მონოპოლია სახელმწიფოს გააჩნდა და სწორედ ამ კონტექსტში საბჭოთა საქართველოს პრესის ფურცლებზე ერთი მეორის მიყოლებით გამოჩნდა დადებითი რეცენზიები ინგოროყვას ნაშრომზე. ის იქცა საბჭოთა ქართველი პარტიული ფუნქციონერებისთვის პოლიტიკურ იარაღად, რათა თბილისსა და სოხუმს შორის არსებული ტკბილ-მწარე ურთიერთობისთვის, ახალი ისტორიულად სამართლებრივი არგუმენტი და შინაარსი მიეცათ. პრესის გარდა, ინგოროყვას ნაშრომის გარშემო დისკუსიაში აკადემიაც ჩაერთო. მიმდინარეობდა ხანგრძლივი დისკუსია ქართველ და აფხაზ მეცნიერებს შორის. ენათმეცნიერი გიორგი ახვლედიანი ნაშრომს დადებითად აფასებდა, განსხვავებით ისტორიკოს ნიკოლოზ ბერძენიშვილისგან, რომელიც ინგოროყვას კვლევაში მეთოდოლოგიურ ხარვეზებსა და წყაროთა არასწორ წაკითხვას ხედავდა.[9] წიგნის განხილვამ აკადემიურ დონეზე იმდენად ინტენსიური სახე მიიღო რომ ამ პროცეში საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი და აფხაზეთის სამხარეო კომიტეტიც (ობკომი) ჩაერთო. ცნობილი ფაქტია, რომ სხდომებს შორის სოხუმში აქციებიც მიმდინარეობდა. სწორედ ამ წიგნის განხილვისას გამოითქვა მოსაზრება გუდაუთელი სკოლის მასწავლებლის მიერ, რომ აფხაზეთი უნდა გამოეყოს საბჭოთა საქართველოს. [10] საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-კატალოგის მიხედვით, პავლე ინგორყვას ნაშრომი 1954 წლის შემდგომ აღარ გამოცემულა[11], თუმცა ის ჯერ იქცა ქართულ-აფხაზური კოლექტიური მეხსიერების საკუთრებად, შემდეგ კი პოლიტიკური დისკუსიის საგნად. ამ მეხსიერებამ ხელახლა დაიწყო გააქტიურობა 1970-იან, 1980-იან და 1990-იან წლებში.
მიუხედავად იმისა, რომ პავლე ინგოროყვას პოზიციები და მოსაზრებები ქართული ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევრებს არაერთხელ დაუყენებიათ ეჭვქვეშ, მისი მონოგრაფია პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, მისაღები გახდა საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებისთვის და მედია ინფრასტრუქტურის უშუალო ჩარევით ინგოროყვას ზოგიერთი მოსაზრება იქცა ფაქტთან გათანაბრებულ ცოდნად, რომელმაც გაართულა ქართულ-აფხაზური დიალოგი და სივრცე არ დატოვა ისტორიის ობიექტური კვლევისთვის. თანამედროვე საქართველოში ისტორიკოსის მხრიდან აფხაზეთის კვლევა და შესწავლა ნიშნავს არამხოლოდ მეთოდოლოგიური მიდგომის კომპლექსურობასა და ჰუმანიტარული მეცნიერებების სხვადასხვა დარგის ღრმა ცოდნას, არამედ შებრძოლებას სტერეოტიპების, კოლექტიური მეხსიერებისა და აკადემიური ჩაკეტილობის წინააღმდეგ.
***
საქართველოს ისტორიის სწავლებისას სკოლასა, თუ უნივერსიტეტში მუდამ ერთ პრობლემას აწყდებიან მასწავლებლები და ამ პრობლემას შეიძლება ეწოდოს თანამედროვე ისტორიის ვერსწავლება. მოზარდობაში ახლად შებიჯებულ მოსწავლეებს უფრო თანამედროვე ისტორია აინტერესებთ, ვიდრე ანტიკურობა, თუ შუა საუკუნეები. თორმეტი წლის განმავლობაში მოსწავლეები უახლეს ისტორიას ორჯერ სწავლობენ მე-9 და მე-12 კლასებში. ისტორიის იმ პარაგრაფების სწავლება, რომლებიც ეძღვნება XX საუკუნის მსოფლიო და საქართველოს ისტორიებს ძირითადად სახელმძღვანელოების ბოლო გვერდებზეა მოცემული და უმეტესწილად მათი სწავლება ვერ ესწრება გაზაფხულის სემესტრის ფარგლებში. გამოდის რომ მოსწავლეები ისე ასრულებენ სკოლის საბაზო საფეხურს (VI-IX კლასები), რომ მათ არ აქვთ სრულფასოვანი ცოდნა XX საუკუნის საქართველოს და მსოფლიოს ისტორიაზე. მე-12 კლასში გადასულები კი სააბიტურიენტო ციებ-ცხელებაში ებმევიან და ნაკლებ დროს უთმობენ ისტორიის სწავლას, ხოლო ვინც დროს უთმობს ისინი ძირითადად საგამოცდო პროგრამაში შემავალ მასალაზე არიან კონცენტრირებულები. ფაქტია რომ მოსწავლეები ისე შეაბიჯებენ მოქალაქეობრივ ცხოვრებაში რომ მათ არ აქვთ სიღრმისეული, ფაქტობრივი და ანალიტიკური ცოდნა თანამედროვე საქართველოსა და მსოფლიოს შესახებ.
ერიკ ჰობსბაუმი წიგნში „იმპერიების ეპოქა“ წერდა რომ ასწლეულების (საუკუნის ან მეტის) აღნიშვნის ტრადიცია გვიან მე-19 საუკუნეში დამკვიდრდა და ამავე პერიოდში დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა ამერიკის რევოლუციისა, თუ დიდი ფრანგული რევოლუციის ასწლეულები, რომელსაც მიეძღვნა კიდეც საერთაშორისო ექსპოზიციები.[12] თანამედროვე საქართველოში ასწლეულების აღნიშვნის ტრადიცია ძირითადად საბჭოთა საქართველოს უკავშირდება და ის რაც უკავშირდება დამოუკიდებლობის შემდგომ საქართველოს, თუნდაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების, ოკუპაციისა და 1924 წლის აჯანყების ასწლეულები ისინი ნაკლულად ან საერთოდ არ აღინიშნება. ასწლეულების აღნიშვნის სურვილი ხშირად საზოგადოების შიგნითაც არ არსებობს, რისი მიზეზიც უახლესი ისტორიის არცოდნა, ან არაპრიორიტეტულობაა.
და მაინც, არის თარიღები და ასწლეულები, რომელსაც საზოგადოება განსაკუთებული სიმძაფრით, შიშითა და ძრწოლით ელოდება. ერთ-ერთი ასეთი თარიღი იყო 2021 წელი და ის არ უკავშირდებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიის 100 წლისთავს.
1921 წლის 13 ოქტომბერს, ქალაქ ყარსში, თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის წარმომადგენლებაც. ყარსის ხელშეკრულებით დადგინდა საზღვრები თურქეთსა და კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებს შორის. II მსოფლიო ომის შემდგომ თურქეთის რესპუბლიკა გაერომ იმ საზღვრებით სცნო, რომელიც მას ჰქონდა 1945 წლის ივნისის მონაცემებით. საბჭოთა კავშირის რღვევის შემდგომ თურქეთ-საქართველოს შორის საზღვრები არ შეცვლილა და ის სრულიად ექვემდებარება საერთაშორისო სამართალსა და გაეროს პრინციპებს. მიუხედავად ამ მარტივი მოცემულობისა, წლების განმავლობაში ისტორიის სახელმძღვანელოსა და ისტორიკოსების ჩაურევლად საეჭვო წარმოშობის ინტერნეტ-მედია საშუალებებმა, რომელთა უკან სავარაუდოდ პრორუსული ჯგუფები იდგნენ, შექმნეს ახალი კოლექტიური მეხსიერება ყარსის ხელშეკრულების შესახებ, რომლის მიხედვითაც ყარსის ხელშეკრულებას 2021 წლის ბოლოს ვადა გასდიოდა და რუსეთ-თურქეთის „ძირძველი შეთანხმების“ მიხედვით, აჭარა თურქეთს გადაეცემოდა. საგულისხმო გარემოებაა, რომ ისეთ სენსიტიურ საკითხზე, როგორიცაა საზღვრები მეზობელ სახელმწიფოებთან სკოლაში არ ისწავლება, არც სახელმწიფო ინსტიტუტები იღებენ პასუხისმგებლობას დეზინფორმაციასთან გამკლავებაზე და არც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შუქდება ეს საკითხი.
2020 წლის არჩევნების წინ საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა და პროკურატურის განცხადებით, მათ ბრალად ედებოდათ ისეთი კარტოგრაფიული მასალების გამოყენება, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ქართული სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.[13] დაკავებას მოჰყვა „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული და მხარდაჭერილი კამპანია „გარეჯი საქართველოა“. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა სატელივიზიო და ინტერნეტ მედიებმა დაიწყეს ცილისმაწებლური კამპანია ბრალდებულების მიმართ და ახალი ნარატივების შექმნა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შესახებ. ბრალდება ცხადია გამოგონილი იყო, ამბავი კი დამახინჯებული.
დავით გარეჯის კომპლექსი ქართული კულტურის წარუშლელი ნაწილია, VI საუკუნიდან მოყოლებული ის ქართულენოვანი წირვა-ლოცვის ადგილს წარმოადგენდა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ. 1921 წლის მაისში რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურომ შექმნა სპეციალური კომისია, რომელსაც ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ტერიტორიული საკითხები უნდა გადაეწყვიტა. კომისიაში, რომელსაც სერგეი კიროვი ხელმძღვანელობდა, მონაწილეობდნენ როგორც ქართველები, ისე სომხები და აზერბაიჯანელები. 1921 წლის ნოემბერში საქართველოსა და აზერბაიჯანის კომპარტიის მდივნებმა ბუდუ მდივანმა და მუხტარ გაჯიევმა ხელი მოაწერეს ფილიპე მახარაძისა და ნარიმან ნარიმანოვის პროექტს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების თაობაზე, რომლის მიხედვითაც ზაქათალას ოლქი აზერბაიჯანს მიეკუთვნა. რაც შეეხება გარეჯის რაიონსა და ქვემო ყარაიაზის სექტორს, სადაც მდებარეობს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სამი მონასტერი, ის მოექცა ახლად შექმნილი საბჭოთა აზერბაიჯანის საზღვრებში 658, 89 კვადრატული კილომეტრით (მოსახლეობის რაოდენობა უცნობია).[14] საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკები საერთაშორისო თანამეგობრობაში ინტეგრირდნენ იმ საზღვრებით, რა საზღვრებშიც ეს რესპუბლიკები იყვნენ 1991 წლის დეკემბრისთვის. შესაბამისად, გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სამი მონასტერი, რომელიც მდებარეობდა ქვემო ყარაიაზის სექტორში აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობაში აღმოჩნდა.
1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ანექსიას შედეგად არამხოლოდ ოკუპაცია, ტერორი და რეპრესიები, არამედ საზღვრების ცვლილებებიც მოჰყვა. საქართველომ დაკარგა ისტორიული ტერიტორიები და ისინი მოსაზღვრე რესპუბლიკების შემადგენლობებში აღმოჩნდა. ტერიტორიული დანაკარგები ტრავმად იქცა, მეზობელ რესპუბლიკებში დარჩენილი ისტორიული ძეგლები კი მეხსიერების ადგილებად. სწორედ ეს ტრავმები და მეხსიერება გამოიყენეს პოლიტიკური მოტივებით პრორუსულმა ჯგუფებმა ანტითურქული სენტიმენტების გასაღვივებლად, რომლის მიზანიც იყო მიმდინარე მცოცავი რუსული ოკუპაციის გათანაბრება 1921 წლის შემდგომ იმპერიულ დანაწილებასთან. 2020 წელს მსგავსი მიდგომა უკვე საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენა. მათ კარტოგრაფებს ცილი დასწამეს - საზღვრების ცვლილების მიზეზი და ისტორია საბჭოთა წარსულში კი არ ეძიეს, არამედ იმ „ოპოზიციონერთა“ რიგებში, რომლებიც ერთ დროს ხელისუფლების სათავეში იყვნენ. პოლიტიკური პროპაგანდისა და ცილისწამებისთვის ხელისუფლებამ გამოიყენა საზოგადოებრივი მაუწყებელიც, რომლის პროსახელისუფლებო მენეჯმენტმა შექმნა ანტიისტორიული და პროპაგანდისტული დოკუმენტური ფილმი „გარეჯის მთის სიმართლე“.[15] ფილმში უგულვებელყოფილია ისტორიული, პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები, ექსპერტებად კი მოხმობილია ის ხალხი, რომელიც უშუალოდ უკავშირდებოდა „ქართული ოცნების“ გუნდს და რიტორიკას.
ისტორიკოსი მარკ ფერო შენიშნავდა რომ ჩვენს წარმოსახვას სხვა ხალხების ან საკუთარი რაობის შესახებ კვებავს ისტორიები, რომელსაც ბავშვობაში გვასწავლიან. ისტორია ჩვენი ცხოვრების მსაზღვრელია. მისი რეპრეზენტაცია თითოეული ჩვენგანისთვის ნიშნავს სამყაროსა და საზოგადოებათა წარსულის შეცნობას. ეს ისტორიები გამოსჭვივის ჩვენს მოსაზრებებში. ასე რომ, ისტორიის პირველი წაკითხვის, პირველი ნაკვალევის, ეჭვის თუ ემოციების კვალი სამუდამოდ წარუშლელი რჩება.[16] ისტორიის სახელმძღვანელოს კოლექტიური მეხსიერების ფორმირების პროცესში არნახული ძალა გააჩნია, მაგრამ რა ხდება მაშინ როცა სახელმძღვანელოებიდან ისტორიას ვერ სწავლობენ მოსწავლეები? რა ანაცვლებს სკოლას XXI საუკუნეში? - მედია და ინტერნეტი.
ჟურნალისტი და პუბლიცისტი ენ ეფლბაუმი ახალახან გამოცემულ წიგნში „ავტოკრატიების გაერთიანება“ წერს, რომ ავტოკრატები ცდილობენ საერთო ეროვნული მსჯელობის მონოპოლიზებას და ყურადღების მიპყრობას. ისინი ეყრდნობიან მედიებს და მათი ტაქტიკა გარდაიქმნება სიყალბეების ნიაღვარში.[17] შესაბამისად, მოქალაქეები იმის ინტერესს, რაც სკოლაში არ და ვერ ისწავლეს, იკმაყოფილებენ მედიითა და ინტერნეტით. ინტერნეტში განთავსებული მასალა კი ერთი მხრივ ეყრდნობა საბჭოთა პერიოდის წყაროებს, რომელთა ვალიდურობა ხშირად ეჭვქვეშაა დაყენებული ან პოლიტიკური მოტივითაა შექმნილი, მეორე მხრივ კი ინტერნეტში უხვადაა რუსული პროპაგანდისგან ნასესხები და თარგმნილი ფაქტები და ისტორიები.
და მაინც რჩება კითხვა, რატომ სურთ ასე მძაფრად ისტორიით მანიპულირება პოლიტიკურ ელიტებს, ავტორიტარიზმისა და ტოტალირიზმის პოლიტიკურ არქიტექტორებს? რატომ თანამშრომლობენ ისინი ისტორიკოსებთან, რეჟისორებთან, მოქანდაკეებთან და რატომ აცოცხლებენ წარსულის სახე-ხატებს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ორი იდეაზე - ნაციონალიზმსა და ძალაუფლებაზე დაყრდნობა დაგვჭირდება.
***
ნაციონალიზმი და ძალაუფლება მჭიდროდ გადაჯაჭვული ცნებებია. ნაციონალიზმი, რომლის მთავარი იდეაა, რომ კულტურა, ენა, ისტორია და ტერიტორია უნდა იყოს ეროვნული სახელმწიფოს მთავარი საფუძველი, XX საუკუნის 20-იანი წლებიდან მემარჯვენე და მემარცხენე ექსტრემისტულმა ჯგუფებმა და სახელმწიფოებმა საკუთარი ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის გამოიყენეს. საბჭოთა კავშირიც კი, რომელიც კომუნისტურ იდეოლოგიაზე დაფუძნდა და კომუნიზმს სახავდა, როგორც კაცობრიობის განვითარების საბოლოო სტადიას, რომლის დროსაც ერები უნდა გამქრალიყო და ერთიანი კომუნისტური საზოგადოება შექმნილიყო, საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად 1920-იანი წლებიდანვე ახალისებდა ნაციონალიზმებს საბჭოთა რესპუბლიკებში, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზეც. შესაბამისად, ნაციონალიზმი გახდა არამხოლოდ კულტურული და პოლიტიკური იდეა, არამედ ძალაუფლების ინსტრუმენტიც.
საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა საქართველოზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ნაციონალიზმზე დაყრდნობა ტოტალიტარულ, ჰიბრიდულ და ავტორიტარულ რეჟიმებს საშუალებას აძლევდა ლეგიტიმაცია მიენიჭებინათ მმართველობისთვის და საკუთარი პოლიტიკური კლანი, თუ ჯგუფი წარმოეჩინათ, როგორც ეროვნული ინტერესებისა და წარსულის მცველები. გარდა ამისა, ნაციონალიზმი მათ მასობრივი მობილიზაციის საშუალებასაც აძლევდა პოლიტიკური ოპონენტებისა, თუ უმცირესობების წინააღმდეგ და რაც მთავარია ნაციონალიზმისა და ძალაუფლების დაგვირგვინებას წარმოადგენს საზოგადოებაზე კონტროლის დამყარების მძაფრი სურვილი, რომლის დროსაც იქმნება „მტრის ხატები“ და საზოგადოება საერთო მტრის შიშიდან გამომდინარე კონსოლიდირდება მმართველი პოლიტიკური გუნდის გარშემო, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ანტიდემოკრატიული დღის წესრიგითაა წარმოდგენილი.
ნაციონალიზმის ერთ-ერთი საკვანძო წერტილი ისტორიისა და წარსულის რეპრეზენტაციაა. სწორედ ისტორიის, ნაციონალიზმისა და ძალაუფლების სამკუთხედში გვევლინებიან ისტორიკოსები ნაციონალიზმის სოციალურ ინჟინრებად, ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმების მოკავშირეებად. ამ პროცესში ისინი საკუთარ თავებს უწოდებენ მეომრებს, ჯარისკაცებს, სამშობლოს გუშაგებს, რომლებიც კალმით იცავენ სახელმწიფოს უხილავი მტრებისგან, ფანტომური არსებებისგან, თვითონ კი სანაცვლოდ ახალ-ახალ მტრებს იგონებენ, წარსულიდან ჩხრეკენ ემოციურად მნიშვნელოვან ისტორიულ ეპიზოდებს და დღის შუქზე გამოაქვთ ახალ-ახალი ინტერპრეტაციით. ისინი საკუთარ თავებს ხედავენ ჯარისკაცებად, რომლებიც იბრძვიან ფრონტს მიღმა, აუდიტორიებში, ტელე-ეთერებში, ბლოგებში, პრესის ფურცლებზე. ისინი თანამშრომლობენ რეჟიმის ერთგულ რეჟისორებთან, მოქანდაკეებთან და პოლიტ-ტექნოლოგებთან. ისინი ხდებიან მეომრები ფრონტს მიღმა და ცვლიან ჩვენს აღქმებს ისტორიაზე, საზღვრებზე, მოსახლეობაზე, პოლიტიკაზე და ყოველდღიურობაზე - კვებავენ ჩვენს ცხოვრებას შიშებით, გვიწინასწარმეტყველებენ შავ-ბნელ მომავალსა და ეროვნულ კატასტროფას, თუ რეპრესიულ სახელმწიფოს მოწოდებულ დღისწესრიგს არ დავემორჩილებით უსიტყვოდ, ულაპარაკოდ და კითხვების გარეშე. ეს პრობლემა უფრო თვალსაჩინო და მასშტაბური ხდება დემოკრატიული ტრადიციის არმქონე და პატარა სახელმწიფოების შემთხვევაში, სადაც ნაციონალიზმი ხშირად ეგზისტენციალური, ეკონომიკური და სოციალური პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად გამოიყენება.
***
და მაინც, 2025 წელს ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ავტორიტარებს ქაოსი შემოაქვთ მოსახლეობის ყოველდღიურობაში, აცოცხლებენ ისტორიულ ტრავმებს და იყენებენ წარსულს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. რაშია გამოსავალი? პირველ რიგში მოქალაქეებმა არ უნდა დაკარგონ იმედი და შეეწინააღმდეგონ სიყალბის, სიცრუისა და ბოროტების ნიაღვარს. მოქალაქეებმა უნდა გააპროტესტონ საკანონმდებლო ცვილებების პაკეტები, რომლებიც ზღუდავს დემოკრატიულ მონაპოვარს, მათ უნდა გადაარჩინონ დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციები, მედიები და ის სამთავრობო თუ არასამთვრობო ინსტიტუტები და ორგანიზაციები, რომლებიც ააშკარავებენ ხელისუფლებასთან დაახლოებული მეცნიერების, პროპაგანდისტებისა და სხვადასხვა ჯგუფების ანტისახელწიფოებრივ, ანტი-დემოკრატიულ და ანტიჰუმანურ ქმედებებს. თუ ყველა მოქალაქე ასე მოიქცევა, ცვლილებები შეუმჩნევლად მოვა და რეპრესიულ დღის წესრიგს მინერვას ბუ არათუ ღამით, არამედ განთიადამდე გადაუფრენს.
[1] ჰარისონი რობერტ, ჯონსი ალედ, ლამბერტი პიტერ, „ისტორიის ინსტიტუციონალიზაცია და ორგანიზება“. კრებულში „როგორ დავწეროთ ისტორია“. რედ. პიტერ ლამბერტი და ფილიპ სკოფილდი. (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2017), 32.
[2] მენინგი პოლ, კრეკი მარჩელო, „ქართული მეცნიერების ტაძარი თუ უნივერსიტეტი კავკასიისთვის: ნიკო მარი და მისი ქართველი სტუდენტები უნივერსიტეტის პროექტის შესახებ თბილისში“. კრებულში „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ფორმისა და შინაარსის ძიებაში.“ რედ. ლუკა ნახუცრიშვილი. (გამომცემლობა ზიარი: თბილისი, 2024), 295.
[3] იქვე, 309.
[4] მენინგი პოლ, კრეკი მარჩელო, „ქართული მეცნიერების ტაძარი თუ უნივერსიტეტი კავკასიისთვის: ნიკო მარი და მისი ქართველი სტუდენტები უნივერსიტეტის პროექტის შესახებ თბილისში“. კრებულში „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ფორმისა და შინაარსის ძიებაში.“ რედ. ლუკა ნახუცრიშვილი. (გამომცემლობა ზიარი: თბილისი, 2024), 295.
[5] კაიზერი ქლერ, „ქართველი და საბჭოელი: ტიტულირებული ერი და სტალინის აჩრდილი კავკასიაში“. (გამომცემლობა ზიარი: თბილისი, 2024), 96-97.
[6] ჯავახიშვილი გიორგი, „ისტორიის სახელმძღვანელო“. https://indigo.com.ge/articles/istoriis-sakhelmdzghvanelo [ბოლოს ნანახია: 01.02.2025].
[7] უფრო ვრცლად იხილეთ: ბლაუველტი ტიმოთი, „კლიენტალიზმი და ეროვნება ნესტორ ლაკობას საბჭოთა აფხაზეთში“. (გამომცემლობა ზიარი: თბილისი, 2023).
[8] ეს რიცხვი საკმაოდ მასშტაბურად შეგვიძლია ჩავთვალოთ, მაგალითისთვის 1948 წელს გამოცემული საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს ტირაჟი 20 000 ეგზეპლარს შეადგენდა.
[9] კაიზერი ქლერ, „ქართველი და საბჭოელი: ტიტულირებული ერი და სტალინის აჩრდილი კავკასიაში“. (გამომცემლობა ზიარი: თბილისი, 2024), 175-176.
[10] კაიზერი ქლერ, „ქართველი და საბჭოელი: ტიტულირებული ერი და სტალინის აჩრდილი კავკასიაში“. (გამომცემლობა ზიარი: თბილისი, 2024), 179.
[11] საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-კატალოგი https://catalog.nplg.gov.ge/search~S1*geo/X%E2%80%9E%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98%20%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94:%20%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%90%E1%83%97%E1%83%94%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90 (ბოლოს შემოწმებულია 01.02.2025).
[12] Hobswbam Eric, The Age of Empire (1875-1914), (Abacus,1987), 13.
[13] https://civil.ge/ka/archives/373922 [ბოლოს ნანახია: 01.02.2025].
[14] თოიძე ლევან, „საქართველოს პოლიტიკური ისტორია (1921-1923 წლებში)“. (თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა: თბილისი, 1999), 105-114.
[15] https://www.youtube.com/watch?v=L1bQgrmSByE [ბოლოს ნანახია: 01.02.2025].
[16] Ferro Marc, The Use and Abuse of History Or How The Past is Taught to Children, (Routledge, 2003), ix.
[17] ეფლბაუმი ენ, ავტოკრატიების გაერთიანება. (გამომცემლობა არტანუჯი: თბილისი, 20024) 105-106.
ინსტრუქცია