საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საქართველო, როგორც მთელი კავკასია, ენების ოდისეაა. აქაც ბევრმა სხვადასხვა კულტურამ ერთად მოიყარა თავი საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა იმპერიისა და მმართველობის ქვეშ. ეს გამოიხატება ყველა რეგიონში და კუთხეში ლინგვისტურ, კონფესიურ და ეთნიკურ სიჭრელეში, რაც საბოლოო ჯამში ფერად სოციალურ-კულტურულ მოზაიკას ქმნის, რომლის კარგად შესწავლა და კვლევა აუცილებელია.
სადღეისოდ საქართველოს ეთნიკურ, ლინგვისტურ, რელიგიურ და კულტურულ მრავალფეროვნებაზე საუბარი და ყურადღების გამახვილება საჭიროა როგორც არასდროს. ბოლო წლებში, ქვეყანაში და სამეზობლოში მიმდინარე მოვლენებმა, ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის მომატებულმა ჰომოგენურმა ხასიათმა, ეკლესიის თავისებურმა ჩარევამ პოლიტიკაში და ბევრმა სხვა ფაქტორმა, მემარჯვენე ჯგუფების მატება და გაძლიერება განაპირობა, რამაც მათი, არადომინანტური ჯგუფების მიმართ დამოკიდებულება გაამძაფრა და მეტად სტიგმატიზირებული გახადა. ასევე სტიგმატიზირებულია ქართველური ენები - მეგრული და სვანური, რომელთა არსებობის შესახებ ყველამ იცის, თუმცა მათი შენარჩუნების მნიშვნელობაზე დისკუსიები ჯერ არ გამხდარა აქტუალური.
ენები საქართველოს კულტურული მოზაიკის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. აქ ვხვდებით სხვადასხვა ენობრივ ოჯახებს, დაწყებული იბერიულ-კავკასიურით, თურქულ-ალათაურით, ინდოევროპულით, დამთავრებული სემიტურ ენათა ჯგუფით. ქართული და აფხაზური საქართველოს სახელწმიფო ენებია. აფხაზური მიეკუთვნება აფხაზურ-ადიღურ ენათა ჯგუფს, ხოლო ქართული, იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ენათა ჯგუფს. ამ ჯგუფში სამი ენაა: ქართული, ზანური (მეგრული და ლაზური) და სვანური. ამ ეტაპზე არცერთ მათგანს ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია.
"ჩქინი კოჩი ნასას" - მეგრული ენა
მიუხედავად იმისა, რომ სვანური და მეგრული ქართველური ენებია, მათ მიმართ დღემდე უამრავი სტერეოტიპი და შიშები არსებობს ქართულ აკადემიურ, სამეცნიერო, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეებში. „მეგრულ, ლაზურ და სვანურ ენებზე მოსაუბრე ადამიანები გახლავთ ის ხალხი, რომლებზეც აღმატებულ ტონში წერდნენ ანტიკური სამყაროს მწერლები და მეცნიერები. დღეს კი მრავალათასწლოვანი მეგრულ-ლაზური და სვანური ენები გაქრობის ზღვარზეა.“ - წერს მწერალი გიორგი ჯიჭონაია, რომელმაც მეგრულ-ლაზური და სვანური ენების მხარდაჭერისა და განვითარებისთვის პეტიცია შექმნა. ეს პეტიცია მიზნად ისახავს ამ ენებისთვის სტატუსის მინიჭებას, რათა საკანონმდებლო დონეზე მოხდეს მათი დაცვა და განვითარება. ჯერ-ჯერობით მხოლოდ სიტყვებად დარჩა საქართველოს პრეზიდენტის განცხადება სვანურისა და მეგრულის სკოლებში შეტანაზე: „მეგრულიც და სვანურიც ჩვენი საგანძურია, რომელსაც უნდა ვიცავდეთ და ვანიჭებდეთ სწორ ადგილს. ყველა მსურველს უნდა ჰქონდეს სკოლაში ამ ენების არჩევით შესწავლის საშუალება და არ უნდა ვემორჩილებოდეთ ცრუ შიშებს!”
დღეს მეგრული ენა გავრცელებულია სამეგრელოს რეგიონში და აფხაზეთში, გალში და გალის რაიონში. სახელწმიფომ გასაგებად უნდა თქვას, რომ მეგრულს და ლაზურს, სვანურსა და წოვა-თუშურს მიენიჭოს ენის სტატუსი. მეგრული - 500 000 ადამიანის სალაპარაკო ენაა და ის არცერთ ნორმატიულ აქტში არ არის მოხსენიებული და არცერთი ოფიციალური დოკუმენტი არაა ნათარგმნი მეგრულ ენაზე.
ლინგვისტი ნათია ფონიავა გვიყვება, რომ ქართულ სამეცნიერო საზოგადოებაში მეგრული განიხილება ლინგვისტურად ენად, ხოლო სოციო-ლინგვისტურად დიალექტად. 2000 წლიდან, ქართული სამეცნიერო სივრცის ნაწილი საერთოდ არ სცნობს მეგრული ენის ლინგვისტურ მონაცემებს, აღიარებს მხოლოდ ერთ ქართველურ ენას - ქართულს. „ამგვარადვეა აწყობილი სახელმწიფო პოლიტიკაც, შესაბამისად, მეგრული და ლაზურიცა და სვანურიც, ოფიციალურ დოკუმენტებში ენის სტატუსით არ ფიგურირებს, ანუ სამართლებრივ დონეზე მათ დიალქეტის სტატუსი აქვთ.“ - ამბობს ფონიავა.
მისივე თქმით, მეგრულისადმი გადაჭარბებული შიში არსებობს ქართულ საზოგადოებაში. „ადრე მეგონა, რომ განათლების არ არსებობა, საკითხის გაუცნობიერებლობა ან ინფორმაციის ნაკლებობა იწვევდა ამ შიშს, თუმცა, საქართველოშიც და საზღვარგარეთ მიღებული განათლების მქონე ადამიანებიც კი გარკვეული შიშებით უდგებიან მეგრული ენის საკითხს. ანუ ამ შემთხვევაში უმაღლესი განათლების ქონა დიდად არ ჭრის საკითხის პრობლემას.“ იგივე აზრს იზიარებს მეგრული ენის აქტივისტი და პირველი მეგრული ჟურნალ „სქანი“-ს ავტორი გივი ქარჩავა. მისი აზრით, ეს შიშები მე-19 და მე-20 საუკუნემდე ადრე დაიწყო.
„შიში არის ირაციონალური რამე. განსაკუთრებით მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 დასაწყისში დაითესა პროპაგანდა, რომ უნდა გვეშინოდეს სამეგრელოს სეპარატიზმის.“ ილია ჭავჭავაძემ თქვა, რომ სამეგრელოში მოვხვდი მაშინ ვნახე საქართველოო. ის სწორედ მაშინ ჩავიდა სამეგრელოში, როცა რუსეთის იმპერიის დროს სამეგრელოს სკოლებში მეგრულის ენის შეტანის და საღვთო წერილის თარგმნის მცდელობები იყო. „ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, იაკობ გოგებაშვილს აწუხებდათ ის, რომ რუსეთის იმპერიას არ ესარგებლა ჩვენი ლინგვისტური განსხვავებით რომ გაეხლიჩა ერი და ქვეყანა, რაც სრულიად გასაგებია. მაგრამ ამავდროულად არცერთს არ გაუთვალისწინებია მეგრულად მოსაუბრე ხალხთა უფლება, რომ თავიანთ ენაზე ჰქონდეთ სხვადასხვა სერვისებზე წვდომა, როგორც ქვეყნის სხვადასხა ეთნო-ლინგვისტურ უმცირესობებს. ეს არის ადამიანის ბუნებრივი და წაურთმეველი უფლება.“ - ამბობს ქარჩავა.
ის ასევე გვიყვება, რომ სულხან-საბას სიტყვის კონაში სიტყვა ჟღურტული განმარტებულია შემდეგნაირად: მეგრელთაგან და მისთანა და ავენოვანთაგან ლაპარაკი, ჩხიკვთა და კაჭკაჭთა ლაპარაკი. ის მეგრულ ენას ადარებს კაჭკაჭების, ყვავებისა და ჩხიკვების მეტყველებას. ვახუშტი ბატონიშვილიც მეგრულს წამხდარ ქართულს უწოდებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არ არის 19-ე და 20-ე საუკუნის ამბავი, და ყველაფერს რუსეთს ვერ დავაბრალებთ. ამ (ქართულ) საზოგადოებას ჰქონდა და აქვს პრობლემა მეგრელების მიმართ და ეს ისტორიაშია უფრო ღრმად საკვლევია.
წარმოშობით სენაკელი ლუკრეციუს სიჭინავა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურის ფაკულტეტზე სწავლობს თავის აზრს გვიზიარებს და ამბობს, რომ მეგრულს გაქრობის საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით, მის გარემოცვაში, პატარა ბავშვები და სკოლის მოსწავლეები სენაკში ძირითადად ქართულად საუბრობენ, ხოლო უფროსი თაობა მეტწილად მეგრულად. ამის საპირწონედ გივი ქარჩავა გვიყვება, რომ სოფელ ინგირში, საიდანაც თვითონააა წარმოშობით, მისმა შვილმა და სხვა პატარა ბავშვებმა კარგად აღარ იციან მეგრული და მეგრულად მოსაუბრეთ რიცხვი წლიდან წლამდე იკლებს. ეს განპირობებული სხვადასხვა მიზეზით, თუმცა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ენის აქტუალურობის დაკარგვისა არის მოსახლეობის მხოლოდ განათლების, კომუნიკაციების ენაზე - ქართულზე საუბარი და ნელ-ნელა სხვა ენების საჭიროების დაკარგვა, და ასევე ენის პრესტიჟულობის ხარისხი. ეს არამარტო ქართული, არამედ გლობალური ტენდენციაა.
ქარჩავა გვიყვება, რომ ხშირად ისმევა კითხვა მეგრულის დამწერლობის არ ქონაზე: როგორ შეიძლება ჰქონდეს ენის სტატუსი, თუ არ აქვს დამწერლობა? „დამწერლობა ძალიან ბევრ ენას არ აქვს, თუმცა ისინი არსებობენ. როცა ამბობენ, რომ მეგრულად იმდენი არ დაწერილა, რამდენადაც ქართულად, ის ფაქტი უნდა გავიხსენოთ, რომ როდესაც ქართული ნაწერების გამოცემა დაიწყო, ბერძნულად, ჩინურად და სხვა ძველ ენებზე იმდენი იყო გამოცემული, რომ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქართულად ბეჭდვის უფლება არ უნდა გვქონოდა?! ასე არ ხდება და არ უნდა ხდებოდეს.“ ქარჩავას თქმით, რთული იქნება ასეთი დამოკიდებულებით საქართველომ შეძლოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანება. „ევროპაში არ ეუბნებიან ადამიანებს, რომ ის ენობრივი იდენტობა, რაც მათ გააჩნიათ არასწორია ან მიუღებელი. ჩემი იდენტობის მთავარი და დიდი ნაწილია მეგრული. ვაზროვნებ და ბავშვობიდან ვმეტყველებ და ვატარებ მეგრულ ენას თავისი სიმდიდრით.“ - ამბობს ქარჩავა.
ფონიავას თქმით, ბოლო წლებში მეგრულისა და სვანურის მნიშვნელოვანების შესახებ დისკუსიები დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ იმდენი აგრესია არ არის სვანურ ენაზე, როგორიც მეგრულზეა: მაგალითად, ჩემი „მეგრული ენის თვითმასწავლებელი“ რომ გამოვიდა 2021 წელს, ბევრი დადებითი, მაგრამ ასევე ბევრი უარყოფითი გამოხმაურებაც მოჰყვა. რაც სვანური ენის თვითმასწავლებლის გამოსვლას არ მოჰყოლია 2023 წელს.“ ფონიავას თქმით, შეიძლება ეს იმანაც განაპირობა, რომ ბოლო წლებში ძალიან ბევრი ისაუბრეს სხვებმაც, მანაც და გამომცემლობა „არტანუჯის“ დამფუძნებელმა ბუბა კუდავამ სხვადასხვა პლატფორმების მეშვეობით ქართველური ენების არსებულ პრობლემებზე, მათი დაცვის აუცილებლობაზე და შეიძლება ამან ოდნავ მიაჩვია საზოგადეობა ამ თემას, მაგრამ მაინც მეგრულისადმი აგრესია მეტია ხოლმე. ეს გამოიხატება იმაში, რომ ხალხი, ფიქრობს, რომ მეგრულის ენის სკოლებში შეტანა მომავალში მაინც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს მთლიანობას და მის დაშლასაც გამოიწვევს, და ამის თავიდან ასაცილებლად, ენა სკოლაშიც არ უნდა ვასწავლოთ, ანუ გამოდის რომ უნდა გავაქროთ. რადგან უმოქმედობის შემთხვევაში, სახელმწიფო მიერ კარგად დაგეგმილი სტრატეგიის და შემუშავების და ამოქმედების გარეშე, სხვა შედეგი წარმოუდგენელია.“
სვანური ენა - ლუშნუ ნინ
სვანური ენაც ისევე, როგორც მეგრულ-ლაზური და წოვათუშური დგას გამოწვევების წინაშე. სვანურად მოსაუბრეები რაოდენობრივად უფრო ნაკლები არიან, ვიდრე მეგრულად, თუმცა სვანური ენა დღემდე შენარჩუნებულია, მიუხედავად იმისა, რომ მას არც ოფიციალური სტატუსი გააჩნია, და ის არც სკოლებში ისწავლება. სვანურად მოსაუბრეთა რიცხვი შეფასებულია 30,000-დან 80,000-მდე. იუნესკო სვანურს ასახელებს როგორც „გადაშენების პირას მყოფ ენას".
"სვანური ენა აუცილებლობაა, რომ დარჩეთ და იყოთ, რაც ხართ. ის სჭირდება საქართველოს, რადგან რეალურად ჩვენი კულტურა და ქართული ენა დიდწილად, სწორედ, სვანურ ენაზეა დაფუძნებული და თუ აღარ ისაუბრებთ სვანურად თქვენ, ჩვენც დავკარგავთ ამ ძალიან დიდ და მდიდარ ენას. ქვეყანას, რომელსაც აქვს ასეთი მდიდარი სამი ენა, როგორ შეიძლება არ ვიამაყოთ, გარეთ არ გავიტანოთ და ჩემთვის გაუგებარი და უაზრო შიშებიდან გამომდინარე არ განვავითაროთ ის, რაც გვაქვს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2022 წლის სექტემბერს სვანეთში ვიზიტის დროს.
იგივეს გვიყვება არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერთანამშრომელი მედეა საღლიანი სვანურ ენაზე. მისი თქმით, მიუხედავად ბევრი ქართველი და უცხოელი ენათმეცნიერის სვანური ენითა და კულტურით დაინტერესებისა, ენა, სამწუხაროდ, რეალური გაქრობის წინაშე დგას. ამას ხელს უწყობს თანამედროვე ცხოვრების სწრაფი ტემპი და შიდა და გარე მიგრაციის სწრაფი ტემპები და მასშტაბები. „რასაკვირველია, ამ პროცესების პარალელურად, ენის არსებობას საფრთხეს უქმნის თვით სვანურ ოჯახებშიც თანდათანობით სვანური ენის აქტუალურობის დაკარგვა“- ამბობს საღლიანი.
სვანური ენა ერთ-ერთი ქართველურენათაგანია, რომელზეც დღეს მეტყველებს ის ხალხი, რომლებიც ცხოვრობენ ზემო სვანეთში ენგურის ხეობაში, ქვემო სვანეთში მდინარე ცხენისწყლის ხეობაში, მთიან აფხაზეთში მდინარე კოდორის ხეობაში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა დროს, ძირითადად 1987 წელს სტიქიური უბედურების შემდეგ ჩასახლებულები (ლაგოდეხი, სოფ. ფონა, გარდაბანი და მიმდებარე სოფლებში).
სვანურ ენაში შემდეგნაირი დიალექტები და სუბ-დიალექტებია:
სვანური ენა, მეგრულის მსგავსად ლინგვისტური თვალსაზრისით ენაა, იგი ოჯახურ და არაოფიციალურ სოციალურ ურთიერთობებში გამოიყენება და მას წერილობითი სტანდარტი, ან ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია. „სვანური ენის დაკარგვის შიში უფრო გაჩნდა ბოლო წლებში ქართულ საზოგადოებაში,რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ არაერთ ახალგაზრდას გაუჩნდა სურვილი სვანური და მეგრული ენების შესწავლისა. თუმცა საშიშროება ამ ენების ხმარებიდან გასვლისა ნადმვილად არსებობს“ - ამობს მესტიის მკვიდრი, მთამსვლელი ნიკა ფალიანი. როგორც გვიყვება ნიკა, მის გარემოცვაში, მესტიაში, ყველა სვანურად საუბრობს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს სვანური არ ესმის, პატივისცემის ნიშნად ქართულად, ან ყველასათვის გასაგებ ენით საუბარზე გადადიან. მისი აზრით, სკოლებში სვანური ენის შემოტანა, ძალიან კარგი იქნებოდა, თუმცა მიაჩნია, რომ ამჟამად ეს არარეასლიტურია, ენის პროფესიონალი მცოდნეებისა და სვანური ლიტერატურისა და ნათარგმნების ნაკლებობის გამო. ფალიანი, სვანეთის სკოლებში სვანური ენის შესაწავლას მიესალმება და სამომვალო პერსპექტივაში შესაძლო ვარიანტადაც განიხილავს. მას მიაჩნია, რომ სვანური ენის მიმართ ქართულ საზოგადოებაში აგრესია არ არის. პირიქით, იგი ამბობს, რომ როცა სვანურად საუბრობს, მას ეკითხებიან თუ რა ენაზე საუბრობს ის და გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ ეს ენა სვანურია.
საღლიანი გვიყვება, რომ არასოდეს ყოფილა მცდელობა, რომ სვანეთში სკოლებში სვანური ისწავლებოდეს, თუმცა ბოლო დროს დისკუსია დაიწყო იმაზე, რომ სვანური და მეგრული, როგორც ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილი ისწავლებოდეს სკოლებში, როგორც არჩევითი საგანი. თუმცა ამის სისრულეში მოყვანას დრო სჭირდება და აუცილებელია საზოგადოებისთვის იმის ახსნა, რატოა ამ ენების შესწავლა და შენარჩუნება მნიშვმნელოვანი.
როგორც სვანეთიდან ეკო-მიგრანტმა, დღესდღეობით გარდაბნის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრმა მარიამ ხარძიანმა აღნიშნა, თუ ერი ზრუნავს საკუთარ ისტორიულ მემკვიდრეობაზე და იდენტობის შენარჩუნებაზე, ეს აისახება სახელმწიფოს წარმატებაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში. ხარძიანის ოჯახი დიდი ხანია, რაც გარდაბანში გადმოასახლეს და მათი მთავარი სალაპარაკო ენა დღემდე სვანურია. „შეიძლება ეს იმიტომ მოხდა ასე, რომ სვანური არის ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი, რომელიც გარდაბანში გვაგრძნობინებდა, რომ ვართ სვანები და რომ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ენა, წეს-ჩვეულებები, კულტურა. ჩემს სოფელში ყველა სვანი ვცდილობთ ერთმანეთში სვანურად ვისაუბროთ.“ მარიამი გვიამბობს, როდესაც პირველად მოხდა სვანეთში, 15 წლის წინ, მიხვდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელი იყო ის ფაქტი, რომ მას მშობლებმა სვანური ასწავლეს. „იქ ჩემს გარშემო ყველა სვანურად საუბრობდა, თუმცა მგონია, რომ სახელმწიფოს მხრიდან უფრო ფრთხილი და ყურადღებიანი მიდგომაა საჭირო, რათა ენა განვითარდეს, შეიქმნას ლიტერატურა, თარგმანები და ა.შ. ენაც ცოცხალი ორგანიზმია და იმისათვის, რომ ის არ დეგრადირდეს და საბოლოოდ არ გაქრეს, მას ხელის შეშველება სჭირდება.“
ზემო სვანეთის სოფელი ლადრერის ყოფილი მკვიდრი 87 წლის ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელი დავით პაკელიანი გვიყვება, რომ მის ბავშვობაში ყველამ იცოდა სვანურიც და ქართულიც. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა, დღესაც ყველამ იცის ქართულიც და სვანურიც. მისი თქმით, რადგან სვანეთი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე რთული მისაღწევი იყო, მთავარი შიდა საკომუნიკაციო ენა ყოველთვის იყო სვანური, სვანეთის გარეთ კი ქართული. „სვანური საკმაოდ თვითმყოფადი კულტურაა. გლობალიზაციის პირობებში, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარებისა და ციფრულ სამყაროში ცხოვრებისას, ბუნებრივია, ჩნდება შიშები, რომ ენა შეიძლება გაქრეს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ არც სვანური და არც მეგრული არ გაქრება, თვითონ ამ ენაზე მოსაუბრე ხალხის გამო. მთავარია ისინი მზაკვრულ და არაკულტურულ ტენდენციებს არ აყვნენ და არ ჩათვალონ, რომ ამ ენების ცოდნა აღარაა საჭირო. მერე ენა ნამდვილად გაქრება“- ამბობს პაკელიანი.
უპირველეს ყოვლისა, დიდი როლი ენიჭება სახელმწიფო ანუ სალიტერატურო ენას, თუმცა ეს როდი ნიშნავს იმას, რომ ცოცხალი მეტყველების კვლევა ნაკლები ღირებულებისაა. „თავისუფალი განვითარების მქონე უმწერლობო ენებსა და დიალექტ კილოკავებს, უდიდესი ღვაწლი შეიძლება ჰქონდეთ უნივერსალიათა თუ ენების ფილოსოფიურ თეორიული პრობლემების გადასაწყვეტად. რა თქმა უნდა, მეგრულ-ლაზური და წოვათუშურის მსგავსად, ძალიან მნიშვნელოვანია სვანური ენის შენარჩუნება, ვინაიდან დიდია არქაიზმებით გამორჩეული სვანური ენის მონაცემთა როლი ქართველური ენების ისტორიულ-შედარებითი კვლევისა და არქეტიპთა რეკონსტრუქციისათვის“ - გვიყვება საღლიანი.
ჩვენი ენების გადარჩენის შესახებ საუბარი იმიტომაა მნიშვნელოვანი და საჭირო, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს არ აქვს წარმოდგენა და არასდროს არ გაუგია იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც დგას ამ ენების წინაშე. მათ შორის ეს ითქმის, ამ ენებზე მოლაპარაკე ადამიანებზეც. ისინი შეიძლება ატყობენ და ხვდებიან, რომ ეს ენები ქრება, მაგრამ არ ადარდებთ და საერთოდ ვერ ხვდებიან რატომ არის საჭირო ამ ენების გადარჩენა და რესურსების დახარჯვა. „ზოგს სასაცილოდაც არ ყოფნის ეს ხოლმე სამწუხაროდ. ასეთ ხალხს ვეტყოდი, რომ მათ მსგავსად, ანუ ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის მსგავსად ყველა ენას აქვს სიცოცხლის უფლება. ენა არის იდენტობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ეს ინახავს მასზე მოლაპარაკე ხალხის ისტორიას, კულტურას. ამასთანავე ყოველი ენა, არის სამყაროს თავისებურად აღქმის საშუალება და ამასთანავე, ენები მრავალფეროვნებას ქმნიან. სხვა თუ არაფერი, ყოველი ენა, ვიღაცისთის მშობლიური ენაა და ის აუცილებლად უნდა გადარჩეს“ - ამბობს ფონიავა.
ამგვარად, ენების შესახებ ცნობადობის ამაღლება, მათი შესწავლა, მათთვის უფრო დიდი რესურსების დათმობა აუცილებელია. ამ ენების მნიშვნელობის გაცნობიერება, ჩვენს საკუთარ თავთან და კულტურასთან დაგვაახლოებს და თუ ფსევდო-პატრიოტული სენტიმენტების მიღმა დავინახავთ რეალობას, მაშინ ჩვენი თავიც და ჩვენს გარშემო კულტურული რეალობაც უფრო მრავალხმიანი, მრავალფეროვანი და საინტერესო აღმოჩნდება.
ინსტრუქცია