[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

მარნეულში წყალმომარაგების სამუშაოებზე დასაქმებულების შრომითი უფლებების დასაცავად სასამართლოს მივმართავთ

2021 წლის 25 ნოემბერს ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო მარნეულში წყალმომარაგების და წყალანირების სისტემის მოწყობის სამუშაოებზე დასაქმებული რამდენიმე პირის სარჩელი, რომელიც ეფუძნება მშრომელების სამართლიან მოთხოვნას კუთვნილი ანაზღაურების მიღების შესახებ. მოსარჩელეები ითხოვენ უცხოურ საწარმოს, ღია სააქციო საზოგადოება აკელიკ გრუპს და ღია სააქციო საზოგადოება აკელიკ გრუპის ფილიალს დასაქმებულთა სასარგებლოდ დაეკისროს კუთვნილი შრომის ანაზღაურება.

აღსანიშნავია, რომ წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის სამუშაოები, რომელსაც აკელილ გრუპის ქართული ფილიალი ასრულებს, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის მიერ არის დაფინანსებული. ადგილობრივ მედიასთან ამ საკითხზე საუბრისას სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომპანიისთვის უკვე გადარიცხულია პროექტით განსაზღვრული თანხები, თუმცა კომპანია მაინც არ უხდის დასაქმებულებს შრომის ანაზღაურებას.

ნიშანდობლივია, რომ 400-მდე მშრომელი ადამიანი, მათ შორის მოსარჩელეებიც, მძიმე ფინანსური მდგომარეობით, სხვადასხვა ვალდებულებით, ყოველდღიური საჭიროებებით, მრავალსულიანი ოჯახებით, მცირეწლოვანი შვილებით უკვე 8 თვეზე მეტია დამსაქმებლის უსამართლო და უკანონო ქმედებების მსხვერპლია. მათი დიდი ნაწილი ხანდაზმულია და ალტერნატიული სამუშაოს პოვნის შანსი თითქმის არ აქვთ. კომპანია მუდმივად მანიპულირებს ამ ადამიანების მძიმე ფინანსური მდგომარეობით და ბოროტად სარგებლობს მათი მოთმინებით, ცდილობს უარი ათქმევინოს საკუთარი უფლებების ლეგალური დაცვის გზებზე.

სასამართლო დავის წამოწყებამდე მშრომელები სხვადასხვა კანონიერი გზით ცდილობდნენ კუთვნილი ხელფასების მიღებას, მუდმივად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს უშუალოდ კომპანიის წარმომადგენლებთან, პრობლემის მოგვარებას შეეცადნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ჩართულობითაც, მათ რამდენიმე აქციაც გამართეს კუთვნილი ხელფასების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელის 25 მაისს სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადების საფუძველზე სსიპ საქართველოს შრომის ინსპექციამ დაიწყო ღია სააქციო საზოგადოება აკელიკ გრუპის ფილიალს ინსპექტირება. ინსპექტირების ფარგლებში დადგინდა შრომითი კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა, რაც გამოხატა შრომითი ხელშეკრულებების ფორმის, შინაარსის შრომის კოდექსთან შეუსაბამობაში, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების, სამუშაო დროის აღრიცხვასთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებულ დარღვევებში. 2021 წლის 25 აგვისტოს ინსპექციის გადაწყვეტილებით კომპანიას დაეკისრა ჯარიმა და მიეცა შესაბამისი მითითებები დარღვევების აღმოსაფხვრელად. ნიშანდობლივია, რომ კომპანიამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იგი არ ზრუნავს მშრომელების უფლებების დაცვაზე, მისი ინტერესი არის არა პრობლემების დროული მოგვარება, არამედ პროცესების გაჭიანურების გზით ვითარების დამძიმება. როგორც საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციაზე დაყრდნობით ირკვევა, საქმიანობის მსგავსი სტილი და დასაქმებულთა უფლებების დარღვევის მანკიერი პრაქტიკა კომპანიისთვის დამახასიათებელია. კომპანიის მიერ დაზარებულ პირთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ. კომპანიას გააჩნია საკმაოდ მასშტაბური ფინანსური ვალდებულებები როგორც კერძო პირების, ასევე სახელმწიფოს მიმართ. მხოლოდ საქართველოში აკელიკ გრუპის ფილიალის მიმართ დაწყებულია და დღემდე მიმდინარეობს რამდენიმე სააღსრულებო წარმოება, იგი მოვალეთა რეესტრშიც აღირიცხება. ამ ვითარებაში არსებითად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ სათანადო მხარდაჭერა გამოუცხადოს კომპანიის მიერ დაზარალებულ ასობით მოქალაქეს, რომელიც მძიმე შრომითი პირობების ფარგლებში შესრულებული სამუშაოსთვის კუთვნილ ანაზღაურებასაც კი ვერ იღებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მხარს უჭერს მშრომელების სამართლიან მოთხოვნებს და მათ ინტერესებს სასამართლოში დაიცავს. ვიმედოვნებთ, შრომითი უფლებების უხეში დარღვევის ფაქტზე სასამართლო მოახდენს დროულ და ეფექტიან რეაგირებას და სრულად დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს.

განცხადება აზერბაიჯანულ ენაზე იხ. მიმაგრებულ ფაილში.

თარგმანი_AZ_1639418486.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“