[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

მარნეულში ასეულობით მშრომელის შრომითი უფლებები უხეშად ირღვევა

ფოტო: Radio Marneuli

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) მხარს უჭერს მარნეულში წყალმომარაგების და წყალანირების სისტემის მოწყობის სამუშაოებზე დასაქმებული 400-მდე მშრომელის სამართლიან მოთხოვნას კუთვნილი ანაზღაურების მიღების შესახებ და შრომის ინსპექციას შრომითი უფლებების უხეში დარღვევის ამ ფაქტებზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

უკვე 4 თვეზე მეტია, რაც ღია სააქციო საზოგადოება აკელიკ გრუპის ფილიალის მიერ წარმოებულ სამუშაოებზე დასაქმებული მუშები უშედეგოდ ითხოვენ დამსაქმებლისგან კუთვნილ ანაზღაურებას. ასეულობით დასაქმებულმა მარნეულში რამდენიმე აქციაც გამართა კუთვნილი ხელფასების ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა დაპირებების მიუხედავად, კომპანია არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.

აღსანიშნავია, რომ წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის სამუშაოები, რომელსაც აკელილ გრუპის ქართული ფილიალი ასრულებს, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის მიერ არის დაფინანსებული. ადგილობრივ მედიასთან ამ საკითხზე საუბრისას სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომპანიისთვის უკვე გადარიცხულია პროექტით განსაზღვრული თანხები, თუმცა კომპანია მაინც არ უხდის დასაქმებულებს შრომის ანაზღაურებას. ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის გარდაბანისა და მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის ზაურ დარგალის მედიაცია ამ პროცესში უშედეგო აღმოჩნდა და მიუხედავად მისი დაპირებისა, რამაზანის თვის დასაწყისამდე მუშებმა ვერ მიიღეს კუთვნილი ანაზღაურება.

ცხადია, რომ კუთვნილი ხელფასის დაყოვნება მშრომელებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობაზე მძიმედ აისახება. მშრომელები აცხადებენ, რომ მათი ოჯახები შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები, რაც მათ ისედაც მძიმე სოციალურ ყოფას კიდევ უფრო ართულებს.

შრომის ანაზღაურების მიღება ბაზისური შრომითი უფლებაა და რამდენიმე თვიანი დავალიანება შრომით ექსპლუატაციას უტოლდება. შრომის კოდექსის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ამ პირობებში მნიშვნელოვანია კომპანიამ ძირითადი ანაზღაურების გარდა უზრუნველყოს მშრომელებისთვის დაყოვნებული თანხების გადახდაც.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:

შრომის ინსპექციას - შრომის ინსპექციის შესახებ კანონის მე-5 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეისწავლოს ღია სააქციო საზოგადოება აკელიკ გრუპის ფილიალის მიერ შრომითი ნორმების დარღვევის საკითხი და კომპანიაში უზრუნველყოს ინსპექტირების ჩატარება;

ღია სააქციო საზოგადოება აკელიკ გრუპის ფილიალს - დაუყოვნებლივ შეასრულოს შრომის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მუშებს აუნაზღაუროს გაწეული შრომისთვის ხელფასები.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) სოლიდარულია ყველა მშრომელის სამართლიანი ბრძოლის მიმართ და გამოთქვამს მზადყოფნას სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს აკელიკ ჯგუფის მიერ დაზარალებულ დასაქმებულებს.

მიმდინარე დღეებში სოციალური სამართლიანობის ცენტრი გეგმავს საკითხის ნიუანსირებულ შესწავლას და საკითხის მოკვლევის შემდეგ მშრომელების მხარდაჭერისთვის საჭირო სხვა სამართლებრივ ზომებსაც მიიღებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“