[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებული სასტიკი სპეცოპერაციიდან 5 წელი გავიდა

პანკისის ხეობაში, მაჩალიკაშვილების სახლში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციიდან 2022 წლის 26 დეკემბერს 5 წელი გავიდა, თუმცა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვა. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე განაცხადს ამ დროისათვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს. თემირლანის ოჯახი ადამიანის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლის (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე დავობს.

სახელმწიფომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე რეალურად, უარი თქვა ობიექტურ გამოძიებაზე და გამოძიების დაწყებიდან სამი წლის შემდგომ, 2020 წლის 25 იანვარს თბილისის პროკურატურამ დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით გამოძიება მოულოდნელად შეწყვიტა და თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე საელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარი თქვა. უნდა აღინიშნოს, რომ მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის გამოძიების საწყის ეტაპზევე ჩანდა, რომ გამოძიების პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკანონო ინტერვენციის და მტკიცებულებების მოპოვების და შენახვის წესების არსებითი დარღვევის, ასევე მაჩალიკაშვილების ოჯახის დეჰუმანიზებისა და მომხდარი დანაშაულის არ აღიარების გამო, გამოძიებას ფორმალური და ილუზორული შინაარსი ექნებოდა. გამოძიების პროცესს რეალურად არც კი უცდია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმ თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის შესწავლა, რომლებმაც 26 დეკემბრის სპეოპერაცია სიცოხლის უფლებით გარანტირებული მაღალი სტანდარტების უგულებელყოფით დაგეგმეს. გამოძიების ეტაპზე სოციალური სამართლიანობის ცენტრი უთითებდა არაერთ სამართლებრივ დარღვევაზე, მათ შორის

  • ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მაჩალიკაშვილი გასროლის მომენტში ჰორიზონტალურ, მწოლიარე მდგომარეობაში იყო და ამდენად, ხელყუმბარის გამოყენების შესაძლებლობა, რაზეც სუს აპელირებს, მას ვერ ექნებოდა;
  • საგამოძიებო მოქმედებებით დადგენილია, რომ მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახი, საცხოვრებელი სახლი რამდენიმე საათის განმავლობაში სუს-ის თანამშრომლობის სრული კონტროლის ქვეშ იყო და ოჯახის წევრებს სპეცრაზმელთა მოქმედებების კონტროლის შესაძლებლობა არ ეძლეოდათ, რაც ხელყუმბარის „ჩადების“ შესახებ მაჩალიკაშვილების ოჯახის ვერსიას აძლიერებს;
  • საპროცესო მოქმედებებით დადგენილია, რომ სუს-მა საგამოძიებო ორგანოსგან დამოუკიდებლად, ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევით თავად ამოიღო ხელყუმბარა და მოგვიანებით გაანადგურა, რითაც შემდგომში საჭირო საექსპერტო კვლევების ჩატარება შეუძლებელი გახადა;
  • საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებით დადგენილია, რომ სუს-ის თანამშრომლებმა იარაღზე, რომლითაც გასროლა მოხდა, თვითნებურად შეცვალეს კონკრეტული ნაწილი და ცალკეული გარემოებები, მათ შორის სროლის მანძილის განსაზღვრა მნიშვნელოვნად გართულდა;
  • დადგენილია, რომ ლ. სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ექსპერტიზისთვის თითქოსდა თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახიდან ამოღებული ხელყუმბარა მთლიანობა დარღვეული პაკეტით გადაეცათ, ხოლო პაკეტზე, თარიღად მითითებული იყო 2018 წლის 21 ნოემბერი, რომელიც ბერი გაბრიელ სალოსზე ჩატარებული სპეცოპერაციის თარიღია;
  • სუს-ის ყოფილი და ამჟამინდელი მაღალჩინოსნების გამოკითხვის ოქმებით დადასტურებულია, რომ სპეცოპერაციის დაგეგმვა პასუხისმგებელი თანამდებობის პირების მხრიდან ზეპირი კონსულტაციების საფუძველზე დაიგეგმა, მას წინ არ უსწრებდა რისკების რეალური შეფასება და საჭირო ინსტრუქციების წერილობითი გაცემა ოფიცრებისთვის;
  • საგამოძიებო მოქმედებებით და სასამართლო-სამედიცინო კომისიური ექსპერტიზით დადგენილია, რომ მაჩალიკაშვილის სახლში სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაახლოებით 20 წუთის შემდგომ გამოიძახეს და ამის შემდგომ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. ამასთან ერთად, თ. მაჩალიკაშვილისთვის თავის არეში მიყენებული ჭრილობა ქირურგიულად იმგვარად იქნა დამუშავებული, რომ კვალი წაიშალა და შეუძლებელი გახდა სროლის მანძილის განსაზღვრა;
  • სროლის განმახორციელებელი და ადგილზე მყოფი სპეცრაზმელები მომხდარიდან დაახლოებით 1 თვის შემდგომ გამოკითხეს, თუმცა ამ პირობებშიც კი მათ ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობებია. გარდა ამისა, გამოძიებას სროლის განმახორციელებელი პირისთვის არ დაუსვამს კრიტიკული მნიშვნელობის შეკითხვები.

გამოძიება შეწყდა თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზეც. მიუხედავად იმისა, რომ 3 წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცდილობდა თემირლან მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩენას და სამართლებრივი პროცედურების მიღმა, ისე რომ მაჩალიკაშვილების ოჯახს ამ ინფორმაციაზე დაშვებაც კი არ ჰქონდა, პერიოდულად სხვადასხვა მედიასაშუალებით ავრცელებდა ინფორმაციას მაჩალიკაშვილის ჩატაევთან და ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში მყოფ სხვა პირებთან კავშირის შესახებ და მიუთითებდა მისი მხრიდან ტერორიზმის ხელშეწყობის ჩადენაზე, გამოძიების შეწყვეტის შემდგომ სუს-ის მიერ ჩვენთვის გაზიარებული საქმის მასალებით დადასტურდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ აქვს ერთი მტკიცებულებაც კი რომელიც დაადასტურებდა თემირლან მაჩალიკაშვილის აჰმედ ჩატაევთან კავშირს და ტერორიზმის მხარდაჭერის ფაქტის განხორციელებას. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გამოძიების მიმდინარეობისას სუს-ი აქტიურად მიუთითებდა თ. მაჩალიკაშვილის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ფულის ა. ჩატაევთან კავშირზე, თუმცა გამოძიების ფარგლებში არც ეს გარემოება დადასტურდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამოღებული ფული თ. მაჩალიკაშვილის ოჯახს უკან დაუბრუნა. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშეც შეეცადა საქმის გარემოებების დამახინჯებას და თემირლან მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩენას. თუმცა ევროსასამართლოსთვის თავად სახელმწიფოს მიერ გაზიარებული საქმის მასალები საპიროსპიროს ადასტურებს. კერძოდ, მოსაზრებებში მთავრობამ წარმოადგინა 2017 წლის 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული კონტრ-ტერორისტული ოპერაციის ფაქტობრივი გარემოებების ვრცელი აღწერა და შეეცადა აჰმედ ჩატაევსა და მისი ტერორისტული დაჯგუფების წევრებთან თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირების ხაზგასმას. მაგალითად, სახელმწიფომ მიუთითა თ.მაჩალიკაშვილის სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშზე და მის შესაძლო გამოყენებაზე ტერორისტული დაჯგუფების მიერ, თუმცა იქვე წარადგინა საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ თ. მაჩალიკაშვილის საბანკო ანგარიშზე თანხები არ ირიცხებოდა. გარდა ამისა, სახელწმიფომ ვერ ახსნა 03:30-დან - 04:00-მდე შუალედში გასროლის განხორციელებიდან 07:00 საათზე ჩხრეკის ჩატარების დაწყებამდე თემირლანის საძინებლის მთლიანად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლის ქვეშ დატოვების მიზეზი, მაშინ, როდესაც ამ პერიოდში მაჩალიკაშვილების ოჯახი სახლის პირველ სართულზე იყო დაკავებული. სახელმწიფომ ხელყუმბარის შემცველი პაკეტის დანომვრასა და დათარიღებასთან დაკავშირებული უზუსტობები ტექნიკური შეცდომებით ახსნა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი ჩვენებები ეჭქვეშ აყენებს ამ ვერსიას.

უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის 26 დეკემბრის შემდგომ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ საჯარო განცხადებებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სათანადო დათქმის გარეშე, მტკიცებით ფორმაში უთითებდა თემირლან მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივ კავშირებზე და წარმოადგინა ფრაგმენტული ვიდეო და ფოტო მასალა, რომელიც მასში წარმოდგენილი ინფორმაციის არასწორ ინტერპრეტაციას იძლეოდა და მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს არ განმარტავდა. აღსანიშნავია, რომ იგივე შინაარსის და პრობლემატიკის განცხადებები შემდგომში სხვა საჯარო პირებმაც, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთეს, რაც მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოაჩენდა და არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას. შესაბამისად, თ. მაჩალიკაშვილის ოჯახმა საერთო სასამართლოების მიმართა. სამწუხაროდ, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს მაჩალიკაშვილების მოთხოვნა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არ დაადგინეს. სასამართლოებ,ა შეფასების გარეშე დატოვეს ინფორმაციის გასაჯაროების შედეგად, გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ჩამოყალიბებული დამნაშავის სტიგმის გაჩენის ფაქტი და აქცენტი გადაიტანეს იმ ფაქტზე რომ ბრიფინგის მსვლელობისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი იყენებდა ტერმინს ,,გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია“. სასამართლოების აღნიშნული მიდგომა კი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამარლოს პრაქტიკას, რომელიც იმპერატიულად მიუთითებს სასამართლოსა თუ სისხლის სამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს ვალდებულებაზე დაიცვას პირის უდანაშაულობის პრეზუმფცია. რაც გულისხმობს ორგანოთა ვალდებულებას, არ გამოიყენონ დანაშაულის აღმნიშვნელი სიტყვები და არც სხვა სიტყვებით გამოხატონ წინასწარი აზრი პირის ბრალეულობასთან დაკავშრებით, ვიდრე არ დამტკიცდება პირის დამნაშავეობა კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით.

მიუხედავად იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ამ ეტაპზე არც სამართლებრივ და არც პოლიტიკურ დონეზე არც ერთი ოფიცრისა და ჩინოვნიკის პასუხისმგებლობა არ დამდრაგრა, სოციალური სამართლიანობის ცენტრი იმედოვნებს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით შესაძლებელი გახდება მაჩალიკაშვილების ოჯახის უფლებების რეალური აღდგენა და ამ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევა.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე პანკისის ხეობაში მეტწილად, უსაფრთხოებაზე და კონტროლზე დაფუძნებულ პრობლემურ პოლიტიკას ავლენს, რომელიც ძალიან ხშირად რეპრესიული და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებში ვლინდება. მაჩალიკაშვილების უკომპრომისო ბრძოლამ სამართლიანი მართლმსაჯულებისთვის ხელი შეუწყო ამ სისტემური პრობლემის გამოვლენას და მასზე სოციალური და პოლიტიკური ყურადღების გაზრდას, რამაც ჩვენი რწმენით, ამ რეგიონის და აქ სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ გაბატონებული წარმოდგენები შეცვალა ჩვენს საზოგადოებაში. მაჩალიკაშვილების ოჯახში მომხდარი სპეცოპარაცია და მას შემდეგ სახელმწიფოს რეაგირება მომხდარ დანაშაულეზე ადგილობრივ თემში უნდობლობლისა და დაუცველობის გარემოს ქმნის, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან, ამ რეგიონის დანახვისა და მისი პოლიტიკის შემობრუნების მიზეზი უნდა გამხდარიყო, თუმცა ბოლო წლებში ამ რეგიონში პოლიტიკის ძირეული შემობრუნება, რომელიც დემოკრატიული მონაწილეობის, უფლებების დაცვისა და სოციალური კეთილდღეობის მხარდაჭერას დაუკავშირდებოდა, არ მომხდარა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“