საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
შესავალი
2024 წლის 29 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „წარმოებს პროპაგანდა იმის შესახებ, რომ ბავშვმა თავად უნდა აირჩიოს საკუთარი სქესი [...] საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამ პროპაგანდას აქტიურად უნდა დავუპირისპირდეთ [...] მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.[1]
არადა, თავად მდინარაძე წინა წელს გვარწმუნებდა, რომ „ქართულ ოცნებაში არ განიხილება ასეთი კანონპროექტის [„ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ“] მიღება - ასე, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე - არ განიხილება და ამას აქვს თავისი არგუმენტები. მათ შორის მთავარია, სამართლებრივი მოსაზრებების გამო არ განიხილება“.[2]
მართლაც, მალევე საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კონსტიტუციური კანონის „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ პროექტები.
მათთვის, ვინც თვალს ადევნებს უნგრეთის სამთავრობო პარტიის, „Fidesz“-ის ქრისტიანულ-კონსერვატულ დღის წესრიგს, „ქართული ოცნების“ ნარატივი და შემოთავაზებული სამართლებრივი მოწესრიგება, არათუ მოულოდნელი, არამედ წინასწარ განჭვრეტადიც კი იყო. საქართველოს ხელისუფლება, ხშირად, თუმცა რამდენიმე წლის დაგვიანებით, იმეორებს უნგრეთის მიერ ლიბერალური ღირებულებების წარმატებით დასუსტების გზას. გამონაკლისი არც სექსუალური უმცირესობების ჯერ უგულებელყოფის გზით, ხოლო შემდგომ, აქტიურად (თუმცა, კვლავ ირიბად) შევიწროების გადაწყვეტა აღმოჩნდა. ირაციონალური შიშების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია და ელექტორატში მხარდაჭერის გაღრმავება უნგრეთის მმართველმა პარტიამ საქართველოს პარლამენტში რეგისტრირებული კანონპროექტების მსგავსი შინაარსის მიღებით 2021 წელს სცადა.
ამ დოკუმენტის მიზანია, უნგრეთის გამოცდილების აღწერის საშუალებით, მკითხველმა შეძლოს, ამ რეალობის „ქართული ოცნების“ ინიცირებულ ცვლილებებთან მსგავსების დანახვა, და ასევე, იმის წარმოდგენა, თუ რა გავლენას იქონიებს ეს ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების მიზანზე.
უნგრეთის მიერ კანონის მიღებამდე LGBTQ+ თემისთვის გამოცხადებული სამართლებრივი ომი: მოვლენები 2021 წლამდე
2010 წელს, უნგრეთის პარლამენტმა კონსტიტუციური შესწორებით ქორწინება განსაზღვრა ქალისა და მამაკაცის ერთობად, ხოლო 2013 წელს, მორიგი შესწორებით, ოჯახი (და მისი ავტონომიური განმარტება) დაუკავშირა ქორწინების ფაქტს.[3]
2018 წელს უნგრეთის მასშტაბით აბსოლუტურად ყველა უნივერსიტეტს ჩამოერთვა უფლება, ასწავლოს გენდერის კვლევა (gender studies).
2020 წელს აიკრძალა ჯერ გენდერის სამართლებრივი აღიარება, ხოლო შემდგომ ერთნაირი სქესის მქონე პირთა მიერ ბავშვის შვილება. დაზუსტდა ჩანაწერი კონსტიტუციაშიც - „დედა არის ქალი, ხოლო მამა - კაცი“.[4] კონსტიტუციაშივე განისაზღვრა, რომ „უნგრეთმა უნდა დაიცვას ბავშვთა უფლება, დაბადებითი სქესის შესაბამის თვითიდენტობაზე და უზრუნველყოს მათი აღზრდა [...] ქვეყნის კონსტიტუციურ იდენტობასა და ქრისტიანულ კულტურაზე დაფუძნებული ღირებულებების შესაბამისად“.[5]
LGBTQ+ თემი: საქართველოს „მეორე რანგის“ მოქალაქეები - მოვლენები ცვლილებების ინიცირებამდე
მმართველი პარტია მრავალი წელია ძერწავს იმ „ქართველის“ სახეხატს, რომელიც „ჭეშმარიტი ხალხის“ საზიარო იდენტობის მტერია. „ჭეშმარიტი ქართველის“ მტრებს შორის მოწინავე ადგილს სექსუალური უმცირესობები იკავებენ - მათი ‘ცხოვრების წესი’ ავტომატურად ანტიეკლესიურია, მეინსტრიმული ქართველისთვის კი ქართველობა მართლმადიდებლობად მოიაზრება.
2013 წელს აშკარა გახდა, რომ „ქართული ოცნება“ LGBTQ+ უფლებებს მეორეხარისხოვანი მოქალაქეების უფლებებად აღიქვამდა. მან არა მხოლოდ შეიწყნარა 17 მაისის მასობრივი ძალადობა, არამედ მხარი დაუჭირა და წაახალისა უმცირესობისთვის მნიშვნელოვანი თარიღის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ „გატაცებას“ (და „ოჯახის სიწმინდის დღის“ გამოგონებას).
2017 წელს, უნგრეთის მსგავსად, საქართველოს პარლამენტმაც საკონსტიტუციო ცვლილების გზით შეცვალა ქორწინების დეფინიცია - თუკი აქამდე კონსტიტუცია უბრალოდ ადგენდა, რომ „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“[6], ახლა ვკითხულობთ, რომ ამასთანავე, ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით.[7] აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106 მუხლის თანახმად, ქორწინება ისედაც ქალისა და მამაკაცის კავშირად იყო განსაზღვრული. რეალურად, ერთნაირი სქესის მქონე პირთა ქორწინება ისედაც აკრძალული იყო კანონით. აკრძალვისთვის კონსტიტუციური სტატუსის მინიჭება კიდევ ერთხელ მიუთითებს მმართველი პარტიის მიერ საკითხით მანიპულირებაზე.
ხელისუფლებამ არა მხოლოდ არ დაიცვა 2021 წელს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული „ღირსების მარშის“ მონაწილეთა უსაფრთხოება, არამედ, დაუსჯელი დატოვა ათეულობით ადამიანზე თავდასხმა. მეტიც, ხელისუფლების საჯარო განცხადებებში იკითხებოდა განწყობა, რომლის მიხედვითაც, „პრაიდის“ ორგანიზატორები პროვოკატორები იყვნენ.
„LGBTQ+ პროპაგანდასთან“ ბრძოლა: „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებები
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცვლილება უნდა შევიდეს საქართველოს კონსტიტუციაში - კერძოდ, ქორწინების შესახებ მუხლს დაემატოს ერთი პუნქტი, რომელიც, უნგრეთის კონსტიტუციის მსგავსად, ქორწინების უფლების დამდგენი მუხლის ფარგლებში საგანგებოდ წარმოაჩენს ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის მნიშვნელობას.[8] მეორე მხრივ, მმართველი პარტია გეგმავს, მიიღოს კონსტიტუციური კანონი, რომლითაც შეეწინააღმდეგება LGBTQ+ „[...] ურთიერთობების ამსახველი საკითხების საბავშვო ბაღებსა და სკოლებში არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფით სწავლებასა და პოპულარიზაციას“.[9]
კონსტიტუციური კანონის პროექტი ბავშვის უფლებათა ენით, inter alia, აკრძალავს:
ზემოთ ჩამოთვლილი 1-3 პუნქტებით „ქართული ოცნება“ იმეორებს ვიქტორ ორბანის „Fidesz“-ის მიერ 2021 წლამდე წარმოებული სამართლებრივი ომის ტექნიკებს, ხოლო მე-4 პუნქტი მსგავსია (და, კიდევ უფრო მძიმეა) 2021 წელს უნგრეთში მიღებული კანონის სულისკვეთებისა.
ქვემოთ განვიხილავთ უნგრეთის განვლილ გზას და ამ სამართლებრივ მოწესრიგებაზე ევროპის კავშირის ორგანოების რეაგირებას. ამ გზით, მკითხველისთვის შესაძლებელი ხდება, წარმოიდგინოს რეალობა, რომელთან გამკლავებაც „ქართული ოცნების“ მიერ კანონის მიღების შემთხვევაში მოგვიწევს.
უნგრული კანონი
2021 წლის 15 ივნისს უნგრეთის პარლამენტმა ოპოზიციური პარტიების ბოიკოტისა და ევროპის კავშირის ორგანოების მწვავე კრიტიკის ფონზე დაამტკიცა „პედოფილი დამნაშავეების მიმართ უფრო მკაცრი ზომების მიღებასა და ბავშვთა დაცვის შესახებ ზოგიერთ აქტში ცვლილებათა შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.[14] სხვადასხვა ხუთი კანონის ფარგლებში აიკრძალა 18 წლამდე ასაკის პირთათვის დაშვება იმგვარ შინაარსზე [მაგ.: ფილმი, წიგნი, გამოფენა თუ სხვ.], რომელიც „აჩვენებს“ და „პროპაგანდირებს“ [depicts or propagates] სქესის შეცვლას, ჰომოსექსუალობას ან გადახრას[15] დაბადების სქესთან შესაბამისი თვითიდენტობისაგან.
ხუთივე კანონს ჰყავს თავისი სამიზნე ჯგუფი, რომელზეც ვრცელდება საკანონმდებლო აკრძალვა, თუმცა, ჯამურად, აღნიშნული მოწესრიგება, ფაქტობრივად, მიემართება აბსოლუტურად ყველა ადამიანს, საჯარო თუ კერძო ორგანოს უნგრეთში.[16]
ევროპარლამენტის ამავე წლის 8 ივლისის რეზოლუციის მიუხედავად (რომელსაც ქვემოთ შევეხებით), უნგრეთის მთავრობამ აგვისტოში საკანონმდებლო შეზღუდვების აღსრულების დამატებითი წესები დაამტკიცა. კერძოდ, მთავრობის დადგენილებით დაუშვებელია „ამგვარი პროდუქტების“ [სქესის შეცვლის, ჰომოსექსუალობის ან დაბადების სქესთან შესაბამისი თვითიდენტობისაგან გადახრის ამსახველი შინაარსის] რეალიზაცია სკოლებიდან, საბავშვო თუ ახალგაზრდული დაწესებულებებიდან და ეკლესიებიდან 200 მეტრამდე რადიუსში.[17] ამასთანავე, იკრძალება პროდუქციის გამოფენა დაწესებულების გარე დახლებზე - ისინი უნდა განთავსდეს სპეციალური, სხვა პროდუქციისგან განმასხვავებელი შეფუთვით.
გარდა ამისა, საჯარო განათლების კანონის ფარგლებში, განათლების მინისტრს დაევალა, შექმნას ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება იმ ექსპერტთა და ორგანიზაციათა რეესტრის წარმოებაზე, რომლებიც უფლებამოსილნი იქნებიან საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაატარონ სექსუალური განათლების გაკვეთილები.[18] უნგრეთში LGBTQ+ უფლებათა საკითხებზე მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძველი ორგანიზაციის, Háttér Society-ს ინფორმაციით, 2023 წლის მონაცემებით, ამგვარი რეესტრი ჯერ კიდევ არ არსებობს და შედეგად, არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენელი არ არის უფლებამოსილი, ჩაატაროს ამგვარი ტიპის საგანმანათლებლო გაკვეთილები.[19]
ევროპარლამენტისა და ევროკომისიის შეფასებები
ევროპარლამენტმა 2021 წლის 8 ივლისს მიღებული რეზოლუციით „უმკაცრესად [დაგმო] უნგრეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის ღირებულებების, პრინციპებისა და კანონების აშკარა დარღვევას“.[20]
ევროპარლამენტის შეფასებით, მოწესრიგება 2013 წელს რუსეთში მიღებული კანონის მსგავსია და მასში გამოყენებული ცნებები („ჩვენება“ და „პროპაგანდირება“) შეგნებულადაა ბუნდოვანი.[21] ევროპარლამენტს მიაჩნია, რომ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის იმგვარ თემასთან ერთად მოქცევა, როგორიცაა პედოფილია ან ბავშვთა უფლებებზე თავდასხმა, მთავრობის მიერ დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარების მიზნით ადამიანის უფლებათა ენის ინსტრუმენტალიზაციის აშკარა მცდელობაა.[22]
რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ეს „[...] კანონი არის არა იზოლირებული შემთხვევა, არამედ უნგრეთში ფუნდამენტური უფლებების ეტაპობრივი რღვევის კიდევ ერთი განზრახული და მიზანმიმართული მაგალითი“.[23] გარდა ამისა, ევროპარლამენტმა ანტი-LGBTIQ+ და დეზინფორმაციულ კამპანიებზე, რომლებიც პოლიტიკური ცენზურის იარაღად იქცა, უშუალო პასუხისმგებლობა უნგრეთის მთავრობას დააკისრა.[24]
საბოლოოდ, რეზოლუციით, ევროპარლამენტმა ევროკომისიას მოუწოდა, უნგრეთის წინააღმდეგ წამოეწყო შესაბამისი სამართალწარმოება. მართლაც, 2021 წლის 15 ივლისს ევროკომისიამ „დარღვევის პროცედურა“ აამოქმედა. გაუთვითცნობიერებელი მკითხველისთვის, „დარღვევის პროცედურა“ ერთგვარი მექანიზმია, რომლის მეშვეობითაც ევროკომისია წინ აღუდგება ევროკავშირის სამართლის დარღვევის შემთხვევებს.[25]
საპასუხოდ, ორბანმა განაცხადა, რომ სასკოლო პოლიტიკა უნგრეთის საქმეა და არა „ბრიუსელში მჯდარი ბიუროკრატების“.[26]
რეფერენდუმის დაანონსება
ევროკომისიის „დარღვევის პროცედურას“ ორბანმა რეფერენდუმის დაანონსებით უპასუხა. კერძოდ, მისი განცხადებით, „უნგრეთის კანონები არ დაუშვებს საბავშვო ბაღებში, სკოლაში, ტელევიზიასა და რეკლამებში სექსუალურ პროპაგანდას“[27] და, რომ ამგვარი საერთაშორისო ზეწოლის პირობებში „უნგრეთი მხოლოდ ხალხის გაერთიანებულმა ნებამ თუ შეიძლება გადაარჩინოს“.[28]
ვენეციის კომისიის დასკვნა
უნგრული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობის შესახებ თავისი დასკვნა 2021 წლის 13 დეკემბერს ვენეციის კომისიამაც წარმოადგინა.[29]
დასკვნაში აღნიშნულია, რომ ორბანის მთავრობის გაცხადებულ მიზანს (დამატებით მოაწესრიგოს რეგულაცია ბავშვების ფიზიკური, მენტალური და მორალური განვითარების დასაცავად) არანაირი კავშირი არ აქვს საკანონმდებლო ცვლილებებთან და მეტიც, წარმოქმნის ამ მიზნის საპირისპირო ეფექტებს.[30] კომისიამ 2013 წლის შეფასების (რომელიც აფასებდა იმავე შინაარსის კანონს რუსეთში) დასკვნა გაავრცელა უნგრეთზეც, რომ „[...] ამ ღონისძიებათა მიზანი არა იმდენად ოჯახისა და სექსუალობის მიმართ ტრადიციული ღირებულებებისა და დამოკიდებულების გაძლიერება და ხელშეწყობა, არამედ არატრადიციული [ღირებულებებისა და დამოკიდებულების] შეზღუდვაა მათი გამოხატვისა და მხარდაჭერის დასჯით“.[31]
კომისიის აზრით, მეტყველია ცვლილებათა პაკეტის დასახელებაც კი („პედოფილი დამნაშავეების მიმართ უფრო მკაცრი ზომების მიღებასა და ბავშვთა დაცვის შესახებ ზოგიერთ აქტში ცვლილებათა შეტანის შესახებ“). ასოციაციის გზით ის მიანიშნებს, რომ სექსუალური ორიენტაცია და გენდერი რაღაცით ეხება და უკავშირდება ბავშვთა უფლებების დარღვევას.[32] ცვლილებებში იკითხება, რომ „ჰომოსექსუალობა“ და განსხვავებული იდენტობა რყვნის ახალგაზრდობას და ძირს უთხრის საზოგადოებას.[33]
კონსტიტუციური სამართლის კომისიის წევრ ექსპერტთა შეფასებით, კანონში გამოყენებული ტერმინები „ჩვენება“ და „პროპაგანდირება“ განმარტებული არ არის არც კანონის და არც რაიმე კანონქვემდებარე აქტის დონეზე,[34] რაც მათ აფართოებს და აბუნდოვანებს - გაუგებარია, დაფარავს თუ არა ეს ტერმინები მათ შორის „[...] საზოგადოების ნაწილში გეი და ლესბოსელი, ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ არსებული ჰომოფობიური განწყობების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ მიუკერძოებელი და ფაქტობრივი ინფორმაციის გავრცელებით [...]“.[35]
კომისიის შეფასებით, საჯარო განათლების შესახებ კანონის ახლად დამატებული ერთ-ერთი პუნქტი[36] არათუ არ იცავს ბავშვებს, არამედ, 18 წლამდე ინდივიდებს ართმევს შესაძლებლობას, წვდომა ჰქონდეთ ადეკვატურ სექსუალურ განათლებასა და ობიექტურ ინფორმაციაზე.[37]
დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ოჯახის დაცვის შესახებ კანონი ქმნის რეალობას, რომელშიც მშობლები, შესაძლოა, კანონდამრღვევებად მოგვევლინონ, თუკი გადაწყვეტენ, რომ 18 წლამდე ასაკის შვილებს შეუძინონ წიგნი ან ნებას დართავენ მათ ნახონ ფილმი, სადაც LGBTQ+ პერსონაჟებიც არიან. მეტიც, „ფაქტობრივად, [...] მშობლებს აღარ ექნებათ საშუალება ასწავლონ შვილებს გეი, ლესბოსელი ან ტრანსგენდერი ადამიანების მიმღებლობა, ან თუნდაც შვილებს საკუთარი სექსუალობის მიღებაში დაეხმარონ“.[38]
რეფერენდუმი და მისი შედეგები
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების გატარების შედეგად, რეფერენდუმი და საპარლამენტო არჩევნები 2022 წლის 3 აპრილს თანადროულად ჩატარდა. რეფერენდუმის დაანონსების შემდეგ უნგრეთის უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა წამოიწყეს ფართომასშტაბიანი კამპანია რეფერენდუმის დასამარცხებლად - ისინი მოსახლეობას მოუწოდებდნენ, თავიანთი ბიულეტენები სათვალავში მისაღებად გამოუსადეგრად ექციათ.[39] კერძოდ, იმისთვის, რათა რეფერენდუმი ბათილად არ ჩაითვალოს, აუცილებელია გადაილახოს ბარიერი - ბიულეტენთა 50% მაინც უნდა იყოს ვალიდური. არჩევნებზე გამოცხადებული 3.5 მილიონი ამომრჩევლიდან 1.6 მილიონის ბიულეტენი ბათილი აღმოჩნდა. რეფერენდუმი ჩავარდა, თუმცა, ამის მიუხედავად, კანონი დღემდე ძალაში რჩება.
ევროკომისიის მიერ ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსთვის (CJEU) მიმართვა
2021 წლის 15 ივლისს, ევროკომისიის მიერ „დარღვევის პროცედურის“ ინიცირებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, დასაბუთებული მოსაზრებით წარმოდგენილი პრობლემების უნგრეთის მიერ მოუგვარებლობის და მათი კიდევ უფრო მეტად გამწვავების გამო, კომისიამ ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) მიმართა.[40] CJEU-მ თავისი მანდატის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს, რომ წევრი სახელმწიფოები ასრულებდნენ ევროკავშირის ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. CJEU, სავარაუდოდ, 2024 წლის განმავლობაში მიიღებს გადაწყვეტილებას.
ეროვნული კონსულტაციები
ევროკავშირის კრიტიკის საპასუხოდ, 2023 წლის 17 ნოემბერს, უნგრეთის მთავრობამ ეროვნული კონსულტაციები დააანონსა. კონსულტაციების ფარგლებში პოზიციის დასაფიქსირებლად უნგრეთის მოსახლეობას დაეგზავნა 11 საკითხი. მე-10 საკითხი შეეხებოდა ბავშვთა დაცვის სახელით 2021 წელს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებსაც. საკითხი წარდგენილი იყო შემდეგნაირად:
„10. ბრიუსელს სურს ბავშვთა დაცვის შესახებ კანონის გაუქმება.
ბრიუსელი გამუდმებით ესხმის თავს ბავშვთა დაცვის შესახებ კანონს. ევროპის კომისიამ კანონი სასამართლოშიც კი გაასაჩივრა. იმავე დროს, მატულობს ცნობები აგრესიული ლგბტქ პროპაგანდის შესახებ, რომელთა სამიზნეც ბავშვები არიან.
რას ფიქრობ შენ?
ბავშვთა დაცვის კანონმდებლობა კიდევ უფრო გამკაცრდეს.
ბავშვთა დაცვის შესახებ კანონი უნდა შემსუბუქდეს ბრიუსელის წინადადების შესაბამისად“.[41]
უნგრეთის მთავრობის ინგლისურენოვანი ვებგვერდის თანახმად, 2024 წლის 25 იანვარს „მთავრობამ შეაჯამა ეროვნული კონსულტაციების შედეგები, რამაც ნათლად აჩვენა, რომ უნგრელი ხალხი მხარს უჭერს [...] ქვეყნის სუვერენიტეტს და აბსოლუტურმა უმრავლესობამ უარი განაცხადა სხვებმა გადაწყვიტონ [...] საკითხები, რომლებიც ფუნდამენტურ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე“.[42] ამავე ვებგვერდზევე განთავსებული ინფორმაციით, მე-10 შეკითხვას პასუხი გასცა 1,545,628 ადამიანმა, რომელთა 98,64%-მა ბავშვთა დაცვის კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრებას დაუჭირა მხარი.[43]
კანონის ბუნდოვანების გავლენა და კანონის აღსრულება უნგრეთში
კანონის მიღებამ კიდევ უფრო გაამწვავა „პოლიტიკურად წარმოებული და შეწყნარებული“ მტრული განწყობა LGBTQ+ პირებისა, თუ მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების მიმართ. Háttér Society იტყობინება, რომ კანონის მიღების შემდგომ იმატა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების რიცხვმაც.[44] თუმცა, გარდა უშუალოდ LGBTQ+ თემისა, კანონის გავლენა შეეხო თემს მიღმა უამრავ ადამიანს თუ ორგანიზაციას.
კანონის შესაბამისად, „Fidesz“-ის მიერ სრულად კონტროლირებულმა მედიასაბჭომ 2021 წლის სექტემბერში განაახლა თავისი სახელმძღვანელო რეკომენდაციები რეიტინგის მინიჭების შესახებ (ასაკობრივი კლასიფიკაცია).
რეკომენდაციის მიხედვით, ბავშვები „ხშირად უფრო მოწყვლადნი არიან ტრადიციული სოციალური ნორმებისგან განსხვავებული მოდელების მიმართ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გადახრები ტრადიციული სოციალური და სექსუალური ღირებულებებიდან [...]“.[45] აქვე მაგალითის სახით ჩამოთვლილია რამდენიმე მაგალითი, თუ რომელი პროდუქტებია კანონის ახალი ჩანაწერის სულისკვეთებით 18 წლამდე ასაკის მაყურებლებისთვის შეუსაბამო. დოკუმენტის თანახმად, ჰომოსექსუალობის და სქესის ცვლილების „გავრცელების“ ცალსახა მაგალითებს შორისაა, მაგალითად, პედრო ალმოდოვარის ფილმები „All about my mother” (ფილმი, inter alia, შეეხება აივ/შიდსის ეპიდემიას, ჰომოსექსუალობასა და გენდერულ იდენტობასაც) და „The Skin I Live In“ (ფილმი მოგვითხრობს პლასტიკურ ქირურგზე, რომელმაც გამოიგონა ხელოვნური კანი და ჩაატარა არაკანონიერი ტრანსგენური ექსპერიმენტი), ლუკა გუადანინოს ფილმი „Call Me by Your Name“ (ფილმი ასახავს ახალგაზრდა მამაკაცის მიერ საკუთარი სექსუალობის „აღმოჩენას“ და პირველ სიყვარულს), სერიალი “It’s a Sin” (პოლიტიკურ და ისტორიულ კონტექსტში ასახავს აივ/შიდსის ეპიდემიას, და ჰომოფობიას 1980-იან წლებში), სერიალი Shameless (სერიალი მოგვითხრობს დისფუნქციური, ალკოჰოლიზმით დაავადებული მარტოხელა მამის და მისი 6 შვილის შესახებ, რომლებსაც თავად უწევთ საკუთარ თავზე ზრუნვა) და სხვ.[46]
Háttér Society-ს თანახმად, კანონის ბუნდოვანმა ფორმულირებამ და დაბნეულობამ იმასთან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს გავრცელება თუ პროპაგანდირება, გამოიწვია გადამეტებული თვითცენზურა.[47] მაგალითად, 2022 წელს ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა სატელევიზიო არხმა, რომელიც წინა წლების განმავლობაში თავის საეთერო სივრცეს უთმობდა ბუდაპეშტის პრაიდის ფესტივალის რეკლამებს, უარი თქვა განეთავსებინა ვიდეო, რომელიც ასახავდა ორ ახალგაზრდა, ხელჩაკიდებულ მამაკაცს.[48] კოსმეტიკის საერთაშორისო მსხვილმა მწარმოებელმა კომპანიამ კანონის დანაწესის შესაძლო დარღვევის თავიდან ასაცილებლად, 18 წლამდე ასაკის ყველა პირს უნგრეთიდან შეუზღუდა წვდომა თავის ინსტაგრამ გვერდზე, ვინაიდან ისინი დროდადრო ათავსებდნენ მაკიაჟს ცისარტყელის ფერებში.[49]
მრავალი ჯილდოს მფლობელი წიგნის, „Heartstopper“-ის სპეციალური შეფუთვის გარეშე განთავსებისთვის მაღაზია დაჯარიმდა დაახლოებით 32 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმით.[50] შესაბამისი ორგანოს თანახმად, წიგნი ასახავს ჰომოსექსუალობას და ამის მიუხედავად ის განთავსებული იყო იმ ლიტერატურას შორის, რომლებიც გამიზნულია მოზარდებზე.[51]
დაახლოებით 2600 ევროთი დაჯარიმდა კიდევ ერთი წიგნის მაღაზია საბავშვო წიგნის, „Evening Tales for Rebellious Girls“, სხვა წიგნებისგან განუცალკევებლობისთვის და შესაბამისი შეფუთვის გარეშე განთავსებისთვის. შესაბამისი ორგანოს თანახმად, წიგნი ერთ-ერთ გვერდზე ასახავს დაბადების სქესისგან გადახრას ან სქესის ცვლილებას და ამგვარად, მძიმედ არღვევს ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური და მენტალური დაცვის საკანონმდებლო ვალდებულებას.[52]
ჯარიმის შემდეგ, წიგნების მაღაზიებმა თავის დაზღვევის მიზნით სხვადასხვა სტრატეგიას მიმართეს, ზოგმა ყველა ის წიგნი, რომელშიც LGBTQ+ პერსონაჟია, სპეციალურ შეფუთვაში განათავსა, რათა მაღაზიაში მათი დათვალიერება შეუძლებელი იყოს, ნაწილმა ისინი ზრდასრულთა განყოფილებაში გადაიტანა და აკრძალა მათთან მოზარდების წვდომა (მიუხედავად იმისა, რომელი ასაკობრივი კატეგორიისთვისაა ის რეკომენდებული).[53]
2023 წელს ბუდაპეშტის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიხსნა ცნობილი ბრაზილიელი ფოტოგრაფისა და აქტივისტის გამოფენა, თუმცა ერთ-ერთი ფოტო სპეციალური სადგამის მიღმა, შემოსაზღვრულ სივრცეში აღმოჩნდა. ფოტოზე, რომელიც სავარაუდოდ დაარღვევდა ბავშვთა დაცვის სახელით მიღებულ კანონმდებლობას, გამოსახული იყო ორი მამაკაცის ტორსი, ერთ-ერთს ხელი ედო მეორის ბეჭზე. თუმცა, მუზეუმის თანამშრომლის განმარტებით, მიზეზი არა იმდენად ფოტო იყო, არამედ მისი სათაური - „ჰომოსექსუალობა“. თანამშრომლისვე ინფორმაციით, მათ მშობლის თანხლებითაც კი არ დაუშვეს რამდენიმე არასრულწლოვანი, იმის შიშით, რომ ვინმე ამას დაინახავდა და ფოტოს გადაიღებდა.[54]
ამავე წელს, უნგრეთის ეროვნულ მუზეუმში გამართულ World Press Photo exhibition-ზე, მთავრობამ არასრულწლოვნების შესვლა, მშობლების ნებართვითაც კი შეზღუდა მოტივით, რომ გამოფენაზე განთავსებული რამდენიმე ფოტო, საზიანო იყო ბავშვთა განვითარებისთვის. მთავრობის ამგვარი ნაბიჯი გამოიწვია ხუთმა ფოტომ, რომელიც ასახავდა ფილიპინებში მოხუცი LGBTQ+ ადამიანების ცხოვრებას, ერთმანეთზე მზრუნველობას. რამდენიმე მათგანზე გამოსახული პირი ჩაცმულია ქალის სამოსში და აქვს მაკიაჟი.[55]
მოგვიანებით, მუზეუმის დირექტორი, მას შემდეგ, რაც გაავრცელა ფოტო, რომელიც ასახავდა გამოფენის პოპულარობას და რიგს მუზეუმთან, ბავშვთა დაცვის კანონის საბოტირებისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს.[56] ხოლო, სხვა, კერძოდ ეთნოგრაფიულ მუზეუმში განთავსებული ფოტო სათაურით, „ჰომოსექსუალობა“, საერთოდ დაიხურა.
შეჯამება: მსგავსება, განსხვავება, პროგნოზები
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ კიდეც, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, რომ „უნგრეთის კანონები არ დაუშვებს საბავშვო ბაღებში, სკოლაში, ტელევიზიასა და რეკლამებში სექსუალურ პროპაგანდას“.[57] ამ ფონზე, საინტერესოა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მტკიცება, რომ „რომ დასავლეთში „[...] მიჰყავთ საბავშვო ბაღებში, სკოლებში ტრანსგენდერები და ეუბნებიან გოგოს ან ბიჭს, აი, შენ თუ არ მოგწონს შენი სქესი, შეგიძლია, გადაიკეთო. მშობლის ნებართვის გარეშე. აი, ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ ჩვენ. ეს არის ანტიადამიანური, დემონური ინიციატივები და ამას სჭირდება გაფრთხილება, ამას სჭირდება ჩაკეტვა, ამიტომ არის აუცილებელი და დროული ეს ინიციატივა და ამას სჭირდება ბოლომდე მიყვანა“.[58] ლიდერთა ნარატივების შედარებით, ცხადი ხდება, რომ ორივე ქვეყნის ხელისუფლება ერთ „მტერს“ ებრძვის, ერთი მეთოდით.
თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მმართველმა გუნდმა, რომელსაც აქვს დროითი უპირატესობა, „გაითვალისწინა“ ევროკავშირის ორგანოების შენიშვნები უნგრულ კანონმდებლობასთან მიმართებით, და, გარკვეულწილად თავი დაიზღვია. მაგალითად, კონსტიტუციური კანონის მიღების მოტივაციად, „ქართულმა ოცნებამ“ „Fidesz“-ისგან განსხვავებით, არ დაასახელა პედოფილიის დანაშაულთან ბრძოლა. ორივე პარტიამ „LGBTQ+ პროპაგანდასთან“ ბრძოლის საკითხი მიაბა არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებს და ჰეტეროსექსუალური ქორწინების ოჯახურ ღირებულებებს.[59] კანონის პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ცალკე დაცვის ღირსი ღირებულებებია ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახი და ჯვრისწერის საიდუმლოება. აღნიშნული ღირებულებები კი, თავის მხრივ, მჭიდროდ უკავშირდება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.[60]
ერთი შეხედვით, ამ ნაბიჯით, „ქართულმა ოცნებამ“ წინასწარ გააბათილა ევროპარლამენტის ერთ-ერთი წუხილი - რომ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის იმგვარ თემასთან ერთად მოქცევა, როგორიცაა პედოფილია ან ბავშვთა უფლებებზე თავდასხმა, უნგრეთის მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ენის ინსტრუმენტალიზაციის აშკარა მცდელობა იყო.[61] სიტყვა „პედოფილია“ ქართული კანონპროექტის თუ განმარტებითი ბარათის ტექსტში არ გვხვდება, თუმცა, სანაცვლოდ, ოჯახური ღირებულებებისა და ბავშვთა უფლებების დიად მიზნებთან ერთად, საქართველოს პარლამენტი კანონის მიღებას ინცესტის სამომავლო პროპაგანდის რისკებსაც უკავშირებს.[62] აღნიშნული ცხადყოფს, რომ საქართველოც უნგრეთის მსგავსად, სექსუალურ უმცირესობათა უფლებებს წარმოაჩენს საფრთხედ ბავშვთა უფლებებისთვის, რაც მთავრობის მიერ დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარების მიზანს წარმოაჩენს.
გარდა ამისა, უნგრული კანონისგან განსხვავებით, ქართული კონსტიტუციური კანონის პროექტის ტექსტი არ იყენებს სიტყვებს - „ჩვენება“ და „პროპაგანდირება“, თუმცა ეყრდნობა სიტყვებს - „პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“. „ქართული ოცნებაც“ არ განმარტავს, თუ რას გულისხმობს ეს ტერმინი. უნგრულ კანონში გამოყენებული სიტყვებისგან განსხვავებული წყობის გამოყენება, არ აგვარებს კანონის ბუნდოვანების და განუჭვრეტელობის პრობლემას. ეს კი მნიშვნელოვანი ხარვეზია, რაზეც უნგრულ ვერსიასთან მიმართებით, არაერთხელ აღნიშნეს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა თუ ორგანოებმა.
სამართლებრივი მოსაზრებების გამო კანონის მიღებას მიზანშეუწონლად მიიჩნევდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეც, თუმცა, ამ პოზიციის გაჟღერებიდან 9 თვეში აღმოჩნდა, რომ მისი მიზანი, საშუალებას ამართლებს.[63]
უნგრული კანონის მსგავსად, კონსტიტუციური კანონი შეეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, და მოსალოდნელია, რომ შეზღუდავს არა მხოლოდ კანონის ირიბ სამიზნეს (LGBTQ+ უფლებებს და სათემო ორგანიზაციებს), არამედ თავად მშობლებისა და ბავშვების, მასწავლებლების, გამომცემლების, ავტორების, ჟურნალისტების, მედიაორგანიზაციების, გალერეების მფლობელებისა თუ გამოფენების ორგანიზატორების, აკადემიური სივრცეების, მედიაორგანიზაციების, ინტერნეტ პლატფორმების, ბლოგერების და კიდევ არაერთი პირის უფლებებს.
ზემოთ დაწვრილებით განვიხილეთ, რომ უნგრეთის მიერ მსგავსი კანონის მიღებას ევროპის კავშირის ორგანოების ძალიან მკაცრი შეფასება და წინააღმდეგობა მოჰყვა. თუმცა, ამ რეალობას „ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, არ ცნობს და კონსტიტუციური კანონის პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ის არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს და არც საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.[64] ეს ცალსახა სიცრუეა. ევროკომისიამ იმ საფუძვლით მიმართა სასამართლოს, რომ უნგრული მსგავსი კანონი სწორედაც რომ არღვევს ევროპის კავშირის სამართალს და ქვეყნის ორმხრივ თუ მრავალმხრივ სახელშეკრულებო ვალდებულებებს. მმართველი პარტიისთვის კარგად არის ცნობილი უნგრეთში განვითარებული მოვლენების და ევროპარლამენტის, ევროპის და ვენეციის კომისიიების პოზიციების შესახებ (რომ მსგავსი კანონი ცალსახად ეწინააღმდეგება ევროპის კავშირის სამართალს და სხვადასხვა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს). მოსალოდნელია, რომ ევროპის კავშირის ორგანოები, მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის დასახელებულ მიზნებს არანაირი კავშირი არ აქვს საკანონმდებლო ცვლილებებთან და მეტიც, ეს ნაბიჯი ემსახურება არა ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, არამედ უმცირესობათა შევიწროვებას (ისევე, როგორც ეს დაადგინა ვენეციის კომისიამ უნგრეთის და რუსეთის კანონებთან მიმართებით). თუმცა, მიუხედავად ამისა, ის უკან არ იხევს, და კიდევ უფრო მეტად ამწვავებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით დამძიმებულ რეალობას. „ქართული ოცნება“ ამ კანონპროექტის არათუ მიღებით, არამედ განხილვითაც კი, კიდევ ერთხელ საბოტირებს ქვეყნის მომავლით და რისკავს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების შანსს.
[1] 2024, 29 თებერვალი, ოცნება „ფსევდოლიბერალობის პროპაგანდისგან“ დაცვის მიზნით კანონპროექტს დააინიცირებს, ტაბულა, ხელმისაწვდომია: https://tabula.ge/ge/news/714969-otsneba-psevdoliberalobis-propagandisgan-datsvis
[2] 2023, 3 მაისი, ოცნებაში არ განიხილება ასეთი კანონპროექტის მიღება - მდინარაძე „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვაზე, ფორმულა, ხელმისაწვდომია: https://formulanews.ge/News/89875
[3]შესაბამისად, სამოქალაქო პარტნიორობები გამორიცხა კონსტიტუციურად დაცული ოჯახების სტატუსიდან.
[4] უნგრეთის 2011 წლის ფუნდამენტური კანონი, მუხლი L, პუნქტი 1, ხელმისაწვდომია: https://www.parlament.hu/documents/125505/138409/Fundamental+law/73811993-c377-428d-9808-ee03d6fb8178
[5] უნგრეთის ფუნდამენტური კანონი, მუხლი XVI, პუნქტი 1.
[6] საქართველოს კონსტიტუციის 2017 წლამდე რედაქცია, მუხლი 36, პუნქტი 1. ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=33
[7] საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია, მუხლი 30, პუნქტი 1. ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36
[8] 07-3/432/10, 03.04.2024, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/359730
[9]07-3/432, 03.04.2024, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ განმარტებითი ბარათი, ა.ა.ა, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/359734
[10]07-3/432, 03.04.2024, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, მუხლი 1, პუნქტი 2. ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/359733
[11] იქვე, მუხლი 1, პუნქტი 3.
[12] იქვე, მუხლი 1, პუნქტები 4, 6-8.
[13] იქვე, მუხლი 1, პუნქტი 6.
[14] 2021 წლის LXXIX კანონით ცვლილება შევიდა შემდგომ კანონებში: 1997 წლის კანონი XXXI ბავშვთა დაცვისა და მეურვეობის შესახებ (ე.წ. ბავშვთა დაცვის კანონი); 2008 წლის კანონი XLVIII ეკონომიკური სარეკლამო საქმიანობის ძირითადი პირობებისა და გარკვეული შეზღუდვების შესახებ (ე.წ. რეკლამირების კანონი); 2010 წლის კანონი CLXXXV მედიასერვისებისა და მასობრივი კომუნიკაციების შესახებ (ე.წ. მედიის კანონი); 2011 წლის კანონი CCXI ოჯახების დაცვის შესახებ (ე.წ. ოჯახის დაცვის კანონი); 2011 წლის კანონი CXC ეროვნულ საზოგადოებრივ აღზრდაზე (ე.წ. საჯარო განათლების კანონი). აღსანიშნავია, რომ საჯარო განათლების აქტი კრძალავს მხოლოდ პროპაგანდირებას და არა ასახვას, ჩვენებას.
[15] უნგრული ორგანიზაციები კანონის ჩანაწერის ინგლისურ ენაზე თარგმნისას იყენებენ სიტყვა divergence; ვფიქრობთ, კონტექსტიდან და ორბანის მთავრობის სულისკვეთებიდან გამომდინარე, ყველაზე ადეკვატური და სიტყვასიტყვითი თარგმანი სწორედ გადახრა იქნება. Fidesz სწორედ პათოლოგიად და სტანდარტისგან, ნორმისგან გადახრად მოიაზრებს ნებისმიერ განსხვავებას ჰეტეროსექსუალობიდან.
[16]კერძოდ, მაშინ, როდესაც „საჯარო განათლების შესახებ“, „რეკლამების შესახებ“ და „მედიის შესახებ“ კანონებში შესული ეს ცვლილება მიემართება საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ბავშვთა დაცვის სამსახურებს, მათში დასაქმებულ პერსონალს, რელევანტური კატეგორიის ბიზნესს (მაგ., გამომცემლობებს, წიგნის მაღაზიებს) და მედიას, „ბავშვთა დაცვის შესახებ“ კანონი შეეხება ყველა მშობელს თუ კანონიერ წარმომადგენელს. „ოჯახის დაცვის შესახებ“ კანონი მიემართება აბსოლუტურად ყველა ადამიანს, საჯარო თუ კერძო ორგანოებს. ვენეციის კომისიის 2021 წლის 13 დეკემბრის №1059/2021 მოსაზრება, CDL-AD(2021)050, პარა. 12. ხელმისაწვდომია: https://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2021)050-e
[17] უნგრეთის მთავრობის დადგენილება №473/2021, (VIII. 6.).
[18] საჯარო განათლების კანონი, 9/A (კანონის სრული დასახელებისთვის იხ. სქოლიო 17).
[19] Háttér Society, Report on Act LXXIX Of 2021 Amending Certain Acts For The Protection Of Children And Its Implementation, 2023, გვ. 3. https://en.hatter.hu/sites/default/files/dokumentum/kiadvany/hatter-anti-lgbtqi-law-november-2023_1.pdf
[20] ევროპული პარლამენტის 2021 წლის 8 ივლისის №P9_TA(2021)0362 რეზოლუცია, 1. ხელმისაწვდომია: https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:52021IP0362
[21] იქვე, C.
[22] იქვე, 17.
[23] იქვე, 5.
[24] იქვე, 5.
[25] ძირითადად გამოიყოფა ევროპის სამართლის ოთხი ტიპის დარღვევა, აქედან ერთ-ერთია შემთხვევა, როდესაც კომისია მიიჩნევს, რომ წევრი სახელმწიფოს კანონები არ შეესაბამება ხელშეკრულებების, ევროკავშირის რეგულაციების ან გადაწყვეტილებების მოთხოვნებს (ამ დარღვევის აღმოსაფხვრელი პროცედურა შემდგომში მდგომარეობს: 1. კომისია ფორმალურად ატყობინებს სამიზნე ქვეყანას შესაძლო დარღვევის შესახებ და მისგან მოითხოვს განსაზღვრულ დროში წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია; 2. თუკი კომისია დაასკვნის, რომ წევრი ქვეყანა არღვევს სამართლებრივ ვალდებულებებს, მისგან შესაბამისი დასაბუთებული დოკუმენტის გაგზავნით მოითხოვს, დამორჩილდეს ევროკავშირის სამართალს და მისგან მოითხოვს, განსაზღვრულ დროში წარმოადგინოს ინფორმაცია, რა ნაბიჯები გადაიდგა საამისოდ; 3. თუკი წევრი არ დაემორჩილება კომისიის მოთხოვნას, ამ უკანასკნელს შეუძლია მიმართოს ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს; 4. თუკი წევრი დროულად არ წარმოადგენს ინფორმაციას, რა ნაბიჯები გადადგა დირექტივათა აღსასრულებლად, კომისია უფლებამოსილია სასამართლოსგან მოითხოვოს ჯარიმების დაწესება; 5. თუკი სასამართლო დაადგენს, რომ წევრმა მართლაც დაარღვია ევროკავშირის სამართალი, ეროვნული ხელისუფლება ვალდებულია, აღასრულოს გადაწყვეტილება. სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა ცალკე მსჯელობის და სანქციების საგანია), იხილეთ: https://commission.europa.eu/law/application-eu-law/implementing-eu-law/infringement-procedure_en
[26] 2021, July 8, EU votes for action over Hungary's anti-LGBT law, BBC, ხელმისაწვდომია: https://www.bbc.com/news/world-europe-57761216
[27] 2023, July 22, Hungary's Orban condemns EU federalism, LGBTQ 'offensive', Reuters, ხელმისაწვდომია: https://www.reuters.com/world/europe/hungarys-orban-condemns-eu-federalism-lgbtq-offensive-2023-07-22/
[28] 2021, August 16, Zoltán Kovács, Why Orbán's "child protection referendum" makes no sense, and why it does, Telex, ხელმისაწვდომია: https://telex.hu/english/2021/08/16/hungary-referendum-lgbtq-eu-european-commission-ecj
[29]ვენეციის კომისიის 2021 წლის 13 დეკემბრის №1059/2021 მოსაზრება, CDL-AD(2021)050, ხელმისაწვდომია: https://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2021)050-e
[30] იქვე, პარა. 6.
[31] იქვე, პარა. 79.
[32] იქვე, პარა. 25.
[33] იქვე, პარა. 25.
[34] ერთადერთი დოკუმენტი, რომელშიც განმარტებულია მხოლოდ „პროპაგანდირება“, არის უნგრეთის მედიასაბჭოს რეკომენდაციები.
[35] იქვე, პარა. 44, ციტირებს კომისიის CDL-AD(2013)022 დასკვნის 34-ე პარაგრაფს.
[36] საჯარო განათლების შესახებ კანონი, ნაწილი 9, პუნქტი 12 - „სექსუალურ კულტურასთან, სქესთან, სექსუალურ ორიენტაციასთან და სექსუალურ განვითარებასთან დაკავშირებული აქტივობების წარმართვისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს [კონსტიტუციის] მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის დებულებებს. ასეთი აქტივობები არ შეიძლება იყოს მიმართული დაბადების სქესისგან განსხვავებული თვითიდენტობის, სქესის შეცვლის ან ჰომოსექსუალობის გავრცელებაზე“.
[37] ვენეციის კომისიის №1059/2021 მოსაზრება, პარა. 84.
[38] იქვე, პარა. 86.
[39]Amnesty International-ის ცნობით, ბათილი ხმის მიცემის წახალისებაში მონაწილეობისთვის რეფერენდუმის შემდეგ ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ დააჯარიმა რამდენიმე NGO, მათ შორის, Háttér Society და Amnesty International; Amnesty International, Hungary: From freedom to censorship: the consequences of the Hungarian Propaganda Law, 2024, გვ. 21. ხელმისაწვდომია: https://www.amnesty.ch/de/laender/europa-zentralasien/ungarn/dok/2024/lgbti-feindliches-propaganda-gesetz-schafft-klima-der-angst/from_freedom_to_censorship_en.pdf
[40] 2022, July 15, Commission refers HUNGARY to the Court of Justice of the EU over violation of LGBTIQ rights, ხელმისაწვდომია: https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/ip_22_2689
[41]Kovács, Z. (2023, November 17), The 12th National consultation has launched: Here are the eleven questions! , About Hungary, ხელმისაწვდომია: https://abouthungary.hu/blog/the-12th-national-consultation-has-launched-here-are-the-eleven-questions
[42]Kovács, Z. (2024, January 25), National consultation: Hungarian people stood up for the sovereignty of our country, About Hungary, ხელმისაწვდომია: https://abouthungary.hu/blog/national-consultation-hungarian-people-stood-up-for-the-sovereignty-of-our-country
[43] იქვე.
[44] Háttér Society, 2023 წლის ანგარიში, გვ. 12 (იხ. სქოლიო 22).
[45] NMHH Media Council, A médiatartalmak korhatár-besorolásánál irányadó szempontokra, az egyes műsorszámok közzététele előtt és közben alkalmazható jelzésekre, illetve a minősítés közlésének módjára vonatkozó jogalkalmazási gyakorlat elvi szempontjai, [Principles of judicial practice concerning the criteriaცgoverning the age rating of media content, the indications that may be used before and during the publication of certain programmes and the manner in
which ratings are communicated] - Recommendation, 15 September 2021, გვ. 17. (ხელმისაწვდომია უნგრულ ენაზე) https://nmhh.hu/dokumentum/214969/klasszifikacios_ajanlas.pdf
[46] ვენეციის კომისიის №1059/2021 მოსაზრება, სქოლიო 42.
[47] Háttér Society, 2023 წლის ანგარიში, გვ. 26
[48] იქვე, გვ. 13
[49] Háttér Society, One Year After: Implementation of Act LXXIX of 2021 amending certain acts for the protection of children, 2022, გვ. 3, ხელმისაწვდომია: https://en.hatter.hu/sites/default/files/dokumentum/kiadvany/hatter-proplaw-implementation1year.pdf
[50] 2023, July 14, Heartstopper: Hungarian retailer selling graphic novel fined under anti-LGBT law, BBC, ხელმისაწვდომია: https://www.bbc.com/news/world-europe-66197171
[51] იქვე.
[52] Szilárd, T. (2023, August 17), Az Esti Mesék Lázadó Lányoknak Című Könyv Miatt Kapta A Libri A „fóliázós” Bírságot [Libri was fined for the book “Evening Tales for Rebellious Girls”], Lakmusz, ხელმისაწვდომია უნგრულ ენაზე: https://www.lakmusz.hu/az-esti-mesek-lazado-lanyoknak-cimu-konyv-miatt-kapta-a-libri-a-foliazos-birsagot/
[53] Háttér Society, 2023-ის ანგარიში, გვ. 26.
[54] Rutai, L. (2024, January 31), From Censorship to Solidarity: The Surprising Consequences of Hungary's LGBT Law, Radio Liberty, ხელმისაწვდომია: https://www.rferl.org/a/hungary-lgbt-law-censorship-solidarity/32800032.html
[55] 2023, November 1, Hungary anti-LGBT law sees under-18s barred from World Press Photo exhibition, The Guardian, ხელმისაწვდომია: https://www.theguardian.com/world/2023/nov/01/hungary-anti-lgbt-law-under-18s-barred-world-press-photo-exhibition
[56] Rutai, L., From Censorship to Solidarity: The Surprising Consequences of Hungary's LGBT Law (იხ. სქოლიო 56).
[57] 2023, July 22, Hungary's Orban condemns EU federalism, LGBTQ 'offensive', Reuters, ხელმისაწვდომია: https://www.reuters.com/world/europe/hungarys-orban-condemns-eu-federalism-lgbtq-offensive-2023-07-22/
[58] 2024, 11 მაისი, ღარიბაშვილი: ევროპაში აღვირახსნილი კამპანია მიმდინარეობს, დემონური ინიციატივები, ტაბულა, ხელმისაწვდომია: https://tabula.ge/en/news/717989-gharibashvili-evropashi-aghvirakhsnili-kampania
[59] კანონპროექტის განმარტებითი ბარათი, ა.გ.
[60] იქვე.
[61] 2021 წლის 8 ივლისის რეზოლუცია, 17.
[62] კანონპროექტის განმარტებითი ბარათი, ა.ა.ა.
[63] 2023, 3 მაისი, ოცნებაში არ განიხილება ასეთი კანონპროექტის მიღება - მდინარაძე „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვაზე, ფორმულა, ხელმისაწვდომია: https://formulanews.ge/News/89875
[64] კონსტიტუციური კანონის პროექტის განმარტებითი ბარათი, გ.ა და გ.ბ და გ.გ
ინსტრუქცია