საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დაბრკოლებები, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან, თითოეული ჩვენგანისათვის მეტ-ნაკლებად ხილულია. არაადაპტირებული გარემო, მათ შორის, ქუჩები, შენობები, მიწისქვეშა გადასასვლელები, პრობლემათა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც საკმაოდ ადვილად შესამჩნევია. თუმცა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შეზღუდვის მნიშნელოვანი ასპექტები საზოგადოების ხილვადობის მიღმა რჩება. ასეთ პრობლემათა რიგებშია მოქმედი ნორმა, რომელიც ქმედუუნაროდ აღიარებული პირს პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებას უზღუდავს. ამ ჩანაწერით, ადამიანი, რომელიც ქმედუუნაროდ არის მიჩნეული, ეკრძალება ქორწინება და საკუთარი შვილის აღზრდის უფლება.
პირის ქმედუუნაროდ მიჩნევა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება. ამის შემდეგ, ადამიანს თავისი უფლებების დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობა ერთმევა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა თუ ქმედებების განხორციელებისთვის, ქმედუუნარო პირის ნაცვლად, ნებას გამოხატავს მისი მეურვე, თუმცა, რამდენადაც ქორწინებაზე ნების გამოხატვის ჩანაცვლება შეუძლებელია მოხდეს მეურვის მიერ, ქმედუუნაროდ პირის აღიარება იწვევს მისი უფლების უპირობო შეზღუდვას ქორწინებაზე, რაც ამგვარადაა ფორმულირებული მოქმედ კანონმდებლობაში.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, პირის ქმედუუნაროდ აღიარების სისტემა ქმედუუნარობის მოძველებულ კონცეფციას ემყარება. იგი გულისხმობს პირის უფლებების ავტომატურ და იმპერატიულ შეზღუდვას და გამორიცხავს მისი შესაძლებლობების ინდივიდუალურ შეფასებას, თითოეულ უფლებასთან მიმართებაში. შესაბამისად, მოქმედი მოდელი განაპირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების არაპროპორციულ და დაუსაბუთებელ შეზღუდვას, მათ შორის, უფლებას ქორწინებაზე. გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის (UNCRPD) მოთხოვნაა - სახელმწიფოებმა აღიარონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირის უფლება საქორწინო ასაკის მიღწევისას, მეუღლეების თავისუფალი ნების სრულად გამოვლინების შედეგად, ქორწინებასა და ოჯახის შექმნაზე. ეროვნული კანონმდებლობა არ უშვებს ამგვარი ნების გამოვლენის შესაძლებლობას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი არსებობს.
ქორწინების უფლების შეზღუდვის გარდა, კანონმდებლობა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობელსა და შვილს შორის არსებული სამართლებრივი თუ ფაქტობრივი კავშირის შეწყვეტას, მშობლის ქმედუუნარობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში. სამოქალაქო კოდექსი მშობლის უფლების შეჩერების საფუძვლად მიიჩნევს, ბავშვის მიტოვების ფაქტს, გამოხატულს მშობლის მოქმედებითა თუ უმოქმედობით. ამ მუხლის მიზნებისათვის ასეთად მიჩნეულია შემთხვევა, როდესაც ბავშვი განთავსებულია 24-საათიან სახელმწიფო ზრუნვაში. პანსიონატებში მცხოვრებ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, არ აქვთ შესაძლებლობა თან იყოლიონ შვილები და ისინი იძულებულნი ხდებიან, ბავშვები განათავსონ 24-საათიანი სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში, რაც მშობლის უფლების შეჩერებას იწვევს.
არსებული რეგულაცია ასევე ეწინააღმდეგება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მიზანს, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან ნაცვლად მშობლის უფლების ჩამორთმევისა, იკისრონ პოზიტიური ვალდებულება და სათანადო მხარდაჭერა აღმოუჩინონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობლებს, რათა დამოუკიდებლად აღზარდონ საკუთარი შვილები. ეროვნული კანონმდებლობა არც კი განიხილავს ამგვარ შესაძლებლობას და ავტომატურად ზღუდავს მშობლის უფლებას, რაც ასევე წინააღმდეგობაში მოდის ბავშვის ინტერესებთან, ისარგებლოს ოჯახური ცხოვრების უფლებით, სხვებთან თანასწორად.
მშობლის უფლებისა და ქორწინებაზე უფლების ავტომატური შეზღუდვა ეწინააღმდეგება შეზღუდული შესაძლებლობის თანამედროვე გააზრებას და იწვევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახური და პირადი ცხოვრების არაპროპორციულ შეზღუდვას.
ბლოგი მომზადებულია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) მიერ მომზადებული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ცვლილების სარეკომენდაციო კონცეფციის „გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UNCRPD) იმპლემენტაციის გაიდლაინი“ საფუძველზე
ინსტრუქცია