საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
კოალიცია თანასწორობისთვის უერთდება ტრანსგენდერ ადამიანთა ხსოვნის აღნიშვნის დღეს და მოუწოდებს სახელმწიფოს, ეფექტურად გამოიძიოს ტრანსგენდერ ადამიანთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის შემთხვევები და დაგეგმოს ეფექტრიანი გზები წინასწარგანწყობითა და სტიგმით განპირობებული დისკრიმინაციული პოლიტიკისა და გენდერის სამართლებრივი აღიარების არაჰუმანური პრაქტიკის აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით.
2014 წლის 10 ნოემბერს ტრანსგენდერი ქალი - საბი ბერიანი სასტიკად იქნა მოკლული საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სასამართლომ კი არასათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილებით ბრალდებული პირი გაამართლა. სიმბოლურად, საქართველოში ყოველ 10 ნოემბერს ლგბტ თემი და მისი მხარდამჭერები საბი ბერიანის ხსოვნას პატივს აგებენ და აგრეთვე იხსენიებენ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სხვა მსხვერპლებს საქართველოში.
ტრანსგენდერ ადამიანთა მდგომარეობა საქართველოში მძიმეა, ვინაიდან ისინი განგრძობით დისკრიმინაციასა და მარგინალიზაციას განიცდიან საზოგადოებისა და საჯარო ინსტიტუციების მხრიდან. ეს მათ გარიყულობას კიდევ უფრო აღრმავებს და სოციალური მოწყვლადობისა და პოლიტიკური იზოლაციის საფუძველი ხდება.
ტრანსგენდერი ადამიანების სოციალური მოწყვლადობის განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორი გენდერის სამართლებრივი აღიარების გართულებული და არაჰუმანური პოლიტიკაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ნათლად არ არეგულირებს პირად საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის შეცვლის საკითხს, ჩამოყალიბებული ადმინისტრაციული და ასევე, სასამართლო პრაქტიკა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის პირად დოკუმენტებში სქესის შეცვლის წინაპირობად ქირურგიულ ოპერაციას, მათ შორის, სტერილიზაციას განიხილავს, გენდერის სამართლებრივი აღიარებისა და სამედიცინო ტრანზიციის პროცესის ერთმანეთზე მიბმა და ტრანსგენდერ ადამიანთა ფართო სპექტრის იგნორირების გამო, ადამიანებს უწევთ არჩევანის გაკეთება არასასურველ და საჭიროებას მოკლებულ სამედიცინო ჩარევებსა და გენდერის სამართლებრივ აღიარებას შორის. არსებული პრაქტიკა ტრანსგენდერი პირების მიმართ რეპრესიულ და დისკრიმინაციულ სოციალურ და სამართლებრივ გარემოს ქმნის და არსებითად არღვევს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვის, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და თვითგანვითარების უფლების სტანდარტებს. ამასთან, სქესის სამართლებრივი აღიარების პრობლემა ტრანსგენდერ პირებს ართმევს განათლებაზე ხელმისაწვდომობის, დასაქმების, სოციალური განვითარების შესაძლებლობებს და მათ სიღატაკისთვის, ძალადობისა და სასოწარკვეთისთვის სწირავს.
ტრანსგენდერ ადამიანთა მიმართ ძალადობრივი გამოცდილების სისტემურობის მიუხედავად, სახელმწიფოს არ გააჩნია ჰომო/ტრანსფობიურ დანაშაულებთან ბრძოლის ეფექტიანი პოლიტიკა. სახელმწიფოს არ გააჩნია სენსიტიური და ეფექტიანი ინსტიტუციური მექანიზმები სიძულვილით მოტივირებულ დანაშულებთან საბრძოლველად (მათ შორის, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის ერთიანი სტარტეგია და პრაქტიკული სახელმძღვანელო დოკუმენტები პოლიციისთვის; სიძულვილის მოტივის გამოვლენის მეთოდიკა; მსგავსი დანაშაულების სტატისტიკის წარმოების ინსტრუმენტები; სპეციალიზირებული საპოლიციო დანაყოფები), რაც იწვევს ჰომო/ტრანფობიურ დანაშაულებზე გამოძიების წარმოების არაეფექტურობას. ლგბტ თემის წინააღმდეგ ჩადენილი არც ერთი გახმაურებული საქმის გამოძიება არ აკმაყოფილებდა ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებს.[1] აღნიშნულ საქმეებში საგამოძიებო ორგანოები ისევე როგორც სასამართლო, არ ახდენს შესაძლო სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირებას, რაც პოლიტიკური ნების არ არსებობაზე უნდა მიუთითებდეს და არსებითად ახალისებს დისკრიმინაციულ და ძალადობრივ გარემოს ლგბტ თემის მიმართ. მეტიც, ტრანსგენდერი პირები ხშირად უშუალოდ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან აწყდებიან რეპრესიული და დისკრიმინაციული მოპყრობისა და სიძულვილის ენის გამოყენების პრობლემას. ცხადია, ამგვარი პოლიტიკა თემის ნდობას სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ამცირებს და მათ ძალადობის წინაშე დაუცველებს ტოვებს. სწორედ ტრანსფობიურ დანაშაულთა წინააღმდეგ გატარებულმა იგნორირების პოლიტიკამ, შეუწყო ხელი დაუსჯელობის გარემოს შექმნას და საზოგადოება ტრანსგენდერი პირების მკვლელობებისა და სასტიკი ძალადობის ახალი შემთხვევების მოწმე ხდება.
სამართალდამცავი ორგანოების რეპრესიული და არასენსიტიური მიდგომები ყველაზე მკაფიოდ ტრანსგენდერი ქალი სექსმუშაკების მიმართ საპოლიციო პოლიტიკით ჩანს. საპოლიციო საქმიანობის ანალიზი აჩვენებს, რომ პოლიცია ხშირად მიმართავს სპეციალურ საპოლიციო ღონისძიებებს აღნიშნული ჯგუფის წინააღმდეგ, რომლის დროსაც თვითნებურად იყენებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ისეთ ზომებს, როგორიცაა ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა[2]. მესამე პირების (კლიენტების, გამვლელების) მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე ადგილზე გამოცხადებული პოლიცია კი ინციდენტის ორივე მხარეს მიიჩნევს კანონთან კონფლიქტში მყოფად და ორივე მხარის მიმართ იყენებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს, რაც დისკრიმინაციული მიდგომა და ტრანსგენდერ ქალებს მათზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევაში პოლიციისადმი მიმართვის ინტერესსა და ნდობას უსპობს. მეტიც, ტრანსგენდერი ქალი სექსმუშაკების მიმართ საპოლიციო ღონისძიებების განხორციელების დროს ასევე ფიქსირდება, პოლიციის მხრიდან შესაძლო ზეწოლისა და ჰომო/ტრანსფობიური დამოკიდებულებების ფაქტები, რაც ტრანსგენდერი სექს მუშაკი ქალებისთვის მართლმსაჯულებას პრაქტიკულად ხელმიუწვდომელს ხდის - ძალადობის შემთხვევებში ისინი უმეტესწილად არ მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს სტიგმისა და პოლიციის დისკრიმინაციული მოპყრობის გამო.
აღნიშნული შეფასებების გათვალისწინებით, კოალიცია თანასწორობისთვის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:
იუსტიციის სამინისტროს
აღმოფხვრას გენდერის სამართლებრივი აღიარების არსებული რეპრესიული ადმინისტრაციული პრაქტიკა და ის ჰუმანურ და არამადისკრიმინირებლ მიდგომებს დააფუძნოს. კერძოდ, პირად საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების სწრაფი, გამჭვირვალე და ადვილად ხელმისაწვდომი პროცედურის შექმნით, გააუქმოს ნებისმიერი წინაპირობა, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანს მისი ნათლად გამოვლენილი ნების გარეშე აიძულებს ქირურგიული ოპერაციის, მათ შორის, სტერილიზაციის გზით, მისი ბიოლოგიური სქესი საკუთარ გენდერულ იდენტობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს.
შინაგან საქმეთა სამინისტოსა და პროკურატურას
შეიმუშავონ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის ეფექტიანი ერთიანი სტრატეგია, რომელიც, მათ შორის, გაითვალისწინებს პოლიციისა და პროკურორებისთვის დეტალური ოპერაციული სახელმძღვანელო დოკუმენტის მიღებას და უწყებების მიერ მისი აღსრულების მონიტორინგის ეფექტიანი მეთოდებისა და მექანიზმების ამუშავებას; დისკრიმინაციული დანაშაულების დეტალური სტატისტიკის წარმოებისა და ანალიზის მეთოდების დამკვიდრებას; უწყებების შიგნით სპეციალიზებული და სათანადო ცოდნითა და სენსიტიურობით აღჭურვილი დანაყოფების შექმნას; უფლების შეზღუდვის მსხვერპლებთან ნდობის გაძლიერებისა და ზიანის შემცირებაზე დაფუძნებული მიდგომის შემუშავებას;
შინაგან საქმეთა სამინისტოს
აღმოფხვრას სექსმუშაკი პირების მიმართ რეპრესიული და ჰომო/ტრანფობიური პოლიტიკა და მისი საქმიანობა ადამიანის უფლებების სტანდარტების განუხრელი დაცვის მიდგომებს დააფუძნოს.
გაეცანით დოკუმენტის სრულ ვერსიას ⇓
ინსტრუქცია