[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / შეფასება

ხელმომწერი ორგანიზაციები ვაფასებთ „ლაბორის“ ოფისის ჩხრეკას და ვგმობთ დამოუკიდებელი პროფკავშირის დევნას 

24 აპრილს პროფკავშირ „ლაბორის“[1] ოფისში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ჩხრეკის ჩასატარებლად შევიდნენ. "ლაბორის" ოფისის გარდა, საგამოძიებო მოქმედებები კიდევ სამ ლოკაციაზე: ყოფილ ოფისში, თავმჯდომარის გიორგი დიასამიძის საცხოვრებელ სახლსა და ჩხრეკამდე რამდენიმე კვირით ადრე გამართულ პროფკავშირის ყრილობის ადგილას ჩატარდა. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „ლაბორის“ ოფისის ჩხრეკა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაიწყო. პროფკავშირის ადვოკატის განმარტებით,[2] საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტითა (მითვისება ან გაფლანგვა ჩადენილი დიდი ოდენობით) და 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის გამოყენება ან გასაღება) დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. პროფკავშირისა და მისი თავმჯდომარის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები არ ეფუძნება სათანადო მტკიცებულებებს. 

აღსანიშნავია, რომ ჩხრეკის ჩატარებას წინ უძღოდა 2025 წლის მარტში ლაბორის გარიცხვა პროფკავშირების გაერთიანების წევრობიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება პროფკავშირების გაერთიანების დავების მარეგულირებელი კომისიის დასკვნის საფუძველზეა მიღებული. დავების მარეგულირებელმა კომისიამ ლაბორის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე პროფკავშირების გაერთიანების წესდების დარღვევაში დაადანაშაულა.[3] კომისიის დასკვნა არ ეფუძნება საქმის ობიექტურ, სამართლიან და სათანადო მტკიცებულებებზე დამყარებულ განხილვას, რაც მეტყველებს იმაზე, რომ პროფკავშირების გაერთიანება ლაბორის თავმჯდომარეს ამავე გაერთიანების საქმიანობაში არსებული პრობლემების, მათ შორის, ხელისუფლებასთან ახლო კავშირების ღია კრიტიკის[4] გამო დევნის. გიორგი დიასამიძის დევნის პროცესი ახლა უკვე სახელისუფლებო მექანიზმების გამოყენებით გრძელდება და ძლიერდება მის მიმართ ჩატარებული დაუსაბუთებელი საგამოძიებო მოქმედებებით.  

აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი ,,ლაბორი’’ ორგანიზატორი ან თანაორგანიზატორია ბოლო წლებში საქართველოში გამართული 20-მდე გაფიცვისა, რომლებიც დასაქმებულების მძიმე შრომითი პირობებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.[5] მათ შორის, არის კომპანია “ევოლუშენ ჯორჯიაში”, ბორჯომის და საირმის მინერალური წყლების ჩამომსხმელ ქარხნებში და ოზურგეთში, შპს ,,გურია ექსპრესში’’ ფქვილის მწარმოებელ ქარხანაში ორგანიზებული გაფიცვები. ,,ევოლუშენ ჯორჯიაში’’ მიმდინარე გაფიცვა ლაბორის მიერ ორგანიზებული ყველაზე გრძელვადიანი გაფიცვაა, რომელიც 2024 წლის 12 ივლისს დაიწყო და დღემდე გრძელდება.[6] გაფიცვის მონაწილეა ,,ევოლუშენ ჯორჯიაში’’ დასაქმებული მრავალი პირი, რომლებმაც კომპანიაში შრომითი უფლებების არაერთი მწვავე დარღვევა გამოააშკარავეს, მათ შორის, დასაქმებულების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ პირობებთან, არასამართლიან შრომის ანაზღაურებასთან, გადატვირთულ სამუშაო გრაფიკთან, შესვენებისა და დასვენებისთვის ადეკვატური დროის არარსებობასთან დაკავშირებით.[7]

,,ევოლუშენ ჯორჯიას’’ მხრიდან არაერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტია დადგენილი სხვადასხვა უწყების, მათ შორის, სახალხო დამცველისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ, უწყბებეში დასაქმებულთა ინტერესებს პროფკავშირი ,,ლაბორი’’ წარმოადგენდა. ასეთ საქმეებს მიეკუთვნება სახალხო დამცველის ანტი-დისკრიმინაციული მექანიზმის მიერ 2024 წლის ნოემბერში ,,ევოლუშენ ჯორჯიაში’’ დისკრიმინაციის წახალისების ხელშემწყობი პრაქტიკის არსებობის დადგენა[8] და 2023 წლის ნოემბერში კომპანიის მიერ დასაქმებულების კოლექტიური შრომითი უფლებების დარღვევის დადგენა, რაც პროფკავშირული საქმიანობის ხელშეშლის სხვადასხვა ფაქტით გამოიხატა.[9] ამ საქმეებს შორის არის, ასევე, 2024 წლის ოქტომბერში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ ,,ევოლუშენ ჯორჯიას’’ მხრიდან “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის დადგენა სამუშაო სივრცეში ვიდეო მეთვალყურეობის განხორციელების წესებთან დაკავშირებით.[10]

აღსანიშნავია, რომ პროფკავშირების გაერთიანების დავების მარეგულირებელი კომისიის დასკვნაში, რომლის საფუძველზეც ,,ლაბორი’’ პროფკავშირებიდან გაირიცხა, სხვა საკითხებთან ერთად განხილულია ,,ევოლუშენ ჯორჯიაში’’ გაფიცულ პირთა მცირე ჯგუფის განცხადება. განმცხადებლები ,,ლაბორის’’ ხელმძღვანელებს ბრალს დებენ მათი ინტერესების არასათანადო დაცვაში. პირველადი შეფასებით, განცხადება დაუსაბუთებელია და მას თან არ ახლავს გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება.  

ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული ბიზნეს სუბიექტების გავლენებისგან თავისუფალი პროფკავშირული საქმიანობა, რისი მაგალითიც არის პროფკავშირი ,,ლაბორი’’, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში მძიმე შრომით უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის რეალური ცვლილებების მისაღწევად. სახელისუფლებო სტრუქტურებისა და პროფკავშირების გაერთიანების მიერ ,,ლაბორის’’ წინააღმდეგ მოქმედებები წარმოადგენს თავისუფალი და კრიტიკული აზრის ჩახშობის მიზნით დევნას და ლახავს ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორებიცაა: გაერთიანების, პროფკავშირული საქმიანობის, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება. დემოკრატიული და მოქალაქეთა სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება შეუძლებელია ამ საკვანძო უფლებების თავისუფალი რეალიზების გარეშე. მათი ჩახშობის პროცესი ქვეყანაში თავისუფალი აზრისა და ანტი-სახელისუფლებო პროტესტის წინააღმდეგ მასობრივად მიმდინარე რეპრესიების ნაწილია. მოქმედი ხელისუფლება დაშინების უამრავ მეთოდს მიმართავს მზარდი საპროტესტო მოძრაობის, სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ, მათ შორის, რეპრესიულ კანონმდებლობას, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი დევნის მექანიზმებს. ხელისუფლების სამიზნეთა სია ფართოვდება და ახლა უკვე დამოუკიდებელ პროფკავშირებს გადასწვდა. 

გარდა იმისა, რომ „ლაბორის“ ჩხრეკა იმთავითვე რეპრესიულ და სადამსჯელო მიზნებს ემსახურება, ხაზგასასმელია ისიც, რომ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას არაერთი პროცედურული დარღვევა გამოვლინდა.[11]

ჩხრეკის განჩინების დაუსაბუთებლობა 

ჩხრეკა იმგვარ საგამოძიებო მოქმედებებს მიეკუთვნება, რომელთა განხორციელებაც პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ არაერთ, მათ შორის, საკუთრებისა და  პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებში (ასევე ზოგიერთ შემთხვევაში პატივისა და ღირსების უფლებებში) ჩარევასთან და სწორედ ამიტომ, საჭიროებს სასამართლოს წინასწარ/შემდგომ ნებართვას ან დადასტურებას (გადაუდებელი აუცილებლობის დროს). განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, „ლაბორის“ ჩხრეკა სასამართლოს წინასწარი ნებართვის /განჩინების საფუძველზე ჩატარდა. 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს იმ ინფორმაციის ჩამონათვალს, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ჩხრეკის განჩინებაში.[12] კერძოდ, ცალკეული ტექნიკური და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარდა ,განჩინებაში, აგრეთვე, აღნიშნული უნდა იყოს ჩხრეკის დროს აღმოსაჩენი და ამოსაღები სავარაუდო საგანი, ნივთი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი და მისი გვარეობითი ნიშნები. 

კანონმდებლობა არ კრძალავს ჩხრეკა-ამოღების ფარგლებში განჩინების მიღმა სხვა საგნისა და ობიექტის მოპოვების შესაძლებლობას (მათ შორის, სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ნივთი), თუ მას აქვს პირდაპირი შეხება დანაშაულებრივ ქმედებასთან ან მიუთითებს სხვა დანაშაულის ჩადენაზე, თუმცა თუ განჩინებაში დაკონკრეტებული არ არის მოსაპოვებელი ობიექტის შესახებ ინფორმაცია, ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება იმის დადგენა, გასცდა თუ არა გამომძიებელი სასამართლო ნებართვის ფარგლებს და, შესაბამისად, მოეთხოვება თუ არა მას იმის დასაბუთება, რამ განაპირობა დამატებითი ნივთების ამოღების საჭიროება. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 16 აპრილის განჩინება,[13] რომლითაც „ლაბორის“ ოფისისა და დანარჩენი ლოკაციების ჩხრეკის ნებართვა გაიცა, ზოგადი ფორმითაც არ მიუთითებს საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოსაპოვებელი ნივთების კატეგორიას და მათ გვარეობით ნიშნებს. ამგვარი ფორმით ჩხრეკის ნებართვის გაცემა ვერ უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების არამართლზომიერი შეზღუდვის პრევენციასა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე ეფექტიან სასამართლო კონტროლს. გარდა ამისა, სასამართლოს წერილობით ნებართვაში მოსაპოვებელი ნივთების შესახებ ინფორმაციის არარსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კონკრეტულ მისამართებზე აღნიშნული ნივთების არსებობის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის დაცულობასაც.[14] შესაბამისად, ცალსახაა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ჩხრეკის ნებართვის გაცემის შესახებ ვერ აკმაყოფილებდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ALIYEV v. AZERBAIJAN განმცხადებლის საცხოვრებელ სახლსა და ოფისში ჩხრეკის პროცესში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-8 მუხლების (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობა) დარღვევა დაადგინა და განმარტა, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებაში მხოლოდ  ზოგადი თეორიული მითითება სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიების შესახებ, კონკრეტული ფაქტების განმარტების გარეშე ვერ გაამართლებდა პირად სივრცეში ჩხრეკის ლეგიტიმურობას. სტრასბურგის სასამართლომ, აგრეთვე, მიუთითა, რომ სასამართლოს ზოგადი და დაუსაბუთებელი აქტი ვერ აკმაყოფილებდა  გონივრული ეჭვის სტანდარტს დანაშაულის ჩადენისა და რელევანტური მტკიცებულებების იმ ადგილას არსებობის შესახებ, სადაც ჩხრეკა ჩატარდა.[15]

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დანაშაულთან ბრძოლა უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ინტერესს წარმოადგენს, თუმცა სწორი ბალანსის უზრუნველყოფისთვის, ასევე, აუცილებელია გამოძიების ფარგლებში დაშვებული იყოს პირადი ცხოვრების მზღუდავი მხოლოდ ის ღონისძიებები, რომლებიც არსებითად მიმართულია დანაშაულის გახსნისაკენ. სწორედ ამიტომ საქართველოს კონსტიტუცია სამართალდამცავებს აღჭურავს მოქმედების შესაძლებლობით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩხრეკის შედეგად მტკიცებულების მოპოვების სათანადო ინფორმაციაზე დაფუძნებული მოლოდინი არსებობს. ჩხრეკის ჩატარება იმ პირობებში, როდესაც სამართალდამცავებს არ გააჩნიათ დანაშაულის გახსნისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულების მოპოვების სათანადო ინფორმაციით გამყარებული მოლოდინი, თავისი მნიშვნელობით ვერ გადაწონის ხსენებული ღონისძიების შედეგად უფლებისთვის მიყენებულ ზიანს.[16]

ამ განმარტებების საფუძველზე აშკარაა, რომ ვერც საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობა და, მით უფრო, ვერც სასამართლოს განჩინებით გაცემული ნებართვა ვერ ჩაითვლება დასაბუთებულად, თუ მასში განმარტებული არ არის საგამოძიებო მოქმედების აუცილებლობა და მისი უშუალო შემხებლობა სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან. 

ჩხრეკის  გადაღების უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა 

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამომძიებელს ჩხრეკის ადგილზე მყოფი ან იქ მისული პირებისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას ანიჭებს,[17] თუმცა ეს შეზღუდვები არ უკავშირდება ვიდეოგადაღების ან პირდაპირი ეთერის ჩართვის უფლებას. ჩხრეკის პროცესის ვიდეოგადაღება მნიშვნელოვანი გარანტია შეიძლება, იყოს იმისა, რომ საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები არ გასცდებიან კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას და ჩხრეკის შედეგად მოპოვებულ ნივთებს შორის არ აღმოჩნდება რაიმე ისეთი საგანი, რომლის ფლობასაც მესაკუთრე/ჩხრეკის მონაწილე უარყოფს.  

სტანდარტული ვიდეოგადაღების ნაცვლად სოციალური ქსელების მეშვეობით პირდაპირი ეთერის გამოყენება დამატებითი გარანტია შეიძლება, იყოს საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებისთვის, ვინაიდან ელექტრონული მოწყობილობის ამოღების შემთხვევაშიც კი ვიდეომასალა კვლავ იქნება საჯაროდ ხელმისაწვდომი. შესაბამისად, პირდაპირი ეთერის ჩართვის უფლების შეზღუდვა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში გამომძიებლის მხრიდან შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს ლეგიტიმურად. 

24 აპრილს პროფკავშირ „ლაბორის“ ოფისის ჩხრეკის პროცესი 15 წუთის განმავლობაში სოციალური ქსელის პირდაპირი ეთერის მეშვეობით საჯაროდ გადაიცემოდა. პროფკავშირის თავმჯდომარისა და ადვოკატის განმარტებით, გამომძიებლებს ჩხრეკის დაწყებამდე არ განუმარტავთ, რომ საგამოძიებო მოქმედებების გადაღება ან პირდაპირ ეთერში გასვლა ეკრძალებოდათ. უფრო მეტიც, პირდაპირი ეთერის ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ გამომძიებლებმა ოფისში მყოფ პირებს ე.წ. ლაივის ჩართვის შესაძლებლობა ცალსახად მისცეს იმ პირობით, რომ მასში გამომძიებლების სახე იდენტიფიცირებადი არ იქნებოდა.[18] ამ განმარტების მიუხედავად, რამდენიმე წუთში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა პროფკავშირის თავმჯდომარეს პირდაპირი ეთერის გამორთვა მოსთხოვეს ისე, რომ არ განუმარტავთ უფლების შეზღუდვის საფუძველი და აუცილებლობა. შესაბამისად, რამდენიმე საათის განმავლობაში ოფისის ჩხრეკა ვიდეოგადაღების გარეშე მიმდინარეობდა.  

ჩხრეკის ოქმზე შენიშვნის თავისუფლად დატოვების უფლების შეზღუდვა 

საპროცესო კოდექსის თანახმად, ჩხრეკის ოქმის შედგენის შემდეგ შესაბამისი ოქმი გასაცნობად წარედგინება საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილეს (ამ შემთხვევაში „ლაბორის“ ოფისში ჩხრეკის მიმდინარეობისას ადგილზე მყოფ პირებს: თავმჯდომარესა და ადვოკატს). მათ  უფლება აქვთ, გამოთქვან შენიშვნა, დამატება ან შესწორება, რომელიც ოქმში აისახება. ამასთან, ოქმში შეტანილი ყველა შენიშვნა, დამატება და შესწორება დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი ხელმოწერით.[19]

კანონმდებლობა არ განსაზღვრავს შენიშვნის შინაარს. ჩხრეკის მონაწილეს ნებისმიერი შენიშვნის/კომენტარის დართვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს მიუხედავად იმისა, იზიარებს თუ არა ამ ოქმზე დართულ კომენტარს საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელი. „ლაბორის“ ადვოკატის განმარტებით, როდესაც მან შენიშვნის დამატება მოითხოვა (შენიშვნის მიხედვით, ის არ ეთანხმებოდა ოქმის შინაარსს და გაასაჩივრებდა. Ადვოკატი, ასევე, მიუთითებდა იმაზე, რომ ამოღებამდე არ დალუქულა ნივთები კანონით დადგენილი წესით), თავდაპირველად გამომძიებელმა ამის ნება არ მისცა და აღნიშნა, რომ წინასწარ უნდა სცოდნოდა შენიშვნის შინაარსი. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ჩხრეკის ჩამტარებელი გამომძიებელი ადვოკატს შენიშვნის გაკეთების უფლებას არ აძლევდა და ცდილობდა აღნიშნულ საკითხზე ხელმძღვანელისგან კონსულტაციის მიღებას. საბოლოოდ, ადვოკატმა ოქმზე შენიშვნა დატოვა, თუმცა ამ შენიშვნის საპასუხოდ, გამომძიებელმა, აგრეთვე, დაამატა თავისი კომენტარიც, რომ ყველა მოპოვებული ნივთი კანონის შესაბამისად იყო დათვალიერებული და დალუქული. ადვოკატმა კი დაამატა გამომძიებლის შენიშვნაზე კომენტარი, რომ გამომძიებლის შენიშვნას არ ეთანხმებოდა. 

შენიშვნის დატოვება საგამოძიებო მოქმედების მონაწილის უპირობო უფლებაა და მას შეიძლება, არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს როგორც ოქმის გასაჩივრების მიზნისთვის, ისე ბრალდების წარდგენის შემთხვევაში დაცვის სტრატეგიისთვის, რადგან ეს კომენტარი მიანიშნებს იმაზე, რომ პირი თავიდანვე არ ეთანხმებოდა ოქმის შინაარს, ბრალდების შემთხვევაში კი დაცვის მხარეს უტოვებს შესაძლებლობას, დააყენოს შუამდგომლობა ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების მტკიცებულებათა წრიდან ამორიცხვის შესახებ. ამდენად, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან შენიშვნის დართვის  პროცესში პირისთვის დაბრკოლებების შექმნა გაუმართლებელი და კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგოა, ასევე, არსებითად ლახავს პირის სამართლიანი სასამართლოს უფლებას,  მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს. 

ჩხრეკის ნებართვის გასაჩივრების მექანიზმის არაეფექტიანობა 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ჩხრეკის განჩინება საჩივრდება ერთჯერადად სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში მისი აღსრულებიდან (ჩხრეკის დასრულებიდან) 48 საათში.[20] საგამოძიებო კოლეგიას კი ამ საჩივრის განხილვისთვის 72-საათიანი ვადა აქვს. 

"ლაბორის" ოფისისა და სხვა ლოკაციების ჩხრეკის ნებართვა პროფკავშირის ადვოკატმა კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სასამართლო კონტროლი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე ფორმალური და არაეფექტიანია. საჩივრის საპასუხოდ მიღებული განჩინება დაუსაბუთებელია და ვერ პასუხობს საჩივარში დასმულ პრობლემურ საკითხებს. 

„ლაბორის“ ადვოკატის საჩივარში[21] ყურადღება იყო გამახვილებული ნებართვის ზოგად შინაარსსა და მოსაპოვებელი ობიექტების შესახებ ინფორმაციის არარსებობაზე, აგრეთვე, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის მნიშვნელობაზე. გარდა ამისა, საჩივრის ავტორმა შეაფასა „ლაბორის“ ოფისიდან პერსონალური კომპიუტერის პროცესორის ამოღება და მიუთითა, რომ ელექტრონული მოწყობილების მოპოვებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სპეციალური ნორმა არეგულირებს, რადგან ასეთი მოწყობილობების ამოღება უსაფრთხოების განსაკუთრებული სტანდარტების დაცვას საჭიროებს. კანონი პირდაპირ მოითხოვს, რომ განჩინებაში მითითებული იყოს ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლისგანაც უნდა იყოს გამოთხოვილი კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში არსებული ინფორმაცია გვარეობითი ნიშნის მიხედვით − ის კომპიუტერული სისტემა ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალება, საიდანაც უნდა იყოს გამოთხოვილი კომპიუტერული მონაცემი; კომპიუტერული სისტემიდან ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებიდან გამოსათხოვი სავარაუდო დოკუმენტი ან ინფორმაცია. საკანონმდებლო რეგულირების მიუხედავად, ჩხრეკის განჩინებაში ზოგადი ფორმითაც არაფერი იყო აღნიშნული კომპიუტერული მოწყობილობების ამოღებაზე. 

სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია, ზოგადი განმარტებების გარდა, მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ არსებობს კონკრეტული განცხადებები პროფკავშირის მიერ თანხების არამიზნობრივი ხარჯვისა და საჯარო რეესტრში ერთი და იმავე თარიღებით ყრილობების სხვადასხვა ოქმების წარდგენის შესახებ. სასამართლოს განმარტებით, განჩინებაში მითითებულ ლოკაციებზე შესაძლებელია, ინახებოდეს ამ სისხლის სამართლის საქმისთვის რელევანტური ინფორმაცია. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ყურადღების მიღმა ტოვებს არაერთ მნიშვნელოვან გარემოებას, მათ შორის, პირველი ინსტანციის სასამართლოს ნებართვაში მოსაპოვებელი ნივთის შესახებ ინფორმაციის არარსებობას, აგრეთვე, ამავე განჩინებით დასაბუთებული ვარაუდის შემქმნელი გარემოებების არასაკმარისობაზე.[22]

ის ფაქტი, რომ საგამოძიებო ორგანომ „ლაბორის“ ოფისიდან გარკვეული დოკუმენტები ამოიღო არ მიუთითებს ჩხრეკის კანონიერებაზე. ჩხრეკის კანონიერება რომ არ განისაზღვრება მის შედეგად ამოღებული ნივთებით (მით უფრო, მაშინ როდესაც ამოღებული დოკუმენტებით ვერცერთი დანაშაულის არსებობა ვერ დასტურდება) და რომ ის დასაბუთებული უნდა იყოს პროკურატურის მიერ შუამდგომლობის წარდგენის ეტაპზევე, დადგენილი აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით.[23]

ზემოთ აღნიშნული ფაქტებით ცალსახად დასტურდება, რომ „ლაბორის“ ოფისისა და განჩინებაში მითითებული სხვა ლოკაციების ჩხრეკა არ ემსახურება სისხლის სამართლის დანაშაულის გამოვლენის მიზნებს. საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნების არსებითი დარღვევით ჩატარდა. 

 ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში LEOTSAKOS v. GREECE განმარტა, რომ ჩხრეკის პროცესში არსებითი ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, საგამოძიებო მოქმედება ვერ ჩაითვლება გონივრულ და პროპორციულ ზომად, თუნდაც ის მიზნად ისახავდეს ლეგიტიმური ინტერესის (მათ შორის, დანაშაულის პრევენციის) დაცვას.24 სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნულ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობა) მოთხოვნების დარღვევა დაადგინა. [24]

ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, გასული წლის ნოემბრიდან დაწყებული უწყვეტი პროტესტის ფარგლებში სახელისუფლებო ძალისთვის პოლიტიკურად მიუღებელი სუბიექტების მიმართ სისხლის სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება სისტემურ პრაქტიკად იქცა. „ქართული ოცნება“ განსაკუთრებით აქტიურად იყენებს ჩხრეკისა და გამოკითხვის/დაკითხვის მექანიზმებს პროტესტისა და საზოგადოებრივი პროცესების აქტიური მონაწილე სუბიექტების დაშინებისა და მათი დისკრედიტაციის მიზნით. გასათვალისწინებელია, რომ ჩხრეკის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე „ლაბორის“ თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე ამავე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ფინანსურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა, რაზეც მან უნდობლობის გამო უარი განაცხადა და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მოითხოვა.  

„ლაბორის“ ჩხრეკა არა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების და საჯარო წესრიგის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს, არამედ პროფესიული გაერთიანებების საზოგადოებრივი პროცესებიდან ჩამოშორების ინტერესს ემსახურება და სისხლის სამართლებრივი მექანიზმების თვითნებურად და პოლიტიკური მიზნებით გამოყენების კიდევ ერთი მაგალითია. ამგვარი მიდგომა ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას და მოქალაქეების დაშინების, დევნისა და ტერორის ავტორიტარულ მიზანს ატარებს. 

ხელმომწერი ორგანიზაციები ვგმობთ პროფკავშირ ,,ლაბორის’’ დევნას და სოლიდარობას ვუცხადებთ ორგანიზაციის თავმჯდომარეს და მის ყველა თანამშრომელს.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „კონსტიტუციის 78-ე მუხლი“

სახელოვნებო სფეროს პროფკავშირი „გილდია“

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი 

საქართველოს ფსიქოლოგთა პროფესიული კავშირი

საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი

მედიატორთა პროფესიული კავშირი

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] სრული სახელწოდება: ა(ა)იპ საქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი.

[3] საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრ ორგანიზაციებში წარმოქმნილი დავების მარეგულირებელი კომისიის დასკვნა, 07.02.2025.

[4] ლაბორ-Labor, 4.04.2025. ვიდე ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/lrxoR74o

[5]ლაბორი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/wrxoYwST

[6] იქვე.

[7] სოციალური სამართლიანობის ცენტრი -„შვედურმა მხარემ „ევოლუშენ ჯორჯიას“  წინააღმდეგ სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ წარდგენილი საჩივრის პირველადი შეფასება დაიწყო“ . ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/NrxoIWS2

[8] საქართველოს სახალხო დამცველმა შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ დისკრიმინაციული პრაქტიკების წახალისების აღმოფხვრისკენ მოუწოდა. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/MrxoDwpW

[9] სახალხო დამცველი - ზოგადი წინადადება დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/MrxoFXNs

[10] პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, გადაწყვეტილება №გ-1/295/2024, 15.10.2024.

[11] შენიშვნა* - მედიასაშუალებებში საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის გარდა, ჩამოთვლილი დარღვევები დაიდენტიფიცირდა პროფკავშირ „ლაბორის“წარმომადგენლებთან კონსულტაციისა და ჩხრეკის დოკუმენტაციის გაცნობის საფუძველზე.

[12] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-2 და მე-3  ნაწილები.

[13] თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 16 აპრილის განჩინება N11ბ/9416-25 საქმეზე (მოსამართლე: ნანა შამათავა).

[15] ECHR, CASE OF ALIYEV v. AZERBAIJAN, (Applications nos. 68762/14 and 71200/14), 04/02/2019, 184.

[16] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,  44.

[17] მაგალითად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამომძიებელს უფლება აქვს, ამოღების ან ჩხრეკის ადგილზე მყოფ ან იქ მისულ პირებს ამოღების ან ჩხრეკის დამთავრებამდე აუკრძალოს წასვლა, ერთმანეთთან ან სხვა პირთან ურთიერთობა, რაც აღინიშნება ოქმში.

[18] პირდაპირი ეთერი ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/IrlCV8MX (სოციალურ ქსელებში არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ლაივჩანაწერი შესაძლოა აღარ იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი გარკვეული პერიოდის შემდეგ).

[19] სისხლის სამართლის საპროცესო კოდესის 134-ე მუხლის მე-5 ნაწილი.

[20] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-8 ნაწილი და 207-ე მუხლის პირველი ნაწილი.

[21] “ლაბორისა“ და მისი თავმჯდომარის წარმომადგენლის 2025 წლის 25 აპრილის საჩივარი.

[22] თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2025 წლის 30 აპრილის 1გ/659-5 განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (მოსამართლე: სპარტაკ პავლიაშვილი).

[23] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება საქმეზე “გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.”

[24] ECHR, CASE OF LEOTSAKOS v. GRÈCE, 04/01/2019, 57. (ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია მხოლოდ პრესრელიზი).

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“