[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / შეფასება

"ქართული ოცნება" აგრძელებს შეკრების თავისუფლების სისტემურ შეზღუდვას - ჭიათურელი მაღაროელებისთვის, საზმაუს მარშისთვის და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის  მქონე ბავშვების მშობლებისთვის პროტესტის უფლების დარღვევის ბოლო შემთხვევების ანალიზი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ბოლო პერიოდში შეკრების ადგილის და ფორმების შეზღუდვის პრაქტიკას, რომელიც შეკრების სფეროში მიღებული რეგრესული კანონმდებლობის ფარგლებსაც კი ვერ აკმაყოფილებს და წინააღმდეგობაში მოდის საკონსტიტუციო და ევროპული სასამართლოს მინიმალურ სტანდარტებთან. ეს პრაქტიკა მათ შორის გამოვლინდა ჭიათურელი მაღაროელების, ე.წ. „საზმაუს მარშის“ მონაწილეებისა და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) მქონე ბავშვების მშობლების მიერ დაგეგმილი შეკრებების დროს.

2026 წლის 26 მარტს პროკურატურის შენობის წინ შეკრების გამართვაზე შსს-მ უარი უთხრა ჭიათურელ მაღაროელებს, რომლებიც წელიწადზე მეტია ჭიათურაში მშრომელების მასობრივ გათავისუფლებას და ქალაქში შექმნილ უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს, ასევე  4 ჭიათურელის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლისსამართლის დევნას აპროტესტებენ.[1] შსს-მ სანაცვლოდ მაღაროელებს აქციის 100 მეტრის მოშორებით ჩატარება შესთავაზა. 26 მარტს ადგილზე მისულმა მაღაროელებმა ისაუბრეს რეპრესიულ კანონმდებლობაზე, რომელიც მათი შეკრების ადგილის შეზღუდვის საფუძველი გახდა და პროტესტის ნიშნად უარი თქვეს აქციის შეცვლილ ლოკაციაზე ჩატარებაზე, რადგან, მათი აზრით, ეს პროტესტს აზრს უკარგავდა.

შეკრების ადგილის და ფორმის შეზღუდვის შემდეგი ადრესატები გახდნენ „საზმაუს მარშის“ მონაწილეები. შსს-მ აქციის ორგანიზატორებს 2026 წლის 1 აპრილს საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებაზე ორჯერ უთხრა უარი. პირველად შსს-მ უარის მიზეზად ორგანიზატორების განცხადებაში შეკრების მონაწილეების სავარაუდო რაოდენობის მიუთითებლობა დაასახელა, თუმცა ასეთი რაოდენობის მითითების შემდგომაც უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. შსს-მ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მისულ აქციის მონაწილეებს ადგილზეც შეუზღუდა შეკრების უფლება იმის მიუხედავად, რომ მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორის განცხადებით, ისინი სპონტანურად ეხმიანებოდნენ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის წინააღმდეგ იმ დღეს გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებს. კერძოდ, შსს-ს წარმომადგენელმა აქციის მონაწილეებს მიუთითა აქციის უკანონობაზე  ორგანიზატორების განცხადებაზე მიღებული უარყოფითი პასუხიდან გამომდინარე, იმის დაკონკრეტების გარეშე, თუ რა იყო ასეთი უარის მიზეზი. ამასთან, შსს-მ აქციის მონაწილეებს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან "სახალხო მოამბის" ჩვენების ნება არ დართო და ჩვენებისათვის გამზადებული ეკრანი დააშლევინა.

შსს არ მოერიდა შეკრების ფორმის და ხანგრძლივობის შეზღუდვას იშვიათი გენეტიკური დაავადების - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) მქონე ბავშვების მშობლების  შემთხვევაშიც. მშობლებს, რომლებიც წელიწადზე მეტია მათი შვილების სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტების შემოტანასა და კვლევების დაფინანსებას ითხოვენ, შსს-მ 2026 წლის 6 აპრილს კანცელარიის წინ კარვების დადგმისა და 24-საათიანი პროტესტის გამართვის უფლება არ მისცა. ამის საფუძვლად შსს-მ მიუთითა “შეკრებებისა და მანიფესტაციების” შესახებ კანონში 2025 წლის 6 თებერვალს შესულ ცვლილებაზე (მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტი), რომლის თანახმად, შეკრების მონაწილეებს უფლება არ აქვთ: ვ) მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, აფერხებს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალურ ფუნქციონირებას, მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ან/და მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

შეკრების ადგილის და ფორმის შეზღუდვის ეს პრაქტიკა აჩვენებს, რომ შსს რეპრესიულ კანონმდებლობაში ფორმალურად შენარჩუნებულ მინიმალურ მოთხოვნებსაც არ ასრულებს. კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში შსს გაფრთხილებას შეკრების მშვიდობიან გარემოში ჩატარების საშუალების ნაცვლად, შეკრების ნებართვაზე დამოკიდებულების მექანიზმად ხედავს.

შსს-მ აქციის დროის შეცვლის შესახებ სავალდებულო მითითება მაღაროელების და „საზმაუს მარშის“ შემთხვევაში გასცა კანონის იმ მინიმალური წინაპირობის დაკმაყოფილების გარეშე, რომელიც გულისხმობს მათ მიერ რეალური საფრთხის შექმნას საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისთვის, ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობისთვის, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებისთვის, ადამიანის სხვა უფლებებისა და თავისუფლებებისთვის.

შსს-მ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) მქონე ბავშვების მშობლებისთვის შეკრების ფორმის შეზღუდვისას ასევე დაარღვია კანონი, როდესაც არ ჩათვალა საჭიროდ დაესაბუთებინა, თუ რატომ შეუშლიდა ხელს კარვების განთავსება პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას ან/და დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალურ ფუნქციონირებას.  

შეკრების შეზღუდვის ეს პრაქტიკა, ისევე როგორც მის განსახორციელებლად შემოღებული ბუნდოვანი კანონმდებლობა ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო და ევროპული სასამართლოების სტანდარტებსაც.

საკონსტიტუციო[2] და ევროპული სასამართლოები[3] დაუშვებლად მიიჩნევენ გაფრთხილების წესის სპონტანურ აქციებზე გავრცელებას, არასპონტანური აქციის შემთხვევაში კი, მის გამოყენებას თვითმიზნურად, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის პოზიტიური ვალდებულების მიღმა.

საკონსტიტუციო სასამართლო არასპონტანური შეკრების შემთხვევაში, გაფრთხილების წესს შეკრების უსაფრთხო გარემოში ჩატარების საშუალებად ხედავს და ასეთი გარემოს უზრუნველყოფის სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უკავშირებს.[4] საწინააღმდეგო შეუთავსებელი იქნებოდა კონსტიტუციის 21-ე მუხლთან, რომელიც მშვიდობიანი შეკრების ნებართვაზე დამოკიდებულებას კრძალავს. ევროპული სასამართლოც ხაზს უსვამს, რომ არასპონტანური შეკრების შემთხვევაშიც, გაფრთხილების წესის გამოყენების ფარული მიზანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვა არ უნდა იყოს.[5] 

საკონსტიტუციო და ევროპული სასამართლოები შეკრების თავისუფლების განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს ადგილის და ფორმის არჩევის უფლებას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ბლანკეტურ ტერიტორიულ შეზღუდვებს, მაგალითად, საჯარო დაწესებულებების 20 მეტრის რადიუსში შეკრების აკრძალვას, დაუშვებლად მიიჩნევს მათ შორის, სასამართლოს შემთხვევაში, თუ კონკრეტულ ვითარებაში რეალური საფრთხე არ არის იდენტიფიცირებული.[6]

შესაბამისი დასაბუთების გარეშე ტერიტორიული შეზღუდვა დაუშვებელია კონკრეტულ ვითარებაშიც, რადგან  “მონაწილეთათვის არასასურველ ადგილას ან არასასურველ დროს შეკრების/მანიფესტაციის ჩატარებამ შეიძლება […] საერთოდ აზრი დაუკარგოს მის ჩატარებას.”[7] სასამართლო ცნობს შეკრების მონაწილეების ლეგიტიმურ ინტერესს “მიიპყრონ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ყურადღება”, რისთვისაც ირჩევენ ხალხმრავალ ადგილებს, ქალაქის მთავარ ქუჩებსა თუ მოედნებს, კონკრეტული ორგანოებისა თუ დაწესებულებების ახლომდებარე ტერიტორიებს.[8]

ევროპული სასამართლოც შეკრების თავისუფლებით იცავს პირის უფლებას, აირჩიოს შეკრების დრო, ადგილი და ფორმა და მხოლოდ თანაზომიერების პრინციპის დაცვით უშვებს ამ უფლებების შეზღუდვას.[9] შეკრების თავისუფლების ქვეშ ექცევა და შეზღუდვისას შესაბამის დასაბუთებას საჭიროებს, მაგალითად, სასამართლოს სიახლოვეს შეკრება როგორც მიმდინარე საქმესთან კავშირში,[10] ისე სასამართლოს საქმიანობასთან დაუკავშირებელი მიზნით.[11] მეტიც, ევროპული სასამართლო სახელმწიფოს თმენის ვალდებულებას აკისრებს თვითმიზნური შეფერხების შემთხვევაშიც, თუ ეს პროტესტის მიზნებთან არის კავშირში.[12] მაგალითად, ევროპული სასამართლო შეკრების თავისუფლების სფეროში აქცევს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის გარკვეული დროით მიზანმიმართულ შეფერხებას, როდესაც პროტესტი პირდაპირ მიემართება საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას.[13] ევროპული სასამართლო გამოხატვის და შეკრების თავისუფლების დაცვას ავრცელებს, მათ შორის, ისეთ პერფორმანსებზე, რომლებიც საჯარო დაწესებულებებისა[14] ან საზოგადოებისთვის ღია კერძო დაწესებულებების დროებით დაკავებას ან შეფერხებას გულისხმობს.[15]

ეუთოს და ვენეციის კომისიის 2019 წლის სახელმძღვანელო პრინციპები ყველაზე სრულყოფილად აღწერს შეკრების ადგილის და მიმართულების არჩევის თავისუფლებას. დოკუმენტის, თანახმად, როგორც წესი, ადამიანებს აქვთ უფლება, აირჩიონ შეკრების ადგილი ან მარშრუტი საჯაროდ ხელმისაწვდომ ადგილებში. ადგილი ან მარშრუტი შეიძლება მოიცავდეს, მათ შორის, საჯარო პარკებს, მოედნებს, ქუჩებს, გზებს, გამზირებს, ტროტუარებს, მოსახლეობისთვის განკუთვნილ ბილიკებს და ღია სივრცეებს საჯარო შენობებისა და ობიექტების მახლობლად. შენობები და ნაგებობები, რომლებიც ფიზიკურად შესაფერისია შეკრებებისთვის (ანუ შეუძლიათ მოიცვან მონაწილეთა მოსალოდნელი რაოდენობა) და რომლებიც ჩვეულებრივ ღიაა საზოგადოებისთვის, როგორებიცაა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აუდიტორიები, სტადიონები ან ღია სივრცეები საჯარო შენობებში ასევე შეიძლება განიხილებოდეს შეკრებებისთვის კანონიერ ადგილებად, და მათი გამოყენება ანალოგიურად იქნება დაცული მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით. გაიდლაინის თანახმად, დემოკრატიულ საზოგადოებაში შეკრების თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეკრება საჯარო სივრცეს ისევე ლეგიტიმურად იყენებს, როგორც ეს კომერციული საქმიანობის ან ქვეითი და სატრანსპორტო მოძრაობის შემთხვევაშია (პ. 61-62).[16]

საკონსტიტუციო და ევროპული სასამართლოები შეკრების მიზნებისთვის კარვების მსგავსი დროებითი კონსტრუქციის გამოყენებას შეკრებით დაცულ სფეროში აქცევს და ამ უფლების შეზღუდვისას სახელმწიფოს დასაბუთების ვალდებულებას აკისრებს.

საკონსტიტუციო სასამართლო მიჯნავს დროებითი კონსტრუქციებით სავალი ნაწილის გადაკეტვასა და მისი შეკრების ორგანიზების მიზნით გამოყენებას და ამ უკანასკნელს შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროში აქცევს.[17] ანალოგიურად, ევროპული სასამართლო დროებითი კონსტრუქციების განლაგებას შეკრების თავისუფლების სფეროში აქცევს, თუ ისინი პოლიტიკური გამოხატვის ფორმას უკავშირდებიან.[18]

ამ სტანდარტთან წინააღმდეგობაში, შსს- სამივე დაგეგმილ აქციას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ბლანკეტურად უთხრა უარი ადგილის და ფორმის არჩევაზე, ხოლოსაზმაუს მარშთანმიმართებით სრულიად უგულებელყო წესი, რომელიც სპონტანურ აქციასთან მიმართებით გაფრთხილების ვალდებულებას საერთოდ არ ითვალისწინებს.

 დასკვნა

როგორც აღწერილი პრაქტიკა ცხადყოფს, შეკრების თავისუფლების დაცვაში უკუსვლა სისტემურ და პრაქტიკულად შეუქცევად პროცესად იქცა. ეს უკუსვლა გამოიხატა არამარტო რეგრესულ კანონმდებლობაში, არამედ თავად ასეთი კანონმდებლობის შემბოჭველი ფუნქციის გაქრობაშიც.

ჭიათურელ მაღაროელებს, „საზმაუს მარშის“ მონაწილეებსა და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) მქონე ბავშვების მშობლებს შსს-მ  ბლანკეტურად შეუზღუდა შეკრების ადგილისა და ფორმის არჩევის თავისუფლება ისე, რომ არც მიუთითებია, კანონით ჯერ კიდევ გათვალისწინებული რომელ საფუძველს აკმაყოფილებდა ეს შეზღუდვები ან/და რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა ისინი.

შეკრების ადგილისა და ფორმის შეზღუდვის ეს პრაქტიკა არ წარმოადგენს კანონმდებლობისა და უფლების დარღვევის იზოლირებულ შემთხვევებს; იგი ავლენს შეკრების საზოგადოებრივი მნიშვნელობის და პროტესტით შექმნილი დისკომფორტის მინიმუმამდე დაყვანის სისტემურ განზრახვას. ასეთ პირობებში, კანონი იქცევა ძალაუფლების განხორციელების იარაღად, მისი შემზღუდავი ფუნქცია კი პრაქტიკულად გაუქმებულია. მსგავსი პრაქტიკა ასახავს არა სამართლის უზენაესობის (rule of law) პრინციპს, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება ექვემდებარება სამართალს და არავინ დგას კანონზე მაღლა, არამედ „სამართლის მეშვეობით მმართველობის“ (rule by law) მოდელს, სადაც სამართალი მხოლოდ პოლიტიკური მიზნების მიღწევის ინსტრუმენტია. 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] 2026 წლის 20 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მაზანაშვილმა ჭიათურის პროტესტის ოთხი მონაწილე დამნაშავედ ცნო. გიორგი ნეფარიძესა და მერაბ სარალიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ბრალდებით ექვსი წლითა და სამი თვით, ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ოთხი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

[2] პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ 24/06/2014, პ. 13. აღსანიშნავია, რომ სპონტანურ შეკრებაზე გაფრთხილების ვალდებულების დაუშვებლობას საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფარგლებში თავად “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებიც ეთანხმებოდნენ.

[3] Bukta and Others v. Hungary, 2007, § 36; Lashmankin and Others v Russia, 2017, §§ 452-54; Gafgaz Mammadov v. Azerbaijan, 2015, § 59.

[4] საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 14/12/2023, პ. 36.

[5] Oya Ataman v. Turkey, 2006, § 38; Berladir and Others v. Russia, 2012, § 39.

[6] მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ 18/04/2011, II.პ.56-57, 59.

[7] საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 14/12/2023, II.პ. 34. 

[8] იგივე პ. 35, ასევე 40.

[9] Sáska v. Hungary, 2012, § 21.

[10] Navalnyy v. Russia [GC], 2018, § 110.

[11] Lashmankin and Others v. Russia, 2017, § 440.

[12] Navalnyy and Yashin v. Russia, 2014, § 63; Kudrevičius and Others v. Lithuania [GC], 2015, § 97-98, 150.

[13] Makarashvili and Others v. Georgia, no. 23158/20, 1 September 2022, პარა 89-94.

[14] Taranenko v. Russia, no. 19554/05, 15 May 2014.

[15] Mariya Alekhina and Others v. Russia, 38004/12, 17 July 2018; იხ. ასევე Annenkov and Others v. Russia, 2017, § 123, 126.

[16] Venice Commission/OSCE ODIHR 2019 Guideline on Freedom of Peaceful Assembly (15 July 2020) https://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2019)017rev-e.  

[17] მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ 18/04/2011, II.პ.43.

[18] Frumkin v. Russia, no. 74568/12, §107, 5 January 2016.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“