საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2023 წლის 19 ივნისს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ სრულად დააკმაყოფილა სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადება და შალვა რამიშვილის, ასევე „POSTV“-ის სხვა ჟურნალისტების, ნინო სალუქვაძის, ნათია ბერიძის, ნუგზარ ხავთასის, ანა შანიძის, დათა გვასალიასა და ნუცა კოროშინაძის მხრიდან არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების, ადამიანის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევის, დისკრიმინაციის წახალისების საფრთხის შექმნის და ფაქტების დამახინჯების აკრძალვის პროფესიული და ეთიკური ვალდებულებების დარღვევა დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ საქმე შეეხება 2023 წლის 24 მარტს თათია სამხარაძის წინააღმდეგ „POSTV“-ის მხრიდან დაწყებულ შეურაცხმყოფელი, დისკრიმინაციული და ცრუ ინფორმაციის გავრცელების კამპანიას (დეტალური ინფორმაცია იხ.: https://shorturl.at/pFKM2 ).
ქარტიამ დაადგინა, რომ ხსენებული ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ მასალებში არ იყო მითითებული შესაბამისი მტკიცებულება, წყარო, ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. მასალებს აკლდა გადამოწმება და წყაროები, ინფორმაცია კი გაშუქებული იყო მანიპულაციურად. ქარტიის პოზიციით, POSTV-ის წარმომადგენლებმა პატივი არ სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია. ჟურნალისტმა ყველა ღონე უნდა იხმაროს ინფორმაციის ღია წყაროებთან გადასამოწმებლად. ხოლო თუ ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება, ამის შესახებ ცალსახად უნდა აცნობოს აუდიტორიას. სადავო პროდუქტებში არ ჩანდა, რომ ტელევიზიის წარმომადგენელმა დაიცვა ზემოაღნიშნული ეთიკური ვალდებულება.
ქარტიამ სადავო მასალებში დაინახა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაც: “POSTV-ის მიერ თათია სამხარაძის მიმართ წამოწყებულ კამპანიას ფონად გასდევდა თათია სამხარაძის, როგორც ქალის ობიექტივიზაცია და შერცხვენის მცდელობა. მუდმივი ხაზგასმა “კარადაში პოვნაზე” სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. გარდა იმისა, რომ ტელეკომპანიის წარმომადგენლებს ეს ინფორმაცია სათანადოდ არ ჰქონდათ გადამოწმებული, დადასტურების შემთხვევაშიც კი, ამ ტიპის ცნობების ამ ფორმით გავრცელება არ არის ეთიკური, რადგან იწვევს დისკრიმინაციას და საზოგადოებაში არსებული მცდარი შეხედულებების წახალისებას — “კარადაში დამალვა” თავისთავად სამარცხვინოდ აღიქმება და აუდიტორიის ნაწილი ამას მიიჩნევს სექსუალური კავშირის დასტურად. იმ საზოგადოებაში კი, სადაც ქალის სექსუალობა სამარცხვინო, მიჩქმალული და უგულებელყოფილია, ამ ტიპის გადაუმოწმებელი თუ გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელებას ჟურნალისტი განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოეპყროს, რათა არ გააძლიეროს სტერეოტიპები და დისკრიმინაცია”- აღნიშნულია ქარტიის გადაწყვეტილებაში
ამ საქმეში დაირღვა თათია სამხარაძის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაც. ქარტიის პრაქტიკის თანახმად, პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საჯარო, თუ ეს ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს. საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი შეფასების საგანია. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება პირის პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროება, თუ ამ ინფორმაციის მიმართ არსებობს საზოგადოების ობიექტური ინტერესი, რაც ცნობისმოყვარეობას არ გულისხმობს. თუ POSTV მიიჩნევდა, რომ მათ მიერ დასახელებული “შავი კამპანია” ნამდვილად არსებობდა, ეს ინფორმაცია უნდა გადაემოწმებინა პირად ცხოვრებაში შეჭრის გარეშე. თუმცა ტელევიზიის მიერ გავრცელებული მასალები ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ეს იყო კამპანია თათია სამხარაძის წინააღმდეგ. აღნიშნული მასალები ატარებდა სპეკულაციურ ხასიათს და აძლიერებდა სტიგმას. არსებული მოცემულობით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ტელევიზიის მიზანი სწორედ პირად ცხოვრებაში შეჭრა იყო, მათ შორის, პოლიციის გამოძახების საშუალებით, დღეების განმავლობაში სახლთან დგომით და ა.შ
ქარტიამ დაადასტურა, რომ ტელეკომპანიის ჟურნალისტების მხრიდან ადგილი ჰქონდა ფაქტების განზრახ დამახინჯებასაც. ტელეკომპანია „POSTV"-ის წარმომადგენლები ფაქტების მანიპულაციით და არგადამოწმებით ცდილობდნენ თათია სამხარაძის რეპუტაცია ეჭვქვეშ დაეყენებინათ. სახეზე იყო კამპანია, რომელმაც „POSTV”-მ თათია სამხარაძის წინააღმდეგ დაიწყო. ფაქტების დამახინჯების განზრახულობაზე მიუთითებდა შემდეგი გარემოებაც: ნათია ბერიძეს წინასწარი განწყობები ჰქონდა თემასთან დაკავშირებით; ჩანს მისი ინტერესთა კონფლიქტი; მას საჯაროდ გამოქვეყნებულ პოსტში ჰქონდა წინასწარი შეფასებები დაფიქსირებული თათია სამხარაძესთან დაკავშირებით.
ქარტიის გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ტელეკომპანია POSTV საზოგადოებისთვის არა რეალურად ინფორმაციის მიწოდებას, არამედ თათია სამხარაძეზე უარყოფითი შთაბეჭდილების შექმნას, პირად სივრცეში შეჭრას და ყოველგვარი ობიექტური საფუძვლის გარეშე მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ისახავდა მიზნად.
ინსტრუქცია