საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა გამოძიების დაწყებას, თათია სამხარაძის მიმართ ტელეკომპანია ,,პოსტვ“-ის დამფუძნებლის შალვა რამიშვილისა და მისი თანამშრომლის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო ადევნების დანაშაულთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 25 მარტს, ტელეკომპანია ,,პოსტვ“-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თათია სამხარაძე იმყოფებოდა დავით კეზრაშვილის ცოლისძმის დიმიტრი ჩიქოვანის კუთვნილ ბინაში და შესაძლოა მას აღკვეთილი ჰქონოდა თავისუფლება, რის გამოც ,,პოსტვ-ის“ ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ მიმართა პოლიციას. "პოსტვ"-ის ჟურნალისტები აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას თათია სამხარაძისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების თაობაზე და ცდილობდნენ მის დისკრედიტაციას. ამასთან ერთად, ჟურნალისტები რამდენიმე დღის განმავლობაში მორიგეობდნენ თათია სამხარაძის სახლთან და ცდილობდნენ მის გადაღებას. 25 მარტის ინციდენტს წინ უსწრებდა თათია სამხარაძის მიერ 20 მარტს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტის გამოქვეყნება, სადაც იგი საუბრობდა შალვა რამიშვილის მხრიდან ქალების სექსუალურ შევიწროვებაზე. თათია სამხარაძის მიერ პოსტის გამოქვეყნების შემდგომ არაერთმა ქალმა გაავრცელა სხვადასხვა დროს შალვა რამიშვილის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროვების თაობაზე ინფორმაცია. შედეგად, მომდევნო დღეებში კი ტელეკომპანია ,,პოსტვ“-ის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი პირდაპირ ეთერში საუბრობდა თათია სამხარაძის შესახებ და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე უთითება, რომ უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ინფორმაცია იყო ორკესტრირებული და თათია სამხარაძემ ამ ცილისმწამებლური კამპანიისთვის აიღო ფული დავით კეზერაშვილისგან.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია ,,პოსტვ“-ის დამფუძნებლისა და ჟურნალისტის ქმედებები თათია სამხარაძესთან დაკავშირებით შესაძლოა შეიცავდეს ადევნების დანაშაულის ნიშნებს, ვინაიდან შალვა რამიშვილისა და ნათია ბერიძის ყველა ქმედების ერთადერთ მიზანს სავარაუდოდ წარმოადგენდა თათია სამხარაძისთვის ფსიქიკური ტანჯვის მიყენება და იძულება შეიცვალოს ცხოვრების წესი- შეწყვიტოს შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალურ შევიწროვებაზე საუბარი.
მიგვაჩნია, რომ გამოვლენილი ქმედებები, წარმოადგენს ქალზე ძალადობის ერთ-ერთ ფორმას, რაც თავისთავად საჭიროებს გამოძიებას და მომხდარისთვის რელევანტური სამართლებრივი შეფასების მიცემას. ძალადობის, დევნისა და შევიწროების მსხვერპლი ქალების ჯეროვანი დაცვა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ქალების უსაფრთხოებისთვის, თანასწორობისთვის და პოლიტიკური და საზოგადოებრივი მონაწილეობისთვის. სახელმწიფოს როლი პატრიარქალური ძალადობრივი პრაქტიკების აღმოფხვრისთვის არსებითია და ამ მიმართებით სახელმწიფო ინსტიტუტებმა ადამიანის უფლებების პატივისცემისა და მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტები უნდა დაიცვას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როცა შევიწროებისა და ადევნების შესაძლო შემთხვევები მაღალი პოლიტიკური გავლენების მქონე ფიგურებს უკავშირდება. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და საქმეზე ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება. იმ ფონზე, როდესაც საქმეზე ხელისუფლების წარმომადგენლების უსაფუძვლო განცხადებები მოვისმინეთ, რომელიც ქალთა უფლებების დაცვის სულისკვეთებისგან და პატივისცემისგან სრულად დაცვლილი იყო, არსებითად მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა სისტემამ შეძლოს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების განუხრელი დაცვა. ჩვენთვის ამ კონტექსტში სამართალდამცავი ინსტიტუტების ჯეროვანი მუშაობა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლებში გატარებული რეფორმების სულისკვეთების დაცვის და გაგრძელების ერთგვარი ტესტიც კი არის.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს თათია სამხარაძის ინტერესების დაცვას და საზოგადოებას პერიოდულად მიაწდვის ინფორმაციას გამოძიების თაობზე.
ინსტრუქცია