საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება უკანასკნელ დღეებში მედიასაშუალება ,,პოსტ ტვ-ის“ ჟურნალისტების მხრიდან ყოფილი ტელეწამყვანის, თათია სამხარაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს და მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაძლო დანაშაულების (ცრუ დასმენის/ადევნების) თაობაზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება.
24 მარტს, ტელეკომპანია "პოსტვ-იმ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ თათია სამხარაძე იმყოფებოდა ერთ-ერთი პოლიტიკოსის კუთვნილ ბინაში და შესაძლოა, მას აღკვეთილი ჰქონოდა თავისუფლება, რის გამოც ,,პოსტვ-ის“ ჟურნალისტმა მიმართა პოლიციას. მომდევნო დღეებში და დღესაც, ტელეკომპანიის ჟურნალისტები აქტიურად ავრცელებ ინფორმაციას თათია სამხარაძისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების თაობაზე და ცდილობენ მის დისკრედიტაციას. Როგორც სოციალურ ქსელში გავცელებული ინფორმაციიდან ჩანს, ტელეკომპანიის ჟურნალისტები ამ მომენტშიც თათია სამხარაძის სახლთან იმყოფებიან.
როგორც ცნობილია, 2016 წელს, თათია სამხარაძემ ყოფილი დამსაქმებელი, "პოსტვ-ის" დამფუძნებელი და ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და სასამართლოს მიმართა. 2018 წლის 3 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა თათია სამხარაძის სარჩელი და შალვა რამიშვილს მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 2000 ლარის გადახდა დაეკისრა. პირველი ინსტანაციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს თბილისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესმა სასამართლოებმა. ამასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 20 მარტს, თათია სამხარაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შედეგებს. სწორედ ამ პოსტის შემდგომ დაიწყო თათია სამხარაძის მიმართ ,,პოსტვ“-ის პროვოკაციული ქმედებები და მიზანმიმართული თავდასხმა.
უნდა აღინიშნოს, რომ 20 მარტს, სოციალურ ქსელში თათია სამხარაძის პოსტის შემდგომ, 6-მა ქალმა გაავრცელა სხვადასხვა დროს შალვა რამიშვილის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროვების თაობაზე ინფორმაცია. კერძოდ, ამავე დღეს, ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, შალვა რამიშვილი მასთან გასაუბრებაზე მისულ მაკო ჯაბუას სექსუალური შინაარისის კითხვებს უსვამდა და ერთ მომენტში გაშიშვლებასაც შეეცადა. სექსუალური შევიწროვების თაობაზე ისაუბრა ჟურნალისტმა გვანცა ბუდაღაშვილმაც, რომელმაც აგრეთვე მიუთითა, რომ რამიშვილთან გასაუბრებაზე მისულს საქმიანი შეკითხვების ნაცვლად სექსუალური შინაარსის კითხვებზე უწევდა პასუხის გაცემა და გასაუბრებიდან წამოსვლის შემდგომ შ. რამიშვილი მას სოციალურ ქსელშიც სწერდა სხავდასხვა შინაარსის შეტყობინებებს. აგრეთვე შ. რამიშვილის მხრიდან სექსუალურ შევიწროვებაზე ისაუბრა ანანია გაჩეჩილაძემ და მოგვიანებით ტელეკომპანია ,,ფორმულამ“ შესაბამისი ჩანაწერიც გამოაქვეყნა, სადაც ისმის, როგორ მიმართავს სავარაუდოდ შალვა რამიშვილი ანანია გაჩეჩილაძეს სექსუალური ხასიათის და უცენზურო ფრაზებით. ამასთან ერთად, ამავე პერიოდში გავრცელდა კიდევ სამი ქალის მონათხრობი, სადაც აგრეთვე გასაუბრების დროს შ. რამიშვილის მხრიდან შესაძლო სექსუალურ შევიწროვებაზეა საუბარი.
საქართველოს კანონმდებლობით, ქალების სექსუალური შევიწროვებისთვის დადგენილია სამოქალაქო და ადმინისტრაციულსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ადევნებისთვის. კერძოდ, საქართველოს შრომის კოდექსის მე-4 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად სექსუალური შევიწროება არის პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროვება მიიჩნევა დისკრიმინაციის ფორმად. საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა აგრეთვე მიიჩნევა სექსუალურ შევიწროვებად და იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 161-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის შესაბამისად კი დასჯადია ადევნება, რომელიც გულისხმობს პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ პერიოდში თათია სამხარაძის მიმართ გამოვლენილი ქმედებები შესაძლოა შეიცავდეს ადევნების დანაშაულების ნიშნებს, რომლიცსწორედ ,,პოსტვ-ის” ინსტრუმენტად გამოყენების გზით ხდება. საეჭვოა, რომ ამ შემთხვევაში, "პოსტვ"-ს ქმედებების მიზანს ჟურნალისტური საქმიანობა წარმოადგენდეს, ვინაიდან შეუძლებელია, ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდეს თათია სამხარაძის (რომელიც არ არის საჯარო პერსონა) რომელიმე საცხოვრებელ სახლში ან სხვა ადგილას ყოფნასთან დაკავშირებით, რაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით დაცული სფეროა და მისი გადაადგილების ამ ხარისხით კონტროლი ამ უფლებაში უხეშ ჩარევად უნდა მივიჩნიოთ.
ჩვენი შეფასებით, საკითხის ირგვლივ არსებული გარემოებები, თათია სამხარაძის მიერ სასამართლოში მოგებული საქმის კონტექსტი და ბოლო პერიოდის მოვლენები, როდესაც შ. რამიშვილი იმავე ქმედებაში სხვა ქალებმაც დაადანაშაულეს, მიუთითებს, შ. რამიშვილის ტელევიზიის რეალურ მოტივაციას ერთი მხრივ, გადაფაროს ზემოხსენებული მძიმე ბრალდებები, მოახდინოს მათი მინიმიზება, მეორე მხრივ კი თათია სამხარაძეს განაცდევინოს ფსიქიკური ტანჯვა და აიძულოს შეიცვალოს ცხოვრების წესი. აღნიშნული კი თავისთავად საჭიროებს გამოძიებას და მომხდარისთვის რელევანტური სამართლებრივი შეფასების მიცემას.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს თათიასამხარაძესთან დაკავშირებული ქმედებების სამართლებრივი შეფასება და დაიწყოს გამოძიება.
ინსტრუქცია