საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
უკანასკნელი წლების განმავლობაში ნათლად ჩანს სოციალური პრობლემების მიმართ საზოგადოების ქმედუუნარობა. რა ენერგიაც უნდა დახარჯულიყო სისტემური ცვლილებების შესახებ დისკუსიაში, კვლავ გადაინაცვლა პარტიულ დაპირისპირებებში. შესაბამისად, სოციალური პრობლემების საკითხი „აფსაიდში“ დარჩა.
უკანასკნელი თვეების განმავლობაში სოციალურად დაუცველი ჯგუფები თვითონვე გააქტიურდნენ და ცდილობენ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს მიაწვდინონ ხმა. ეს პოლიტიკური გარდატეხის შედეგია. ზემოთხსენებულ ჯგუფებს გაუჩნდათ იმედი, რომ ახლანდელი მთავრობა მაინც გაიაზრებს მათ მდგომარეობას და მოახდენს რეაგირებას. აქედან გამომდინარე ეს ჯგუფები მაქსიმალურად ცდილობენ მიიქციონ ხალხის ყურადღება მათ შორის რადიკალური გზებითაც - სახელმწიფო ან კერძო ბალანსზე არსებული შენობების დაკავებით. ერთ-ერთი გამოკვეთილი მაგალითი ამისა არიან ათონელის ქუჩაზე არსებულ მიტოვებულ სკოლაში შესახლებული პირები, რომლებსაც არ ჰქონდათ საცხოვრებელი ფართი; არ ჰქონდთ სამუშაო; ბევრს ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვი.ათონელზე მდებარე სკოლის დაკავების შემდეგ სამოქალაქო/სტუდენტური ჯგუფები შეეცადნენ წინ წამოეწიათ ეს პრობლემა და გამოეხატათ სოლიდარობა. გაიმართა რამოდენიმე აქცია, თუმცა როდესაც საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას, თუ რა შედეგი მოგვცა ამან - პასუხი არ მაქვს. ვფიქრობ, სახელმწიფოს მზაობის არ არსებობის გამო პროცესი მდგრადია.
N1: სოციალური დაცვის სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით 150000-მდე საქართველოს მოქალაქე მიიჩნევა სოციალურად დაუცველად. დღევანდელ პირობებში სოციალურად დაუცველის სტატუსი გულისხმობს პირის უკიდურეს სიღატაკეს, საარსებო მინიმუმზე წვდომის არ ქონას. (ღატაკი მოქალაქეების რაოდენობა ბევრად მეტია, ბაზაში აღრიცხულ და დადგენილ მონაცემებთან შედარებით)N2: საქართველოში საარსებო მინიმუმი დაახლოებით 140-150 ლარამდე მერყეობს. სოციალურად დაუცველთა დახმარება კი ოჯახიდან 1 პირზე 30 ლარს შეადგენს. დანარჩენ ოჯახის წევრებზე 24-24 ლარს. ეს კი საარსებო მინიმუმზე 5-ჯერ ნაკლებია, რაც პირდაპირ გულისხმობს არსებობის შეუძლებლობას.N3: უსახლკარო სოციალურად დაუცველები ვერ ახდენენ სოციალურ დახმარების ბაზაში რეგისტრირებას. რეგისტრაციისას აუცილებელი მოთხოვნაა საცხოვრებელი ადგილი, რისი მითითებაც მათი მხრიდან შეუძლებელია.N4: სოციალურად დაუცველების საცხოვრისებით დაკმაყოფილების მხოლოდ ერთი პროგრამა არსებობს, რომელსაც მერია შვეიცარიის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ახორციელებს. დაკმაყოფილდა სულ 50 ოჯახი.N5: მთელ საქართველოში არის მხოლოდ რამოდენიმე ერთეული თავშესაფარი სოციალურად დაუცველი პირებისთვის.N6: უფასო სასადილოების პროგრამაში რეგისტრაციისთვის საჭიროა რიგში ჩადგომა და დაახლ. 1 თვე ლოდინი სანამ მიიღებ დაპირებულ საჭმელს.N7: არ არსებობს სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილების სპეც. პროგრამები სოციალიზაციისთვისN8: სახელმწიფოს არ გააჩნია გეგმაც კი სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების შესახებ, რათა ისინი არ იყვნენ მუდმივად გაწვდილი ხელის მდგომარეობაში.
ამ პრობლემების ჩამონათვალს შეგვიძლია ბევრი ვიწრო პრობლემაც მივამატოთ. თუმცა, შევეცადე მაქსიმალურად გამომეკვეთა ის პრობლემები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და საჭიროებს დიდ ყურადღებას, როგორც სახელმწიფოს ასევე საზოგადოების მხრიდან.ვფიქრობ, დღეს არის ძალიან საინტერესო დრო, როცა შეგვიძლია დავინახოთ მოწყვლადი ჯგუფების მიერ მცდელობა თავიანთი პრობლემების მოგვარებისა. თუ ჩვენ გადავხედავთ წინა წლებს შევამჩნევთ, რომ ძირითადად ეს ჯგუფები „გაწვდილი ხელის“ რეჟიმში არსებობდნენ. ახლა კი, მათ გაუჩნდათ მიზანი - საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესება. ისინი, ეფექტურად თუ არაეფექტურად, მთელ თავიანთ ენერგიას ახარჯავენ ამ მიზანს. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ეს როგორც ამბოხი ძალაუფლების მიმართ... ამბოხი ძალადობის წინააღმდეგ.
ამ ამბოხის მოთამაშე ნათელია, რომ ვერ იქნება მხოლოდ სოციალურად მოწყვლადი ჯგუფი. იმისათვის რომ მოხდეს საკითხის რეალური დაძვრა, საჭიროა მაქსიმალურად ჩაერთოს პროცესში სამოქალაქო სექტორი და შეეცადოს აიძულოს სახელმწიფო ქმედითი ნაბიჯებისკენ. კონტექსტუალურად ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ 30 ლარიანი დახმარება 60 ლარამდე აწიოს და ამით ერთი მხრივ დაიმშვიდოს თავი „რეალური მიღწევის“ საფუძველზე, მეორე მხრივ კი მოახდინოს საზოგადოების გაჩუმება. მიუღებელია არა ის, რომ ეს ცვლილება მოხდება, არამედ მიზანი ამ ცვლილებისა. ადამიანებმა უნდა იგრძნონ არჩეული ხელისუფლების სენსიტიურობა თემის მიმართ და რეალური მცდელობა პრობლემის იდენტიფიცირებისა და შემდეგ გამოსწორებისა. სახელმწიფო უნდა იყოს პრობლემის მოგვარების მუდმივ ცდაში და არა ერთჯერადი გადაწყვეტილების ძიებაში. სწორედ, ეს არის სახელმწიფოსთვის დამღუპველი, როგორც მისი არაქმედითუნარიანობისთვის. ეს პროცესი განსაკუთრებულად საგრძნობია, როცა პრობლემის მასშტაბი ძალიან დიდია. ჩვენს შემთხვევაში ეს ასეა და რიცხვი ყოველწლიურად თანდათან უფრო იმატებს.
გადავავლოთ თვალი ჰერბერტ ბლუმერის მიერ შემუშავებ მოდელს სოციალურ პრობლემებთან მუშაობის მიმართებით:
დავა პროგრესისთვის
რამოდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა 1 წლის ბავშვი სიღატაკისგან და საკვების არ ქონიდან გამომდინარე. გავიხსენოთ, თუ როგორ აგორდა კამპანია და რამდენი ადამიანი აღშფოთდა ამ ფაქტის გამო. თუმცა, ეს ამბავი ისევე მიილია, როგორც განვლილი კვირა. საზოგადოების მთავარი პრობლემა ამ ასპექტში არის კითხვის არქონა თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კიდევ მრავალჯერ არ განმეორდეს მსგავსი. გამეორებას კი ჩვეულნი ვართ. არც ეს შემთხვევა ყოფილა პირველი და უკანასკნელი.ამ თვეების განმავლობაში თბილისის ერთ-ერთ უბანში „მორგის“ შენობაში ცხოვრობენ უსახლკარო ადამიანები. მათ იმ მაგიდებზე უწევთ წოლა, სადაც წლების წინ გვამები იწვნენ. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად ეს სიმბოლისტურია მათი სოციალური სიკვდილის გამო... სოციალური სიკვდილი, რომელიც უფრო მკვლელობით არის გამოწვეული, ვიდრე თვითმკვლელობით. აქვე უნდა დავსვათ კითხვას თუ როდის „მოვკალით“ ისინი?ჩემი პასუხი შემდეგია: - მაშინ, როდესაც შევეგუეთ ყოფას; მაშინ, როდესაც ეს გახდა ჩვეულებრივი და ყოველდღიური ცხოვრების დეტალი.ამავე დროს კი სოციალურად დაუცველებს უმძაფრდებათ სიძულვილი სხვებისადმი... სხვებისადმი, რომლებიც ყოველდღიურად ხდებიან უცხოები და ეს ამბავი ერთი დიდ აგრესიად და შიშად გარდაიქმნება უცხოსადმი. ისტორიაში კი ამის კარგ მაგალითებს შევხვდებით.
დავუბრუნდეთ ათონელის ქუჩის სკოლაში შესახლებულ უსახლკაროებს. საინტერესოა, როგორ ხედავენ ეს ადამიანები თავიანთი პრობლემის მოგვარების წყაროს. ისინი ფიქრობენ, რომ ფულის პენსიის სახით დარიგება მათთვის არასწორია, რადგან კვლავ სტაგნაციურ მდგომარეობაში ჩარჩებიან. თუმცა, შედარებით უფრო მეტად დააპურებენ თავიანთ ოჯახებს. ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ მათთვის სახლების დარიგებაც არასწორი იქნება, რადგან ამ სახლებს შეტოვებულები, საჭიროებების გამო კვლავ გაყიდიან მას. ათონელზე მცხოვრები უსახლკარო ადამიანებისთვის მთავარ პრიორიტეტს დასაქმება წარმოადგენს, რათა თვითონ შეძლონ საკვების მოპოვება და არ დააწვნენ სხვას ტვირთად. ჩემი აზრით, ისინი ძალიან დიდი პატივისცემის ღირსნი არიან, რადგან არ უდგებიან საკითხს მხოლოდ საკუთარი ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, არამედ ფიქრობენ თუ როგორ შეიძლება გადაიჭრას დანარჩენი ოჯახების საკითხიც.წერის პროცესში ვაკვირდები მიმდინარე მოვლენებს, სადაც საუბარია ევროპულ გზაზე (დღეს 19 აპრილია) ვცდილობ დავინახო სიტყვების მიღმა ფასეულობები, რომელზეც შევეცადე მესაუბრა. ვერ დავინახე და ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევა კარგად აჩვენებს საზოგადოების უუნარობას.
რა არის გამოსავალი, როცა ადამიანები შიმშილით კვდებიან უფასო სასადილოს რიგის მოლოდინში?რა არის გამოსავალი, როცა სოციალურად დაუცველების შვილებს პერსპექტივაში იგივე ცხოვრება მოელით?რა არის გამოსავალი, როცა საბიუჯეტო გადანაწილებიდან გამომდინარე რთულია სოციალურ დახმარებებზე აქცენტირება?რა არის გამოსავალი, როცა ათასობით ადამიანს სახლი არ აქვს?რა არის გამოსავალი, როცა სოციალურ ჯგუფებს შორის ძალიან დიდი ღრმულია, რომელიც არ ჩანს ავტომობილის დაბურული მინებიდან?......
ამ დისკურსში პასუხები არაერთგვაროვანი იქნება, ინდივიდების პოლიტიკური თუ ეკონომიკური მსოფლხედვიდან გამომდინარე, რომელიც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ თეორიულ ორიენტირად არის წარმოდგენილი ვიდრე რეალობას მორგებული. გამოსავალი ერთია, ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე, რადგან ამ მდგომარეობამდე მისვლა სწორედ გამოსავლის გზებზე დავის არ არსებობაა.
ახლა ჩვენ გავხდით ერთმანეთის მსგავსნი, როგორც ტყუპები, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მოგველოდა ერთად სიკვდილი - ჟან პოლ სარტრი/ კედელი
ინსტრუქცია