[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ქალთა უფლებები / განცხადება

ქალთა მკვლელობის ბოლო შემთხვევები შემაშფოთებელია და სახელმწიფოსგან პრევენციული მუშაობის რადიკალურ გაძლიერებას საჭიროებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება ფემიციდის მზარდ შემთხვევებს და მთავრობას ქალთა მიმართ ძალადობის პოლიტიკაში ძალადობის სისტემურ პრევენციაზე მიმართული პოლიტიკის რადიკალური გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის მიუხედავად, ქალთა მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების მაჩვენებელი მაინც მაღალია. 2024 წლის დასაწყისში ფემიციდის მძიმე შემთხვევები დაფიქსირდა. მედია წყაროებით ცნობილი გახდა, რომ ახალი წლის ღამეს ბათუმში, 36 წლის ქალი მოკლა მეუღლემ, ხოლო 9 იანვარს, თბილისში ქმარმა 27 წლის ცოლი მოკლა. ბათუმში მომხდარი მკვლელობის გარემოებებით ირკვევა, რომ მამაკაცი ხშირად სვამდა და მეუღლეს ეჩხუბებოდა. იგი არაერთხელ იყო ნასამართლევი, ბოლოს 2020 წელს იხდიდა სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის. პროკურატურის ინფორმაციით, ქმარმა დანაშაული ეჭვიანობის ნიადაგზე, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩაიდინა. საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, რომ 36 წლის ქალი არასრულწლოვანი (15 წლის) იყო, როდესაც ბრალდებულზე დაქორწინდა და მათ ორი შვილი ჰყავდათ. მედიასთან საუბარში მეზობლები აღნიშნავდნენ, რომ ცოლ-ქმარს უკანასკნელ ხანში ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი და მეზობლებმა არაერთხელ გადაარჩინეს ქალი ძალადობას. მიუხედავად ამისა, პოლიციისთვის არასდროს მიუმართავთ. ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის გარემოებებით კი ირკვევა, რომ 27 წლის ქალს 30 წლის ქმარმა არაერთი ჭრილობა მიაყენა, ქალი მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, ცოლ-ქმარს ოთხი თვის ბავშვი ჰყავდათ და მომხდარ შემთხვევამდე მათ შორის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია.

2018 წლიდან 2022 წლის ჩათვლით ქალთა მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების 183 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 66 შემთხვევას ფემიციდის კვალიფიკაცია მიენიჭა. მითითებული 66 საქმიდან 34 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგინდა. ფემიციდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში (23 შემთხვევა) და ქვემო ქართლში (14 შემთხვევა) ფიქსირდება. 37 შემთხვევაში ფემიციდის მსხვერპლი ეთნიკური ქართველი, 17 შემთხვევაში ეთნიკური აზერბაიჯანელი, ხოლო 4 შემთხვევაში ეთნიკური სომეხი იყო.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიხედვით, 2023 წლის 6 თვის მონაცემებით ქალთა 13 მკვლელობა დაფიქსირდა, რაც 2022 წლისგან განსხვავებით 54 პროცენტით აჭარბებს ქალთა მკვლელობების მცდელობების მონაცემებს და ფემიციდის კუთხით ვითარების გაუარესებაზე მიუთითებს. 

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის მსხვერპლთა ასაკი 18-დან 60 წლამდე შუალედში მერყეობს, თუმცა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 30-დან 40 წლამდე კატეგორიაში ფიქსირდება (28 შემთხვევა). მონაცემებით აგრეთვე დგინდება, რომ ფემიციდის მსხვერპლი და ბრალდებული უმეტეს შემთხვევაში მეუღლეები ან ყოფილი მეუღლეები არიან. 

საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის უახლესი ეროვნული კვლევის  მიხედვით [1],  ქალების 18.2 პროცენტს გამოუცდია ქალთა მიმართ ძალადობის რომელიმე ფორმა მაინც ბოლო 12 თვის მანძილზე. ძალადობის გავრცელების მაჩვენებელი ცხოვრების მანძილზე, უფრო მაღალია. ქალების 50.1 პროცენტს განუცდია ქალთა მიმართ ძალადობის ერთი ფორმა მაინც. ამასთან ოდესმე პარტნიორულ ურთიერთობაში მყოფი ქალების 26.5 პროცენტს გამოუცდია ძალადობა პარტნიორის მხრიდან ცხოვრების მანძილზე. ხშირ შემთხვევაში, ქალები ძალადობის ერთზე მეტ ფორმას განიცდიან.

ქალთა მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების მაღალი მონაცემების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობებზე ეფექტური სამართლებრივი რეაგირება, ხოლო ამ დანაშაულის პრევენციისთვის ადეკვატური მექანიზმები შექმნა, დანაშაულის ჩადენის მიზეზების, გარემოებების სისტემური კვლევა და გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლა.

  • ძალადობის სუსტი პრევენცია

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის და მით უფრო ფემიციდის შემთხვევების პრევენციის მექანიზმები არსებითად სუსტია.

სახელმწიფო დონეზე არსებობს ფემიციდის პრევენციული მექანიზმები, მაგალითად, დამცავი, შემაკავებელი ორდერები, მოძალადეების ელექტრონული მონიტორინგის სისტემები, მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამები, 112-ის მობილური აპლიკაცია, რომელსაც გააქტიურებული აქვს ჩატის და SOS ღილაკის ფუნქცია[2], კანონმდებლობის მიხედვით პრევენციულ მექანიზმებად განიხილება ძალადობის მიზეზების შესწავლა, კვლევა, სათანადო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიების წარმოება,  მოძალადის პასუხისმგებლობების, დაზარალებულების უფლებრივი გარანტიების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და სხვა.  თუმცა მექანიზმების გამოყენება ხშირად არ ხდება, ან დაგვიანებით ხდება და არაეფექტურია. 

2018-2022 წლების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ფემიციდის 11 შემთხვევაში ბრალდებული მამაკაცი უკვე ნასამართლევი იყო დაზარალებულზე ძალადობის გამო, ან მის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი. თუმცა, შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოცემის ერთადერთ მიზანს მოძალადისა და მსხვერპლის დროებითი განცალკევება წარმოადგენს და იგი მიზნად არ ისახავს მოძალადის ქცევის კორექციას. ჩვენს ქვეყანაში მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამების შემუშავება ცოტა ხნის წინ დაიწყო და იგი უმეტესად პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში მოქმედებს, თუმცა მსჯავრდებულებისთვის და პრობაციონერებისთვის ამ კურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, ხოლო ამ დრომდე არ არის შემუშავებული ქცევის კორექციის პროგრამები, იმ მოძალადეებისთვის რომელთა მიმართ გამოცემულია შემაკავებელი ორდერი.[3] 

რაც შეეხება, მოძალადეთა ელექტრონული მონიტორინგის სისტემებს, რომელიც 2019 წლიდან მოქმედებს და გულისხმობს მაღალი რისკის მოძალადეების მონიტორინგს (რათა არ მიუახლოვდნენ მსხვერპლს) იგი 2022 წელს გამოიყენეს 16 საქმეში, ხოლო 2021 წელს - 15 საქმეში.[4]

ძალადობის გამოცდილების მქონე ქალები ხშირად არ მიმართავენ სისტემას დაცვისთვის. საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევაც უთითებს, რომ ქალების 38.2 პროცენტს არავისთვის უთქვამს პარტნიორის მხრიდან ძალადობის გამოცდილების შესახებ და მსხვერპლები დახმარებისთვის ძირითადად არაფორმალურ სოციალურ ქსელებს მიმართავენ, ხოლო ფორმალურ სისხლის სამართლის ინსტიტუტებს  - პოლიციას, სასამართლოებს  მხოლოდ მძიმე შემთხვევებში მიმართავენ. ქალთა მკვლელობის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სისტემისთვის მანამდე არაიდენტიფიცირებული ძალადობის შემთხვევებზე მოდის, რის გამოც არსებითია, სახელმწიფომ გაზარდოს ძალისხმევა პოლიციის მიმართ ქალთა ნდობის გასაზრდელად.

  • გამოძიების და სასამართლო განხილვის ხარვეზები

პრევენციული მექანიზმების სისუსტესთან ერთად, ფემიციდის შემთხვევებზე გაზრდილი სამართლებრივი რეაგირების მიუხედავად კვლავ ადგილი აქვს გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვის ხარვეზებს. კერძოდ, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მომხდარი შემთხვევების ადეკვატური სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაცია, რაც გამოიხატება ბრალდებულის მიმართ ნაკლებად მკაცრი დანაშაულის ჩადენის გამო ბრალის წაყენებაში, მაშინ როდესაც საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებს. სახალხო დამცველის კვლევის მიხედვით, ხშირია შემთხვევა, როდესაც ფემიციდის მცდელობის ნაცვლად შემთხვევა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებად კვალიფიცირდება[5]. ამასთან ერთად, ხშირად გამოძიება სათანადო გულისხმიერებით არ მიმდინარეობს, რის გამოც მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვება ან გამოყენება ვერ ხერხდება და საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დგება. პრობლემას წარმოადგენს ფემიციდის შემთხვევებზე საპროცესო შეთანხმებების გამოყენება, გენდერის ნიშნის გამოკვეთა და საქმის სასამართლოში განხილვის დროს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე პრიმა მუხლის გამოუყენებლობა. კერძოდ, გენდერული ნიშნით მოტივირებულ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სსკ-ის 53-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია სასჯელი სულ მცირე ერთი წლით დაამძიმოს, თუმცა, როგორც სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, სასამართლო ამ მექანიზმს იშვიათად იყენებს.[6]

სახალხო დამცველის შეფასებით, კვლავ პრობლემურ პრაქტიკად რჩება სასამართლოს მიერ რისკების არასწორი შეფასება და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებული მოძალადის მიერ უფრო მძიმე ფემიციდის მცდელობის დანაშაულის ჩადენა. ასევე პრობლემურია, სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება ფემიციდის მცდელობის განმეორების თავიდან აცილების გარანტიების დადგენის გარეშე.[7]

  • ძალადობა გამოვლილი ქალების გაძლიერებაზე მიმართული სუსტი პროგრამები

სუსტია ძალადობა გამოვლილი ქალების მხარდამჭერი სერვისებიც. დღესდღეობით სახელმწიფოს ბაზაზე ფუნქციონირებს შვიდი კრიზისული ცენტრი და ხუთი თავშესაფარი. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ თბილისის კრიზისული ცენტრი ითავსებს სადღეღამისო საცხოვრისის ფუნქციას. სხვა შემთხვევაში, კრიზისული ცენტრები გასცემენ დღის მომსახურებებს სამუშაო საათებში (9-იდან 6 საათამდე), რაც განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები ქალების დიდ ნაწილს არ აძლევს შესაძლებლობას სერვისების უწყვეტად მიიღოს. კრიზისულ ცენტრებში პრობლემურია სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები. სამედიცინო მომსახურების პაკეტი, რომლის ფარგლებშიც ძალადობის მსხვერპლს ამ სერვისის მიღება შეუძლია, ხშირად არასაკმარისია. კრიზისული ცენტრებში არ არსებობს გრძელვადიანი სერვისები მხარდაჭერისთვის, რაც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს მსხვერპლის ძალადობრივ გარემოში დაბრუნებას.[8]

თავშესაფრის მიერ მიწოდებულ სერვისს კი უამრავი გამოწვევა აქვს. სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან თავშესაფრების დაფინანსება მწირია და გამოყოფილი რესურსების ფარგლებში ვერ ხერხდება მომსახურების მიმღებთა ყველა საჭიროების დაკმაყოფილება, მათ შორის, ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესება, სანიტარიული და ჰიგიენური კვანძების კეთილმოწყობა, დედებისათვის საკმარისი და სათანადო პირადი, მათ შორის, პირველადი მოხმარების ჰიგიენური ნივთების შეძენა [9] მწირია მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის, დასაქმებისა და საგანმანათლებლო პროგრამები, ასევე სარეკრეაციო და შემეცნებითი აქტივობები. ასევე პრობლემაა ძალადობა გამოვლილი ქალების გრძელვადიანი მხარდაჭერა და მათი სოციალური, საცხოვრებელი და დასაქმების საჭიროებების დაკმაყოფილება. თავშესაფარში ცხოვრების შემდგომ, მომსახურების მიმღებმა პირებმა ხშირად არ იციან, სად უნდა გააგრძელონ ცხოვრება და როგორ შეძლონ ბავშვისა და თავიანთი საჭიროებების ფინანსური და მატერიალური უზრუნველყოფა. ცხადია, რომ სწორედ მსხვერპლისთვის განკუთვნილი სერვისების გამო, ქალებისთვის რთული ხდება გამოვიდნენ ძალადობის ჯაჭვიდან და სამართლებრივი მექანიზმებით დაიწყოს ბრძოლა.

აქვე ცალკე უნდა აღინიშნოს სოციალური მუშაკების დეფიციტის და მათ ხარისხიანი მუშაობის პრობლემა ქვეყანაში.  საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ 2022 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2022 წელს საქართველოში 835 სოციალური მუშაკი იყო  დასაქმებული, მათგან საუნივერსიტეტო განათლება მხოლოდ 265-ს აქვს.[10] სოციალური მუშაკების არსებული რაოდენობაც მკვეთრად მცირეა და ქვეყანაში დაგეგმილია მათი რაოდენობის გაზრდა, თუმცა ეს პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს. მაგალითად 2022 წლისთვის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ მუშაკთა რაოდენობა 345 უნდა ყოფილიყო, ხოლო განათლების სამინისტროსი - 110. ზემოთ ხსენებული კვლევის მიხედვით კი, 2022 წელს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში სოციალურ მუშაკთა რაოდენობა 272-ს შეადგენდა, ხოლო განათლების სამინისტროში კი 58-ს. პრობლემაა, სოციალური მუშაკების გადატვირთულობაც. საქართველოს კანონი სოციალური მუშაკის საქმეთა მაქსიმალურ რაოდენობად 50-ს განსაზღვრავს, ხოლო საერთაშორისოდ აღიარებულია, რომ მიუხედავად დასაქმების ადგილისა სოციალურ მუშაკთა საქმეთა რაოდენობა 8-18 შემთხვევას არ უნდა აღემატებოდეს.[11] 2019 წლის აუდიტის ანგარიშის  მიხედვით კი საქართველოში 100 000 მოსახლეზე 7 სოციალური მუშაკი მოდიოდა, ეს მონაცემი ევროკავშირის ქვეყნებში - 1850.[12] სოციალური ზრუნვის ამ რგოლში არსებული სისტემური გამოწვევები კარგად აჩვენებს სახელმწიფოსთვის ზრუნვის პოლიტიკის ნაკლებ პრიორიტეტულობას. ცხადია, რომ ეს რეალობა პირდაპირ აისახება ძალადობა გამოვლილი ქალების უფლებრივ და სოციალურ მდგომარეობაზე. სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის შესაბამისად, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკის ჩართულობა დაბალია ინდივიდუალური შემთხვევების წარმართვაში, საქმეების ზედამხედველობასა და მომსახურების მიმღებ პირთა ინდივიდუალური საჭიროებების უზრუნველყოფაში. ამასთან, თავშესაფრებში ჩარიცხული ძალადობის მსხვერპლი პირების სარეაბილიტაციო სერვისი, ხშირად არათანმიმდევრული და ფრაგმენტულია და, მათ შორის, დამატებითი მხარდამჭერი სერვისების არარსებობის გამო, ვერ პასუხობს საჭიროებებს. [13]

  • გენდერულ ძალადობასთან გამკლავების სისტემური პოლიტიკის არარსებობა, რომელიც დაუპირისპირდება მის სტრუქტურულ მიზეზებს

ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს ფესვები გადგმული ქართულ საზოგადოებაში, რომელშიც კვლავ დომინანტურია პატრიარქალური დღის წესრიგი და სოციალური ნორმები.  საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევათა უმეტესი ნაწილი ქალების ინტიმური პარტნიორების ან  ოჯახის წევრების მხრიდან ხდება. ძალადობის შემთხვევის შემდეგ, ქალებისთვის განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს ამგვარი შემთხვევების გამჟღავნება, მათზე ღიად საუბარი, ოჯახის წევრების, და საზოგადოების მხრიდან თანმდევი უარყოფითი დამოკიდებულების გამო, ვინაიდან საზოგადოებაში სამწუხაროდ ხშირია მსხვერპლის დადანაშაულების პრაქტიკა.

სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი მნიშვნელოვანი ფაქტორია ძალადობის გავრცელების თვალსაზრისით. 2022 წლის ეროვნული  კვლევის[14] მიხედვით სიღარიბე მკაფიოდ ზრდის პარტნიორის მხრიდან ძალადობის რისკს. აღნიშნული კვლევის შედეგების მიხედვით, ცუდი ეკონომიკური მდგომარეობის მქონე შინამეურნეობებში მცხოვრები ქალები უფრო ხშირად განიცდიან პარტნიორის მხრიდან ძალადობას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობის პოლიტიკამ დაინახოს ოჯახების სოციალური და ეკონომიკური მოწყვლადობის საკითხები, როგორიც მნიშვნელოვანი სტრუქტურული მიზეზი ძალადობისა.

ამასთან აშკარაა, რომ არსებული პატრიარქალური სისტემა, სადაც გენდერული როლები იერარქიულად არის განაწილებული, ქალთა მიმართ ძალადობის ნორმალიზებას ახდენს.  მოძალადეები ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობას ხშირად როგორც ოჯახზე კაცის ძალაუფლების შენარჩუნების იარაღს იყენებენ. სწორედ ამის გამო მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობის პოლიტიკამ კაცებთან და ბიჭებთან მუშაობა ასევე გაითვალისწინოს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის.

  • მოთხოვნები

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს მთავრობას:

  • გააძლიეროს ქალთა მიმართ ძალადობის პოლიტიკის პრიორიტეტულობა და გააორმაგოს საკუთარი ძალისხმევა, რესურსები და სამუშაოები შემდეგი მიმართულებებით: 1. ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და პრევენცია; 2. პოლიციის მიმართ ძალადობის გამოცდილების მქონე ქალების ნდობის გაზრდა; 3.  გამოძიების დროულობა და ეფექტიანობა და გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულება; 4. ძალადობა გამოვლენილი ქალების გრძელვადიანი სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება; 5. მოძალადე პირების ქცევის კორექციის ეფექტიანი და გრძელვადიანი პროგრამები.
  • გაიაზროს ქალთა მიმართ ძალადობის სტრუქტურული სოციალური და კულტურული მიზეზები და მას გრძელვადიანი და მდგრადი სოციალური, საგანმანათლებლო და საინფორმაციო პოლიტიკით უპასუხოს. მათ შორის, არსებითია სისტემამ გააძლიეროს მუშაობა კაცებთან და ბიჭებთან გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1]ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში, 2022, ხელმისაწვდომია: https://georgia.unwomen.org/sites/default/files/2023-12/updated_vaw_geo_web4-3.pdf

[2] ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში, 2022, ხელმისაწვდომია: https://georgia.unwomen.org/sites/default/files/2023-12/updated_vaw_geo_web4-3.pdf

[3] საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 203, https://ombudsman.ge/res/docs/2023033120380187763.pdf

[4] ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში, 2022, ხელმისაწვდომია: https://georgia.unwomen.org/sites/default/files/2023-12/updated_vaw_geo_web4-3.pdf

[5] საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, გიორგი გოცირიძე, გვანცა ხარატიშვილი, 2021 წელს მომხდარი ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის საქმეთა ანალიზი, თბილისი, 2023, ხელმისაწვდომია: https://ombudsman.ge/res/docs/2023071314513662215.pdf

[6] იქვე

[7] იქვე

[8] ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის მხარდამჭერი სერვისები და მექანიზმები საქართველოში - საჭიროებების და გამოწვევების ანალიზი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 2023, ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/dzaladobagamovlili-kalebistvis-mkhardamcheri-servisebi-da-mekanizmebi-sakartveloshi-sachiroebebis-da-gamotsvevebis-analizi

[9] სპეციალური ანგარიში დედათა და ბავშვთა თავშესაფრების მონიტორინგის შედეგები, სახალხო დამცველი, 2022 წელი,  ხელმისაწვდომია: https://ombudsman.ge/res/docs/2022101315180382770.pdf 

[10] კვლევა სოციალური მუშაობის სამუშაო ძალის შესახებ, 2023, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია

[11] ხვთისიაშვილი, 2020, „საქმეთა დათვლის სტანდარტი სოციალურ მუშაობაში და ქართული რეალობა“, https://www.swunion.ge/?p=127&lang=ka   

[12] ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში, 2019.

[13] სპეციალური ანგარიში დედათა და ბავშვთა თავშესაფრების მონიტორინგის შედეგები, სახალხო დამცველი, 2022 წელი,  ხელმისაწვდომია: https://ombudsman.ge/res/docs/2022101315180382770.pdf 

[14]ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში, 2022, ხელმისაწვდომია: https://georgia.unwomen.org/sites/default/files/2023-12/updated_vaw_geo_web4-3.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“