საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება 31 მარტს, პოლიციის მიერ ლუკა კინწურაშვილის თვითნებურ დაკავებას და მივიჩნევთ, რომ ეს შემთხვევა კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა, რომ პოლიციის მხრიდან თვითნებობა და დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობა უკვე ნორმალიზებულ პრაქტიკად იქცა.
31 მარტს, საღამოს 8 საათზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე პოლიციამ ლუკა კინწურაშვილი თვითნებურად დააკავა და მას პრევენციის ზოგადი და ფორმალური საფუძვლით ჩანთის ჩხრეკა და ტელეფონში „ტელეგრამის“ ჩატზე წვდომა მოსთხოვა. ლუკა კინწურაშვილმა ჩანთის შემოწმებაზე თანხმობა განაცხადა, ხოლო მობილურზე წვდომის მიცემამდე, კონსულტაციის მიღების მიზნით ჩვენი ორგანიზაციის ადვოკატს დაუკავშირდა. ადვოკატმა ტელეფონით კომუნიკაციისა პოლიციას მოსთხოვა განემარტა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით და რა პროცედურით ითხოვდნენ ლუკასგან პირადი ტელეფონის დათვალიერებას. ასევე განუცხადა, რომ თავად მალევე იქნებოდა ადგილზე, რათა პოლიციას მისი მონაწილეობით ჩაეტარებინა ნებისმიერი საპოლიციო ღონისძიება, ლუკა კინწურაშვილს კი მის მისვლამდე ლაივში ჩართვა ურჩია. რის შემდეგაც, პოლიციამ ლუკა კინწურაშვილს ტელეფონი წაართვა და იგი ადმინისტრაციული წესით დააკავა. დაკავებულს არ მიეცა ოჯახთან და ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა. შესაბამისად, დაკავებიდან 6 საათის განმავლობაში, არც ოჯახის წევრების და არც მისი უფლებადამცველებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა ინფორმაცია ლუკას ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ.
როგორც ლუკა კინწურაშვილმა რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატს განუცხადა, პოლიციის თანამშრომლებმა ის პირადი დათვალიერების დროს სრულად ორჯერ გააშიშვლეს - როგორც პოლიციის განყოფილებაში მიყვანისას, ისე დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების დროს. ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში ლუკა კინწურაშვილის იძულებითი გაშიშვლების დამამცირებელი პროცედურის შემდეგ, პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მის გარეგნობაზე გაამახვილა ყურადღება და დაკავებულს შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციის განყოფილებაში შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დაკავების ოქმებზე ლუკა კინწურაშვილს ხელი არ მოუწერია.
შსს ლუკა კინწურაშვილს ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ პოლიციის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლის მე-3 მუხლი) და მისი დაკავების ვადა მაქსიმუმამდე - 48 საათით არის გახანგრძლივებული. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ლუკა კინწურაშვილი უკანონო დაკავების და საპოლიციო თვითნებობის მსხვერპლი გახდა. 2024 წლის ივლისში, ის პოლიციამ უკანონოდ დააკავა და მის მიმართ სიძულვილით მოტივირებული ძალადობა ჩაიდინა. მაშინ ლუკა კინწურაშვილს შსს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდა. სასამართლომ ლუკა კინწურაშვილი გაამართლა პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში, ხოლო პოლიციის შეურაცხყოფის ნაწილში პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა და სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა. შესაბამისად, 2025 წლის 31 მარტს ლუკა კინწურაშვილი არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სახდელდადებულ პირს და შსს-ს მიერ ოქმის დამამძიმებელი გარემოებების საფუძვლებით შედგენა, უკანონოა.
განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ბოლო პერიოდში, პოლიციის მხრიდან დაკავებულების იძულებითი გაშიშვლება განმეორებადი პრაქტიკა გახდა და არაადამიანური მოპყრობის ეს განსაკუთრებულად დამამცირებელი ფორმა სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის ნაწილად იქცა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საპოლიციო რეჟიმი სრულად არის მოწყვეტილი სამართლის უზენაესობის, მართლწესრიგისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნებსა და პოლიტიკური რეჟიმის ინტერესების გამტარ რეპრესიულ და სადამსჯელო აპარატად იქცა.
ინსტრუქცია