საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2025 წლის 29 მარტს, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, განაცხადა, რომ ის დაკავებისას დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. პოლიტიკოსმა გაასაჯაროვა მისი დაკავების დეტალები; ის წერს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების პროცედურის დროს, კერძოდ, ჩხრეკის/პირადი დათვალიერებისას, პოლიციის თანამშრომლებმა მას გაშიშვლება აიძულეს და მეტალოდეტექტორით შეამოწმეს. უკიდურესად შემაშფოთებელია "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადება, რომელმაც ელენე ხოშტარია დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა. მისი თქმით, "ელენე გააშიშვლეს ბოლომდე, უკან შეუკრეს ხელები და საწოლზე ეწვინათ საკმაო ხანს და მეტალოდეტექტორის ატარებდნენ შიშველ სხეულზე დიდი ხნის განმავლობაში. [..] როცა მოიყვანეს, წნევის კრიზი ჰქონდა და ამ დროს ღებინების რეფლექსი ირთვება და მას უთხრეს, საპირფარეშოში არა, პარკს მოგიტანთ და აქ არწყიეო. ღებინების შემდეგ, როგორც კი ეს მორჩა, მეორე წუთს გააშიშვლეს ადამიანი. ამის მერე ითხოვა, ჩემი წამლებიდან მარეგულირებელი დამალევინეთო და არ მიუციათ, ამ დრომდე აქვს მაღალი წნევა". მედიის ცნობით, ელენე ხოშტარია ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირებს პოლიცია დამამცირებლად ეპყრობა. 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, სოციალურ ქსელებში არაერთმა აქტივისტმა დაწერა, რომ იზოლატორში შესახლებისას, სახლში ჩატარებული ან პირადი ჩხრეკისას მათ პოლიციის თანამშრომლები გაშიშვლებას აიძულებდნენ, სხვაგვარად ძალადობდნენ მათზე ან უზღუდავდნენ კონსტიტუციით დაცულ სხვადასხვა უფლებას.
პოლიციის მხრიდან იძულებითი გაშიშვლების პრაქტიკის დამკვიდრება ემსახურება აქტივისტების დაშინებას, დამცირებასა და დასჯას და მისი არასათანადოდ, პროცედურული გარანტიების გარეშე განხორციელება უკიდურესად პრობლემური და შემაშფოთებელია. დაკავებულის პირადი დათვალიერებისას მისი სრულად გაშიშვლებას ეწინააღმდეგება შს მინისტრის ბრძანება[1], რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორში პირის შესახლების პროცედურას არეგულირებს. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT) მიიჩნევს, რომ პირადი დათვალიერება ხშირად მატრავმირებელია და შესაძლოა, გადაიზარდოს არასათანადო, დამამცირებელ მოპყრობაში მსგავსი განზრახვის არსებობის გარეშეც, თუ ის სათანადო წესით დაცვით არ არის ჩატარებული. აუცილებელია, რომ ჩხრეკისას პირის მიმართ მოპყრობა იყოს ჰუმანური და არ არღვევდეს მის თანდაყოლილ ღირსებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ადამიანის გაშიშვლება ჩხრეკისას დაუშვებელია შესაბამისი საფუძვლების გარეშე.[2] იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ქმედება ხორციელდება არასათანადოდ ან უმიზეზოდ (მაგალითად, სახეზე არ არის მსგავსი ჩხრეკის ჩასატარებლად აუცილებელი საფრთხე ან საგამოძიებო ღირებულება), ის გაუტოლდება არასათანადო მოპყრობას ან ზოგიერთ შემთხვევაში, წამებას. ამასთან, პირის გაშიშვლება, ჩხრეკის მიზნით, დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვაგვარი დათვალიერებით შეუძლებელია მიზნის მიღწევა.
პოლიციის მიერ იძულებითი გაშიშვლების პრაქტიკის გაგრძელება სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც ის აქციაზე დაკავებული მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს. აქტივისტების დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას დაქვემდებარება წახალისებულია იმ უწყებების, მათ შორის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, მიერაც, რომლებსაც დღემდე არ გამოუძიებიათ სამართალდამცავების მხრიდან აქციაზე დაკავებული პირების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ როგორც დაკავებული, ისე ზოგადად შეკრების მონაწილე ქალების მიმართ ძალადობის, სექსუალური შევიწროებისა და დამამცირებელი მოპყრობის პრაქტიკა სამართალდამცავ უწყებებში გაზრდილია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ დღეს, პოლიციის სისტემა სრულად არის მოწყვეტილი კანონის უზენაესობის, მართლწესრიგისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნებსა და პოლიტიკური რეჟიმის ინტერესების გამტარ რეპრესიულ და სადამსჯელო აპარატად იქცა.
ინსტრუქცია