საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
„ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიის სხდომის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების უკანონო დაკავებების სერია განაახლა. ამ დროისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციით, (21.52) დაკავებულია 4 ადამიანი.
თავდაპირველად, პოლიციამ ძალის გამოყენებით აქციის მონაწილე ორი ახალგაზრდა ქალი დააკავა. ერთ-ერთ მათგანს ხელში ეჭირა ბანერი წარწერით „ანწუხელიძე უკვდავია.“ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების საფუძველი გახდა პოლიციის მოწოდება, რომ დემონსტრანტები გზის მეორე მხარეს გადასულიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეები ტრანსპორტის სავალ ნაწილს არ იკავებდნენ და არც სამართალდამცავებს აყენებდნენ შეურაცხყოფას, პოლიციამ ისინი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით დააკავეს. ამ შემთხვევიდან რამდენიმე წუთში პოლიციამ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი - ელენე ხოშტარიაც დააკავა. მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, პოლიცია კიდევ ერთ მოქალაქეს დაედევნა და გაურკვეველი საფუძვლით დააკავა.
აშკარაა, რომ შსს აგრძელებს მოქალაქეების უსაფუძვლო და ძალადობრივი დაკავების პრაქტიკას. დაკავებების ამსახველი ვიდეოკადრები ადასტურებს, რომ აქციის მონაწილეების გამოხატვის ფორმა და მოქმედებები არ არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და არც პოლიციის საქმიანობას აბრკოლებდა. აბსოლუტურად მშვიდობიანი და სიმბოლური გამოხატვისთვის მოქალაქეების დასჯა პროტესტის ავტორიტარული და რეპრესიული მეთოდებით მართვის განგრძობად ტენდენციას აჩვენებს. გარდა ამისა, 9 აპრილის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ააშკარავებს, რამდენად შაბლონურად და სადამსჯელოდ იყენებს შსს პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლს. ხალხმრავალი საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ტროტუარზე გადასვლის მოწოდება ვერ ჩაითვლება კანონიერ მოთხოვნად.
დაკავების უსაფუძვლობასთან ერთად, კვლავაც შემაშფოთებელია სამართალდამცავების აგრესიული ქმედებები და დაკავებულების პროცესუალური გარანტიების სრული უგულებელყოფა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პოლიცია საჭიროების გარეშე იყენებს ძალას აქციის მონაწილეების მიმართ და მათ ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და განმარტების გარეშე, ჯგუფურად აკავებს. ძალოვნები აგრესიულები არიან არა მხოლოდ დაკავებული პირების, არამედ გარშემომყოფი მოქალაქეების მიმართაც. როგორც სხვა შემთხვევებში, შსს კვალავაც აჭიანურებს დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:
ინსტრუქცია