[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებული სამი საჯარო მოხელის უფლებების დასაცავად სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სასამართლოს მიმართა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირ "კონსტიტუციის 78-ე მუხლთან“ და სოციალურ მუშაკთა გაერთიანებასთან თანამშრომლობით, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან (შემდგომში, ასევე “სააგენტო”) პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული საჯარო მოხელეების ინტერესებს სასამართლოში დაიცავს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გათავისუფლებული საჯარო მოხელეების - ნინო ტყეშელაშვილის, ნათია ალიაშვილის და მორის (კობა) ბარამიას ინტერესების დაცვის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მოსარჩელეების მიმართ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, მორალური ზიანის ანაზღაურება და დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა.

სააგენტოდან გათავისუფლებული ნინო ტყეშელაშვილი იუსტიციის სამინისტროს სისტემაში 2011 წლიდან მუშაობდა. 2016 წლიდან სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს უფროსი იყო, ხოლო 2021 წლიდან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ნათია ალიაშვილი იუსტიციის სამინისტროს სისტემაში 2014 წლიდან მუშაობდა და 2022 წლიდან ის სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის - არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის უფროსის პოზიციას იკავებდა. მორის (კობა) ბარამია იუსტიციის სამინისტროს სისტემაში 2014 წლიდან მუშაობდა. 2020 წლიდან ის სააგენტოს განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

საჯარო მოხელეებმა 2024 წლის 31 დეკემბერს სააგენტოსთან ადმინისტრაციული ხელშეკრულება გააფორმეს. იმავე დღეს, არასამუშაო საათებში, ელექტრონულ საქმისწარმოების სისტემაში მიიღეს შეტყობინება, რომ სააგენტო მათთან ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაგრძელებას აღარ გეგმავდა და ისინი 2025 წლის 31 იანვრიდან დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლდებოდნენ.

ნინო ტყეშელაშვილი, ნათია ალიაშვილი და მორის (კობა) ბარამია, სააგენტოს მხრიდან განსაკუთრებული შევიწროების და მტრული დამოკიდებულების სამიზნე მას შემდეგ გახდენენ, რაც ღიად დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით.

ამ პროცესებამდეც, ისინი, პერიოდულად, სააგენტოს ხელმძღვანელი პირების მხრიდან სხვადასხვა დავალებას იღებდნენ, რომლებიც მათი სამსახურებრივი მოვალეობების ფარგლებს ცდებოდა და მმართველი პარტიის მხარდაჭერას გულისხმობდა, მათ შორის, ,,ქართული ოცნების” პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობისა და მათი პოლიტიკის მხარდამჭერი პოსტების სოციალურ ქსელებში საჯაროდ გავრცელების თხოვნას. მსგავსი შინაარსის დავალებების გაცემა კიდევ უფრო გააქტიურდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინარე პერიოდში. მათ შორის ქართული ოცნების მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობისა და სხვა თანამშრომლებისთვის მოწოდების შესახებ.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2024 წლის 28 ნოემბერს, “ქართულმა ოცნებამ” გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების საკითხს 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენებდა. აღნიშნულ განცხადებას საზოგადოების მწვავე პროტესტი და დემონსტრაციები მოჰყვა, რასაც ხელისუფლებამ ძალადობრივი დარბევებით და დაკავებებით უპასუხა. შექმნილი ვითარება საჯარო მოხელეებმაც გააპროტესტეს და გამოაქვეყნეს სხვადასხვა საჯარო განცხადებები და პეტიციები, რომლითაც გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს ევროპული არჩევანის მიმართ და დაგმეს ძალადობა აქციის მონაწილეებზე.

ნინო ტყეშელაშვილმა და ნათია ალიაშვილმა, ამ შინაარსის პეტიციებს ხელი მოაწერეს, როგორც საჯარო მოხელეებმა და თანამდებობის პირებმა.

აღნიშნულის შემდეგ, ნინო ტყეშელაშვილი და ნათია ალიაშვილი რამდენჯერმე გახდნენ შევიწროების მსხვერპლი, სააგენტოს უფროსმა ისინი რამდენჯერმე დაიბარა და საერთო თუ პირად საუბრებში არაერთხელ აღნიშნა, რომ ეს პროცესი მათთვის კარგად არ დამთავრდებოდა, იცოდნენ ყველა იმ ადამიანის შესახებ ვინც აქციაზე დადიოდა და თვალს ადევნებდნენ მათ ქმედებებს. სააგენტოს უფროსის შეფასებით, პეტიციაზე ხელმოწერა იყო „მთავრობის ღალატი“ და ეს აქტივობები მათ პირად საქმეზე ცუდად აისახებოდა.

საჯარო მოხელეებზე ზეწოლას ახდენდა ასევე იუსტიციის მინისტრის კურატორი მოადგილეც, რომელიც სხვადასხვა საჯარო უწყებებიდან გავრცელებულ პეტიციებსა და განცხადებებზე ხელმოწერებს ,,ვირთხულ ქმედებებს” უწოდებდა და განმარტავდა, რომ სახელმწიფო კანონის შესაბამისად მოახდენდა შესაბამის რეაგირებას.

საჯარო მოხელეების ღია პროტესტს, მალევე მოჰყვა მმართველის პარტიის წარმომადგენლების საპასუხო რეაგირება. პროტესტი საჯარო სამსახურის ,,თვითწმენდის პროცესად’’ შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ხელისუფლების მხრიდან ,,კონსტიტუციისა და კანონმდებლობის’’ შესაბამისი რეაგირება დააანონსა. საჯარო მოხელეთა პროევროპული განცხადებები ,,საბოტაჟის გზით სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის მცდელობად’’ შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, და პრემიერ-მინისტრის მსგავსად, ხელისუფლების მხრიდან ,,კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში’’ მოსალოდნელ საპასუხო ნაბიჯებზე მიუთითა.

2024 წლის დეკემბერში „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით, 5 დღეში განიხილა და მხარი დაუჭირა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუარესა საჯარო მოხელეთა უფლებრივი დაცვის გარანტიები, საკანონმდებლო საფუძველი შეუქმნა საჯარო სამსახურის პოლიტიკური ნიშნით წმენდის შესაძლებლობას და, შედეგად, ათეულობით საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლებისთვის შექმნა ნიადაგი, რაც დღემდე გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ 13 დეკემბრის ცვლილებებამდე საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე პროფესიულ საჯარო მოხელეებს წარმოადგენდნენ, შესაბამისად, სარგებლობდნენ მოხელისათვის განსაზღვრული სამართლებრივი გარანტიებით. თუმცა ცვლილებების შედეგად, ისინი უკვე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები გახდნენ. ამ ცვლილებით, “ქართული ოცნებისთვის” მნიშვნელოვნად გამარტივდა პოლიტიკურად მიუღებელი და არასასურველი კადრების დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლება და საჯარო სამსახურში საკადრო წმენდა.

რამდენადაც პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე აღარ სარგებლობენ პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსით, მათზე აღარ ვრცელდება საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები და უფლებრივი გარანტიები. მათი თანამდებობიდან გათავისუფლება შესაძლებელი გახდა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით.

31 დეკემბერს, მიხეილ ყაველაშვილის მიერ საკანონმდებლო ცვლილებების ხელმოწერიდან ორი დღის შემდეგ, ნინო ტყეშელაშვილმა, ნათია ალიაშვილმა და მორის (კობა) ბარამიამ გათავისუფლების შესახებ შეტყობინება მიიღეს. მათ სააგენტოს უფროსთან ღიად დააფიქსირეს, მათ შორის, მათი თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ უკმაყოფილება, რადგან სააგენტოდან თავისუფლდებოდნენ ის თანამშრომლები, რომელთა პროფესიულ განვითარებაში სახელმწიფოს რესურსები ჰქონდა ჩადებული და კვალიფიციური კადრების სიმცირის ფონზე, სააგენტოს საქმიანობის სათანადოდ გაგრძელება შეუძლებელი იქნებოდა.

აღსანიშნავია, რომ ნინო ტყეშელაშვილი, ნათია ალიაშვილი და მორის (კობა) ბარამია სააგენტოში განსაკუთრებით წარმატებული საქმიანობისთვის რამდენჯერმე დაჯილდოვდნენ და მათი მხრიდან სამსახურებრივი ფუნქციების მაღალი პროფესიული სტანდარტით შესრულების საკითხი სადავო არასდროს გამხდარა. აღსანიშნავია ისიც რომ სააგენტოს მიერ საჯარო მოხელის შეფასების პროცესში ნინო ტყეშელაშვილი, ნათია ალიაშვილი და მორის (კობა) ბარამია ყოველთვის უმაღლესი შეფასებებს იღებდნენ. ამდენად, ცალსახაა, გათავისუფლების საფუძველი საჯარო მოხელეების მხრიდან ღიად გამოთქმული პოზიცია გახდა და, შესაბამისად, განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციად უნდა შეფასდეს.

ნინო ტყეშელაშვილის, ნათია ალიაშვილის და მორის (კობა) ბარამიას უფლებების დაცვის მიზნით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა და მოითხოვა მათ მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, მორალური ზიანის ანაზღაურება და დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს ნინო ტყეშელაშვილის, ნათია ალიაშვილის და მორის (კობა) ბარამიას ინტერესების დაცვას და საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას საქმის მიმდინარეობის შესახებ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“