საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გასულ თვეს გასაჯაროვდა სახელმწიფო კომისიის დასკვნის შინაარსი, რომლის მიხედვითაც, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში მცხოვრები 106 ოჯახი, მანგანუმის მოპოვებით გამოწვეული მიწის ჩაქცევის გამო განსახლებას დაექვემდებარა. მიუხედავად ამისა, დასკვნის გამოქვეყნებას სახელმწიფოს მხრიდან მყისიერი ნაბიჯები რისკის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არ მოჰყოლია. სოფელ ითხვისის მოსახლეობამ 4 ნოემბერს წერილობით მიმართა შესაბამის უწყებებს და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის, უწყებათაშორისი კომისიისა და “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლებთან შეხვედრა ითხოვა.
როგორც ითქვა, მოსახლეობის კოლექტიური განცხადება ეხმაურება საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის დასკვნას, რომელიც მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს მომზადდა, თუმცა საზოგადოების ნაწილისათვის მხოლოდ მოგვიანებით გახდა ხელმისაწვდომი და რომელმაც სახელმწიფოსგან არაერთი დამატებითი ინტერვენციის საჭიროება გამოკვეთა, მათ შორის, სიღრმისეული გეოლოგიური კვლევების, სოფლის მოსახლეობის განსახლებისა და ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფის მიმართულებებით.
ვინაიდან, მოსახლეობას კომისიის მუშაობაში ჩართვის შესაძლებლობა არ ჰქონია და პროცესი ამ დრომდე უკიდურესად გაუმჭვირვალეა, ადგილობრივებისთვის მთავრობის შემდგომი ნაბიჯების შინაარსი კვლავ ბუნდოვნად რჩება; მათ შორის, გაურკვეველია როგორი იქნება სახელმწიფოს რეაგირება მოსახლეობის განსახლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მიყენებული ზიანის შეფასების მეთოდოლოგიისა და კომპენსაციის ოდენობის კუთხით.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული წერილის ადრესატებისთვის გაგზავნის შემდგომ, ითხვისში მცხოვრებმა 35-მა ოჯახმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისგან ქირით დროებით გაყვანის შესახებ წერილობითი შეთავაზება მიიღო. სავარაუდოდ, ეს ის ოჯახებია, რომლებიც უწყებათაშორისი კომისიამ ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მყოფ კატეგორიას მიაკუთვნა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია, თუ რა ვადით მოხდება მათი დაკმაყოფილება ქირით და რა ბედი ეწევათ მათ ქირის შეწყვეტის შემდგომ, აუცილებელია მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს მეტი სიცხადე და ადგილობრივებს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია შეთავაზების შესახებ, რათა მოსახლეობამ შეძლოს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება, მით უფრო, რომ საქმე შეეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც მათი საცხოვრისია. ამასთან, ბუნდოვანია, რა ბედი ეწევა საფრთხის წინაშე მდგომ სხვა შინამეურნეობებს - სულ მცირე, დამატებით 51 ოჯახს.
საკითხის გადაუდებლობიდან გამომდინარე, მოსახლეობის მოთხოვნაა მოხდეს უახლოეს დღეებში შეხვედრის ორგანიზება უწყებათაშორისი კომისიასთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის წარმომადგენელთან, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერთან და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებთან, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, დაწვრილებით განიხილონ კომისიის შეფასებაში მოცემული საკითხები და დასვან მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები სახელმწიფოს შემდგომი ნაბიჯების შესახებ მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და გრძელვადიანი განსახლების მიმართულებებით.
მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს პრიორიტეტულად განიხილონ მოსახლეობის მიმართვა ჭიათურაში შეხვედრის ორგანიზების შესახებ და მიიღონ შესაბამისი ზომები ითხვისელების სამართლიანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. სოციალური სამართლიანობის ცენტრი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აგრძელებს სოფელ ითხვისის მცხოვრებლების ინტერესების დაცვასა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილების პროცესის მონიტორინგს და საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიაწოდებს ინფორმაციას ამ მიმართულებით განვითარებული მოვლენების შესახებ.
ინსტრუქცია