საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2021 წლის 8 ნოემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ რელიგიურ ორგანიზაციას - არარეგისტრირებული კავშირი „იმამ ალის მეჩეთი“, უარი უთხრა მარნეულში მდებარე მეჩეთის სარგებლობაში გადაცემაზე. სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება კვლავ იმ უსამართლო და დისკრიმინაციულ არგუმენტაციას დააფუძნა, რომ მუსლიმ თემში მხოლოდ სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოა“ (შემდგომში სამმართველო) სახელმწიფოს მიერ აღიარებული ის რელიგიური ორგანიზაცია, რომელსაც ისტორიულ რელიგიურ ნაგებობებზე უფლებების მოპოვებისა და სახელმწიფოსთან სამართლებრივ ურთიერთობებში შესვლის ლეგიტიმაცია აქვს. იმ პირობებში, როდესაც სამმართველოს იმამ ალის მეჩეთთან არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი კავშირი არ აქვს, ეს გადაწყვეტილება რელიგიის თავისუფლების სფეროში სახელმწიფოს თვითნებური და დისკრიმინაციული ჩარევის კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს.
იმამ ალის მეჩეთი 1739 წელს აშენდა და უნიკალურ და ისტორიულ რელიგიურ ნაგებობას წარმოადგენს. საბჭოთა მმართველობის პერიოდში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა და საბოლოოდ ფაქტობრივად ამორტიზირებული იყო, სანამ 1998 წელს ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და დაფინანსებით არ განახლდა. მეჩეთში ღვთისმსახურება 2000 წელს დაიწყო. ამ პერიოდიდან მოყოლებული მეჩეთის მმართველობა ადგილობრივი მრევლის წარმომადგენელთა მიერ დამოუკიდებლად ხორციელდებოდა, შემდგომ კი მრევლის თვით-ორგანიზებული ჯგუფი გაერთიანდა არარეგისტრირებული კავშირის „იმამ ალის მეჩეთის“ სახით და რელიგიური, ადმინისტრაციული და სხვა თვალსაზრისით სრულიად ავტონომიურად მართავს მეჩეთს.
2014 წელს მრევლის და ორგანიზაციის ინფორმირებისა და საკითხის სათანადო შესწავლის გარეშე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მეჩეთი არსებობის ვადით დროებითი სარგებლობის უფლებით გადასცა სხვა რელიგიურ ორგანიზაციას, სამმართველოს, რომელსაც იმამ ალის მეჩეთთან ორგანიზაციული, მმართველობითი, ქონებრივი თუ სხვა ფაქტობრივი კავშირები არასდროს ჰქონია. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარების ქვეშ მოქმედი სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რეკომენდაცია.
მიღებული გადაწყვეტილება იმამ ალის მეჩეთის მმართველმა ორგანიზაციამ გაასაჩივრა. გარდა იმისა, რომ ორგანიზაცია მეჩეთთან მის 20 წლიან ორგანიზაციულ, რელიგიურ და ფაქტობრივ კავშირს ადასტურებდა, ის უთითებდა, მეჩეთების საკუთარი მრევლის მიერ მართვის დამოუკიდებლობის პრინციპზე, რომელიც ისლამში რელიგიური ცხოვრების ორგანიზების მნიშვნელოვანი დანაწესია. თუმცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ არც კი განიხილა ორგანიზაციის საჩივარი და მალევე საჩივრის დაუშვებლობის თემაზე დავამ სასამართლოში გადაინაცვლა. სასამართლო პროცესი გაგრძელდა სამივე ინსტანციაში და მხოლოდ 2020 წლის 30 ნოემბერს იმამ ალის მეჩეთის მმართველი ორგანიზაციის სასარგებლოდ დასრულდა. სასამართლომ დაადგინა, რომ მეჩეთის განკარგვისას არ გამოკვლეულა არსებითი გარემოებები და უგულებელყოფილი იყო ა/კ „იმამ ალის მეჩეთის“ მიერ ნაგებობის ისტორიული და კონფესიური კუთვნილების საკითხი. სასამართლომ სამინისტროს დაავალა განეხილა საჩივარი და ნაგებობის გასხვისების საკითხი გადაეწყვიტა მისი კონფესიური და ისტორიული კუთვნილების შესაბამისად.
სასამართლოს მითითებების მიუხედავად სამინისტრომ კვლავ არ გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები და 2021 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ისევ იმ არგუმენტით, რომ სამმართველო ფართე და ინკლუზიური რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოსთან კავშირში არსებობს და მისთვის მეჩეთის გადაცემა დასაბუთებული იყო, უარი განაცხადა იმამ ალის მეჩეთის ისტორიული მესაკუთრისთვის გადაცემაზე.
ა/კ იმამ ალის მეჩეთმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს 2021 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება, ისევე როგორც 2014 წლის არსებითი გადაწყვეტილება მეჩეთის სამმართველოსთვის სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლოს წინაშე იმამ ალის მეჩეთის მმართველი ორგანიზაციის ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) იცავს.
იმამ ალის მეჩეთის საქმე საქართველოში საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების ისტორიული მესაკუთრეებისთვის დაბრუნების (რესტიტუციის) სამართლებრივი მოწესრიგების პრობლემატიკას აჩვენებს, რომელიც რელიგიურ უმცირესობებს (მართლმადიდებელმა ეკლესიამ რესტიტუციის უფლება ჯერ კიდევ 2002 წელს კონსტიტუციური შეთანხმებით მოიპოვა) არ აძლევს წარსულში ჩამორთმეული ისტორიული რელიგიური ნაგებობების საკუთრებაში დაბრუნების შესაძლებლობას. სამართლებრივი მოწესრიგების არ არსებობა მთავრობას ამ სფეროში თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას აძლევს, რაც განსაკუთრებულ პრობლემად გამოჩნდა 2014 წლიდან, როცა პრემიერ-მინისტრის ქვეშ შექმნილმა ახალმა უწყებამ - სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების დროებითი სარგებლობის უფლებით (და არა საკუთრების უფლების უფლებით) გადაცემის პრაქტიკა დაიწყო და ამ შესაძლებლობას მხოლოდ მის მიერ აღიარებულ რელიგიურ ორგანიზაციებს აძლევდა. ამ გადაწყვეტილებების მიღების დროს კი მხედველობაში არ იყო მიღებული არც ამ ნაგებობებთან კონკრეტული ორგანიზაციებისა და თემის ისტორიული, კონფესიური და ფაქტობრივი კავშირები და არც რელიგიურ ძეგლებზე უფლების მოპოვებისა და მართვის შიდა რელიგიური (ავტონომიური) წესების პატივისცემის პრინციპი. მუსლიმ თემში მთავრობა მხოლოდ სსიპ სრულად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს აღიარებს, როგორც მასთან სამართლებრივ კავშირში მყოფ ორგანიზაციას და სწორედ ამ პოზიციებიდან ის მუსლიმების თვითორგანიზებულ ჯგუფებს არც ისტორიული რელიგიური ნაგებობებზე უფლების მოპოვების შესაძლებლობას აძლევს და არც ახალი რელიგიური ნაგებობების მშენებლობის უფლებას (მაგალითად, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმე). ეს მიდგომა ცხადია, რომ დისკრიმინაციული შინაარსისაა და რელიგიური ორგანიზაციების პრეფერენცირებისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ხელყოფის ფორმას იღებს. იმ ფონზე, როცა სამმართველოს მიმართ თავად მუსლიმ თემში სახელმწიფოს ჭარბი გავლენებისა და კონტროლის თაობაზე მწვავე საჯარო კრიტიკა ისმის, მთავრობის ამგვარი გადაწყვეტილება კიდევ უფრო თვითნებური და მიუღებელი ჩანს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი გამოთქვამს იმედს, რომ ეროვნული სასამართლო მოახერხებს შექმნილ თვითნებურ პრაქტიკაზე რეალური ზედამხედველობის განხორციელებას და მანკიერი პრაქტიკის შემობრუნების რელიგიის თავისუფლების, თანასწორობისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის ინტერესებისა და პრინციპების სასარგებლოდ.
განცხადება აზერბაიჯანულ ენაზე იხ. მიმაგრებულ ფაილში.
ინსტრუქცია