[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

EMC-მა მარნეულში იმამ ალის მეჩეთის რესტიტუციის პრობლემასთან დაკავშირებით სასამართლო დავა დაიწყო

                                                                                                                     

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) შიიტი მუსლიმი თემის სახელით, სახელმწიფოს მიერ ქ. მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთის ისტორიული და ფაქტობრივი კუთვნილების შეფასების გარეშე სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემის საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით  მიმართა. დავაში მოპასუხე მხარეებს წარმოადგენენ სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 

ქ. მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთი 1739 წელს აშენდა და საბჭოთა მმართველობის პერიოდში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა, საბოლოოდ კი ფაქტობრივად ამორტიზირებული იყო, სანამ 1998 წელს ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და დაფინანსებით საკულტო ნაგებობის აღდგენა არ განხორციელდა.  იმამ ალის მეჩეთში რელიგიური საქმიანობა 2000 წელს განახლდა.

2004 წლიდან იმამ ალის მეჩეთში ყალიბდება დამოუკიდებელი მმართველობითი ორგანო - მეჩეთის შურა (საბჭო), რომელიც სხვა რელიგიური ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ინსტიტუტებისგან დამოუკიდებლად და დემოკრატიულად ახორციელებს მეჩეთის მართვასა და რელიგიური საქმიანობის წარმართვას. მსგავსი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით არსებობის შესაძლებლობას მას მოქმედი კანონმდებლობა აძლევს.[1]  2011 წელს კი იმამ ალის მეჩეთი სახელმწიფოს საკუთრებაში დარეგისტრირდა. მოგვიანებით, 2014 წელს კი,   რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, მითითებული მეჩეთი  სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს არსებობის ვადით, სარგებლობის უფლებით გადაეცა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, შენობის ისტორიული და ფაქტობრივი მესაკუთრის საკითხის სათანადო შესწავლის და ინფორმირების გარეშე მოხდა. სახელმწიფოს მხრიდან კი ეს ნაბიჯი მის მიერ მხარდაჭერილი და დაფუძნებული  სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს გაძლიერებასა და ლეგიტიმაციას უნდა ისახავდეს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ იმამ ალის საქმე საქართველოში არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების მიმართ სახელმწიფოს მიერ რესტიტუციის ვალდებულების შეუსრულებლობის სისტემურ პრობლემას უკავშირდება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, მსგავსი ისტორიული კონტექსტის მქონე არა ერთმა პოსტ-სოციალისტურმა სახელმწიფომ მიიღო რესტიტუციის კანონი, რომელიც საკულტო ნაგებობების ისეთი რელიგიური ორგანიზაციებისთვის გადაცემას ითვალისწინებს, რომელსაც ისტორიული ან/და კონფესიური კავშირი აქვს შესაბამის რელიგიური დანიშნულების ნაგებობასთან. საქართველოს შემთხვევაში აღნიშნული პრობლემის სისტემური მოწესრიგება არ განხორციელებულა და საკულტო ნაგებობების საკუთრების უფლებით დაბრუნება (რესტიტუცია) მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, განხორციელდა. სხვა რელიგიური ორგანიზაციებისთვის საკულტო ნაგებობების დაბრუნება წლების განმავლობაში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩებოდა. 2014 წლიდან, მთავრობის მიერ სსიპ რელიგიის საკითხთა სახელწიფო სააგენტოს დაფუძნების შემდეგ კი დაიწყო რელიგიური ორგანიზაციებისთვის ძველი საკულტო ნაგებობების ნაწილის სელექციური, და არასისტემური დაბრუნების პროცესი, რომელიც ყოველგვარი სამართლებრივი რეგულირების გარეშე, მხოლოდ მთავრობის კეთილი ნების საფუძველზე, სარგებლობის უფლებით ხორციელდება.[2] ამ კუთხით ხაზგასასმელია ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის [3] (2016-2017 წწ.) დებულებები, რომლის თანახმად,  სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენს „საკულტო-რელიგიური დანიშნულების  შენობა-ნაგებობების ისტორიული (კონფესიური) მესაკუთრის განსაზღვრა, შენობა-ნაგებობის გადაცემა და   არსებული დავების სწრაფი, გამჭვირვალე და სამართლიანი  გადაწყვეტა“.[4] აღსანიშნავია, რომ ისტორიული საკულტო ნაგებობების დაბრუნების პრობლემა მნიშვნელოვან გამოწვევად დგას არა ერთი რელიგიური ორგანიზაციის, მათ შორის, კათოლიკე ეკლესიის, ლუთერული ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიის, მუსლიმი და ებრაელი თემის დღის წესრიგში, რასაც ასევე ადასტურებს საერთაშორისო და ადგილობრივი ადამიანის უფლებებზე მომუშავე ინსტიტუტები.[5]

ასევე, იმამ ალის ისტორიული მეჩეთის გადაცემის მაგალითზეც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისტორიული შენობების დაბრუნების პროცესები თვითნებურად მიმდინარეობს და პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.

მოცემულ დავაში EMC ამტკიცებს, რომ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს საკულტო ნაგებობის კუთვნილება უნდა განეხილათ ადამიანის უფლებების ფართო კონტექსტში ისტორიულ შენობასთან რელიგიური ორგანიზაციის ისტორიული (კონფესიური) და ფაქტობრივი კავშირის გამოკვლევით,  რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა. ისტორიულ შენობაზე საკუთრების უფლების ხელყოფით კი სახელმწიფო უხეშად ჩაერია ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციისა და მრევლის რელიგიის თავისუფლებით დაცულ სფეროში.

რესტიტუციის მომწესრიგებელი სისტემური, სამართლიანი და დისკრიმინაციისგან თავისუფალი კანონმდებლობისა და პოლიტიკის არ არსებობის პირობებში, EMC იმამ ალის მეჩეთის არარეგისტრირებული კავშირის კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვას სასამართლო დავის საშუალებით შეეცდება. აღნიშნულ საქმეს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს სხვა მსგავსი შემთხვევებისთვის, რადგან მის  ფარგლებშიც  სასამართლოს მოუწევს შეფასება, თუ რამდენად შეესაბამება მთავრობის მიერ რესტიტუციის უსისტემოდ დაწყებული პრაქტიკა, საქართველოს კონსტიტუციითა და  საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული საკუთრების უფლებისა და რელიგიის თავისუფლების სტანდარტებს.

 
 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 15091 მუხლის შესაბამისად, რელიგიური გაერთიანებები შეიძლება დარეგისტრირდნენ როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირები, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, აგრეთვე ეწეოდნენ საქმიანობას, როგორც ამ კოდექსით გათვალისწინებული არარეგისტრირებული კავშირი.
[2] იხ. სსიპ „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2015 წლის ანგარიში  გვ. 14 http://religion.geo.gov.ge/images/8706%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98-2015.pdf
[3] 2016 წლის 13 ივნისის  საქართველოს მთავრობის N1138 დადგენილებით დამტკიცებული  ,ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა (2016-2017 წწ.) ; ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3315211
[4] 2016 წლის 13 ივნისის  საქართველოს მთავრობის N1138 დადგენილებით დამტკიცებული  ,ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა  (2016-2017 წწ.); 11.1.3.4 პუნქტი.  ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3315211
[5] UN Human Rights Committee, Concluding observations on the fourth periodic report of Georgia, CCPR /C/ GEO/CO/4, 19 August 2014, ხელმისაწვდომია: http://bit.ly/2ef4O5a ; Advisory committee on the framework convention for the protection of national minorities, Second Opinion on Georgia, June 15, 2015, ხელმისაწვდომია: http://bit.ly/1SxitBq ; U.S Department of State, International Religious Freedom Report for 2015, Georgia, ხელმისაწვდომია: http://bit.ly/2dbRloS

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“