[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

ღირსეული შრომის პლატფორმა მინიმალური ხელფასის შესახებ ინიციატივას ეხმაურება

მიმდინარე წლის 19 თებერვალს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საკანონმდებლო წინადადებას მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით. საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას შრომის კოდექსში და საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქვეყანაში მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესების მიზნით. პროფკავშირების გაერთიანების წინადადებით, მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს საშუალო ხელფასის არანაკლებ 40%-ის ოდენობით, რაც 2022 წლის მონაცემებით, 636 ლარს შეადგენდა1. კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადებას მხარი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების რეკომენდაციის საფუძველზე დაუჭირა იმ დათქმით, რომ ჯერ უნდა მოხდეს მისი სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე გატანა და განხილვა2.

როფკავშირების გაერთიანების წინადადებით, მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს  საშუალო ხელფასის არანაკლებ 40%-ის ოდენობით 

საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია მთავრობასთან არსებული სათათბირო ორგანოა, რომლის მხარეებს საქართველოს მთავრობა, დამსაქმებელთა გაერთიანებები და დასაქმებულთა გაერთიანებები (პროფკავშირები) წარმოადგენენ. კომისიის შემადგენლობაში არ შედის რიგი დარგობრივი პროფკავშირები, რომლებსაც უაღრესად მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ შრომითი და სოციალური პოლიტიკის საკითხებზე მუშაობის თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის 2019-2023 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის თანახმად, კომისიას 2023 წლის განმავლობაში უნდა განეხილა მინიმალური ხელფასის ეკონომიკური მიზანშეწონილობის საკითხი და საჭიროების შემთხვევაში, რეგულირების გავლენის შეფასების საფუძველზე, დაეგეგმა შესაბამისი აქტივობები. თუმცა, კომისიას დაკისრებული ფუნქციები არ შეუსრულებია. არსებული ინფორმაციით, პროფკავშირების გაერთიანებამ მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული ინიციატივა სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე განსახილველად რამდენჯერმე გაიტანა3, თუმცა ამას კომისიის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინა დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის მიერ დამოუკიდებელ პროფკავშირებთან („სოლიდარობის ქსელი“, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პროფესიული კავშირი – „ერთობა 2013“, სოციალურ მუშაკთა გაერთიანება და საზმაუს პროფკავშირი) თანამშრომლობით მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მინიმალური ხელფასის ოდენობად საშუალო ხელფასის 45%-ს ითვალისწინებდა. იმავე წლის ოქტომბერში კი პროფკავშირების გაერთიანების მიერ პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა მინიმალურ ხელფასად 320 ლარს მოიაზრებდა.4 მაშინ ამ საკანონმდებლო წინადადებებმა პარლამენტის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

ქვეყანაში ღირსეული ანაზღაურების არარსებობა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე სოციალური პრობლემაა. საქართველოში კერძო სექტორისთვის მოქმედი ოფიციალური მინიმალური ხელფასი 20 ლარია, რომელიც 1999 წლის შემდეგ არ გადახედილა. ქვეყანაში უამრავ ადამიანს აქვს საარსებო მინიმუმზე დაბალი ხელფასი, რომელიც მათ ელემენტარულ საარსებო საჭიროებებსაც კი ვერ უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში სხვადასხვა სექტორში მშრომელების გაფიცვების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას სწორედ ღირსეული შრომის ანაზღაურება წარმოადგენდა.

საქართველოში კერძო სექტორისთვის მოქმედი ოფიციალური მინიმალური ხელფასი 20  ლარია, რომელიც 1999 წლის შემდეგ არ გადახედილა

აშკარაა, რომ საქართველოს კანონმდებლობა საჭიროებს ფუნდამენტურ გადახედვას შრომის ღირსეული ანაზღაურების დაწესების მიზნით. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ინიციატივა და პროცესი, რომელიც მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით წარიმართება შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებს და უპასუხოს ჩვენი თანამოქალაქეების რეალურ საჭიროებებს. ეს ნიშნავს იმასაც, რომ მინიმალური ხელფასის ოდენობის გამოთვლის მეთოდოლოგია უნდა ეფუძნებოდეს ამ საჭიროებებს და პასუხობდეს უფლებრივ სტანდარტებს. ადამიანის უფლებების საერთაშორისო ინსტრუმენტები5 მოითხოვს, რომ მინიმალური ხელფასი ღირსეული ცხოვრების საჭიროებების დაკმაყოფილებას უნდა ისახავდეს მიზნად, რაც უფრო მეტია ვიდრე საბაზისო საარსებო საჭიროებები და მოიცავს სოციალური კეთილდღეობის, მათ შორის, სოციალური უსაფრთხოების, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურულ და სოციალურ აქტივობებში მონაწილეობის მიღების საჭიროებებს.6 სწორედ ამიტომაა, რომ ღირსეული შრომის პლატფორმა უკვე დიდი ხანია ადვოკატირებას უწევს საცხოვრებელი ხელფასის კონცეფციას, რომელიც მოიცავს ისეთ ხარჯებს როგორიცაა კვება, ტანსაცმელი, საცხოვრებელი, განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტირება და სხვა მნიშვნელოვანი საჭიროებები.7

ღირსეული შრომის პლატფორმა ადვოკატირებას უწევს საცხოვრებელი ხელფასის  კონცეფციას, რომელიც მოიცავს ისეთ ხარჯებს როგორიცაა კვება, ტანსაცმელი, საცხოვრებელი,  განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტირება და სხვა მნიშვნელოვანი საჭიროებები

გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ ისეთი ფუნდამენტური საკითხების განხილვისას, როგორიც მინიმალური ხელფასია, უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაინტერესებული მხარეების მაქსიმალურად ფართო ჩართულობა და მონაწილეობა. ამ პროცესში წვლილის შეტანის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ მშრომელთა თვითორგანიზებულ ჯგუფებს, დარგობრივ პროფკავშირებს, შრომით უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

1 საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით: https://parliament.ge/legislation/27195.

2 ონლაინ გამოცემა ნეტგაზეთი - ,,კომიტეტმა მხარი დაუჭირა მინიმალურ ხელფასზე პროფკავშირების ინიციატივას’’: https://netgazeti.ge/news/710173/.

3 იქვე.

4 “მინიმალური ხელფასის რეგულირების საკითხზე პარლამენტი 2 ინიციატივას განიხილავს”, პუბლიკა, 2019 წლის 1 ნოემბერი, https://publika.ge/minimaluri-khelfasis-regulirebis-sakitkhze-parlamenti- 2-iniciativas-ganikhilavs/.

5 იხ., ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი (ძალაში შევიდა 1976  წელს),  მუხლი 7,  პუნქტი ,,ა’’,  ქვეპუნქტი II: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/1483577?publication=0. ევროპის სოციალური ქარტიის განახლებული ვერსია (ძალაში შევიდა 1999 წელს), მუხლი 4,  პუნქტი 1: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1392164?publication=0.

6იხ., სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ნინო ცაგარეიშვილი, „მინიმალური ხელფასი როგორც ადამიანის უფლება - საერთაშორისო სტანდარტები და პერსპექტივები საქართველოსთვის“, 2023, ხელმისაწვდომია: ttps://socialjustice.org.ge/ka/products/minimaluri-khelfasi-rogorts-adamianis-ufleba- saertashoriso-standartebi-da-perspektivebi-sakartvelostvis.

7 აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მინიმალური ხელფასის შესახებ დირექტივის მიხედვით, მინიმალური ხელფასი შეიძლება განისაზღვროს საშუალო ხელფასის 50%-ის ან მედიანური ხელფასის 60%-ის ოდენობით, იხ. https://eur-lex.europa.eu/legal- content/EN/TXT/?uri=celex%3A32022L2041.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“