[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური სამართლიანობა / ფოტო

გაყიდულია

სტელა ნამგალაძე 

ზესტაფონი - ქალაქი დასავლეთ საქართველოში.სიმაღლე ზღვის დონიდან - 160 .მოსახლეობა - 24,2 ათასი.

! ! !

მყიდველი - „ჯორჯიან ამერიქან ელოიზი“;გამყიდველი - საქართველოს სახელმწიფო;პროდუქტი - სილიკომანგანუმი, ფერომანგანუმი, ფეროსილიციუმი, გაზრდილი დაავადებები მოსახლეობაში, დაბინძურებული გარემო;კაპიტალი - ჭიათურის მანგანუმი, 2 500 მუშა, დილის საათებში გამორთული ფილტრები;მოგება - კომერციული საიდუმლოება;ვალდებულება - მოხსნილი;რისკები: გაფიცვები, შრომის ინსპექცია, ეკოლოგიური გადასახადები, სოციალური პასუხისმგებლობა;პარტნიორები: გარემოს დაცვის სააგენტო, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი.

ზესტაფონში არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობისა და მუშების უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაცია, უკვე წლებია ვრცელდება. ფუნქციონირება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე, ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებები, მტვერი, გაზრდილი დაავადები, მუშებსა და ადმინისტრაციას შორის მიღწეული შეთანხმებების შეუსრულებლობა - ეს ის საკითხებია, რომლებზეც გარემოს დამცველი ორგანიზაციები და პროფესიული კავშირები, უკვე წლებია, საუბრობენ მედიასა და სოციალურ ქსელებში.

მას შემდეგ რაც EMC-ისა და „მწვანე ალტერნატივას“ პროექტის ფარგლებში, ბლოგ-პოსტის დაწერა გადავწყვიტე, ჩემს წინაშე დადგა პრობლემა: როგორ გადმომეცა ზესტაფონის ისტორია ისე, რომ მონათხრობს დაეფიქრებინა მკითხველი, გაეღვივებინა სოლიდარობის გრძნობა, თან ისე, რომ მას გაეცნობიერებინა თავისი როლი მიმდინარე პროცესებში. ნაწერი ბევრჯერ გადავაკეთე და საბოლოოდ, გადავწყვიტე, მელაპარაკა იმ ადამიანების სიტყვებით, რომლებიც საკუთარ თავზე განიცდიან ყოველდღიურ ჩაგვრას. აქედან გამომდინარე, პოსტში ჩემს პირად დაკვირვებასთან ერთად, წაიკითხავთ თუ რას ფიქრობს უშუალოდ ზესტაფონის მოსახლეობა და როგორ აღიქვამენ მათ საწარმოში არსებულ პრობლემებს ფეროს თანამშრომლები.

გამთენიისას, როდესაც მოსახელობას სძინავს, საწარმოდან დიდი რაოდენობის მავნე ნივთიერებების შემცველი ბოლი ამოიფრქვევა.

სოფელ არგვეთას მაცხოვრებელი: “ღამე გამოდის კვამლი. ჩვენ მოგვატყუეს, სხვა რამე კეთდებაო, ხელი მოგვაწერინეს და სინამდვილეში ფერო გააკეთეს.”

დილით, საწარმოს მუშები, ძველი „პაზიკის“ ტიპის ავტობუსით ცვლაში მიდიან. ხოლო ის, რაც ქარხანაში შესვლის შემდეგ ხდება, გარეშე თვალისათვის უხილავია. თუმცა, დასაქმებულთა მონაყოლიდან შეგვიძლია აღვადგინოთ სურათი. მტვერსა და 1 600°C სიცხეში მდნობელები მუშაობენ.

ჯანიაშვილი კობა - მეტალურგი, პროფკავშირების წევრი: “ბევრჯერ გვქონიდა დირექციასთან, ადმინისტრაციასთან თხოვნა, რომ გაგრილების სისტემა გაგვიკეთონ, ნაბადი რომ აცვია ადამიანს, სულის მოთქმის საშუალება რომ ჰქონდეს. სულ გვპირდებიან, რომ იქნება, მაგრამ ამ დაპირებებს არ აქვს საზღვარი.“

ყოველ 2-3 საათში გამოდნობილი მასალა 3 ქვაბში გადადის. პირველ ქვაბში ყოველთვის რჩება ლითონი. გადამზიდავებს ნარჩენები მატარებლის ღია ვაგონებით საწარმოს გარეთ გააქვთ და უკან ცარიელები ბრუნდებიან. ეს არის რუტინული და დამღლელი სამსახური, სადაც საქმის პროფესიონალის აზრზე მეტად, ინვესტორების ბრძანებები ფასობს.

ცვლა მთავრდება. მუშები ახლად გარემონტებულ, მაგრამ უხარისხო მეტალოპლასტმასის აბაზანას სტუმრობენ, სადაც დაობებული სარეცხის საპნები ხვდებათ. მოუხერხებელი და ხმარებისგან თაბაშირივით გაქვავებული სპეც-ტანსაცმლის გასარეცხად ცოლებთან მიტანა მუშებს უკვე სცხვენიათ. (დასაქმებულთა უმრავლესობას მამაკაცები შეადგენენ).

კობა ჯანაშია - მეტალურგი: “აბანო-გასახდელები გააკეთეს, სხვათა შორის, არ არის ცუდი, მაგრამ პლასტმასის არის და მალე გამოდის მწყობრიდან. ახალი აღარ მოდის და გვიწევს კუსტარულად, როგორც მოვახერხებთ, გავაკეთოთ და გადავაკეთოთ. საპონი იყო დაობებული, ისეთი სახის რომ თავმოყვარეობა კი არა, კაცი შიშითაც არ მიიკარებს რამე ინფექცია რომ არ შეეჭრას.

მოითხოვო ის, რაც კანონით გეკუთვნის, არაფერია ამაში განსაკუთრებული და უცნაური. მთავრობისგან გვესმის, რომ ინვესტორი ხელშეუხებელია. კი ბატონო, იყოს ხელსაც არავინ ახლებს. ინვესტორის უფლებები უნდა დავიცვათ, მაგრამ ჩვენი, იმ ხალხის, რომელმაც ეს მთავრობა აირჩია და გვერდში დაუდგა, ჩვენი უფლებები ვინ უნდა დაიცვას?”

წამოსვლამდე, როგორც წესი, ქარხნის ტერიტორიაზე გახსნილ მაღაზიაში შედიან და სახლისათვის პურს ყიდულობენ. ეს მაღაზია ქარხნის მფლობელობაშია და დასაქმებულებს პროდუქტს “ნისიად” ატანს (ვალი მათ ხელფასიდან ჩამოეჭრებათ), რამაც არამარტო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სხვა მაღაზიებისა და კვების ობიექტების, არამედ ადგილობრივი ბაზრის გაკონტროლებაც გამოიწვია.

გიორგი გიორგაძე: “დღესდღეობით, ზესტაფონის მოსახლეობის 80 % ფეროშია დასაქმებული, გამოდის რომ ერთი ოჯახიდან 2 ადამიანი მაინც აქ მუშაობს. “

„პაზიკი“ მუშებს ქალაქში აბრუნებს, მაგრამ ქარხნის მძიმე აჩრდილი მათ აქაც მიყვებათ. შელახულ შრომის უფლებებს მთელი ქალაქის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებები ემატება. სოციალური პაკეტი, რა თქმა უნდა, არასაკმარისია. როგორც ამბობენ, საკაცეზე აღმოჩენამდე, ანალიზებს ვერ ეღირსები.

ზესტაფონის მაცხოვრებელი: “ზესტაფონში ყველას უნდა ჰქონდეს პოლისი, ყველა დაავადებულია. პირადად მე საოპერაციო ვარ და არავინ მაფინანსებს, პენსიონერი არ ხარო. ზესტაფონში ამ ფეროს გამო, ყველა დაავადებულია და ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს პოლისი. ამაზე არავინ ფიქრობს.”

ზესტაფონის მაცხოვრებელი: “ფეროს ქარხანა რომ არ იყოს, ზესტაფონის მაცხოვრებლების ნახევარი შიმშილით ამოწყდებოდა, მაგრამ ეს ლუკმა რომელსაც ზესტაფონის მოსახლეობა ჭამს, შხამში არის ამოსვრილი.“

ზესტაფონის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი: „სიმსივნური დაავადებების 80% მოდის ზესტაფონზე. ეს საგანგაშო მაჩვენებელია. ჩვენ სხვა რა გზა გვაქვს. ბავშვებში ვავრცელებთ ინფორმაციას, რომელთაც მიაქვთ მშობლებამდე, რომ ზესტაფონი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან მაინც დავიცვათ.“

სურათი საგანგაშოდ ჩვეულებრივია. ბანკის ვალებსა და დამსაქმებლებზე დამოკიდებული უიმედო მოსახლეობის ყოფა ჩვენთვის უცხო არ არის. სამსახურის დაკარგვის შიშით გაჩუმებული მუშების უმეტესი ნაწილი და მრავალი დაპირების შეუსრულებლობით იმედგაცრუებული მოსახლეობა ჩვენი ყოველდღიურობაა.

კობა ჯანაშია, მეტალურგი: “დღეს ავიღებ ხელფასს, გავისტუმრებ ვალებს, ხვალ ისევ ვალი მაქვს და ეს მარტო ჩემზე არ არის, ქარხნის მუშების 80% ასეა.”

ადგილობრივი პროფკავშირები ხელფასის გაზრდასთან ერთად, ქმედით შრომის ინსპექციას ითხოვენ. თანამშრომელთა უმრავლესობას ძველი პროფკავშირების წევრებად რჩებიან, რომელთა საქმიანობა ძირითადად საექსკურსიო გასვლების ორგანიზებით შემოიფარგლება. რაც შეეხება გარემოზე ზემოქმედებას, ამაზე დასაქმებულთა მხოლოდ მცირე ნაწილი საუბრობს.

“გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგის სისტემა არის აბსოლუტურად მოშლილი და გარემოზე არავითარი დაკვირვება არ ხდება. რეალურად, დღეს, სამინისტრო აქ არსებული სიტუაციის შეფასებისას საწარმოს მიერ გაკეთებულ ანგარიშებს ეყრდნობა, რომელსაც საწარმო ხშირად არც კი წარადგენს. ხოლო, თუ წარადგენს თვითმონიტორინგისას, კომპანია ჩაწერს იმას, რაც უნდა რომ ჩაწეროს და ამას არავინ გადაუმოწმებს. ინფორმაციის არარსებობაა პრობლემა და ეს მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია გააკონტროლოს,” - აღნიშნავს „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი ნინო გუჯარაიძე ზესტაფონის პრობლემებზე საუბრისას.

ევრო რეგულაციებისა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის მიუხედავად, საქართველოში სოციალურად უპასუხისმგებლო, ეკონომიკის კაპიტალისტური სისტემის მოდელი მუშაობს. დასაქმების გაზრდისა და ეკონომიკური გაძლიერების არგუმენტებით გახსნილი ბარიერები უცხოური ინვესტორებს, მათ ყველაზე ბინძურ ნაწილს, მოსახლეობის ექპლუატაციისა და მინიმალური დანახარჯებით ჩვენი რესურსების მაქსიმალურად ათვისების შემდეგ, ქვეყნის დაუსჯელად დატოვების საშუალებას აძლევს. ფარული კორუფციის შესანიღბად შექმნილი ფასადური კანონები და კანონპროექტები სოციალური უთანასწორობის გაზრდასა და გარემოს დეგრადაციას იწვევს. გარემოს დაცვის სამინისტრო ფიზიკური პირების მიერ ნაგვის დაყრასთან დაკავშირებულ ჯარიმების სიტემას ამუშავებს, დიდ ქარხნების კონტროლისათვის კი რესურსები (და, რა თქმა უნდა, ნება) არ ჰყოფნის. ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, რომელსაც ეკოლოგიური გადასახადების ეშინია. ეკონომიკაზე, რომლისთვისაც კონკრეტული მუშების სიკვდილი ბუნებრივ ხარკად აღიქმება. მაშინ, როდესაც ჩვენი ეკონომიკის სამინისტროს სრული სახელი „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა“.


პუბლიკაცია მომზადებულია EMC–ისა და „ასოციაცია მწვანე ალტერნატივას“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროსთან თანამშრომლობით“

ავტორის მიერ ტექსტში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს EMC–ის, „მწვანე ალტერნატივასა“და„ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს“ პოზიციას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“