[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

განცხადება მოხეში მუსლიმთა უფლებების უხეში დარღვევის თაობაზე

არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას, ბოლო პერიოდში, აჭარელ მუსლიმთა უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებისა და სახელმწიფოს არაეფექტური და რეპრესიული პოლიტიკის მიმართ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩეროს მუსლიმი თემის რელიგიური დევნა, რომელმაც უკვე სისტემური ხასიათი მიიღო.

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მუსლიმი თემის მიმართ რელიგიური ძალადობის არა ერთი სერიოზული შემთხვევა გამოვლინდა (ნიგვზიანი, წინწყარო, სამთაწყარო, ჭელა, ქობულეთი, მოხე). რელიგიურ ძალადობის ყველა ამ ფაქტს კომუნალური ხასიათი ჰქონდა და ის ადგილობრივი დომინანტი რელიგიური ჯგუფისგან მომდინარე შეუწყნარებლობით იყო განპირობებული. ხელისუფლებამ სათანადოდ არ უპასუხა რელიგიური ექსტრემიზმის გამოვლინებებს, არ უზრუნველყო კერძო პირებისგან მომდინარე ძალადობის პრევენცია და ეფექტური გამოძიების ჩატარება. მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში, ხელისუფლება ღია ლოიალობას ავლენს უმრავლესობის მიმართ და პრობლემის გადაფარვას მუსლიმი თემის უფლებების იგნორირების ხარჯზე ცდილობს.

რელიგიური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის არაეფექტურ პოლიტიკასთან ერთად, ხელისუფლებამ, სოფელ ჭელასა და მოხეში, საპოლიციო რეპრესიული ძალის გამოყენებით, უშუალოდ დაარღვია მუსლიმი თემის უფლებები, რითაც დაადასტურა საკუთარი შემწყნარებლური პოლიტიკა  რელიგიური შევიწროების მიმართ.

ბოლო დღეებში, სოფელ მოხეში განვითარებულმა მოვლენებმა გამოავლინა სისტემური ხასიათის პრობლემა, რომელიც რელიგიური უმცირესობებისთვის საკულტო-ნაგებობების რესტიტუციის პოლიტიკის არარსებობას უკავშირდება. მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, რომელსაც კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, სახელმწიფომ დაუბრუნა საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობები, ხელისუფლებას იგივე პოლიტიკა არ გაუტარებია სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან მიმართებით. რელიგიური უმცირესობების კუთვნილი  ისტორიული, საკულტო ნაგებობების ძირითადი ნაწილი (როგორც მოქმედი, ისე არამოქმედი), დღეს, სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს და ზოგიერთი მათგანი განადგურების რისკის წინაშე დგას. სახელმწიფოს ამგვარი პოლიტიკა დისკრიმინაციულია და ის დროულ გადაწყვეტას მოითხოვს, რის თაობაზეც სახალხო დამცველი და საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივად უთითებენ.

მოხეს მუსლიმი თემი, რომელიც სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენს, წლების განმავლობაში ითხოვს ისტორიული მეჩეთის შენობის დაბრუნებას ან მინიმუმ მის კონსერვაციას, განადგურების თავიდან არიდების მიზნით, თუმცა უშედეგოდ. ამ პირობებში, სამლოცველო სახლი მუსლიმ თემს სოფელ მოხეში კერძო, ნაქირავებ სახლში აქვს გახსნილი და იქ ასრულებს რელიგიურ პრაქტიკას.

მოხეს მეჩეთის შენობა 2007 წლიდან ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება. არა ერთი, მათ შორის 2014 წლის ადილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გაცემული დაპირების მიუხედავად, 2014 წელს მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება მეჩეთის შენობის კულტურის ცენტრად გადაკეთების თაობაზე. ადგილობრივმა მუსლიმმა თემმა აღნიშნული გადაწყვეტილება გააპროტესტა და ხელისუფლებისგან, მათ შორის, პრემიერ-მინისტრისგან, 16 ოქტომბერს, ბათუმში გამართულ შეხვედრაზე, საკითხის გადაწყვეტის დაპირება მიიღო. თუმცა, 2014 წლის 22 ოქტომბერს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პოლიციის მასშტაბური ძალის გამოყენებით მეჩეთის შენობის ნარჩენების გატანა დაიწყო.

მუსლიმი თემის შეფასებით, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ისტორიული მეჩეთის გადმოცემის საკითხის კანონიერი, მშვიდობიანი და დემოკრატიული პროცედურებით გადაწყვეტა და ყველა მიმდინარე მოლაპარაკება არაეფექტური აღმოჩნდა.  რელიგიის საკითხებში სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაკეთებული განცხადება ასევე ადასტურებს, რომ ამ დრომდე, სააგენტოს საკითხი სათანადოდ არ შეუსწავლია და გადაწყვეტილების მიღება მისი რეკომენდაციის გარეშე მოხდა.

22 ოქტომბერს, შემთხვევის ადგილზე მისული მუსლიმების წინააღმდეგ, რომლებიც ხელისუფლების მოულოდნელ და რეპრესიულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, 14 პირი კი დააკავა.[1] თვითმხილველების განმარტებით, პოლიცია დაკავებულების მიმართ ფიზიკურ ძალას იყენებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ასევე, თვითმხილველთა განმარტებით, დაკავებულ პირებს შორის რამდენიმე ადამიანი პოლიციამ სასტიკად არის ნაცემი. ნაცემია ერთი ქალბატონი, რომელმაც დაზიანებები მიიღო სახეზე. მუსლიმების თქმით, დაკავებულთა შორის არიან ის ახალგაზრდები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე პოლიციის ქცევის გადაღებას ცდილობდნენ და რომელთაც პოლიციამ ტელეფონები ჩამოართვა და გაუნადგურა.

ამ პირობებში, პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება აშკარად არაადეკვატურია და არ პასუხობს ადგილობრივი მუსლიმი თემის საჭიროებებსა და ინტერესს. მუსლიმებთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტის მინდობა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აკაკი მაჭუტაძესთან, რომელიც სოფელ ჭელაში შსს-ს მიერ განხორციელებული ძალადობრივი სპეცოპერაციის ხელმძღვანელი იყო და ადგილობრივი მუსლიმების თქმით, მათ მიმართ აგრესიული  ქცევით გამოირჩევა, მთავრობის მხრიდან უპასუხისმგებლო ნაბიჯი იყო.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილება, როდესაც მან კანონით დადგენილი წესით არ შეისწავლა მეჩეთის ისტორიული და კულტურული სტატუსი და საკულტო ნაგებობას კულტურის ცენტრის მიზნობრიობა დაუდგინა, დაუსაბუთებელია და მუსლიმი თემის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. აღნიშნული გადაწყვეტილების საპოლიციო ძალებით აღსრულება, თავის მხრივ, სახელმწიფოს რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლინებაა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ყოველთვის თავს იკავებს სამართლებრივი და რეპრესიული მექანიზმების გამოყენებისგან იმ შემთხვევებში, როდესაც დომინანტი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები აშკარად ახორციელებენ რელიგიურ დევნას,  თუმცა მისი მეთოდები სასტიკი და ძალადობრივია რელიგიური უმცირესობების მიმართ. ცხადია, სახელმწიფოს ამგვარი პოლიტიკა დისკრიმინაციულია.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ მუსლიმი თემის დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, უმნიშვნელოვანესია:

  • ხელისუფლებამ, შეაჩეროს სოფელ მოხეში კულტურის ცენტრის მშენებლობის საკითხი, ვიდრე კანონით დადგენილი პროცედურების გამოყენებით, დემოკრატიული და არადისკრიმინაციული გზებით არ განისაზღრება მეჩეთის სტატუსი და მუსლიმი თემისთვის მისი გადაცემის საკითხი;
  • პროკურატურამ, უზრუნველყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, სოფელ მოხეში, მუსლიმების მიმართ სავარაუდო არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტებზე ეფექტური და დროული გამოძიების ჩატარება და გამოძიების შედეგების საზოგადოებისთვის წარმოდგენა;
  • სასამართლომ, უზურნველყოს მტკიცებულებების სათანადო შეფასება და წინა წლების პრაქტიკის მსგავსად, არ დაეყრდნოს მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს. მათ შორის, სათანადო მტკიცების სტანდარტი გამოიყენოს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის საქმეების განხილვისას;
  • საკანონმდებლო ორგანომ გამოიყენოს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები. მათ შორის, დაუყოვნებლივ მოსთხოვოს მთავრობას, განსაკუთრებით კი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, ანგარიშის წარმოდგენა რელიგიური დევნის მიმდინარე შემთხვევებზე მის მიერ გატარებულ არაეფექტურ და რეპრესიულ პოლიტიკასთან დაკავშირებით;
  • მთავრობამ და მისმა ხელმძღვანელმა, ადეკვატური და სამართლიანი შეფასება მისცეს მუსლიმთა რელიგიური ნიშნით დევნის შემთხვევებს და უზრუნველყოს მუსლიმებისთვის რელიგიის თავისუფლებით შეუფერხებელი სარგებლობა, მათ შორის, დროულად უზრუნველყოს ქობულეთში პანსიონის ფუნქციონირება, სადაც პოლიცია დემონსტრაციულ უმოქმედობას ავლენს და განგრძობითად არღვევს მუსლიმი თემის უფლებებს.  

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  3. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
  4. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  5. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  6. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  7. სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1]შსს-ს ინფორმაციით, 11 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით დააკავეს, ხოლო 3 პირი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა, ჩადენილი ჯგუფურად), ინფორმაცია ხელმისაწვდომია:  http://police.ge/ge/shinagan-saqmeta-saministros-gantskhadeba/7259

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“