[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / ანალიტიკური დოკუმენტები

განმანათლებლობა და ამიერკავკასიის მუსლიმები - მირზა ფათალი ახუნდზადეს ცხოვრება და პოლიტიკური პროექტი

ცოტნე ცხვედიანი 

შესავალი

მე-19 საუკუნეში, რუსეთის გავლით, კავკასიაში გავრცელდა განმანათლებლური იდეები. ქართველებში, სომხებსა და რუსეთის მიერ დამორჩილებულ ამიერკავკასიის სახანოებში მცხოვრებ ხალხებში ეს პროცესი განსხვავებულად წარიმართა. მუსლიმური საზოგადოებიდან გამოსული განმანათლებლებისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ცენტრალური გახდა ანტიისლამური შეხედულებები. ხშირად, მათი პოზიციები ეფუძნებოდა გულუბრყვილო ევროპაცენტრიზმს - სურვილს, რომ დასავლური ღირებულებები პირდაპირ გადმოეტანათ აღმოსავლეთის ხალხებში. ამ გარემოებამ განმანათლებლები და ექსპლუატირებული კლასი დასაწყისშივე დააშორა ერთმანეთს და მათ ბრძოლას წაართვა გამათავისუფლებელი ძალა.

პირველი განმანათლებლების დიდი შეცდომა იყო იმდროინდელი საწარმოო ურთიერთობების და იმპერიების კოლონიური პოლიტიკის გაუაზრებლობაც. უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ ბურჟუაზიული საწარმოო ურთიერთობები რუსეთის იმპერიაში მხოლოდ მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან იკიდებს ფეხს. შესაბამისად, კავკასიაში განმანათლებლური იდეების შემოსვლას მხოლოდ ზედაპირული ხასიათი შეიძლებოდა ჰქონოდა. ევროპული გამოცდილების ნაკვალევზე, კავკასიაში ეწყობოდა სალონები და სწავლულთა წრეები, თუმცა, ასეთ საჯარო სივრცეებში, როგორც წესი, მხოლოდ საზოგადოების მაღალ ფენებს შეეძლოთ საკუთარი პოზიციების დაფიქსირება.

აღმოსავლეთის ადრეული განმანათლებლების ისტორიის, გამოცდილების შესწავლა და გააზრება, დღეს, პრინციპული მნიშვნელობისაა, რადგან თანამედროვე „განმანათლებლური’’ პროექტები, რომლებიც ასევე ხშირად ხასიათდება ევროპაცენტრიზმით და რელიგიის ზედაპირული კრიტიკით, უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ უთანასწორობის გაზრდას უწყობს ხელს. ნაცვლად იმისა, რომ დაუპირისპირდეს გაბატონებულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ძალაუფლებებს, ის აქცენტს აკეთებს ადგილობრივების უმწიფრობასა და კულტურულ ჩამორჩენილობაზე. მაშინდელ განმანათლებლებს აღმოსავლეთში ასევე გამორჩათ განმანათლებლობის პოლიტიკური პროექტის კრიტიკა, რომელიც დასავლეთისთვის სხვა რეგიონებში ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების მოპოვების იარაღი გახდა.

პარიზი, პეტერბურგი, თბილისი, განჯა, შაქი და თავრიზი...

სანამ პიესის კითხვა დაიწყება, დრამატურგის ახალგაზრდა ქალიშვილი, ნისა ქუჩებში თავშიშველი მიიჩქარის. თბილისელი მუსლიმები მას თვალს არიდებენ. არც მამამისს უსწორებენ თვალს. დრამატურგი მგრძნობიარე ადამიანია; ამბობენ, რომ ღარიბი მუსლიმების სია ჰქონდა და ყოველ პარასკევს, საიდუმლოდ დახმარებას უგზავნიდა მათ. ამასთან, ყველას აფრთხილებდა, რომ მისი სახელი არავის ეთქვა. თბილისში, მუსლიმები მრავლად ცხოვრობდნენ. მათი უმეტესობა შავ მუშად მუშაობდა. მეთუნეები, ძირითადად, სალმასის, დილმაყანის და ურმიას რაიონებიდან იყვნენ, ფილაქნის დამგებები კი - მარაღადან, თავრიზიდან, მარენდიდან და ხოიდან. იყვნენ დიდვაჭრები და მუსლიმი დიდგვაროვნებიც, რომელთა სახელი და სიმდიდრის ამბავი ყველამ იცოდა. სწორედ ისინი იკრიბებოდნენ ყოველ საღამოს აზერბაიჯანული დრამატურგიის ფუძემდებლის, ფილოსოფოსისა და განმანათლებლის, მირზა ფათალი ახუნდზადეს - ახუნდოვის (1812-1878) სახლში, სადაც საუბრობდნენ პოლიტიკაზე, რელიგიასა და ახალ ნაწარმოებებზე. იმ დროისათვის, ახუნდზადე, რომელიც განთქმული იყო თავისი სწავლულობითა და ენების ცოდნით, კავკასიის მეფისნაცვლისა და სამხედრო მაღალჩინოსნების თარჯიმანი იყო. მანვე თარგმნა სპარსულად და თურქულად ფრანგი განმანათლებლების ტექსტები. იოსებ გრიშაშვილი წერდა, რომ დრამატურგმა პირველად გამოიყვანა სცენაზე აზერბაიჯანელი ქალი ჩადრის გარეშე და აალაპარაკა იგი თავის ღირსებებსა თუ ნაკლოვანებებზე. მისი ქალიშვილი, ამ ბრძოლაში, მისი უერთგულესი მოკავშირე იყო.

პიესა კი, რომელსაც ახუნდზადე წაიკითხავს, დაუჯერებლად სასაცილოა, მსმენელები ემოციებს ვერ იკავებენ. ყველაფერი ასე იწყება:

მე-19 საუკუნის 40-იან წლებში, ყარაბაღში, ფრანგი მეცნიერი, ჟორდანი ჩადის. მისი მასპინძელი ადგილობრივი ბეგია. ამ დროისათვის, ყარაბაღში, რუსული მმართველობაა (ყარაბაღის სახანო 1822 წელს გაუქმდა). სწორედ აქ გაიცნობს მეცნიერი ბეგის ძმისწულს შაჰბაზს, რომელსაც ფრანგულსა და სხვადასხვა მეცნიერებას ასწავლის. ჟორდანი ნიჭიერ მოწაფეს დაჰპირდება, რომ პარიზში წაიყვანს.

ეს ამბავი თავზარს დასცემს შარაფნისა ხანუმს, რომელიც შაჰბაზზეა დანიშნული და არ სურს თავისი მიჯნურის პარიზში გაშვება. ბიჭს პარიზში გამგზავრება გადაწყვეტილი აქვს, რადგან თბილისში ყოფნისას, მეჯლისებზე საკუთარი თვალით ნახა, რომ პარიზში ნასწავლი ახალგაზრდები განსაკუთრებულ ყურადღებასა და პატივს იმსახურებდნენ.

შარაფნისა იმედს არ კარგავს და დახმარებისთვის ჯადოქარ დერვიშს მასთალიშაჰს მიმართავს, რომელიც მას ეტყვის, რომ გამოსავალი არსებობს. დერვიშს შეუძლია, ფრანგ მეცნიერს ჯადო გაუკეთოს და საკმარისია ის მდინარე არაქსს გასცდეს, მარსი (მარეხი) მას სიცოცხლეს მოუსწრაფებს. შარაფნისა მეცნიერს ასეთი ბედისათვის ვერ იმეტებს. ამბობს, რომ იგი ყოველთვის კეთილად ექცეოედა და ყვავილებს ჩუქნიდა მას. ჯადოქარი იტყვის, რომ მეორე გზაც არსებობს. ამისთვის, პარიზი უნდა განადგურდეს.

შარაფნისა დარდობს პარიზელების ბედზე, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც ამ დაწყევლილი ქალაქის (დერვიში ამბობს, რომ ამ ადგილს ღრიანკალი განაგებს და ამიტომაც ხდება იქ ყველანაირი უკეთურება) დასჯას გადაწყვეტს. ჯადოქარი შეულოცავს და შარაფნისას ეტყვის, რომ პარიზი აუცილებლად განადგურდება, შაჰბაზი კი მასთან დარჩება.

ქალი მაინც ვერ მშვიდდება, რადგან პარიზი შესაძლოა მართლაც დაინგრეს, მაგრამ ვინ გაიგებს ამას ყარაბაღში. ტელეგრაფი ამბებს უსაშველოდ აგვიანებს. სწორედ ამ დროს, სასოწარკვეთილი მეცნიერი გამოჩნდება და ამბობს, რომ პარიზი დაინგრა. ასეთ ვითარებაში არათუ შაჰბაზს წაიყვანს, არამედ თვითონაც აღარ აქვს წასასვლელი.

ამბავი იქ სრულდება, სადაც ირკვევა, რომ სინამდვილეში, ამ დროს, პარიზში რევოლუციაა, ივლისის მონარქია დასრულდა და მეფე ბრიტანეთში გაიქცა. ტელეგრაფმა გვიან, მაგრამ სწორედ ეს ამბავი მოიტანა (პიესა „ბოტანიკოსი მუსიე ჟორდანისა და ცნობილი ჯადოქრის, დერვიში მასთალი შაჰის ამბავი’’ ქართულად ოქტაი ქაზუმოვმა თარგმნა. გამომცემლობა ინტელექტი, 2013).

***

პიესაში, რომლის მსმენელებიც ზოგჯერ სიცილით იხოცებოდნენ, ევროპული განმანათლებლობის ტრადიციებისთვის დამახასიათებლად, პროგრესულ შეხედულებებს უპირისპირდება ადგილობრივი ცრურწმენები. ავტორი გულწრფელად წუხს, რომ ახალგაზრდას გზა მოეჭრა განათლების მისაღებად. იგი დასცინის ჯადოქრობას და ცრურწმენებს, მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავისი ფილოსოფიური და პოლიტიკური მრწამსის გამო და მის საპირისპიროდაც, მკაფიოდ ხატავს იმ დროის რეალური ცხოვრების სურათებს. ეს კომედიური პიესაც თვალნათლივ აჩვენებს, რომ უმრავლეს შემთხვევაში, განათლების მიღება მეცნიერებაზე მეტად, ცალკეული ადამიანის პიროვნულ და კარიერულ წინსვლას უფრო ემსახურებოდა. ხშირად, საზოგადოების უპირველესი მოტივი მაღალ სოციალურ ფენაში გადასვლა იყო. როგორც წესი, ამგვარი გზით, წარმატებული ადამიანები იმ იმპერიის სამსახურში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე, რომელიც ყველანაირად ახშობდა გზებს, რათა განათლების შესაძლებლობა ყველას ჰქონოდა. დრამატურგი არც იმ ადამიანებს ივიწყებს, რომლებიც ასეთ რბოლაში საკუთარ ბედნიერებას კარგავენ. მათი ტკივილი გულთან მიაქვს და მათ გრძნობებს გულისყურით გადმოგვცემს.

საბოლოდ კი, ამ ქარტეხილებმა თავად ახუნდზადეს ტრაგიკული ბედი განაპირობა. მას მთელი არსებით სწამდა განმანათლებლობის იდეალების. იმ დროის სწავლულებს, მაღალი რანგის ჩინოვნიკებსა და მოხელეებს შორის თანამოაზრეებიც ჰყავდა, მაგრამ იმპერიის ძირითადი პოლიტიკა ამ რეგიონში სხვა, უფრო ცბიერ და პრაგმატულ სტრატეგიას ეფუძნებოდა. რუსული მმართველობის მთავარი დასაყრდენი ამიერკავკასიის მუსლიმებში ადგილობრივი სასულიერო ლიდერები იყვნენ. ახუნდზადე, პირველ რიგში, სწორედ რელიგიურ დოგმებსა და გაუნათლებელ სასულიერო პირებს დაუპირისპირდა.

რუსი ისტორიკოსი ანასტასია განიჩი თავის ნაშრომში - „ამიერკავკასიის მუსლიმთა მიმართებით რუსეთის იმპერიის სახელმწიფოებრივი პოლიტიკის საკითხის შესწავლისთვის’’ - მიმოიხილავს ამიერკავკასიაში რუსეთის კოლონიურ პოლიტიკას და აანალიზებს იმპერიის მიერ გატარებულ ადმინისტრაციულ რეფორმას, სამხედრო მმართველობის გაუქმების შემდეგ.

მთავრობა მკაცრ, კონსერვატიულ პოზიციებს ატარებდა, რაც ითვალისწინებდა მუსლიმი სასულიერო ელიტის სრულ კონტროლს და მათ ჩართვას იმპერიის კოლონიურ პოლიტიკაში. ისტორიკოსის აზრით, რუსეთმა ისლამის საკუთარი ინტერესებისთვის გამოსაყენებლად, კავკასიაში შექმნა იერარქიული მოწყობა, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქიულ სისტემაში არსებული გამოცდილებით შეიმუშავა. შეიქმნა სასულიერო საბჭოები, რომლებიც განაგებდნენ ადგილობრივების ყოველდღიურობასა და ცხოვრების წესს. ამავე მიზნით, ამოქმედდა მუსლიმთა სამმართველო. ამ ვითარებაში, პრივილეგირებული მუსლიმი სასულიერო პირები, მოჩვენებით, ისლამის დოგმებით განაგებდნენ ადამიანების ცხოვრებას. სინამდვილეში, ეს ყველაფერი სრულ თანხვედრაში მოდიოდა იმპერიის პოლიტიკასთან. ამ მხრივ, საყურადღებოა, პეტერბურგში, 1850 წელს შედგენილი „მუსულმანური კანონმცოდნეობის საწყისთა გადმოცემა’’ («Изложение начал мусульманского законоведения» СПб., 1850 ).

განიჩი, თავის ნაშრომში, ამიერკავკასიის „მაჰმადიანური სასულიერო სამმართველოები იმპერიულ სივრცეში: სტრატეგია და ფორმათა რევოლუცია“, აღნიშნავს, რომ რუსეთის იმპერია მუსლიმ სასულიერო პირებს ხაზგასმით მფარველობდა. ამ ვითარებას ხელს უწყობდა რეგიონში თურქეთის პოზიციები. ამიერკავკასიის შიიტი სასულიერო პირები, სუნიტურ ოსმალეთთან დაპირისპირებულები იყვნენ და რუსული გავლენის ქვეშ იოლად აღმოჩდნენ.

შეიძლება ითქვას, რომ ამ გზით, რუსეთის იმპერიამ მოახერხა და თავის ინტერესებში მოაქცია ამიერკავკასიის მუსლიმი რელიგიური ლიდერები. ამ გზით, მან მოსპო საფრთხე, რომ ადგილობრივებს ისლამის დროშის ქვეშ ებრძოლათ იმპერიის წინააღმდეგ, რისი მწვავე შედეგებიც მან ჩრდილოეთ კავკასიაში იწვნია საკუთარ თავზე.

***

ახუნდზადეს შესახებ მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს თავრიზელი სწავლული და დიპლომატი, მირზა რეზა ხანი, რომელიც მას 70-იანების მიწურულს თბილისში შეხვდა. მირზა რეზა ხანი, იმ დროს, თბილისში, ირანის საკონსულოში მუშაობდა, მოგვიანებით კი ირანის ელჩი გახდა ჯერ რუსეთში, შემდგომ - ოსმალეთში. ასევე, ის იყო ირანის წარმომადგენელი ერთა ლიგაში. პარალელურად, იგი მწერალიც იყო. მან განათლება სტამბოლსა და თბილისში მიიღო, ცხოვრების ბოლო წლები კი, მონაკოში გაატარა. საქართველოში გატარებულ პერიოდზე შექმნილ ჩანაწერებში, იგი მკაფიოდ ხატავს იმ ეპოქის მუსლიმთა ცხოვრებას და პირველი განმანათლებლის მოღვაწეობას.

მირზა რეზა ხანი იხსენებს, რომ კარგად იცნობდა სპარსულ და არაბულ ლიტერატურას, მაგრამ არაბების მიმართ ყოველთვის ძლიერ ანტიპათიას ამჟღავნებდა. როცა ლაპარაკი ისტორიაზე ჩამოვარდებოდა, ახუნდზადე ხშირად წარმოთქვამდა ფირდოუსის ლექსს:

„აქლემისა და ნიანგის რძის სმისგან/ არაბების საქმე იქამდე მივიდა,/რომ მეფეთა ტახტი მოინდომეს,/ფუი, შენ, ბედისწერის ჩარხო, ფუი“. იგი ხშირად ქილიკობდა ყურანის ისტორიებზეც, განსაკუთრებით, მუჰამედისა და მოსეს შეხვედრისა და ზულკარნაინის ამბებზე.

„ერთ საღამოს, მე და ყადი მოთმინებიდან ისე გამოგვიყვანა, რომ ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი: „ჩემი მოკრძალებული აზრით, ის, რომ ზულკარნაინის ამბავი ისტორიულ სინამდვილეს არ შეესაბამება, ეს თავად წმინდა ყურანში წერია. იოსების სურაში ხომ ნაბრძანებია: „და ჩვენ გიამბობთ შენ საუკეთესო იგავთ“ [12:3]. იგავი ლეგენდას ნიშნავს, შესაბამისად, თავად ყურანი ამბობს, რომ ეს ამბავი ზღაპარია. არაბები მიდიოდნენ წინასწარმეტყველთან და სთხოვდნენ, მუჰამედ, ზღაპარი გვიამბეო და ისიც მათი გემოვნების შესაბამის ამბებს უყვებოდა“. ჩემი ნათქვამი ძალიან არ მოეწონა და ვიგრძენი, რომ თუ მანამდე ჩემდამი კარგად იყო განწყობილი, იმ საღამოს მთელი კეთილგანწყობა გაუქრა,’’ - მირზა რეზა ხანი („პრინც არფა‘ს მოგონებები’’- მირზა რეზა ხანი - მთ. მარინა ალექსიძე).

მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, თავრიზელი დიპლომატი ახუნდზადეს შესახებ ყოველთვის კეთილად საუბრობდა. იგი განსაკუთრებით აღნიშნავდა მის მწიგნობრობასა და ამაგს, რომელიც მან ანბანის გარდაქმნისთვის გასწია. ასევე, მის ჰუმანურობასა და სიკეთეზე ყოველთვის გატაცებით ყვებოდა.

ახუნდზადეს ეს პოზიციები ხელოვანისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით არ იყო ნაკარნახევი. შეიძლება ითქვას, რომ მას თავისი პოლიტიკური და კულტურული პროექტი ჰქონდა, რომელშიც იგი არა მხოლოდ ამიერკავკასიის მუსლიმებს, არამედ სპარსეთსაც მოიაზრებდა. სწორედ ამ მიზნით, ის თავის ნაშრომებს არა მხოლოდ აზერბაიჯანულ ენაზე, არამედ სპარსულადაც წერდა. მისი ფილოსოფიური და პოლიტიკური შეხედულებების მანიფესტი არის „ქემალ-უდ დოვლეს წერილები“.

ქემალ-უდ დოვლეს წერილები

შენთან სარკედ მომაქვს თავი’’ ნიზამი

მირზა ფათალი ახუნდზადე თბილისში 1834 წელს დასახლდა. მანამდე, 22 წლის ახალგაზრდამ უმძიმესი ცხოვრება განვლო ამიერკავკასიის სხვადასხვა მხარეში. მისი ცხოვრების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ირანისტი ალექსანდრე ფაღავა თავის ვრცელ მონოგრაფიაში.

ახუნდზადეს აღმზრდელი ახუნდი ჰაჯი ალესქერი იყო, რომელიც მას ბიძად ეკუთვნოდა. სწორედ მისგან შეიძინა მან გვარი. მირზა ფათალი თავდაპირველად აპირებდა, რომ სასულიერო პირი გამხდარიყო, მაგრამ მისმა მასწავლებელმა მირზა შაფიმ, რომელიც წლების შემდეგ, თბილისში, მისი უერთგულესი თანამებრძოლი გახდა, პირველად აუხილა თვალი იმ პერიოდის რელიგიურ პრაქტიკებში გავრცელებულ მანკიერებებზე. მისთვის ცხადი გახდა, რომ გაუნათლებელი სასულიერო პირები მძიმე ტვირთად აწვებოდნენ ისედაც გატანჯულ ხალხს. ახუნდზადეს სწამდა, რომ საჭირო იყო ახალი იდეები და მეცნიერებების შესწავლა ცხოვრების შესაცვლელად. თბილისი კი, იმ დროისათვის, ახალი აზრის დაბადების მთავარ ცენტრად იქცა.

ახუნდზადე აქ დაუკავშირდა სომეხ სწავლულს, დემოკრატიული იდეების ერთგულ - ხაჩატურ აბოვიანს, რომელიც იმ დროისათვის თბილისის სამაზრო სასწავლებლის ზედამხედველი იყო. იქვე მუშაობდა ახუნდზადეც. მოგვიანებით კი, მისი ადგილი მირზა შაფიმ დაიკავა.

ისინი კარგად აცნობიერებდნენ, რომ მათი ხალხი საერთო განსაცდელის წინაშე იდგა. მოკლე დროში, მირზა შაფის ინიციატივით შექმნა სიბრძნისმეტყველებით დაინტერესებულ პირთა „სიბრძნის წრე’’.

ახუნდზადეს მთავარი მოკავშირე იყო გიორგი ერისთავი. როგორც აკაკი წერეთელი იხსენებს, ისინი ერთად გამოვიდნენ ასპარეზზე. ერისთავი 1842 წელს დაბრუნდა პოლონეთიდან თბილისში და იმ დროიდან დაიწყო ბრძოლა დრამატურგიის ასაღორძინებლად.

მირზა ფათალი ახუნდზადეზე უდიდესი გავლენა იქონია ბაქოს ხანის შთამომავალმა, პოლკოვნიკმა აბას-ყული-აღა ბაქიხანოვმა (1794-1848). იგი კარგად იცნობდა რუსულ, ევროპულ და აღმოსავლურ კულტურებს. იყო ჩინებული მებრძოლი და მისი ვაჟკაცობის შესახებ იმპერიაში დაუჯერებელ ამბებს ყვებოდნენ. 1829 წელს, არზრუმში ლაშქრობისას, იგი დაუახლოვდა ალექსანდრე პუშკინს და მისი დახმარებით, ვარშავასა და პეტერბურგს ესტუმრა; იქ გაიცნო გოგოლი, ჟუკოვსკი, კარმაზინი და რუსული კულტურის სხვა მოღვაწენი. ბაქიხანოვმა შექმნა ეთიკური ხასიათის ნაშრომი: „ზნეობის გაუმჯობესება“ და სპარსულ ენაზე დაწერა აზერბაიჯანის ისტორია („გულისთან ირამ“). ბაქიხანოვი მტკიცე და პრინციპული პიროვნება იყო. მან რამდენჯერმე უარი განაცხადა აჯანყებულ გლეხთა სადამსჯელო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებაზე. იმ დროისათვის, ამგვარი უარი ყველაფრის სასწორზე დადებას უდრიდა. საქართველოში ყველამ იცოდა, თუ რა მწარედ განიცდიდა სიცოცხლის ბოლომდე ალექსანდრე ჭავჭავაძე ასეთ ლაშქრობაში მონაწილეობას.

ახუნდზადემ თბილისში გაიცნო ყოფილი დეკაბრისტი პოეტი, დემოკრატიული და რევოლუციური იდეებით გამსჭვალული ალექსანდრე მარლინსკი. მარლინსკი პატივაყრილი ოფიცერი იყო, რომელიც კავკასიაში გადმოასახლეს და 1837 წელს, შემოდგომაზე, ადლერთან ბრძოლაში დაეცა. სიკვდილამდე, მან თარგმნა ახუნდზადეს ლექსი, რომელიც მან პუშკინის გარდაცვალებაზე დაიწერა. ამ ლირიკულმა მინიპოემამ ახუნდზადეს პეტერბურგშიც გაუთქვა სახელი. მთარგმნელი მარლინსკი კი, გიორგი ერისთავმა დაიტირა და შესანიშნავი ლექსი შექმნა.

1845 წელს, თბილისში, უდიდესი მოვლენა იყო მუდმივმოქმედი რუსული თეატრის დაარსება. მომდევნო წელს, თეატრში დაიდგა გრიბოედოვის და მოლიერის პიესები, შემდგომში კი გოგოლისა და შექსპირის ნაწარმოებები. მალევე, კავკასიელი მოღვაწეების უდიდესი ძალისხმევით, ქართული და აზერბაიჯანული დასიც ჩამოყალიბდა. სწორედ ამ სცენაზე დაიწყო მოღვაწეობა ახუნდზადემ. თავის პიესებში, იგი უჩვენებდა უბრალო ადამიანების ცხოვრებას, რომლებიც ორმაგად იტანჯებოდნენ იმპერიისა და ადგილობრივი მუსლიმი მმართველების უღელის ქვეშ. მალვე, ახუნდზადეს სახელი იმპერიაში კიდევ უფრო ცნობილი გახდა. რუსული ჟურნალები მას „თათარ მოლიერს“ უწოდებდნენ. მისი წიგნები დაიბეჭდა რუსულ, აზერბაიჯანულ, თურქულ, სპარსულ და ევროპულ ენებზე. ახუნდზადეს მთავარი პრინციპი ლიტერატურაში იმდროინდელი ცხოვრების ასახვა იყო. „სიუჟეტები მწერლებმა სინამდვილიდან უნდა აიღონ და რაც უფრო წარმატებით მივაღწევთ ამ ამოცანას, მით უფრო დიდ ბედნიერებას აგრძნობინებს მკითხველს ლიტერატურა,’’ - დაასკვნიდა იგი. ახუნდოვი შესანიშნავად იცნობდა რუსულ კულტურულ პროცესებს. ამ პოზიციაში ის ამჟღავნებს 60-იანი წლების კრიტიკული რეალიზმის და ჟურნალ „სოვრემენიკის“ ესთეტიკური შეხედულებების გავლენას (ჩერნიშევსკის თეზისი: „მშვენიერი არის ცხოვრება’’). ამავდროულად, მას ერთი წამითაც არ დაუვიწყებია აღმოსავლური პოეზია და ნიზამის, ფიზულის და ვაგიფის ტკბილი ენა.

ახუნდზადე დარწმუნებული იყო, რომ კავკასიელი მუსლიმებისთვის მთავარი პრობლემა გაუნათლებლობა იყო. იმ დროს, ათი ათას ადამიანში ერთმა თუ იცოდა წერა-კითხვა. ამ გამოწვევის დასამარცხებლად მან ჩაიფიქრა არაბული ანბანის გარდაქმნა, შეიმუშავა რამდენიმე პროექტი არაბული დამწერლობის გასამარტივებლად, მაგრამ უშედეგოდ. მისი იდეები არც რუსეთის იმპერიაში და არც ირანში არ მიიღეს. ახუნდზადე იმედს მაინც არ კარგავდა. ფიქრობდა, რომ შესაძლოა მისი ინიციატივა თურქეთში გაეზიარებინათ, სადაც მე-19 საუკუნის 40-იან წლებში, დაიწყო მოძრაობა პროგრესული გარდაქმნისთვის. თუმცა, იქ ამ პროცესს წინ ფეოდალური რეაქცია ეღობებოდა. 1863 წელს, როცა იგი სტამბოლს ეწვია, თურქეთის მთავრობას მეთაურობდა სასულიერო ელიტის და ფეოდალების ინტერესების მსახური, ფაუდ ფაშა. ახუნდზადეს მასპინძელი იყო ირანის ელჩი, თბილისში კონსულად ნამყოფი, ჰუსეინ ხანი, რომელიც თბილად შეხვდა მას, მაგრამ, რეალურად, მხოლოდ ცბიერი მიზნები ამოძრავებდა.

ახუნდზადე იხსენებს, რომ ელჩი ნაწყენი იყო. მას არ მოსწონდა ის ფაქტი, რომ დრამატურგი თავის პიესებში მუსლიმთა (მათ შორის, ირანელთა) მანკიერ მხარეებს უჩვენებდა. ამ ნაწარმოებებს, რუსეთის იმპერიაში, უამრავი ადამიანი ეცნობოდა. ყველაზე მეტად მას ანტიისლამური გამოსვლები აღიზიანებდა. შესაბამისად, თავისი სტუმარი დაახასიათა, როგორც თურქეთისა და ისლამის მტერი. ახუნდზადე მაინც არ დანებდა და თავისი პროექტი ფაუდ ფაშას წარუდგინა, რომელსაც თავისი კომედიების კრებულიც აჩუქა. ფაშამ და ოსმალეთის სამეცნიერო საზოგადოებამ პროექტი მოიწონეს, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც უარი თქვეს მის დანერგვაზე, რადგან მასში გათვალისწინებული ასოების გადაბმის წესი ბეჭდვით საქმეს გაართულებდა. ახუნდზადემ მათ ალტერნატიული პროექტი შესთავაზა, რომელიც ლათინური ასოების გამოყენებას ითვალისწინებდა, მაგრამ კვლავ უარი მიიღო. თურქებმა მხოლოდ მადლობის სიგელი გაიმეტეს, რაც უბრალო დიპლომატიური ჟესტი იყო რუსეთის იმპერიის მიმართ. გულგატეხილი დრამატურგი თბილისში დაბრუნდა, მაგრამ უკეთესი დღეები არც იქ ელოდა.

დრომ უჩვენა, რომ ახუნდზადეს ანბანის რეფორმა პროგრესული იყო. წლების შედგეგ, თურქეთში მართლაც შეცვალა არაბული დამწერლობა ლათინურმა ანბანმა. თუმცაღა, უნდა ითქვას, რომ ახუნდზადეს მაშინ გამორჩა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. წერა-კითხვის არ ცოდნის მთავარი მიზეზი, სოციალური და ეკონომიკური ვითარება იყო და არა მხოლოდ არაბული ანბანის სირთულე.

თბილისში დაბრუნებულ ახუნდზადეს ეჭვის თვალით უყურებდნენ. იმპერიის ჩინოვნიკებს არ მოსწონდათ, რომ იგი ამბიციური გეგმებით გამოდიოდა. ახუნდოვი თარჯიმნის პოზიციიდანაც დაითხოვეს და სარჩოს გარეშე დატოვეს.

სწორედ ამ დროს, იგი განახლებული შემართებით იწყებს მუშაობას თავის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებზე - „ქემალ-უდ დოვლეს წერილებზე“. ავტორმა ამ ტექსტის წერას დარჩენილი სიცოცხლე მიუძღვნა და იგი რამდენიმეჯერ გადაამუშავა. „აზიის ხალხთა უდარდელი ძილისგან შევუდექი „ქემალ-უდ დოვლეს“ წერას,“ - ამბობს ავტორი.

ფილოსოფიურ-პუბლიცისტური შინაარსის ეს ნაწარმოები შედგება სამი წერილისგან, რომელსაც ინდოეთის პრინცი ქემალ-უდ დოვლე სწერს სპარსეთიდან კაიროში დევნილ პრინც ჯალალ-უდ დოვლეს, რომელიც, თავის მხრივ, საპასუხო წერილს უგზავნის ინდოეთის პრინცს.

პირველ წერილში მხილებულია აღმოსავლეთის ქვეყნების მმართველების ჩამორჩენილობა და ტირანია, ხოლო დანარჩენ წერილებში განხილულია ისლამური პრაქტიკის მანკიერი მხარეები. სპარსეთის პრინცი საპასუხო წერილში ამბობს, რომ ის, ამიერიდან, მის მეგობარ პრინცს არა ქემალ-უდ დოვლეს (სახელმწიფოს სრულქმნილება), არამედ ნუღსან-უდ დოვლეს (სახელმწიფოს ნაკლოვანება) უწოდებს.

თავის პირველ წერილში, ინდოეთის პრინცი მოგვითხრობს, რომ ევროპაში მოგზაურობის შემდეგ ირანში ჩადის. პირველ რიგში, იგი შეძრწუნებულია იმ უკანონობითა და სისასტიკით, რომელიც იქ სუფევს. ხალხი დაბეჩავებულია და ლუკმის საშოვნელად არაბეთსა და რუსეთში, თურქეთსა და ავღანეთში გარბის.

ვაჭრები გულხელდაკრეფილები სხედან და მათი ქონება მაინც იზრდება, რადგან სავაჭრო კაპიტალი გააჩნიათ. ხოლო უბრალო ხალხს ხელი ვერ გაუქნევია, რადგან ყველანაირი საშუალება მოსპობილი აქვთ. საბაჟოებსა და ფინანსურ დაწესებულებებში წარმოუდგენელი უწესრიგობაა. მიწის მფლობელებს გროშიც არ შეაქვთ ხაზინაში, ხოლო გადასახადების მთელი ტვირთი ღარიბებს აწევთ კისერზე, რომელთაც ხარკის, გადასახადის ამკრეფნი სასტიკად აწიოკებენ. ქუჩაში ბრბოდ დაეხეტება უსახლკარო, უმუშევარი, წერა-კითხვის უცოდინარი ხალხი. მათ გარს ეხვევიან ე.წ. სეიდები, რომლებიც თავს მუჰამედის შთამომავლებად ასაღებენ. უარს ამბობენ შრომაზე, ყოველი მუსლიმისგან მოითხოვენ გადასახადს, მსხვერპლის შეწირვას, დღესასწაულებზე ცხვრების ყიდვას და ავალებენ მომლოცველობას.

ინდოეთის პრინცი ეხება ირანის კულტურულ ცხოვრებას და აღნიშნავს, რომ მეცნიერებისა და ხელოვნების ადგილი შარლატანობასა და ვარსკვლავთმრიცხველობას აქვს დაკავებული, რომელის ერთადერთი მიზანია, ხალხს ამცნოს, თუ როდის იქნება შაჰი კარგ გუნებაზე. ქვეყანაში არიან ძალები, რომლებიც პროგრესის სახელით გარდაქმნაზე ლაპარაკობენ, ებრძვიან მავნე ჩვეულებებს. მაგალითად, ჟურნალში დიდი ასოებით არის გამოტანილი სათაური: „გარდაქმნა“. ტექსტი კი გვაუწყებს, რომ პრემიერ-მინისტრს, მიცვალებულთა უკეთ მომსახურეობისთვის, დაკრძალვის წესები შეუცვლია.

ინდოეთის პრინცი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალთა სავალალო მდგომარეობას და მიუთითებს, რომ განათლება მათთვის აუცილებელია. შექმნილი ვითარებიდან გამოსავლად იგი ერთგვარი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გზას სახავს.

„ჰოი, საპარსელო ხალხო,“ - ამბობს ავტორი წერილის ბოლოს - „შენ რომ თავისუფლების სიტკბოება განცდილი გქონდეს, იცოდე, რისი უფლება აქვს ადამიანს, არასოდეს შეურიგდებოდი ესოდენ სამარცხვინო მდგომარეობაში ყოფნას. შექმნიდი კლუბებს, სეიმებს, დაუცხრომლად იბრძოლებდი პროგრესისა და მეცნიერებისაკენ მიმავალი ჭეშმარიტი გზის საპოვნელად. გამართავდი მიტინგებს, ამ გზით გამოძებნიდი საშულებას, რომ მიგეღწია ერთიანობისთვის და თავი გეხსნა დესპოტიზმისაგან.’’

პრინცის აზრით, დესპოტიზმს მხოლოდ ხალხის ერთიანობა მოერევა.

მეორე და მესამე წერილი მთლიანად რელიგიის კრიტიკას და ავტორის მატერიალისტური შეხედულებების ჩამოყალიბებას ეთმობა. იგი აკრიტიკებს შარიათის კანონებს და მიუთითებს მის ჩამორჩენილობაზე; ამხელს სასულიერო პირების ტყუილს, რომლებიც იურისპრუდენციის წყაროდ მხოლოდ წინასწარმეტყველს მიიჩნევენ და ამბობს, რომ არაბეთის მკვიდრთათვისაც კი სამართალი ცნობილი იყო მუჰამედის გამოჩენამდე და წინასწარმეტყველი, ცხადია, არ არის ამ დარგის შემქმნელი.

ამასთანავე, იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იურისპრუდენცია ისეთი დარგია, რომელიც ხალხის ცხოვრებაში თავის საპატიო მოვალეობას ვერ შეასრულებს, თუ მისი ჩამოყალიბებისას არ იქნება გათვალისწინებული საუკუნოვანი გამოცდილება და თანამედროვე ეპოქის მოთხოვნილებისამებრ, არ გასწორდება და გადაიხედება. რაკი წინასწარმეტყველმა მისი გადახედვის შესაძლებლობა მოსპო, ე.ი. მან სამუდამოდ ჩაკეტა პროგრესის კარი. ამის საპირისპიროდ, თავად მუჰამედი, თავისი მოღვაწეობის 23 წლის მანძილზეც კი, განუწყვეტლივ ცვლიდა დოგმებსა და მითითებებს. შედეგად, ის ავითარებს მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, სპარსეთმა დაკარგა კავშირი თავის უძველეს ისტორიასთან და მისი მომავალი მხოლოდ ისლამს დაუკავშირა. თითქოს, მანამდე ამ ხალხს არ შეექმნას განუზომელი ღირებულებების სამყარო. ამასთან, იგი არ მალავს, რომ თავისუფლების გზის ძიებაში, ისლამის მიღებამდე არსებული სპარსეთის შესწავლა და მიბრუნება აუცილებლად მიაჩნია.

ინდოელი პრინცის ამ წერილმა გაანაწყენა სპარსეთის პრინცი. ცხადია, იგი ვერ შეეგუებოდა სამშობლოს და მამა-პაპის რელიგიის ასე ქედმაღლურად გაქილიკებას. პირველ რიგში, ის მეგობარს ურჩევს, რომ თავის სამშობლოში შექმნილ სავალალო მდგომარეობაზე დაფიქრდეს, სანამ სხვას მისცემს მითითებებს. ერთგან კი ირონიულად კბილსაც გაჰკრავს - არ მეგონა ასეთი პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი თუ იყავი, საზოგადოებების დაარსების, პარლამენტის მოწვევისა და მიტინგების გამართვას თუ მოითხოვდიო. ბოლოს კი ურჩევს, თუ ასე გაიწაფე ისლამის კრიტიკაში, გირჩევ, დიდხანს არ დარჩე ირანში, მეშინია, მანდ შფოთი და არეულობა არ გამოიწვიო და თავსაც რამე ცუდი არ დამართოო.

ქემალ-უდ დოვლეს წერილებში ავტორი ადრინდელ ლიტერატურულ ნაწარმოებებზე გაცილებით შორს მიდის და აღმოსავლეთის ხალხების ყოფის, მათი განსაცდელის ღრმა ანალიზს იძლევა. იგი ამხელს, როგორც ფეოდალიზმის მანკიერ მხარეებს, ასევე ახალგაჩენილი კაპიტალის მფლობელების მჩაგვრელობას, საწარმოო ძალების მოშლას, თუმცაღა, მთავარ პრობლემად მაინც გაუნათლებლობას სახავს.

თავისუფლება და ბურჟუაზიული საწარმოო ურთიერთობები

ერთი შეხედვით, ახუნდზადეს და მის თანამებრძოლებს უდიდესი იარაღი ჰქონდათ ხელთ. მთელ მსოფლიოში, ხელისუფლებებმა ნათლად დაინახეს, რომ განმანათლებლობის პროექტის ჩახშობა შეუძლებელია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ინფორმაციის ბეჭდური გზით გავრცელება და წერა-კითხვის მცოდნე ადამიანთა რიცხვი მუდმივად იზრდებოდა, არამედ იმიტომაც, რომ განმანათლებლობა ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა იყო. იმ დროისათვის იმარჯვებდა ბურჟუაზიული კლასი, მკვიდრდებოდა ბურჟუაზიული საწარმოო ურთიერთობები და ვრცელდებოდა განმანათლებლური იდეები. კაპიტალისტური ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა იყო ფეოდალიზმის ბორკილებისგან „გათავისუფლებული“ ადამიანი, რომლის თავისუფლება ის იყო, რომ თავისუფლად გაეყიდა თავისი შრომა.

ამ მხრივ, განსხვავებული ვითარება იყო რუსეთის იმპერიაში. გლეხთა გათავისუფლება 1861 წლიდან იწყება, იმპერატორ ალექსანდრე II-ის მანიფესტით. იმპერიის პერიფერიაში ეს პროცესი კიდევ უფრო გვიან გავრცელდა. ძირითადი ეკონომიკური ცვლილებები, მხოლოდ მე-19 საუკუნის 60-70-იან წლებში დაიწყო და მისი ინიციატორი იყო ფინანსთა მინისტრი გრაფი ვიტტე. მისი ძირითადი ხედვა უკავშირდებოდა პროტექციონიზმს და უცხოური კაპიტალის მოზიდვას. ამ პოლიტიკამ შედარებით დაასტაბილურა მანეთი და ქვეყანაში დაიწყო სამრეწველო აღმავლობა. ცხადია, ეს ყველაფერი აისახა კავკასიაზეც. 70-იანი წლებიდან გაიზარდა უცხოური კაპიტალი. საუკუნის პირველ ნახევარში კი, როცა პირველი განმანათლებლური იდეები გავრცელდა კავკასიაში, აქ, ბურჟუაზიული საწარმოო ურთიერთობები ჯერაც სუსტად იყო განვითარებული. მაგალითად, საუკუნის მეორე ნახევრის დასაწყისისთვის, საქართველოში, სულ 5 000 მუშა იყო დასაქმებული მანუფაქტურებში. მდგომარეობა შეიცვალა, ჯერ რკინიგზის გაყვანის (1971 წელს, გაიხსნა პირველი რკინიგზის ხაზი ფოთსა და ზესტაფონს შორის, შემდეგ წელსვე თბილისი დაუკავშირდა ფოთს. 1883 წელს, გაიხსნა თბილისი ბაქოს ხაზი). 90-იანი წლებისთვის კი, მხოლოდ თბილისში, საწარმოებში 20 ათასი მუშა იყო დასაქმებული და წვრილი საწარმოების რიცხვი 1000-ზე მეტი იყო.

მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში კი, განმანათლებლური იდეების აქ გავრცელება ევროპაში მიმდინარე პროცესების მხოლოდ ზედაპირული გამოძახილი იყო. მაღალი საზოგადოება და სწავლულები, ევროპელების მსგავსად, სალონებსა თუ კლუბებში იკრიბებოდნენ. თავის დროზე, ასეთი პრაქტიკა ფრანგ რევოლუციონერებშიც იწვევდა კრიტიკას. რობესპიერი მათ მოლაყბეებს უწოდებდა, რადგან იქ მხოლოდ მაღალი ფენები იკრიბებოდნენ. თუმცა, იყო პოლიტიკური კლუბები, სადაც მეტ-ნაკლებად დაბალ ფენებსაც შეეძლო საკუთარი ინტერესების გამოხატვა (ებერტისტები, კორდელიერების კლუბი დანტონის მეთაურობით და ა.შ.).

იურგენ ჰაბერმასი თავის ნაშრომში, „საჯარო სფეროს სტრუქტურული ტრანსფორმაცია“ (1962) წერს, რომ განმანათლებლობის ეპოქაში, საჯარო სფერომ სახე იცვალა და ამ დროის ევროპაში (რისი გვიანდელი გამოძახილია ამგვარი ტენდენციების რუსეთის იმპერიასა და აღმოსავლეთის მხარეებში გავრცელება), ეს დაკავშირებულია სალონების, ყავისა თუ ჩაის სახლების გაჩენასთან. ანუ, იმ ადგილების წარმოშობასთან, სადაც ხდებოდა თავისუფალი განსჯა და თვითპრეზენტაცია. ამის შემდეგ, წერს ჰაბერმასი, ევროპული კულტურა წარმომადგენლობითობიდან იქცა ღიად: ახალ დრომდე, თვითპრეზენტაცია მხოლოდ ერთეულებს შეეძლოთ და მხოლოდ ერთეულებს ჰქონდათ ამის უფლება. საჯარო სივრცეებმა ხელი შეუწყო იმას, რომ თვითპრეზენტაცია პრინციპულად შესაძლებელი გახდა ყველასთვის. თანამედროვე კულტურისა და საჯარო სივრცის ღერძი არის კომუნიკაციური რაციონალობა და კომუნიკაციური ქმედება - სწორედ კომუნიკაციური რაციონალობის გამო ხდება კულტურა ღია და ითვისებს მაქსიმალურად ბევრ ადამიანს.

ასეთ ვითარებაში, ხელისუფლებები მიხვდნენ, რომ განმანათლებლობის პროექტის მართვა შესაძლებელი იყო განათლების სისტემაში და მედიაში მათთვის სასურველი შინაარსის იდეოლოგიის გაბატონებით. ძალაუფლებისთვის იოლი გახდა განმანათლებლობის, როგორც ერთი დიდი იდენტობის პროექტის წინააღმდეგ, სხვა დიდი იდენტობის პროექტის დაპირისპირება. ელიტებმა შეძლეს შუა საუკუნეებში გამოგონილი იდეოლოგიის გავრცელება.

ცხადია, კავკასიაში დაწყებული განმანათლებლური პროექტი, რომელიც ჩანასახში აღმოსავლეთის ქვეყნებში გავრცელებასაც გულისხმობდა, გვიანდელი პროცესი იყო და რეგიონისა და ეპოქის რიგი თავისებურებებით იყო აღბეჭდილი. მაგრამ, სწორედ მის წიაღში აღმოცენებულ საჯარო სივრცეებში (ცხადია, რუსული იმპერიალისტური ხედვებით გარდაქმნის შემდეგ) ასპარეზზე გამოჩდნენ ჩვენი ხალხების მთავარი კულტურული მოღვაწეები.

საკუთრივ, მირზა ფათალი ახუნდზადეს და მის თანამებრძოლებს განსაკუთრებით რთული ბედი შეხვდათ. ისინი თავიდანვე მუსლიმ სასულიერო პირებს დაუპირისპირდნენ, რომლებიც იმ დროისათვის რუსულ კოლონიურ პოლიტიკაში კომფორტულად იყვნენ ჩაწერილნი და სულ იოლად მოახერხეს მოწინააღმდეგის ხმის ჩახშობა. საგულისხმოა, რომ უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში, ადამიანები, რომლებიც მირზა ფათალის მოწაფეებად თვლიდნენ თავს, გამოსცემდნენ ჟურნალს -„მოლა ნასრედინი,“ რომელიც ისლამის მიმართ უხეირო სატირით გამოირჩეოდა, ნაცვლად სიღრმისეული კრიტიკისა.

***

ქემალ-უდ დოვლეს წერილები, მე-19 საუკუნის აზიაში, უდიდესი გავლენის ტექსტი იყო. იგი მალულად, ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ითარგმნა ევროპულ ენებზეც, თუმცა ამას ახუნდზადე ვერ მოესწრო. გამოჩნდნენ ავტორები, რომლებიც ქემალ-უდ დოვლეს მოწაფეებად თვლიდნენ თავს და ნაწარმოების ახალ ვარიანტებს ქმნიდნენ.

მირზა ფათალი ახუნდზადე მთელი თავისი მოღვაწეობით და განსაკუთრებით, „ქემალ-უდ დოვლეს წერილებით“ აღმოსავლეთის პირველი დიდი განმანათლებელია, ამიტომაც მისი როლი სცილდება კავკასიის ფარგლებს.

მძიმე იყო განმანათლებლის სიკვდილი. იგი თბილისში, „თათრის მოედნის“ მახლობლად, მტკვრის პირას მდგარ სახლში (ამჟამად გორგასლის #17) აღესრულა. ბევრმა ძველმა მეგობარმა ზურგი აქცია. ბოლო წუთებამდე მის გვერდით იყო მისი ქალიშვილი. მუსლიმთა საზოგადოებები სიკვდილის შემდეგაც ვერ მალავდნენ მტრობას. მათ არ სურდათ დრამატურგის მუსლიმთა სასაფლაოზე დასვენება. განმანათლებლის პატივით დაკრძალვა თავის თავზე ქართულმა საზოგადოებამ, გრიგოლ ორბელიანმა და მირზა ფათალის თანამებრძოლებმა იკისრეს. დაკრძალულია ბოტანიკური ბაღის სამხრეთ-აღმოსავლეთით.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახუნდზადეს იდეების მარცხის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მან საკმარისად ვერ შეაფასა რუსეთის იმპერიის პოლიტიკა ამიერკავკასიაში. ამასთან, მისი პროექტის მთავარი სისუსტე ის იყო, რომ ის საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის შორეული შვილი იყო. რევოლუციის, რომელიც ვერ გასცდა მკაცრად განსაზღვრული მასის ცხოვრების გაუმჯობესებისკენ სწრაფვის ფარგლებს, არ იყო ყოვლისმომცველი და ვერ გამოიწვია მრავალრიცხოვანი მასების ინტერესი, რომელთა ყოფა და მიზნები ძალიან განსხვავდებოდა პრივილეგირებული ადამიანების ინტერესებისგან.

ასეთ სტრატეგიას გააჩნდა არა პრინციპები, რომელიც ითვალისწინებდა თავისუფლებასა და თანასწორობას ყველასათვის, არამედ მხოლოდ იდეა ცრურწმენების, სიბნელის წინააღმდეგ ბრძოლისა. აქედან გამომდინარე, ის მხოლოდ დროებითი ენთუზიაზმითა და ცალკეული ადამიანების თავგანწირვით დასრულდა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“