[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები / ანალიტიკური დოკუმენტები

ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების დეინსტიტუციონალიზაცია - საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოს კონტექსტი

ნანა ზავრადაშვილი 

ფსიქიკური აშლილობის გავრცელება და მისი გავლენა ხშირად არასათანადოდ ფასდება როგორც მთავრობების, ასევე საზოგადოების მხრიდან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, მოსახლეობის  25%-ზე მეტს  ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში ფსიქიკური აშლილობები აქვს. ფართო გავრცელებისა და მძიმე ტვირთის მიუხედავად, ბევრ ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მოცულობა ვერ აკმაყოფილებს მკურნალობის საჭიროებებს  და ჩნდება ე.წ. მკურნალობის ხარვეზი, როდესაც ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ადამიანთა 75-90% ვერ იღებს საჭირო დახმარებას.[1] უდავოა, რომ ქვეყნებმა უნდა გამოყონ ადეკვატური ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსი ამ მასშტაბის გამოწვევის მოსაგვარებლად.

აღიარებულია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმა ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური რეფორმაა, ვინაიდან იცვლება არა მარტო მომსახურების ფორმები, არამედ არსიც. ამ მიმართულებით ყველა ქვეყანამ უნიკალური გზა გაიარა და დღესაც არ წყდება კამათი, თუ როგორ უნდა რეფორმირდეს სისტემა ისე, რომ არ დაიკარგოს არსებული გამოცდილება და წარმატებით დაინერგოს ახალი, ზოგჯერ სრულიად უცხო მიდგომა და სერვისები.

გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკაში დეინსტიტუციონალიზაციის მოძრაობის შედეგად სერვისებმა ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან თემში გადაინაცვლა. ბევრმა ქვეყანამ წარმატებით დაასრულა რეფორმა, ზოგიერთ ქვეყანაში ახლა იწყება, ზოგან კი, მათ შორის, საქართველოში, რეფორმირების პროცესი გაჭიანურებული და არათანმიმდევრულია. მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულების განმავლობაში პროფესიონალები მხარს უჭერენ დეინსტიტუციონალიზაციასა და თემში სერვისების განვითარებას, როგორც რეფორმის ქვაკუთხედს, დღემდე მრავალ ქვეყანაში ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მკურნალობა წამყვანი მომსახურებაა და საშუალო და დაბალი შემოსავლების  მქონე ქვეყნების ფსიქიატრიული მიმართულებით არსებული ბიუჯეტის უდიდეს ნაწილს იკავებს.

საქართველოში, რეფორმირების პროცესში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერომ გარკვეული ცვლილებები  განიცადა. ერთ-ერთი ასეთი სიახლე იყო ტერმინის - „ფსიქიატრია“ ჩანაცვლება ტერმინით „ფსიქიკური ჯანმრთელობა;“ შესაბამისად, ფსიქიატრიის სახელმწიფო პროგრამას ეწოდა „ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა“, სულ ახლახან (1.07.2020) კანონს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ ეწოდა „საქართველოს კანონი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“;[2] 2014 წელს ქვეყანამ მიიღო ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი და 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმა.[3] ფსიქიატრიულ დაწესებულებათა უმეტესობა თანდათანობით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებად გადაკეთდა, მაგრამ, ხშირად, ცვლილებები მხოლოდ სახელწოდების შეცვლით შემოიფარგლა. 

დოკუმენტში მიმოვიხილავთ დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის ძირითად შემადგენელ ნაწილს, ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილებასა და საქართველოში არსებულ სიტუაციას, დაგროვილ ცოდნასა და, დასკვნის სახით, აუცილებელ ნაბიჯებს, რომელიც უნდა გადაიდგას  ქვეყანაში დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის წარმატებული განხორციელებისთვის. დოკუმენტში, მათ შორის, მოხდება ისეთი კითხვების გააზრება, როგორიცაა – რას გულისხმობს დეინსტიტუციონალიზაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში და როგორ განხორციელდა იგი მსოფლიოში? რას მივაღწიეთ და რა წინააღმდეგობებს ვაწყდებით ამ მიმართულებით?

დოკუმენტი­ მომზადდა ­პროექტის­ –­ „ქმედუნარიანობის­ ინსტიტუტის­ განხორციელების­ ხელშეწყობა საქართველოში“­ - ფარგლებში.­ პროექტი­ მხარდაჭერილია­ „ღია­ საზოგადოების­ ფონდების“­ (OSF)­ მიერ­ და ­მას ­ახორციელებენ ­ორგანიზაციები - „ადამიანის ­უფლებების­ სწავლებისა ­და ­მონიტორინგის ცენტრი“­ (EMC),­ „პარტნიორობა­ ადამიანის­ უფლებებისთვის“­ (PHR),­ „საქართველოს­ სოციალურ მუშაკთა­ ასოციაცია“­(GASW) ­და­ „გლობალური­ ინიციატივა ­ფსიქიატრიაში­ - თბილისი“­ (GIP­–­Tbilisi).­

დოკუმენტში­ გამოთქმული­ მოსაზრებები­ გამოხატავს­ ავტორების­ პოზიციას­ და­ შესაძლოა,­ არ ასახავდეს­ „ღია ­საზოგადოების ფონდების“­ (OSF)­ შეხედულებებს.

 

ფსიქიკური_ჯანმრთელობის_სერვისებისდეინსტიტუციონალიზაცია_1611730827.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] World Health Organization. mhGAP: Mental Health Action Programme: scaling up care for mental, neurological, and substance use disorders. Geneva (Switzerland): World Health Organization; 2008 [accessed 2015 Nov 22]. https://www.who.int/mental_health/mhgap/en/.

[2] საქართველოს კანონი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. თბილისი: საქართველოს პარლამენტი; 2006 წლის 1 ივლისი, ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/24178?publication=17.

[3] საქართველოს მთავრობის დადგენილება №762 “ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის და 2015- 2020 წლის სამოქმედო გეგმის“ დამტკიცების შესახებ.  თბილისი: 2014 წლის 31 დეკემბერი, ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2667876?publication=0.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“