[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები / თვალსაზრისი

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა იძულებითი მკურნალობა, როგორც დაშვებული უფლებაშემლახავი პრაქტიკა

ლელა გვიშიანი 

 

CRPD-Logo1

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად და დაუცველ ჯგუფს წარმოადგენენ, რამდენადაც ექვემდებარებიან უფლებების სისტემურ და არაპროპორციულ შეზღუდვას.

მოქმედი კანონმდებლობა, გარდა ნებაყოფლობითი სტაციონარული დახმარებისა,  ითვალისწინებს, პირის იძულებით მოთავსებას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მისი მკურნალობის მიზნით. შესაბამისად, კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და სასამართლოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, თუ პირმა, რომელიც თავისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის, კერძოდ, ფსიქიკური აშლილობის გამო, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სხვის სიცოცხლეს/ჯანმრთელობას ან მისი მოქმედებიდან მომდინარე (მისთვის ან სხვისთვის) შესაძლოა შექმნას მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალის მიყენების საფრთხე, ის, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლოა დაექვემდებაროს იძულებითი მკურნალობის გადაწყვეტილებას. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, არ არის აუცილებელი პაციენტის, პირის კანონიერი წარმომადგენლისა და ნათესავის თანხმობა და ეს საკითხი სრულად, სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად აღესრულება.

არანებაყოფლობითი სტაციონირებისას, პირებს არ აქვთ მკურნალობაზე უარის თქმის უფლება, რამდენადაც კანონი საუბრობს არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დახმარებაზე, რომელიც მკურნალობის კომპონენტს ავტომატურად მოიაზრებს. ზემოაღნიშნული რეგულაციისაგან განსხვავებით, ნებაყოფლობითი სტაციონირების დროს, პირს შეუძლია უარი თქვას მკურნალობაზე, თუ ის ქმედუნარიანი და სრულწლოვანია, თუმცა, ექიმის დასკვნის შესაბამისად, თუ პირის მდგომარეობა ამ მომენტში შეესაბამება არანებაყოფლობით მკურნალობას დასაქვემდებარებელი პირის მდგომარეობას, ექიმს შეუძლია ბენეფიციარსა და მისი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე, მიიღოს შესაბამისი ზომები პირის არანებაყოფლობითი მკურნალობის შესახებ.

გარდა ამისა, ქმედუუნარობის მოქმედი ინსტიტუტი ასეთად აღიარებულ პირებს გამორიცხავს ზოგადად მკურნალობის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან. მოქმედი კანონმდებლობა ფსიქიატრიულ მკურნალობასა და მისი შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქმედუუნარო პირის მეურვის მიერ გამოხატული ნება მკურნალობაზე, ნებაყოფლობით მკურნალობად მიიჩნევს.

ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს შეზღუდული აქვთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება. ასევე უფლება, მონაწილეობა მიიღონ ან თავად გადაწყვიტონ მათ მიმართ სამედიცინო ჩარევის განხორციელების საკითხი. მოქმედი საკანონმდებლო ნორმები ქმედუუნარო პირს არ აძლევს უფლებას, უშულოდ მიიღოს მონაწილეობა, მის მიმართ განხორციელებულ სამედიცინო პროცედურებში, მათ შორის, გენური თერაპიის ჩატარების პროცედურების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში (გენურ თერაპიას კანონმდებლობა სამედიცინო მანიპულაციის უკიდურეს ზომად განიხილავს).

პირის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების რეალური შინაარსის გააზრებისათვის,  მნიშვნელოვანია, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის განმარტებები, რომელსაც ის ცალკეული ქვეყნის კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასებისას მიმართავდა. კომიტეტი ცალსახად, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, ნეგატიურად და უფლების შემლახავად აფასებს კანონმდებლობასა და პრაქტიკას, რომელიც პირის თავისუფლების აღკვეთას შეზღუდულ შესაძლებლობას უკავშირებს. კომიტეტი შვედეთის მიმართ შემუშავებულ დასკვნით მოსაზრებებში, გამოხატავს წუხილს, შვედეთის ეროვნული კანონმდებლობის იმ ჩანაწერების თაობაზე, რომლებიც „იძლევა პირის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების შესაძლებლობას, მისი ნების საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევებში, როდესაც პირს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და მიიჩნევა საფრთხის შემცველად, სხვებისთვის ან საკუთარი თავისთვის. “

ასევე, კომიტეტი კონვენციასთან წინააღმდეგობრივად მიიჩნევს შვედეთის მიერ დანერგილ იძულებითი მკურნალობის ახალ მეთოდს, რომელიც თავისუფლების შეზღუდვის გარეშე, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების გამორიცხვით, უზრუნველყოფს პირის იძულებით მკურნალობას. მიუხედავად ქვეყნის მცდელობისა, გამოეყენებინა ნაკლებად შემზღუდავი საშუალება იძულებითი მკურნალობის განხორციელებისას, კომიტეტი არ აკეთებს განსხვავებას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში თუ მის მიღმა მკურნალობის მექანიზმებს შორის, რამდენადაც ამ შემთხვევაში, სახელმწიფო კვლავ პირის ნების საწინააღმდეგო, იძულებითი მკურნალობის რეჟიმს მიმართავს. ანალოგიურია კომიტეტის შენიშვნები და რეკომენდაციები სხვა ქვეყნების მიერ მსგავსი მოდელების გამოყენების შემთხვევაში. კომიტეტი იმავე მიზეზით აკრიტიკებს ავსტრიის კანონმდებლობას და მოუწოდებს სახელმწიფოს გამოიყენოს ყველა შესაძლო საკანონმდებლო, ადმინისტრაციული თუ სასამართლო მექანიზმი და არ დაუშვას პირის ნების საწინააღმდეგოდ, მისი მოთავსება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. ის ურჩევს ავსტრიას, მიმართოს საკმარისი ფინანსური რესურსები, რათა უზრუნველყოს განსაკუთრებული მხარდაჭერის საჭიროების ფსიქიკური დარღვევის მქონე პირებისათვის, თემზე დაფუძნებული სერვისების მეშვეობით მომსახურების მიწოდება, რომელიც თავის მხრივ, გაითვალისწინებს პირის თავისუფალი და ინფორმირებული თანხმობის გამოხატვის აუცილებლობას.

დღეს მოქმედი რეგულაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა მიმართ უფლებაშემლახავ მიდგომად უნდა მივიჩნიოთ, რაც საქართველოს მიერ რატიფიცირებული გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის არსიდან გამომდინარე, აუცილებელია გადაიხედოს.

 

ბლოგი მომზადებულია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ მომზადებული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ცვლილების სარეკომენდაციო კონცეფციის „გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UNCRPD) იმპლემენტაციის გაიდლაინი“ საფუძველზე

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“