საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
24, 25 და 26 ოქტომბერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი გიწვევთ ფორუმზე: „ნაციონალიზმი და მოქალაქეობა - წარსული, აწმყო და მომავალი“.
ქართულ ენაზე თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება.
ინფორმაცია ფორუმის შესახებ და დღის წესრიგი
ნაციონალიზმის ჩამოყალიბება საქართველოში რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის პერიოდს უკავშირდება, სადაც ნაციონალური მიკუთვნებულობა სახელმწიფოს ჭარბი ჩარევით კონსტრუირდებოდა, პოლიტიკური იდენტობის მნიშვნელოვან მარკერს ქმნიდა და ერების და ეთნოსების იერარქიზებას უშვებდა. ეს მემკვიდრეობა 90-იან წლებში და დღესაც გარკვეულწილად განსაზღვრავს ქართულ ნაციონალიზმს, რომელსაც ეთნო-რელიგიური შინაარსი უფრო აქვს, ვიდრე სამოქალაქო და მისი არაინკლუზიური და სტერილური ბუნების გამო, ხშირად სოციალური დაძაბულობისა და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების გარიყვის მიზეზი ხდება. ქართულმა ნაციონალიზმმა განსაკუთრებით რადიკალური და რეპრესიული ფორმები 90-იანი წლების დასაწყისში მიიღო, რამაც ზოგიერთ რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტებისა და ძალადობის ტრავმატული გამოცდილება შექმნა.
არადომინანტური კულტურული ჯგუფების მიმართ ისტორიულად ჩამოყალიბებულია უნდობლობა და აღქმები, რომელიც ხშირად მათ სტუმრებად, საშიშებად, დიასპორად მონიშნავს. ეს მიდგომები კი არა მხოლოდ სიმბოლურ და დისკურსულ იერარქიებს და უპატივცემლობას ქმნის, არამედ მატერიალიზდება და არადომინანტურ ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს მეორე კლასის მოქალაქეებად აქცევს. მათი ყოველდღიურობის კვლევა აჩვენებს, რომ არადომინანტური ჯგუფები სუსტად არიან წარმოდგენილები პოლიტიკაში, ისინი უფრო ღარიბები არიან და უფრო შეზღუდული აქვთ რესურსებზე და განვითარების შესაძლებლობებზე წვდომა, მათი კულტურა კი სუსტად არის რეპრეზენტირებული საჯარო სივრცეში და საერთო კულტურაში. ამის მიუხედავად, ჩვენს რეალობაში ჩანს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თემებში თვითორგანიზების და აქტივიზმის უნიკალური გამოცდილება, რომელიც ერის დომინანტური გაგების გაფართოებას და გამრავალფეროვნებას ცდილობს. ამ გადმოსახედიდან, შეიძლება ითქვას, რომ ერის/პოლიტიკური ერთობის ჩამოყალიბების პროცესი საქართველოში ჯერ კიდევ დაუსრულებელი პროცესია და ის ახალ შინაარსს და ფორმებს იღებს.
90-იანი წლების შემდგომმა კრიზისმა მოქალაქეობის რწმენის მიღმა დატოვა არა მხოლოდ არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები, არამედ მოსახლეობის ეკონომიკურად არაპრივილეგირებული ჯგუფები, რომლებიც ქრონიკული სიღარიბის, ჩამორთმევისა და უთანასწორობის რეალობაში ცხოვრობს. 90-იან წლებში მოქალაქეთა დიდი ნაწილი სწრაფი კოლაფსისთვის, რადიკალური ცვლილებებისა და ტრანსფორმაციებისთვის მზად არ აღმოჩნდა. ტრანზიციის თანმხლები კრიზისი ერთგვარ განგრძობით და უწყვეტ პროცესად იქცა და მათი ყოველდღიურობა ნორმალურობისგან დაცლილ ქრონიკულ მდგომარეობას დაემსგავსა. არსებობს პოსტ-საბჭოთა მოქალაქეების დანახვის ბინარული ხედვა, სადაც არსებობს მოქალაქეთა ერთი ნაწილი, რომელიც მედეგი სუბიექტია, ცვალებადი გარემოებების პირობებში ახალი სისტემისთვის შესაბამისი უნარებით და შოკური მდგომარეობიდან გამოსვლის შესაძლებლობებით; და მეორე ნაწილი დამარცხებული მოქალაქეებისა, ვინც ამ ბრძოლაში მარცხი განიცადეს, ვინაიდან ვერ დააკმაყოფილეს თავისუფალი ბაზრის შესაბამისი კრიტერიუმები, „დააკლდათ სიბეჯითე“ და ვერ დაეუფლნენ "ცივილიზაციურ კომპეტენციებს". ზოგიერთი ავტორი ამგვარ დაყოფას ნეოორიენტალიზმად აღწერს, როდესაც დამარცხებული მხარე არაცივილიზებულად და ჩამორჩენილად მოიაზრება. ეს მონიშვნა პოსტ-საბჭოთა ადამიანების დიდ ნაწილს აცლის აგენტობას, პოლიტიკურ ავტონომიას, პატივისცემას და ზოგჯერ ამართლებს ავტორიტარიზმის, რეპრესირების და მსხვერპლშეწირვის გარდაუვალობის ლოგიკას. შექმნილი დისკურსული იერარქიები ამუშავდება მაშინაც კი, როცა ჩვენი მოქალაქეები თვითორგანიზებას ახერხებენ და ძალას აჩვენებენ. ცხადია, რომ ბინარული კატეგორიებით და მიდგომებით დანახული პოსტ-საბჭოთა სინამდვილე, ამ სისტემაში ცხოვრების შინაგან პარადოქსს ვერ ხსნის და არც პოსტ-საბჭოთა მოქალაქის აღწერის და დახარისხების ეს შავ-თეთრი ლოგიკა ჩანს სამართლიანი.
3 დღიანი ფორუმის ფარგლებში ჩვენ მოწვეულ მეცნიერებთან და მკვლევრებთან ერთად ვიმსჯელებთ ნაციონალიზმის, მოქალაქეობის, დაქვემდებარებისა და წინააღმდეგობის გამოცდილებებზე საქართველოში და შევქმნით ამ საკითხებზე კრიტიკული და კოლექტიური ფიქრისა და დიალოგის საინტერესო სივრცეს.
დღის წესრიგი:
24 ოქტომბერი
თემა: “ქართული ნაციონალიზმი დღეს - როგორ მივედით აქამდე?!”
16:30 - 17:00 რეგისტრაცია
17:00 - 17:15 ფორუმის გახსნა
17:15 - 18:30 სადისკუსიო პანელი:
ქართული ნაციონალიზმის დღეს - როგორ მივედით აქამდე?!
მონაწილეები:
18:30 - 19:00 დისკუსია
19:00 - 19:30 შესვენება, ყავა/ჩაი
19:30 - 20:30 ონლაინ ჩართვა
დღის მომხსენებელი: რონალდ გრიგორ სუნი - მიჩიგანის უნივერსიტეტის ისტორიის და ჩიკაგოს უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი.
20:30 - 21:00 დისკუსია
25 ოქტომბერი
თემა: “სადავო მოქალაქეები - განდევნილი უმრავლესობა”
16:30 - 17:00 რეგისტრაცია
17:00 - 18:30 სადისკუსიო პანელი:
სადავო მოქალაქეები - განდევნილი უმრავლესობა
მონაწილეები:
18:30 - 19:00 დისკუსია
19:00 - 19:30 შესვენება, ყავა/ჩაი
19:30 - 20:30
დღის მომხსენებელი: მიხალ ბუხოვსკი - სოციალური ანთროპოლოგი, პოზნანის უნივერსიტეტი.
20:30 - 21:00 დისკუსია
26 ოქტომბერი
16:00 - 16:30 რეგისტრაცია
16:30 - 18:00 სადისკუსიო პანელი:
ნაციონალიზმი და არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების გარიყულობა საქართველოში
მონაწილეები:
18:00 - 18:30 დისკუსია
18:30 - 19:00 შესვენება, ყავა/ჩაი
19:00 – 20:00
დღის მომხსენებელი: კრისტა გოფი - ისტორიკოსი, მაიამის უნივერსიტეტის პროფესორი.
20:00 – 20:30 დისკუსია
20:30 – 21:30 ფორუმის დახურვა.
ფორუმის ორგანიზება შესაძლებელი გახდა პროექტის ფარგლებში „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი და შესაძლოა ის არ გამოხატავდეს შვეიცარიის საელჩოს პოზიციას.
ინსტრუქცია