საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
"დღეს ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ", აცხადებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, "რომ ფოთიც უნდა აშენდეს და ანაკლიაც და ვინმეს რაიმე რესურსი თუ აქვს და შეუძლია ანაკლიაში, ან რაიმე სხვა მსხვილ პროექტში, იქნება ეს – ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანი, დამატებითი ინვესტირება, მე გპირდებით პირადად, რომ თითოეული ლარი იქნება დათვლილი და სახელმწიფო გაუწევს ყველანაირ მხარდაჭერას იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები". ასევე იმეორებს, ქალაქის მასშტაბით, თბილისის მერი და ვიცე-მერს ავალებს, "რომ მოიძიონ დამატებითი საპრივატიზაციო აქტივები არა მხოლოდ უძრავი ქონება და მატერიალური აქტივი, არამედ სხვა ნებისმიერი ტიპის აქტივი, რომლის პრივატიზაციაც შეიძლება; რომელიც, ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტს შემოსავალს მოუტანს და გაზრდის კერძო სექტორში ეკონომიკურ აქტივობებს. დღემდე შეწყვეტილი გვქონდა საპრივატიზაციო მიმართულებით ნაკვეთებისა და შენობა ნაგებობების გამოტანა, დღეიდან დავიწყებთ ამ მიმართულებით მუშაობას".
განცხადებები განცხადებებად არ დარჩენილა - საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამარტივდა გარემოსდაცვითი პროცედურები, გაიცა ახალი ნებართვები. წიაღის ეროვნული სააგენტო დისტანციურად აგრძელებს წიაღით სარგებლობის ლიცენზიების გაცემას პროგრამის "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში. კატალოგში შესული 100 საბადოდან 60-ის შემთხვევაში ლიცენზია უკვე გაცემულია.
ამ განცხადებებსა და გადაწყვეტილებებში ნათლად იკვეთება ნეოლიბერალური სახელმწიფო პოლიტიკა ბუნებრივი გარემოს მიმართ, რომელიც უკიდურესად ფინანსიალიზებულ სამყაროში ლანდშაფტური კომპონენტებისგან ახალი ფინანსური პროდუქტების შექმნითაა მოტივირებული და საჯარო და სახელმწიფო ქონების უწყვეტ, აგრესიულ პრივატიზაციაზე დგას. კორონავირუსის პანდემია ეკონომიკის სტიმულირებისთვის ახალი საინვესტიციო პროექტების გაჩენის აუცილებლობას ქმნის, ამის ერთადერთ გზად კი დღეს ბუნებრივი რესურსების გასაქონლება და გლობალურ ბაზარზე გამოტანა ისახება. ამავდროულად, პანდემია საზიარო ქონების ჩამორთმევისა და გაკერძოების ახალი ტალღების წამოწყების საშუალებასაც აჩენს. რესურსების ათვისების არსებულ ფორმებს კი ფინანსურ ცენტრებსა და პერიფერიებს შორის არსებული ექსტრაქტივისტული ურთიერთობები განაპირობებს - პერიფერიებს მასშტაბური პროექტების დამოუკიდებლად დაგეგმვისთვის და განხორციელებისთვის აუცილებელი კაპიტალი და ცოდნა არ აქვთ, რადგან ორივე ათწლეულების მანძილზე მათგან ცენტრისკენ გაედინება. რაც უფრო მეტი გაედინება მით უფრო რთულდება გადინების შეჩერება, რადგან პერიფერიები სულ უფრო და უფრო სუსტ და დამოკიდებულ პოზიციაში ხვდებიან.
მოხმარებისა და წარმოების მოულოდნელი, მკვეთრი შემცირება, როგორსაც დღეს კორონავირუსის პანდემია განაპირობებს, ერთდროულად რამდენიმე ეკონომიკურ და ფინანსურ რყევას იწვევს: უმუშევრობა მკვეთრად იზრდება, საკრედიტო ვალდებულებების შესრულება მასიურად ეჭვქვეშ დგება, სახაზინო შემოსავლები მცირდება, ხარჯები კი მატულობს. ამ პირობებში გადაუდებელი აუცილებლობა ხდება კაპიტალის ინვესტირება, ეჭვქვეშ დამდგარ პროექტებში მოქცეული, მაღალ და გაუთვალისწინებელ რისკებთან პირისპირ დარჩენილი ფინანსების გადამისამართება ან მათი ახლებურად, გრძელვადიანი და მომგებიანი პროექტებით დაზღვევა. აშლილი ფინანსური კაპიტალისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება ისეთი პროექტების დაგეგმვა, რომელიც მოგების დაგროვების ჰორიზონტს ხელახლა გააჩენდა და საკრედიტო სისტემისთვის აუცილებელ სამომავლო ბრუნვას უზრუნველყოფდა.
კრიზისების დროს ბუნებრივი გარემო და მასში არსებული "აუთვისებელი რესურსები" პირველია, რაც კაპიტალის მზერის ქვეშ ექცევა. გასული საუკუნის დასაწყისში როზა ლუქსემბურგი წერდა იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია კაპიტალისტური სისტემის კვლავწარმოებისთვის მისი ექსტრა-კაპიტალისტური, მის მიღმა არსებული რესურსებით შევსება, განახლება. ეს ექსტრა-კაპიტალისტური რესურსები - როგორიცაა წყალი, მინერალები, ნედლი ქსოვილები, ლითონები და სხვა - არა კაპიტალისტური ურთიერთობის ფორმებით დაგროვებული წარმოების ფაქტორები, არამედ მათგან დამოუკიდებლად არსებული, საწარმოო და სამომხმარებლო ღირებულების მქონე დამოუკიდებელი ერთეულებია. მათი წარმოებაში ჩართვით ჩნდება კაპიტალის მომგებიანობისა და საწარმოო საშუალებების პროდუქტიულობის ზრდის ახალი შესაძლებლობები. ისტორიულად, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს ექსტრა-კაპიტალისტურ რესურსებს პერიფერიები, ნაკლებად განვითარებული ქვეყნები აწვდიდნენ დასავლურ ინდუსტრიულ ცენტრებს ხე-ტყით, ნედლი წიაღისეულით და სხვა რესურსებით ამარაგებდნენ კოლონიები სხვადასხვა კონტინენტებიდან.
დღეს ცენტრსა და პერიფერიას შორის ურთიერთობის ამ კოლონიურ ლოგიკას იმეორებს წარმოების ექსტრაქტივისტული რეჟიმები და საინვესტიციო გარემო, სადაც მესამე მსოფლიოს ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, საკუთარი ბუნებრივი რესურსების ათვისების ერთადერთ გზად მულტინაციონალური კომპანიებისა და ბანკების დასაინტერესებლად მათი საერთაშორისო ბაზარზე გამოტანა რჩებათ. უკანასკნელი 30 წლის მანძილზე გატარებული რეფორმების შედეგად გაუქმდა ათზე მეტი კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტი, რომელიც ბუნებრივი გარემოს რაციონალურად, საჯარო ინტერესის მიხედვით მართვისთვის აუცილებელ ცოდნას დააგროვებდა. შედეგად, მსხვილი ინფრასტრუქტურული თუ ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული პროექტები ადგილობრივი კაპიტალით ვერ ხორციელდება და სახელმწიფოს მხოლოდ მათი საერთაშორისო ბაზრისთვის შეთავაზება შეუძლია.
კრიზისულ ვითარებაში ეჭვქვეშ დგება საერთაშორისო ფინანსურ კაპიტალზე წვდომაც, რაც ადგილობრივი ეკონომიკისთვის, რომელიც სავალუტო და ზოგადი მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზეა დამოკიდებული, გადამწყვეტია. წვდომის აღსადგენად და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შესანარჩუნებლად, საქართველოს მთავრობისთვის ყველაზე იოლი ბუნებრივი რესურსების მასშტაბური გასხვისებაა, რადგან ეს მისგან გადასახადების შემსუბუქებისა და რეგულაციების, მათ შორის გარემოსდაცვითი ნორმების შერბილების გარდა არაფერს მოითხოვს. ბუნებრივი რესურსების პრივატიზაცია, როგორც იდეოლოგიურად, ისე ტექნიკურად, ზედმიწევნით შეესაბამება ნეოლიბერალური "მცირე სახელმწიფოს" პოზიციონირებას, როგორც ადგილობრივი შრომითი თუ ბუნებრივი რესურსების მსოფლიო ბაზრისთვის დაუბრკოლებლად გამხსნელის. როგორც ენერგეტიკაში, ისე სხვა სექტორებში საქართველოს სახელმწიფომ შესაძლო საინვესტიციო პროექტები - საინჟინრო-ტექნიკური ინფორმაცია - საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით მიიღო. დღეს მას მდინარეებისა და ხეობების ბაზარზე გამოტანა მინიმალური, თითქმის არარსებული ჩართულობით შეუძლია, რაც მისთვის ეკონომიკაში ჩართვის ერთადერთი მისაღები ფორმატია.
ფინანსიალიზებულ სამყაროში ნენსკრა, ხუდონი და ნამახვანი ელექტროენერგიის გამომუშავების დაწყებამდე, ანუ მათი დაგეგმვის ეტაპზევე ქმნიან ახალ ფინანსურ ღირებულებას. დაპირება, რომ მომავალში ამ ფინანსურ პროდუქტებს რეალური სამომხმარებლო პროდუქტების წარმოებაც მოჰყვება მნიშვნელოვანი, მაგრამ კრიზისულ ვითარებაში მეორეხარისხოვანია. ლანდშაფტური კომპონენტები და ჰიდროქსელი მნიშვნელობით ფინანსიალიზებული კაპიტალის ბრუნვაში ჩართვისას იტვირთება. ბუნებრივი რესურსები ღირებულებას იძენს მაშინ, როცა მათი ბუღალტრული ინსტრუმენტალიზაცი შესაძლებელია. ბუნებრივი გარემოს სხვადასხვა ნაწილების ფორმალურ “ეკონომიკაში ჩართვა” ახალ ღირებულებას აჩენს - ხეობა, რომელშიც მდინარე მხოლოდ ადგილობრივ ეკოსისტემას ემსახურება კაპიტალისტური ეკონომიკისთვის არ არსებობს, ხოლო ხეობა, რომელშიც კაშხლის აშენება და მდინარის წყლის ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად დაგროვება იგეგმება, ღირებული ფინანსური აქტივია. დღეს ბუნებრივი გარემოს ფულად ინსტრუმენტებად კონვერტირება არა შესაძლებელი, არამედ არსებული ფინანსური წესრიგის კვლავწარმოებისთვის აუცილებელი ხდება.
დასავლური კაპიტალი, რომელიც მუდმივად - განსაკუთრებით კი კრიზისებისას - დერეგულირებული, ფისკალურად მსუბუქი სივრცეების ძიებაშია, აგრესიულად და ერთდროულად რამდენიმე გზით იჭრება მისთვის ახალ ტერიტორიებში. ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ბრიტანეთის იმპერია და სხვა ევროპული სახელმწიფოები აქტიურად გასცემდნენ მასშტაბურ სესხებს ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოებისთვის და ამით მათ გლობალურ ბაზარში რთავდნენ. დღეს მსგავს ფუნქციას ასრულებენ ინფრასტრუქტურული და ბუნებრივი რესურსების ათვისებისთვის გაცემული კრედიტები და ინვესტიციები, რომელიც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან პერიფერიებისკენ გაედინება.
ამასთან, კრიზისი კაპიტალის დაგროვების ახალ ფორმებს, ახალ სივრცეებს, ახალ შესაძლებლობებს ქმნის. კრიზისი ბიზნესისთვის საშუალებაა მეტი ნებართვა, ლიცენზია, მხარდაჭერა მიიღოს სახელმწიფოსგან, რომელიც ნეოლიბერალური ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგად, თვითონ ფინანსური კაპიტალის კვლავწარმოებაზეა დამოკიდებული. კრიზისი საშუალებაა კაპიტალისთვის უფრო ღრმად და უფრო შეუქცევადად შეიჭრას მისთვის იქამდე მიუწვდომელ სივრცეებში, მათ შორის საზოგადოებრივი საქმიანობის მანამდე არაკომერციალიზებულ სფეროებსა და ბუნებრივ გარემოში. ნაომი კლაინი, თავის წიგნში "შოკის დოქტრინა" ამ პროცესს "კატასტროფულ კაპიტალიზმს" არქმევს და წერს როგორ მოხდა სასკოლო სისტემის აგრესიული პრივატიზაცია ნიუ ორლეანში ქარიშხალ კატრინას შემდეგ, როცა კრიზისის მიერ შექმნილი ფისკალური წნეხი ადგილობრივმა ხელისუფლებამ იმ ნეოლიბერალური რეფორმის საბაბად გამოიყენა, რომლის გატარებაც მანამდეც სურდა. ამავე ფენომენის მაგალითია საერთო საკუთრებაში არსებული სანაპიროების მასშტაბური გასხვისება აზიაში 2004 წლის ცუნამის შემდეგ, როცა გასაყიდად გამოტანილ ოკეანისპირა სივრცეებს მასიურად სასტუმროები და დეველოპერები დაეუფლნენ.
ნათელია, რომ პრივატიზაციისა და ათვისების ახალი ტალღების დაგეგმვა იდეოლოგიითა და ქვეყნის არსებული ეკონომიკური ტრაექტორიითაა ნაკარნახევი. მაშინ, როცა კორონავირუსის კრიზისის შემდგომი ეკონომიკური მდგომარეობის კონტურებიც კი არ ჩანს, პრემიერ-მინისტრს დიდი ჰესების მშენებლობა გადაწყვეტილი აქვს. მას ვერ ეცოდინება როდის და რა ფორმით აღდგება ეკონომიკური აქტივობები საქართველოსა და მსოფლიოში, არ იცის როგორი გრძელვადიანი გავლენა ექნება ენერგომოხმარებასა და წარმოებაზე კორონავირუსის პანდემიას, მაგრამ მან იცის, რომ უნდა აშენდეს ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანი. ჰიდრორესურსებსა და ქალაქის საჯარო სივრცეების გასხვისებასთან დაკავშირებული განცხადებებისა და გადაწყვეტილებების ფონზე ცხადია, რომ როცა საქმე ბუნებრივი რესურსების პოლიტიკას ეხება, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი არა არსებული ტრაექტორიის გადააზრებას, არამედ მის გამყარებას, მის უალტერნატივოდ გამოცხადებას ემსახურება. დღეს ეს გამარტივებული გარემოსდაცვითი რეგულაციების, სახელმწიფოს მხრიდან ისედაც აგრესიული ათვისების პოლიტიკის კიდევ უფრო აგრესიული ტალღის დაანონსებით მტკიცდება.
დღეს საქართველოს მთავრობა, რომელიც წლებია უარს ამბობს რეალური ეკონომიკის განვითარებაზე და, პროგრესული გადასახადებით, მინიმალური ხელფასითა და სოციალური დაცვის სისტემების უზრუნველყოფით თვითმყოფადი და სტაბილური ადგილობრივი მოთხოვნის ჩამოყალიბებაზე, მისივე პოლიტიკით ნაწარმოები უკიდურესად მოწყვლადი ეკონომიკური სტრუქტურის გადარჩენას ცდილობს. მის ანტიკრიზისულ გეგმაში ჯერჯერობით არც არსებული ტრაექტორიის გადააზრების სურვილი იკითხება. ამის მაგივრად ის მითიური თუ არა, დიდწილად ჰიპოტეთიური ტურისტების მოვლინებას ელის, მანამდე კი კრიზისის გადალახვას თუ გადავადებას მისთვის ტრადიციული ინსტრუმენტებით ცდილობს: ბუნებრივი გარემოსა და საჯარო სივრცეების გასაქონლება და მათი პრივატიზაცია, საერთო და სახელმწიფო ქონების გაკერძოება. ანუ სახელმწიფო აგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელსაც აქამდე ატარებდა, უფრო სწრაფად, უფრო აგრესიულად და უფრო ღიად.
პუბლიკაცია მომზადებულია პროექტის "სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.
ინსტრუქცია