[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

ევროპარლამენტი: სამართლის უზენაესობის პრინციპის მიმართულებით სრული უკუსვლაა

2022 წლის 4 აპრილს ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მიერ ძირითადი დემოკრატიული პრინციპების პატივისცემისა და პოლიტიკური ვალდებულებების შესრულების მიმართულებით სერიოზულ უკუსვლასთან ერთად, ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მართლმსაჯულების ჩავარდნილ რეფორმას და მის შედეგებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

გამოქვეყნებული ანგარიში განსაკუთრებით ყურადსაღებია იმ ფონზე, რომ 3 მარტს, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსზე ოფიციალური განაცხადით მიმართა. აღნიშნული სტატუსის მოსაპოვებლად კი ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ მომზადებულ მსგავს ანგარიშებსა და შეფასებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ანგარიშში, სხვა გამოწვევებთან ერთად, ყურადღება გამახვილებულია მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ძალაუფლების გამყარებაზე. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ანგარიშში შეფასებულია, როგორც “სამართლის უზენაესობის პრინციპის მიმართულებით სრული უკუსვლა”. ამის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად კი სახელდება ის ფაქტი, რომ რეფორმები ძირითადად ეხებოდა ინსტიტუციურ და პროცედურულ საკითხებს, ხოლო ხელუხლებელი რჩებოდა ძალაუფლების კონცენტრაციის საკითხი (სასამართლოში ე.წ. კლანის არსებობა), რომელიც გაბატონებულია სასამართლო სისტემაში.

ანგარიშის თანახმად, 2020 წლიდან მართლმსაჯულების სისტემაში განვითარებულმა მოვლენებმა ხაზგასმით აჩვენა ასოცირების დღის წესრიგის განხორციელებაში ძირითადი ჩავარდნები. კერძოდ, ანგარიში უთითებს, მოსამართლეთა ნაჩქარევ და არაგამჭვირვალე დანიშვნებსა და “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში დაჩქარებული წესით განხორციელებულ ცვლილებებზე. მოსამართლეთა დანიშვნა, რომელიც ხდება გაუმჭვირვალედ და ასევე დაჩქარებულად, საშუალებას აძლევს გავლენიან მოსამართლეებს, როტაცია მოახდინონ საკვანძო პოზიციებს შორის (როგორიცაა სასამართლოს თავმჯდომარეები) და შეინარჩუნონ ბერკეტები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ადგილების ორი მესამედის გაკონტროლებით. იუსტიციის უმაღლესი საბჭო (იუსტიციის უმაღლესი საბჭო) კვლავ ირჩევს კანდიდატებს „კლანის“ მიმართ მათი ლოიალობის საფუძველზე. გარდა ამისა, ანგარიში მიუთითებს, 2021 წლის სექტემბრის დასაწყისში გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილების ჩავარდნაზეც, რომელიც მნიშვნელოვანი ბერკეტი უნდა გამხდარიყო ინსტიტუტების დამოუკიდებლობისთვის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტისთვის. დემოკრატიული ინსტუტების რღვევის კუთხით, თვალსაჩინო მაგალითად არის ნაჩვენები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება.

ანგარიში აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ 2020-21 წლებში განხორციელებული ცვლილებები არ ეფუძნება არც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსს და არც სამოქალაქო საზოგადოების ფართო მონაწილეობას. სახელდებითაა მოხსენიებული 19 აპრილის შეთანხმების შეუსრულებლობაც, როგორც მნიშვნელოვანი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმისა და ზოგადად ევროკავშირთან ასოცირების მიმართულებით. ამასთან, ხაზგასმულია, რომ საქართველოს მიერ სასამართლო სისტემის რეფორმის შესახებ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ვერც ევროკავშირის ფინანსური დახმარების პირობითობამ შეაჩერა.

მთლიანობაში, მართლმსაჯულების სისტემაში განვითარებული მოვლენები და ხელისუფლების მხრიდან მკაფიო ნების არარსებობა, გაატაროს ძირეული და რეალური რეფორმები დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის შანსებს და ასევე ზრდის შიდა-პოლიტიკური დაძაბულობებისა და დაპირისპირებების რისკებს. დამოუკიდებელი, შიდა და გარე გავლენებისგან თავისუფალი სასამართლო სისტემის არსებობა მნიშვნელოვანია ქვეყნის თითოეული მოქალაქის უფლებებისა და ინტერესების ეფექტიანი დაცულობისთვის. ამავდროულად, აღნიშნული საკითხი არის ერთ-ერთი მწვავე თემა ევროინტეგრაციის კონტექსტშიც, რადგან წარმატებული სასამართლო რეფორმა მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენს საერთაშორისო ნდობას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“