[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / ანალიტიკური დოკუმენტები

ევროკავშირი, როგორც მშვიდობის პროექტი საქართველოსთვის

შესავალი

2013 წელს, ხორვატია ბოლო ქვეყანა იყო, რომელიც ევროკავშირის წევრი გახდა და ამას გაფართოების ათწლიანი სტაგნაციის პერიოდი მოჰყვა. ამავე პერიოდს დაემთხვა რეგიონში ეკონომიკური კრიზისი, ახლო აღმოსავლეთიდან მზარდი მიგრაციული ტალღა, ზოგიერთ წევრ ქვეყანაში დემოკრატიული დაღმასვლა და მემარჯვენე პოპულიზმის აღზევება. ამიტომაც, ევროპელი ექსპერტები და პოლიტიკოსები ხშირად საუბრობდნენ ევროკავშირის „გაფართოების გადაღლაზე“ (enlargement fatigue) და ევროკავშირის ორჭოფობაზე მიეღო ახალი წევრები, რომლებიც ისედაც არადემოკრატიული და ღარიბი ქვეყნები იყვნენ.[1] ამას თან დაერთო ბიუროკრატიული ბარიერები და გარკვეული წევრი ქვეყნების მიდგომები, რამაც კიდევ უფრო გაწელა გაფართოების პროცესი და კანდიდატი ქვეყნების საზოგადოებებში იმედგაცრუებაც კი გამოიწვია.[2]

თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანმა შეჭრამ, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები სერიოზული პოლიტიკური და უსაფრთხოების გამოწვევის წინაშე დააყენა და ამან, ევროკავშირის გაფართოების იდეა ინსტიტუციურ-პოლიტიკური ჩარჩოდან გეოპოლიტიკურ ჩარჩოში გადაიტა.[3] ევროკავშირისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა ცივი ომის შემდგომი ევროპული წესრიგის დაცვა, წევრი ქვეყნების უსაფრთხოება და უკრაინის დახმარება.[4] მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გარდატეხა ის იყო, რომ ევროპის დედაქალაქებმა გააკეთეს „სტრატეგიული გადაფასება: შესაძლებელია კი ევროპის მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა გაფართოების გარეშე?“[5] გაფართოების ამ დინამიკას უკვე აქტიურად უჭერენ მხარს ტრადიციულად სკეპტიკური ქვეყნებიც, როგორიცაა საფრანგეთი და გერმანია. 2023 წელს, საფრანგეთის პრეზიდენტმა საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა: „საკითხავი ის კი არ არის, უნდა გავფართოვდეთ თუ არა - ამაზე პასუხი ერთი წლის წინ გავეცით, არც ის, თუ როდის უნდა გავფართოვდეთ - ჩემთვის ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად. მთავარი კითხვა ის არის, თუ როგორ უნდა გაფართოვდეს ევროკავშირი“.[6] ამ შეკითხვის მთავარი არსი მდგომარეობდა იმაში, თუ როგორ უნდა იყოს გაფართოების პროცესი სწრაფი, ისე რომ კანდიდატ ქვეყნებში მოკლე დროში მოესწროს გაწევრიანებისთვის აუცილებელი ძირეული რეფორმების გატარება.[7]

2022-2023 წლებში ევროკავშირმა მკაფიოდ გამოხატა, რომ ის არა მხოლოდ სიმბოლურ სოლიდარობას სთავაზობდა რუსეთის მიერ „დაჩაგრულ“ ქვეყნებს, არამედ, გაფართოება გეოპოლიტიკის რეალური ინსტრუმენტი გახდა: გაწევრიანების მოსურნე ქვეყნებს მოკლე დროში შეეთავაზათ კანდიდატის სტატუსი და გაეხსნათ გაწევრიანების მოლაპარაკებები, მიუხედავად იმისა, რომ რეფორმების პროცესი წევრობის მსურველ თითქმის ყველა ქვეყანაში ნელი ტემპით მიმდინარეობდა. [8]

„გაფართოების პროცესი არის გეოსტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობაში, უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და კეთილდღეობაში. ის არის ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესების მამოძრავებელი ძალა, რომელიც აღმოფხვრის ქვეყნებს შორის უთანასწორობას და აძლიერებს იმ ღირებულებებს, რომელზეც არის დაფუძნებული ევროკავშირი“, - ვკითხულობთ ევროკავშირის 2023 წლის გრანადას სამიტის კომუნიკეში, რომელიც უცვლელად აისახა უკრაინასა და მოლდოვასთვის გაწევრიანების გახსნის ევროკავშირის გადაწყვეტილების დოკუმენტებშიც“.[9]

2022 წლიდან გაფართოებისადმი საზოგადოებრივი მხარდაჭერა გაიზარდა თითქმის ყველა წევრ ქვეყანაში. ლიტვის, ესპანეთის და ხორვატიის საზოგადოებები, გამოკითხულთა 77, 74 და 71 პროცენტი მხარდაჭერით, ყველაზე მეტად უჭერენ მხარს გაფართოების პროცესს.[10] იმ ქვეყნებშიც კი, სადაც საზოგადოება უფრო სკეპტიკური იყო (მაგ., ნიდერლანდები, ფინეთი, დანია) განწყობები მნიშვნელოვნადაა შეცვლილი. უფრო მეტიც, გაფართოების მხარდაჭერა ახლა უფრო მაღალია, ვიდრე ეს იყო 2004 წლის რაუნდის გაფართოების დროს.[11]

თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გაფართოების ეს რაუნდი ერთ-ერთი ყველაზე რთული იქნება მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, და იმიტომაც, რომ გაწევრიანების მსურველი 10 ქვეყნიდან,[12] 8-ს სხვადასხვა ტიპის შიდა თუ საგარეო მიმდინარე ან მოუგვარებელი კონფლიქტები აქვს. ამ ქვეყნებზე მაღალია რუსეთის ზემოქმედება და დესტრუქციული როლი. შესაბამისად, აშკარა ხდება, რომ გაფართოების პროცესში ევროკავშირს მოუწევს შეიმუშაოს ამ კონფლიქტების მოგვარების ახალი პოლიტიკა და ჩამოაყალიბოს მიდგომა იმ ქვეყნების ინტეგრაციისთვის, რომლებიც ვერ ახორციელებენ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ეფექტიან კონტროლს (უკრაინა, საქართველო, მოლდოვა), ან აქვთ შიდა კონფლიქტები (ბოსნია), ან არ არიან საყოველთაოდ აღიარებულები და აქვთ კონფლიქტი მეზობელ ქვეყანასთან (კოსოვო და სერბეთი).

ევროკავშირში ჯერჯერობით არ მიმდინარეობს დისკუსია ან მუშაობა ამ ახალ მიდგომებთან დაკავშირებით. გაწევრიანებისთვის აუცილებელი კოპენჰაგენის კრიტერიუმები[13] არ ახსენებს ისეთი ქვეყნების მიღება/არ მიღების საკითხს, რომელთაც მოუგვარებელი კონფლიქტები აქვთ.  რუსეთის აგრესიის ფონზე კი, ეს საკითხი მწვავედ დგას.

გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვასთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა და უსაფრთხოება ამ ქვეყნებში გახდეს ევროპული კოლექტიური უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთმა თავისი შეიარაღებული ძალები, თავდასხმითი შეიარაღება და სამხედრო ბაზები განალაგა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დაიკავა და გაამაგრა საოკუპაციო ხაზი როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, დაახლოებით 300 000 იძულებით გადაადგილებულ პირს დღემდე არ ეძლევა სახლში დაბრუნების უფლება.

ამ პირობებში, ევროინტეგრაცია, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკისა, რჩება ქვეყნის მთავარ საგარეო და უსაფრთხოების პრიორიტეტად და ამ გზიდან გადახვევა აზიანებს მის ეროვნულ ინტერესებს.

ამ ახალი გამოწვევების ფონზე, ანგარიშის მიზანია მოკლედ შეისწავლოს ევროკავშირის კონფლიქტების მოგვარების და მშვიდობის მშენებლობის პოლიტიკა, პრინციპები და ინსტრუმენტები, კვიპროსის მაგალითზე წარმოაჩინოს ევროკავშირში დაგროვილი გამოცდილება და შეაფასოს, კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის რა პერსპექტივები შეიძლება არსებობდეს საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე და როგორ შეიძლება ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით ევროკავშირის გაფართოების ახალი შესაძლებლობის გამოყენება. ანგარიში მომზადდა სამაგიდო კვლევისა და ექსპერტებთან ინტერვიუების საფუძველზე.[14]

ევროკავშირი_როგორც_მშვიდობის_პროექტი_საქართველოსთვის_1735295992.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საუბარია ქვეყნებზე, რომლებიც 2022 წლამდე უკვე კანდიდატი ქვეყნები იყვენ: თურქეთი, მონტენეგრო, სერბეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია. Frank Schimmelfennig, Fit through Flexibility? Differentiated Integration and Geopolitical EU Enlargement in Fit for 35? Reforming the Politics and Institutions of the EU for an Enlarged Union, Swedish Institute for European Policy Studies Report No. 2O. სექტემბერი 2023.

[2] იგივე.

[3] Piotr Buras, Engjellushe Morina, Catch-27: The contradictory thinking about enlargement in the EU, The European Council on Foreign Relations (ECFR), ნოემბერი 2023 ხელმისაწვდომია https://ecfr.eu/publication/catch-27-the-contradictory-thinking-about-enlargement-in-the-eu/

[4] ავტორის ინტერვიუ ევროკავშირის ექსპერტთან, აგვისტო 2024.

[5]  Piotr Buras, Engjellushe Morina, Catch-27: The contradictory thinking about enlargement in the EU, The European Council on Foreign Relations (ECFR), ნოემბერი 2023. იხ. ასევე Karjalainen, T. (2023). EU enlargement in wartime Europe: three dimensions and scenarios. Contemporary Social Science, 18(5), 637–656.

[6] ემანუელ მაკრონის გამოსვლა ბრატისლავაში GLOBSEC-ის სამიტზე 2023 წელს. იხ. https://is.ambafrance.org/Slovakia-GLOBSEC-summit-in-Bratislava-Closing-speech-by-M-Emmanuel-Macron

[7] ავტორის ინტერვიუ ევროკავშირის ექსპერტებთან, აგვისტო 2024.

[8] Lippert, B., 2024. EU Enlargement: Geopolitics Meets Integration Policy. The EU Is Set to Add Gradualist Elements to Its Enlargement Doctrine, Stiftung Wissenschaft und Politik. Germany. ოქტომბერი 2024. https://www.swp-berlin.org/10.18449/2024C01/

[9]ევროპული საბჭოს გრანადას დეკლარაცია, 2023 წლის 6 ოქტომბერი. იხ. https://www.consilium.europa.eu/en/press/press-releases/2023/10/06/granada-declaration/  https://www.consilium.europa.eu/media/hzmfw1ji/public-ad00009en24.pdf; და https://gov.md/sites/default/files/1-7_ad00011en24_1.pdf

[10] Piotr Buras, Engjellushe Morina, Catch-27: The contradictory thinking about enlargement in the EU, The European Council on Foreign Relations (ECFR), ნოემბერი 2023, ხელმისაწვდომია https://ecfr.eu/publication/catch-27-the-contradictory-thinking-about-enlargement-in-the-eu/

[11] იგივე.

[12] ალბანეთი, ბოსნია ჰერცოგოვინა, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, თურქეთი, კოსოვო. კოსოვოს ჯერ არ მიუღია კანდიდატის სტატუსი.

[13] ეკა აკობია, კოპენჰაგენის დემოკრატიის კრიტერიუმი, როგორც გაწევრიანების მოლაპარაკებების წინაპირობა: საქართველოსთვის საჭირო სტრატეგიული თვითდისციპლინა, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, 2018. ხელმისაწვდომია:https://grass.org.ge/wp-content/uploads/2018/04/Copenhagen-Democractic-Criteria_Georgia_EA_GRASS-1.pdf

[14] ანგარიშის მომზადების ფარგლებში ჩატარდა 5 ინტერვიუ ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან, მათ შორის, ევროკავშირის ინსტიტუციებში მომუშავე პირებთან.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“