საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ორი კვირის წინ, კაზრეთში, მადნის მომპოვებელი კომპანიის - “RMG gold”-ისა და „RMG cooper“-ის მუშები გაიფიცნენ. ისინი გაუსაძლის პირობებსა და არაადეკვატურ ხელფასს აპროტესტებდნენ.
მუშების მდგომარეობა ცალსახად რთულია. კლდეების აფეთქებებისა და ნარჩენების გამო მადნის მომპოვებელ რეგიონში გამუდმებით ბუღი და მტვერია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მუშების გარდა, მათი ოჯახებიც ძალიან რთულ ეკოპირობებში იმყოფებიან, რასაც რეგიონში ონკოლოგიური დაავადებების კატასტროფულად მაღალი რიცხვიც მოწმობს.
მუშები საწარმოში რესპირატორისა და სპეცფორმის გარეშე დადიან. არ არსებობს აბანო. რატომ? - იმიტომ, რომ კომპანიას არ სურს ამაში ფულის დახარჯვა. მათი დღიური სამუშაო დრო საშუალოდ 12-14 საათია. ხანდახან მეტიც, მაგრამ ზეგანაკვეთურ სამუშაოს მათ არ უნაზღაურებენ. დაზღვევა აქვთ, მაგრამ „არ მუშაობს“. მუშებს ყველანაირ ტრავმაზე ეუბნებიან, რომ ის „თანდაყოლილია“ და სახლში მკურნალობის ანაზღაურების გარეშე ისტუმრებენ. ხელფასის (კომპანია „მადნეული“ მათ საშუალოდ 500 ლარს უხდის) მნიშვნელოვანი ნაწილი მკურნალობაში ეხარჯებათ, დანარჩენი კი შვილების შეძლებისდაგვარად დაპურებას ხმარდება.
მუშები წინა მთავრობის დროსაც აპირებდნენ გაფიცვას, მაგრამ არ გამოუვიდათ. ამბობენ მაშინ დიდი შიში იყო და ბევრმა ვერ გარისკაო. გაფიცვის მსურველი თავკაცები კი კომპანიამ 2-3 თვის მერე „ჭკვიანურად“ მოაშთო ქარხნიდან. ისინი სხვადასხვა მიზეზით ნელ-ნელა და ნაწილ-ნაწილ გაუშვეს სამსახურებიდან. იმასაც ამბობენ, რომ ახლა ნაკლები შიში და სახელმწიფოს მხრიდან ხალხის დახმარების მეტი იმედია.
ამბავს ჰყვებიან, შევარდნაძის დროს ორჯერ მეტი ჰქონიათ ხელფასი. მისი მსყიდველობითი უნარიც ბევრად მეტი იყო. ქარხნის მაშინდელ მფლობელებს იხსენებენ, უცხოელებს - ავსტრალიელებს თუ ავსტრიელებს პატიოსნებას უქებენ.
მუშები 11 დღის განმავლობაში იყვნენ გაფიცულები. ადგილობრივი პროფკავშირები, რომელსაც მანამდე არაფერზე მოუხდენია რეაგირება, ახლა დანარჩენ მუშებს გვერდზე დაუდგა. ცენტრალური პროფკავშირებიც ჩაერთო საქმეში. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ 11-დღიანი უმუშევრობა კომპანია „მადნეულის“ ხელმძღვანელობას ძალიან ძვირად დაუჯდებოდა და მისი ზარალი ალბათ მილიონს მიაღწევდა. შესაბამისად, მუშების დაბრუნება, პირველ რიგში, კომპანიის ინტერესებში იყო და არა მუშების, როგორც ამას უმეორებდნენ მათ.
შრომითი ხელშეკრულება მუშებს ზაფხულისთვის უნდა ჰქონოდათ მზად, მაგრამ კომპანიამ დააგვიანა და ექვსთვიან კონტრაქტებზე ხელი სექტემბერში ადრინდელი თარიღით მოაწერინა. მუშებს არ აქვთ საკუთარი ხელშეკრულების პირი. კომპანიის წარმომადგენლობას ის არ მიუცია. ამბობენ ისე მოგვაწერინეს ხელი, რომ წაკითხვის საშუალებაც არ გვქონდაო. მოკლედ, ეს შრომითი ხელშეკრულებები 25 დეკემბერს იწურება. მოლაპარაკებებიც ამ კუთხით წარიმართა.
კომპანია „მადნეულმა“კონტრაქტის ამოწურვის უკანასკნელ თვეს მათ მე-13 ხელფასი დაუმატა და პირობა დადო, რომ ახალი კონტრაქტების გაფორმებისას მაქსიმალურად შეეცდებოდა აღნიშნული პირობების (ხელფასის გაზრდა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება) გათვალისწინებას. საპასუხოდ, ჯგუფის დაკომპლექტება შესთავაზა, სადაც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მუშებიც ჩაერთვებოდნენ. იდეაში, ეს იყო ის, რაც პროფკავშირებს უნდა გაეკეთებინა მისი ნორმალური არსებობის პირობებში. ხელმძღვანელობამ სიტყვა დადო, რომ არავის აღარ გააგდებდა სამსახურიდან გაფიცვების ან მისი მცდელობის გამო. თითქოს ამ ქვეყანაში შრომის კოდექსი ჯერ არ მოუგონიათ.
საბოლოოდ, გაფიცვა დასრულდა.
მანამდე კი ვინც კი ჩავიდა მათ სანახავად, მხარდასაჭერად, დასახმარებლად, ყველამ იხილა ის ადამიანები, რომლებსაც გააზრებული აქვთ, თუ რამდენად დიდი ძალა შეიძლება იყოს სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ. კითხვების და პასუხების კორიანტელი ტრიალებდა გაფიცვის ადგილას. რა მოხდებოდა, რომ სხვა ქარხნებსაც მათთვის სოლიდარობა გაფიცვით გამოეცხადებინათ? ან მათ გამოეცხადებინათ გაფიცვა სხვების მხარდასაჭერად? დააბალანსებდა თუ არა გაფიცვის უფლების გამოყენება არსებულ სისტემას? რა შეუძლია სახელმწიფოს ამ დროს? რისთვის არსებობს პროფკავშირი?...
რა ხდება ახლა?
მუშები აგრძელებენ შრომას, მაგრამ შიშით ელოდებიან დეკემბრის ბოლოს. რა იქნება, არავინ იცის. არსებობს მხოლოდ იმედი, რომ კომპანია მათ არ გააბითურებს და ახალ, მისაღებ კონტრაქტებს გაუფორმებს. თუ ასე არ მოხდა, მუშები ისევ გაიფიცებიან.
ეს ამბავი ერთ-ერთი მორიგი შემთხვევაა, როცა მუშები მზად არიან ხმა ამოიღონ უსამართლობის წინააღმდეგ. მანამდე რკინიგზისა და ჭიათურის მაღაროს მუშები იფიცებოდნენ. ამ პროტესტში მნიშვნელოვანი დეტალები იკვეთება. ლოკალური მოსახლეობის გარდა, ამ პრობლემებისადმი ხალხის დამოკიდებულება, განსაკუთრებით თბილისში მცხოვრებლების, ძალიან გულგრილია. მედია ნაკლებად ინტერესდება მოქალაქეების გაფიცვების გაშუქებით. იქ განსაკუთრებულ სანახაობას ვერ ნახავენ, რადგან არც პოლიტიკური მოძრაობები იღებენ მასში მონაწილეობას, არც „რუპორით“ ღრიალებს ვინმე და არც გულზე ირტყამენ მჯიღს. ეს არის მოლოდინის რეჟიმის აქტივობა, რაც არც თუ ისე მომხიბლავია მედიისთვის.
დღეს ხშირად კითხულობენ, რატომ არ იფიცებოდნენ მუშები აქამდე? მათი თქმით, ეშინოდათ მომავლის. ეშინოდათ თავიანთი უფლებების გამოყენების, ვინაიდან დარწმუნებულები იყვნენ, რომ დაიჭერდნენ, შეავიწროვებდნენ, ოჯახი მშიერი დარჩებოდათ და ა.შ. ეს არის შიში, რომელიც ახშობს ერთობასა თუ სოლიდარობას.
ერიხ ფრომის აზრით, „ადამიანები საჭიროებენ დახმარებას და დამოკიდებულნი არიან ერთმანეთზე. ადამიანური სოლიდარობა აუცილებელი პირობაა განცალკევებული ინდივიდების გამომჟღავნებისთვის.“ იდეალური პროცესი კი მაშინ წარიმართება, როდესაც სხვადასხვა ურბანულ სივრცეში მყოფ მუშებს, პირველ რიგში, ერთმანეთის მიმართ გაუჩნდებათ ეს გრძნობა და გადაწყვეტენ, რომ მათთვის ორგანულად მნიშვნელოვანია სხვისი მხარდაჭერა. ეს კი შეუქცევადი ჯაჭვური პროცესი იქნება, ყოველგვარი ელიტიზმის, „ხალხი ბნელია“-სა და სოციალურ ჯგუფებს შორის დაშორებების გარეშე.
დაველოდოთ 25 დეკემბერს.
პოსტი თავდაპირველად გამოქვეყნდა liberali.ge-ზე
ინსტრუქცია