საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: თემურ ბართავა
„მთავარი ის კი არ არის, ვართ თუ არა ვინმესთან კონფლიქტში, მთავარია - რას ვუშვებით კონფლიქტს და რას ვქმნით მისგან“
თომას. ფ. კრუმი
"ძველ დროს" მონატრებული საბჭოთა თაობის მუდმივი ტრავმა და ტკივილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და "მონატრებული აფხაზეთის" დაბრუნების საკითხი. ცუდად არ გამიგოთ, ქართველი ხალხისთვის ტერიტორია ყოველთვის იყო იდენტობის მთავარი მარკერი და, ბუნებრივია, ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა დაუძლეველ ტრავმად დარჩა, როგორც ძველ, ისევე ახალ თაობაში. ამ პატარა ბლოგით არც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებულ (უპასუხოდ დარჩენილ) კითხვებზე პასუხის გაცემას ვცდილობ და არც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ანალიზს. მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელსაც არც აფხაზეთის სილამაზე უნახავს და არც "ტკბილი წარსული" გაუხსენებია, იმ თაობის, რომლისთვისაც რეალურად აფხაზეთი მხოლოდ ისტორიის წიგნში ამოკითხული და სხვა თაობების მიერ გამოთქმული ზღაპარია, სადაც ძირითადად ტერიტორიული დანაკლისია აღნიშნული და აფხაზ ხალხზე მხოლოდ გაკვრით არის საუბარი.
1990-იანი წლების მოვლენებმა აფხაზებსა და ქართველებს დიდი ზიანი მოუტანა. საქართველომ აფხაზეთის ტერიტორია დაკარგა, დაიწყო ე.წ ქართულ-აფხაზური პოსტკოლონიური კონფლიქტი. ბუნებრივია, ტერიტორიის დაკარგვამ გამოიწვია ქართველი ხალხის იდენტობის რღვევა და ხალხის ცნობიერებაში დაუძლეველ ტრავმად დაილექა. ენტონი სმიტი თავის წიგნში "ნაციონალური იდენტობა", საუბრობს ისტორიული მიწის მნიშვნელობაზე ეროვნული იდენტობის ფორმირების პროცესში. სმიტის აზრით, ხალხი და ტერიტორია ეკუთვნის ერთმანეთს. ამ კუთხით, ნებისმიერი მიწის მიმართ კი არ არსებობს კუთვნილება, არამედ იგი უნდა წარმოადგენდეს "ისტორიულ მიწას", სამშობლოს, ხალხის "აკვანს". "ისტორიული მიწა" წარმოადგენს თაობების მიერ ჩამოყალიბებულ ურთიერთდამოკიდებულებას ადამიანსა და ტერიტორიას შორის (Smith, 1991, 19). შესაბამისად, აფხაზეთის ტერიტორიის დაკარგვამ მეტად განსაზღვრა ქართული ეროვნული იდენტობის ფორმირება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაწყებულ პროცესებს, დაემატა აფხაზურ-ქართული კონფლიქტი და 1990-იანი წლების ტრაგიკული მოვლენები სამუდამოდ აღიბეჭდა ჩვენს ცნობიერებაში. თუმცა, ამ მოვლენების მხოლოდ ერთი გადმოსახედიდან შეფასება, არ მიმაჩნია სწორად და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აფხაზი ხალხი არის ომგამოვლილი, ტრავმირებული საზოგადოება, რამაც მეტწილად განსაზღვრა აფხაზური ნაციონალური იდენტობის ფორმირება. კონფლიქტის შედეგად აფხაზებმა დაკარგეს უზარმაზარი ადამიანური კაპიტალი, განადგურდა ეკონომიკა. ამ მოვლენების გათვალისწინებით, როგორც ქართულ, ასევე აფხაზურ საზოგადოებაში შეიქმნა ერთმანეთის საპირისპირო ნარატივი, რამაც ხალხის გაუცხოება გამოიწვია. ისტორიკოსები ხშირად მიმართავენ წარსულის რეკონსტრუქციის, წარსულის ნარატივის გამოყენებას აწმყო იდენტობის განსასაზღვრად. შესაბამისად, თაობები იზრდებიან ერთმანეთის საპირისპირო მოსაზრებებზე, სადაც აფხაზებისთვის საქართველო მუდმივი საფრთხის წყაროა, ხოლო ქართველებისთვის აფხაზეთი სანატრელი და დაკარგული ტერიტორია. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არ არის ჩემი თაობის აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს შორის არსებული "ხიდჩატეხილობის პრობლემა".
დღევანდელ სიტუაციას თუ გადავხედავთ, სრულიად სამართლიანად შემიძლია აღვნიშნო, რომ ჩვენი თაობისთვის აფხაზებსა და ქართველებს შორის თანაცხოვრების გზების ძიება მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. მახსოვს სანამ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი და უფრო დეტალურად შევისწავლიდი აფხაზეთის კონფლიქტს, სრულიად გაუცნობიერებლად, ემოციური კავშირის გარეშე, მჯეროდა აფხაზეთის დაბრუნების იდეის, რომელიც ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში დაილექა როგორც აუცილებლობა. თუმცა, ბევრი ფიქრისა და თანატოლებთან საუბრის შემდეგ, გონებაში მხოლოდ ერთი დებულება მიტრიალებს - მაშასადმე აფხაზეთი საქართველოა, მაგრამ აფხაზები ქართველები არ არიან. როგორ დავიბრუნოთ ტერიტორია, სადაც თაობები იზრდებიან იმ იდეით, რომ საქართველო მტერია, არც ქართული ენა იციან და აფხაზეთის ომის შესახებ განსხვავებული ისტორიებს ისმენენ. კიდევ ერთი რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია არის ქართველი ხალხის ზოგადი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ქართველებს ენატრებათ აფხაზეთი, თუმცა აფხაზ ხალხთან ურთიერთობის აღდგენაზე ნაკლებადაა საუბარი, რაც საშუალებას მაძლევს დავსვა კითხვა - თუ აფხაზეთი საქართველოს ნაწილად ითვლება და თუ ის სანატრელი დაკარგული ტერიტორიაა, რომლის დაკარგვამ დაუძლეველი ტრავმა მოგვაყენა და იდენტობა დაგვირღვია, და თუ აფხაზეთში მცხოვრებ ხალხს საქართველოს ნაწილად მივიჩნევთ, მაშინ რატომ არ გვინდა გავაცნობიეროთ და მივიღოთ ის ფაქტი, რომ ამ ხალხს შეიძლება განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეთ? რატომ არ ვეძებთ კომუნიკაციის დამყარების გზებს? რატომ არის ჩვენი თაობისთვის აფხაზეთი მითი და როგორ აზროვნებენ ჩვენი თაობის აფხაზი ახალგაზრდები?
აფხაზებზე ფიქრისას, მხოლოდ ჩვენი თაობის აფხაზები წარმომიდგება თვალწინ, სურათი ბუნდოვანია და, სავარაუდოდ, არც რეალობას შეესაბამება. მე აფხაზ თანატოლებთან კავშირი არ მქონია, ვიცნობ აფხაზეთიდან დევნილებს, მათ შვილებს და შვილიშვილებს, რომელთა ცნობიერებაში აფხაზეთის დაკარგვა უფრო მტკივნეულად დაილექა ვიდრე ჩვენში. ვიცნობ ხალხს, რომელიც ნამყოფია აფხაზეთში და მუდმივად იქაურ სილამაზეს აქებს, ვიცნობ ხალხს, რომელიც დღევანდელ სიტუაციას სხვადასხვაგვარად აფასებს, მაგრამ არ ვიცნობ აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს, ისევე როგორც, სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი თაობის წარმომადგენელი.
ამიტომ, მინდა საკუთარ თავს დავუსვათ შემდეგი კითხვები - საკმარისია ზღაპრად ქცეული აფხაზეთის სურათების დათვალიერება ან კოლექტიურ ცნობიერებაში დალექილი ტრავმის გაზიარება? რას გვაძლევს ეს ახალ თაობას? როგორ დავიბრუნოთ ტერიტორია თუ ხალხთან არანაირი ემოციური (აზრობრივი) კავშირი არ გვაქვს? რატომ არ ვეძებთ მშვიდობისკენ მიმავალ ალტერნატიულ გზებს? რატომ ვერ ვიაზრებთ რომ ჩვენი თაობა, ისევე როგორც აფხაზი ახალგაზრდები განსხვავებულ ისტორიაზე იზრდებიან და განსხვავებულ ნარატივს ისმენენ, რაც მომავალში ისედაც დაშორებულ ხალხს უფრო დაგვაშორებს? რა მოხდება მაშინ, როდესაც ჩვენი თაობა იქნება კონფლიქტის წარმართველი, ჩვენ კიდევ ერთმანეთის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რაც მეხსიერების პოლიტიკის ნაწილია? რა მოხდება მაშინ თუ ჩვენ თავს ავარიდებთ დიალოგს და არ გავეცნობით განსხვავებულ მოსაზრებებს? და მართლაც გვემუქრება საფრთხე იმისა, რომ მომავალმა თაობებმა სრულიად სამართლიანად დაგვისვან კითხვა - აფხაზეთი საქართველოა?
ინსტრუქცია