საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტოს წყარო: მთავარი არხი
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სოფელ მუღანლოში ახალგაზრდებს შორის მომხდარ ძალადობრივ კონფლიქტს ეხმიანება და სახელმწიფოს სისტემური პრევენციული და მშვიდობასა და ინტეგრაციაზე ორიენტირებული პოზიტიური პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 10 მარტს სოფელ მუღანლოში ადგილობრივ ქართველ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს შორის ბირჟის დაკავების საკითხზე კონფლიქტი მოხდა, რომელმაც საღამოს მძიმე ფორმები მიიღო და ათეულობით ახალგაზრდას შორის ფიზიკური ძალადობით დასრულდა. რამდენიმე ადამიანი დაიჭრა და დაზიანდა. ადგილობრივების თქმით, აშკარა იყო კონფლიქტის მხარეების ეთნიკური ნიშნით დაყოფა და კონფლიქტის ეთნიკური კონოტაცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. ამ დროისთვის დამატებითი ოფიციალური ინფორმაცია მომხდარზე არც ერთ უწყებას არ გაუვრცელებია.
სოფელი მუღანლო გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სართიჭალის თემში მდებარეობს. სოფელში 4210 ადამიანი ცხოვრობს და ძირითადად აზერბაიჯანელი მოსახლეობით არის დასახლებული. სოფელ სართიჭალაში კი ძირითადად ქართველები ცხოვრობენ. ამ სოფლებს შორის, ეთნიკური დაძაბულობის გამოცდილება არ არსებობს, თუმცა მუღანლოს მაცხოვრებლები უკმაყოფილები არიან საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკით და დიდი ხანია ითხოვენ სოფელ სართიჭალისგან გამოყოფას. სართიჭალის მაცხოვრებლები კი თვლიან, რომ მუღანლო ისტორიულად სართიჭალის ნაწილია.[1] აღსანიშნავია, რომ სოფელ მუღანლოს მაცხოვრებლები არ არიან დასაქმებულები გარდაბანში მოქმედ დიდ საწარმოებში (მაგალითად თბოსადგურში), რაც დისკრიმინაციული მიდგომის განცდას აჩენს, რასაც EMC წინა თვეებშიც იკვლევდა. ადგილობრივების თქმით, ამ თემში ქართველები და აზერბაიჯანელები პარალელურ სოციალურ სივრცეებში ცხოვრობენ და გაზიარებული სოციალური და კულტურული პრაქტიკა თითქმის არ არსებობს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ მსგავსი კონფლიქტი ადგილობრივ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის სოფელ წინწყაროშიც (თეთრიწყაროს რაიონი) მოხდა, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან სისტემური პრევენციული ზომების მიღება მომხდარს არ მოჰყოლია. მეტიც, უნდა ითქვას, რომ წინა წლებში შერეულ რელიგიური თემებში გამოვლენილ კონფლიქტებს[2] სახელმწიფომ ვერ უპასუხა სათანადო სამართლებრივი და პოლიტიკური მიდგომებით და არ უზრუნველყო ამ თემებს შორის ნდობის და მშვიდობის მშენებლობისთვის საჭირო პოზიტიური ზომების მიღება, რის გამოც, თემებს შორის გაუცხოების და იზოლირების პრაქტიკა კვლავაც არსებობს.
ცხადია, რომ მიკრო სოციალურ დონეზე ეთნიკური და რელიგიური თვალსაზრისით შერეულ სოფლებში სოციალური იზოლაციის პრაქტიკები და სწორედ თემებს შორის იზოლაციასთან დაკავშირებული კონფლიქტისგამოცდილებები ინტეგრაციის პოლიტიკის გზაზე სახელმწიფო პოლიტიკის ფუნდამენტურ ჩავარდნას აჩვენებს და ის ინტეგრაციის პოლიტიკის რადიკალური გარდაქმნის და პოზიტიური ტრანსფორმაციის აუცილებლობას აყენებს დღის წესრიგში.
EMC მიიჩნევს, რომ სოფელ მუღანლოში განვითარებული მოვლენები პოლიციის მხრიდან სათანადო რეაგირებისა და პრევენციული ზომების მიღების მიღმა (რომელიც მათ შორის, მხარეებს შორის კონფლიქტის განმეორების რისკების დაზღვევის გამო მედიაციას გულისხმობს) მოითხოვს, რომ რელევანტურმა სახელმწიფო უწყებებმა ადგილზე თემებს შორის მშვიდობის და ინტეგრაციის მშენებლობის კუთხით დაგეგმონ და მიიღონ სისტემური კულტურული, საგანმანათლებლო და პოლიტიკური ზომები.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს:
შინაგან საქმეთა სამინისტროს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს
[1] უცნობი გარეუბნები: გარდაბნის მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანული დასახლებები, რონდელის ფონდის მიერ მომზადებული კვლევა, 2020 წელი, ხელმისაწვდომია: https://www.gfsis.org/files/library/pdf/Georgian--2772.pdf
[2] რელიგიის თავისუფლება - სახელმწიფოს დისკრიმინაციული და არასეკულარული პოლიტიკის კრიტიკა, EMC, 2017 წელი, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/kvleva-religiis-tavisufleba-sakhelmtsifos-diskriminatsiuli-da-arasekularuli-politikis-kritika
ინსტრუქცია