[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

EMC პროფესიულ კავშირებთან ერთად საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ვენეციის კომისიას მიმართავს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ (GTUC) ვენეციის კომისიას მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში სოციალური უფლებების მიმართულებით პრობლემური საკითხების შესახებ ერთობლივად მიმართა. ვენეციის კომისიისადმი გაგზავნილი მოსაზრებების მიზანია სოციალური უფლებების კონსტიტუციური სტანდარტების შესუსტების გამორიცხვა, ასევე ამ სფეროში თანმიმდევრული და გამართული კონსტიტუციურ-სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ერთობლივი მიმართვა შემდეგ ძირითად საკითხებს შეეხება:

საარსებო მინიმუმის უფლებრივი სტანდარტი

საქართველოს პარლამენტისადმი წარდგენილი კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის მიხედვით, საარსებო მინიმუმის შესახებ ჩანაწერი ადამიანის უფლებების თავიდან ზოგადი დებულებების თავში გადანაცვლდა. ვენეციის კომისიისადმი გაგზავნილი მიმართვა ხაზს უსვამს, რომ საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის საკითხი არის ის ფუძემდებლური სტანდარტი, რომელიც არ უნდა იწვევდეს რაიმე გაურკვევლობას თუ დაბნეულობას სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ნაწილში; ასევე საარსებო მინიმუმის კონცეფცია ამ დრომდე სუბიექტური უფლების სახით არსებობს ქართულ კონსტიტუციურ-სამართლებრივ სისტემაში, ხოლო მოსალოდნელი ცვლილება უფლებრივ სტანდარტს აუარესებს; დამატებით, დაგეგმილ ცვლილებათა მიხედვით, სოციალური სახელმწიფოს იდეის რეალიზებისკენ სწრაფვა აუცილებლად ნიშნავს მისი შესაბამისი მინიმალური უფლებრივი სტანდარტებით გაძლიერებას, ხოლო საარსებო მინიმუმის შესახებ ჩანაწერის ზოგადი დებულებების თავში გადატანა ამ მიზნის კონტრპროდუქტიულია.

კონსტიტუციის 39-ე მუხლი

კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის მიხედვით, მოქმედი რედაქციის 39-ე მუხლი („საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა თავიდან ზოგადი დებულებების თავშია გადატანილი. განსაკუთრებით პრობლემურია, რომ სავარაუდო ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე აღნიშნული ნორმით შესაბამისი სუბიექტების მიერ დავის წარმოებას გამორიცხავს. ასევე, ცვლილების მომხრეთა არგუმენტაციის საპირისპიროდ, ბუნდოვანია, რამდენად არსებობს საქართველოს კონსტიტუციაში გარანტირებულ სხვა უფლებებში იმ უფლებების ამოკითხვის რესურსი, რომელიც კონსტიტუციით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული. მითითებულ გაუარესებას სავარაუდოა, რომ გავლენა ექნება არაერთ უფლებასთან მიმართებით, თუმცა, კონსტიტუციის ტექსტში სოციალური უფლებების სიმწირის გათვალისწინებით, შესაძლოა, მან განსაკუთრებულად ნეგატიური ეფექტი იქონიოს სოციალურ და ეკონომიკურ უფლებათა დაცვითი სტანდარტების დაწევის კუთხით. შესაბამისად, მივიჩნევთ რომ ის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა თავში უნდა შენარჩუნდეს.

შრომის უფლება და უმუშევრობის საკითხი

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის 30-ე მუხლს მე-4 პუნქტი („შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით“), საკონსტიტუციო ცვლილებების არსებულ პროექტში ამოღებულია და სავარაუდოდ ნაგულისხმევია ჩანაწერში „შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით“. თუმცა, მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია, კონსტიტუციაში შრომის უფლების ცალკეული ასპექტების ხაზგასმა შენარჩუნდეს, რამდენადაც ის ცხადად აჩვენებს იმ უფლებრივ შინაარსს, რაც განსაკუთრებული დაცვის საგანი უნდა იყოს კონსტიტუციური პერსპექტივიდან.

ასევე, პროექტის თანახმად, კონსტიტუციის მოქმედი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში, უფლებათა თავის კატეგორიიდან ასევე ზოგად დებულებებში გადანაცვლდა. აღნიშნული ცვლილებით, კონსტიტუციაში აღარ იკითხება სახელმწიფოს პროგრესიული ვალდებულება, შეიმუშავებდეს ქმედით დასაქმების პოლიტიკას და ზრუნავდეს მის რეალიზებაზე, რაც არსებულ კონსტიტუციურ სტანდარტს აუარესებს და ის დღეს მოქმედი ფორმით უნდა შენარჩუნდეს.

შრომის უფლების დაცვაზე ეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობა

ამ ნაწილში მიმართვა ხაზს უსვამს, რომ მოქმედი კონსტიტუცია არ შეიცავს ჩანაწერს სახელმწიფოს მიერ შრომითი უფლებების ეფექტიანი დაცვის/ზედამხედველობის შესახებ, თუმცა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში არსებობდა თანხმობა კონსტიტუციაში ამგვარი შინაარსის ჩანაწერის საჭიროების შესახებ, რაც მოგვიანებით გადასინჯვის პროექტიდან გაქრა. ამ შემთხვევაში, საკითხის მნიშვნელობის უგულვებელყოფის გარდა, პრობლემურია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ყველა მხარეს გავლენის თანაბარი შესაძლებლობა არ ჰქონდა. კერძოდ, საჯარო შეხვედრებისას აღინიშნა, რომ კომისიაში მიღწეული კონსესუსის შეცვლის თაობაზე გადაწყვეტის პროცესში კონსულტაციები ბიზნეს გაერთიანებებთან გაიმართა, მაშინ როდესაც არცერთ ეტაპზე კონსულტაციები პროფესიულ კავშირებთან არ გამართულა.

იმედს გამოვთქვამთ, მიმართვაში ხაზგასმული პრობლემური საკითხები და წარდგენილი არგუმენტაცია ვენეციის კომისიას ხელს შეუწყობს საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში სოციალური უფლებების სტანდარტების, ეროვნული კონტექსტის შუქზე, შეფასების პროცესში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“