საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმიანება და 2018 წელს, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აფასებს.
ადამიანის უფლებების იდეა
ადამიანის უფლებები დემოკრატიული, სამართლიანი და თანასწორი საზოგადოებისა და პოლიტიკური სისტემის საფუძველია. ადამიანის უფლებები ჩაგრული ჯგუფების ემანსიპაციისა და სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლის ცოცხალი იარაღია. ის იცავს არა მხოლოდ ადამიანის თავისუფლებას და ავტონომიას სახელმწიფოსა და სხვა ძალაუფლებრივი სტრუქტურების ჩარევისგან, არამედ აკისრებს სახელმწიფოს ვალდებულებას შექმნას ისეთი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სისტემები, რომელიც ადამიანის და სოციალური ჯგუფების ღირსეული ცხოვრების, კეთილდღეობის და სამართლიანობის წინაპირობაა. ადამიანის უფლებების იდეა სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობები დაარეგულიროს ისე, რომ მან დაიცვას ადამიანები და ჯგუფები სიღარიბისგან, ექსპლუატაციისგან, ჩაგვრისგან.
თანამედროვე ნეოლიბერალურ დემოკრატიებში ადამიანის უფლებების იდეისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი ხდება ჭარბი კერძო, ბიზნესი ინტერესებისგან მომდინარე გავლენებისა და უსამართლობის შეკავება. სამწუხაროდ, ჩვენს დროში ადამიანის უფლებების იდეა არსებითად ინდივიდუალიზებული თავისუფლების პერსპექტივიდან განიხილება და დაკარგული აქვს სოციალური ტრანსფორმაციების მნიშვნელობა.
სოციალური უფლებების და კოლექტიური უფლებების სუსტმა პოლიტიკურმა და დისკურსულმა აღიარებამ და დაცვამ არსებითი ზიანი მიაყენა ადამიანის უფლებების იდეას ზოგადად და ადამიანების ფართე ჯგუფებში მის მიმართ ნდობა შეარყია. ადამიანის უფლებების იდეის კონტექსტიდან მოწყვეტამ და გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებამ მას დაუკარგა კონკრეტულ საზოგადოებაში ისტორიული, რეალურად სოციალური მნიშვნელობა და გაუცხოება წარმოშვა. ეკონომიკური და სოციალური უფლებების უგულებელყოფით, ადამიანის უფლებები ვიწრო დღისწესრიგით შემოიფარგლა და ფართო საზოგადოების ფუნდამენტურ საჭიროებებს ვერ პასუხობს, რითაც უფლებების სფერო მათთვის უცხო გახდა. ამ პირობებში ადამიანის უფლებების იდეის რადიკალური ხელახალი განსაზღვრა და ინტერპრეტაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება.
ზოგადი პოლიტიკური კონტექსტის მიმოხილვა
მიმდინარე წელს, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა დიდწილად განსაზღვრა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეებზე სახლემწიფოს არაეფექტიანმა სამართლებრივმა და პოლიტიკურმა რეაგირებამ. ამ საქმეებზე ხანგრძლივი და მწვავე საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად, გამოძიების ეფექტიანად წარმართვის ნათელი პოლიტიკური ნება ამ დრომდე გამოვლენილი არ არის. მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო დავით სარალიძის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელმაც ამ საქმის გამოძიების პროცესში არაერთი არსებითი და სისტემური ხარვეზი გამოავლინა. თუმცა, საგამოძიებო კომისიის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები კვლავ შეუსრულებელია.
მიმდინარე წელს, არსებული სოციალური და პოლიტიკური გარემო, ისევე როგორც ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა, არსებითად განაპირობა საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში განვითარებულმა მოვლენებმა. მედიის, პოლიტიკური პროცესების და სოციალური ჯგუფების მკვეთრი და მძიმე პოლარიზების პირობებში, არამხოლოდ მნიშვნელოვნად დაზიანდა წინასაარჩევნო გარემო, არამედ სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე რაციონალური, არგუმენტირებული მსჯელობის შესაძლებლობაც გაქრა. სამწუხაროდ, წინა არჩევნების მსგავსად, პოლიტიკურმა სუბიექტებმა ურთიერთბრალდებების რეჟიმზე ორიენტირებული წინასაარჩევნო კამპანია აირჩიეს, რამაც არ დატოვა სივრცე რეალური, სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისა და ღირებული პოლიტიკური დისკუსიისთვის.
არჩევნების პირველი ტურის შედეგები, რომელიც მმართველი პოლიტიკური გუნდის პოლიტიკაზე საზოგადოების უკმაყოფილების აშკარა ნიშანი იყო, სამწუხაროდ, სათანადოდ არ იყო გააზრებული ხელისუფლების მხრიდან და რეალურ საჭიროებებსა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული რეფორმების გატარების ნაცვლად, მან ოპონენტების დისკრედიტაციის, ადმინისტრაციული რესურსის ინტენსიური და უკიდურესად მიუღებელი ფორმებით მობილიზაციისა და ულტრაკონსერვატიული პოლიტიკური ჯგუფების ლოიალობის მოპოვების პრობლემური სტრატეგია აირჩია. სახელმწიფოებრივი განზომილებიდან გამოსვლა და საარჩევნო პროცესის ამ ფორმით წარმართვა დაბალ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აჩვენებს.
მოახლოებული არჩევნების კონტექსტში, მედიაში გავრცელებულმა არაერთმა ინფორმაციამ სავარაუდო კორუფციისა და არაფორმალური გავლენების შესახებ, ქვეყანაში მმართველობის სისტემის კრიზისისა და სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზების მძიმე ნიშნები აჩვენა და კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში ინსტიტუციების დემოკრატიული რეფორმების საჭიროება.
პრობლემის აღიარებისა და მათზე სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირების ნაცვლად, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით, მათ ორგანიზებულად ესხმოდნენ თავს.
საყურადღებოა, რომ სწორედ წინასაარჩევნო კონტექსტში, პოლიტიკური პოპულიზმის ნიშნით დადგა დღის წესრიგში მოწყვლადი სოციალური ჯგუფებისთვის მნიშვნელოვანი ისეთი საკითხები, როგორიცაა ნარკოპოლიტიკის რეფორმა, ფინანსური და სასესხო ვალდებულებებისგან კონკრეტული ჯგუფების გათავისუფლების საკითხი. სამწუხაროდ, ამ ინიციატივებს რეალური, ხანგრძლივი და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დაძლევაზე მიმართული ხასიათი არ ჰქონია.
ფოტო: ერეკლე მუმლაძე/ლიბერალი
შრომის უსაფრთხოების კანონი და ზედამხედველობის მექანიზმები
2018 წელი განსაკუთრებულად ტრაგიკული იყო მშრომელთა საწარმოო შემთხვევების თვალსაზრისით. აღნიშნულმა შემთხვევებმა კიდევ ერთხელ გაააქტიურა შრომის უსაფრთხოებისა და ეფექტიანი შრომითი ინსპექციის საკითხების მნიშვნელობა. ამ პრობლემის დღის წესრიგში დაყენებას. მშრომელთა კავშირებისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკული მასა დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა. მითითებული ტრაგიკული შემთხვევები გახდა 2018 წლის 7 მარტს, ხანგრძლივი განხილვების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის მიერ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების მაპროვოცირებელი. აღნიშნული კანონის მიღება ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს, მიუხედავად კანონში არსებული ხარვეზებისა, რომელსაც გარკვეულწილად პასუხი გაეცემა სექტემბერში საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების პაკეტის მიღებით. კვლავ არსებითად გამოწვევად რჩება, კანონისა და შრომის ინსპექციის მანდატის შრომითი უფლებების სფეროზე არგავრცელება. შრომითი უფლებებზე ზედამხედველობის არარსებობა განსაკუთრებულ ტვირთად აწვება მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურ ექსპლოატაციასა და ეკონომიკურ ჩაგვრას განიცდიან.
ტყიბულის ტრაგედია და სახელმწიფო პოლიტიკა
საწარმოო შემთხვევების განსაკუთრებულად მძიმე და მასობრივ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი ტყიბულში, სადაც მხოლოდ 2018 წელს საწარმოო შემთხვევებმა 12 ადამიანის დაღუპვა და 9 ადამიანის მძიმედ დაშავება გამოიწვია. სწორედ ტრაგედიების მასშტაბურმა ხასიათმა უბიძგა ხელისუფლებას გადაედგა უფრო ქმედითი ნაბიჯები და ტყიბულში შეეჩერებინა საწარმოო პროცესი საერთაშორისო ექსპერტულ დასკვნამდე, რომელიც შეაფასებდა შახტების სამომავლო ექსპლუატაციის რისკებს და ამ რისკების ნეიტრალიზების შესაძლებლობებს. მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ასევე ტყიბულის შემთხვევას უკავშირდებოდა, იყო ტყიბულის მსგავს მონო წარმოების რეგიონებში ალტერნატიული ეკონომიკური აქტივობის თუ წარმოების დივერსიფიკაციის ხელშეწყობასა და წახალისებას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას არანაირი ხედვა ან ეკონომიკური გეგმა ჯერ-ჯერობით არ წარმოუდგენია.
მშრომელთა წინააღმდეგობის აქტები - მეტროს მემანქანეთა გაფიცვა
2018 წელი გამოირჩეოდა შრომით სფეროში წინააღმდეგობის აქტებით. მშრომელთა მღელვარება იგრძნობოდა ჭიათურის სამთო-მოპოვებით და გამამდიდრებელი საწარმოებში, საზოგადოებრივ მაუწყებელში, აგარის ქარხანაში, ხაშურში საგზაო მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულებს შორის და ა.შ. თუმცა მშრომელთა ბრძოლის უახლოეს ისტორიაში გამორჩეული მნიშვნელობის იყო თბილისის მეტროს მემანქანეთა წინააღმდეგობა, რომელის 2018 წლის თებერვლიდან დაიწყო და რომელმაც კულმინაციას 3 ივნისის, გაფიცვისას მიაღწია. გაფიცვამ 3 დღეს გასტანა. მეტროს მემანქანეთა წინააღმდეგობის ამ ისტორიულმა შემთხვევამ ერთი მხრივ შრომით სფეროში არსებული ღრმა და სისტემური გამოწვევები, ხოლო მეორე მხრივ, ძალაუფლებრივი ინსტიტუციების მანკიერი პრაქტიკა გამოავლინა, რომელიც მემანქანეთა წინააღმდეგობის მარგინალიზებისკენ და დასუსტებისკენ იყო მიმართული. თბილისის მერიის მხრიდან გაფიცვის ანტისახელმწიფოებრივ აქტად წარმოჩენისა და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის დაპირისპირების გაღვივების მცდელობის მიუხედავად, გაფიცვის ლიდერებმა, „ერთობა 2013“-ის წევრებმა, შეძლეს მოვლენების იმგვარად წარმართვა, რომ ეს გაფიცვა ერთ-ერთ წარმატებულ შემთხვევად შევიდა მშრომელთა წინააღმდეგობის უახლეს ისტორიაში.
მწვანე და ურბანული წინააღმდეგობები - საჯარო ინტერესი ბიზნეს-ლობის წინააღმდეგ
2018 წელი ასევე გამორჩეული იყო გარემოსდაცვით საკითხებზე მოსახლეობის სოციალური წინააღმდეგობებით. ამ მიმართულებით განსაკუთრებით ხაზგასასმელია მაღალმთიან რეგიონებში, ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, პანკისის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ჰესების მასშტაბური მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი. ამ შემთხვევების უმრავლესობას იდენტური პრობლემები ახასიათებს - სახელმწიფო ორგანოები ჰესების მშენებლობაზე გადაწყვეტილებას ადგილობრივი მოსახელობის სათანადო ჩართულობის გარეშე იღებენ, შესაბამისად არ ხდება ადგილობრივების ინტერესების შეფასება და გათვალისწინება. ნებართვები კი ხშირად, სათანადო გარემოსდაცვითი თუ სხვა კვლევების ჩატარების გარეშე გაიცემა. ჰესების წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის გამოხატვის პროცესში, განსაკუთრებით მძიმე პრობლემად გამოიკვეთა, პროტესტში მონაწილე პირებზე სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ღია და ფარული ზეწოლის შემთხვევები, მათ შორის რეპრესიული საპოლიციო ძალის გამოყენება. ასევე, მითითებულ საქმეებში პრობლემურია, პოლიტიკური თანამდებობის პირების თუ საჯარო მოხელეების მხრიდან, მოსახლეობის ინტერესების საპირისპიროდ ბიზნეს ინტერესების ლობირება.
ამასთან უნდა აღინიშნოს ქალაქ ბათუმში ორგანიზებული ურბანული და სოციალური პროტესტები, რომელიც ქალაქის ისტორიული და რეკრეაციული სივრცეების კომერციალიზაციის, თვითნებური მშენებლობის პრაქტიკასა და უსამართლო ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირდება.
თემირლან მაჩალიკაშვილი საქმე და სახელმწიფო პოლიტიკა პანკისის ხეობაში
მიმდინარე წელს დღის წესრიგში განსაკუთრებით მწვავე დადგა პანკისის ხეობაში სახელმწიფო პოლიტიკის პრობლემა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ ლოგინში ღამით მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმემ პანკისის ხეობაში სახელმწიფოს რეპრესიული უსაფრთხოების პოლიტიკა ამხილა და ის მწვავედ დააყენა პოლიტიკურ დღის წესრიგში.
თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე, სადაც სახელმწიფოს ნეგატიური პასუხისმგებლობა სიცოცხლის უფლებასთან კავშირში ბოლო წლებში პირველად დადგა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და სოციალური პროტესტის საგანი გახდა. თუმცა, საქმეზე მიმდინარე გამოძიება ამ დრომდე არ აკმაყოფილებს დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებს და არსებითად ფორმალურ ხასიათს ატარებს. სიცოცხლის ხელყოფის ნაწილში მიმდინარე გამოძიების აშკარად არაეფექტიანი ხასიათის პარალელურად, სუსი ცდილობს თ. მაჩალიკაშვილის მუდმივ დეჰუმანიზებას და მის წინააღმდეგ ფრაგმენტული და სადავო ინფორმაციის გავრცელებას, რაც საზოგადოებაში მის დამნაშავედ წარმოჩინებასა და სუს-ის თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის გადაფარვას ისახავს მიზნად.
წლების განმავლობაში სახელმწიფო პოლიტიკა პანკისში უსაფრთხოების პარადიგმაზე დგას, რომელიც ადგილობრივების ‘სახიფათო მუსლიმებად’ მონიშვნას და იერარქიზებას ახდენს და მათ რეპრესიასა და სოციალურ კონტროლს უქვემდებარებს. დღეს თემირლან მაჩალიკაშვილის მამის ბრძოლა სამართლიანობისთვის სწორედ ამ დომინანტი პოლიტიკის და ხედვის ტრანსფორმაციას უწყობს ხელს, თუმცა ის სახელმწიფო უწყებებისა და პოლიტიკური ელიტების მხრიდან არაღიარების პრობლემას აწყდება.
მიმდინარე წელს პანკისის ხეობაში განსაკუთრებით მწვავედ დადგა ჰესების კასკადის მშენებლობის საკითხი. ადგილობრივი ქისტებისთვის, რომლისთვისაც საერთო, კოლექტიური ინტერესის დაცვა გაზიარებული ეთიკაა, ეს გადაწყვეტილება სოციალური პროტესტის საგანი გახდა. აღნიშნულ პროტესტს სახელმწიფომ თემთან სამართლიანი და დემოკრატიული კომუნიკაციით არ უპასუხა და სხვადასხვა მექანიზმების, მათ შორის, აქტივისტებზე ზემოქმედების საპოლიციო პრაქტიკებით ცდილობს წინააღმდეგობის შესუსტებას.
ადგილობრივი საზოგადოების მაღალი უკმაყოფილების პირობებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ნდობაზე დაფუძნებული კომუნიკაციის აღდგენა თემთან.
სიძულვილის ენა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები
განსაკუთრებულ პრობლემად უნდა დასახელდეს ბოლო წლებში ულტრაკონსერვატიული ჯგუფების ორგანიზების და რადიკალიზების პრობლემა, რომელსაც სახელმწიფო სისტემური პრევენციული პოლიტიკით არ პასუხობს და ამის საპირისპიროდ ჩანს აღნიშნული ჯგუფების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების ტენდენცია.
მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მიმართ სიძულვილით მოტივირებული ძალადობისა და დევნის პრაქტიკები. ამ კუთხით განსაკუთრებით მწვავედ უნდა აღინიშნოს სავარაუდო ქსენოფობიური მოტივით ადამიანის უფლებათა აქტივისტის, ვიტალი საფაროვის სასტიკი მკვლელობის მძიმე შემთხვევა.
პოზიტიურად უნდა შეფასდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა, რომელსაც გენდერული ძალადობისა და დისკრიმინაციული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია და ზედამხედველობა ევალება. დეპარტამენტის საქმიანობას მნიშვნელოვანი ცვლილებები უკვე მოჰყვა დისკრიმინაციული დანაშაულების სათანადო კვალიფიკაციისა და გამოძიების კუთხით. დაგეგმილია პოლიციის მუშაობის უკეთესი ინსტიტუციონალიზებაც ამ მიმართულებით (გადამზადება, პოლიტიკის დოკუმენტების მიღება და ა.შ.). თუმცა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების კრიტიკული საქმეების ნაწილი ამ დრომდე ეფექტიანად არ არის გამოძიებული, მათ შორის, ხაზგასასმელია, ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის თანამშრომლობის დევნის საქმე, ასევე თანასწორობის მოძრაობის თანამშრომლებისა და აქტივისტების ლევან ბერიანიძისა და თორნიკე კუსიანის ცემის საქმე, სადაც პოლიციის პასუხისმგებლობის ნიშნები ასევე იკვეთება. ამასთან სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში არსებითად არის გასაძლიერებელი სისტემური პრევენციული მიდგომა, რომელიც ძალადობის სტრუქტურული მიზეზების აღმოფხვრაზე ორიენტირებულ მუშაობას გულისხმობს. ასევე არსებითია, პოლიციაში გაიზარდოს მსხვერპლის დაცვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული მუშაობა, რომელიც საპოლიციო სერვისთან ერთად, დაზარალებულებისთვის სათანადო და მგრძნობიარე სოციალური სერვისების მიწოდებას გულისხმობს.
ცალკე უნდა გაესვას ხაზი დისკრიმინაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის სისუსტის პრობლემას. 3 წელზე მეტი დრო გავიდა, თუმცა საქართველოს პარლამენტმა ვერ მოახერხა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა, რომელიც კერძო პირების პასუხისმგებლობის ნაწილში სახალხო დამცველისთვის აღსრულების მექანიზმების გადაცემას, დისკრიმინაციასთან დაკავშირებული მატერიალური გარანტიების სრულყოფას და დეტალიზებას, სასამართლო დავებთან დაკავშირებული ვადების და პროცედურების გაუმჯობესებას უკავშირდება.
ლგბტი ადამიანები და უფლებები
ლგბტი ადამიანისთვის მიმდინარე წელს კვლავ პრობლემური იყო 17 მაისის აიდაჰო შეკრების გამართვა. უსაფრთხოების წუხილების, მაღალი სოციალური პოლარიზებისა და მათი შეკრების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების რისკების გამო, ქვიარ აქტივისტების დიდმა ნაწილმა მიმდინარე წელს უარი თქვა შეკრების თავისუფლებით სარგებლობაზე. განგრძობად ხასიათს ატარებდა ქვიარ აქტივისტის კობა ბიწაძის მიმართ განხორციელებული კიბერ-ბულინგი. დევნისა და უსაფრთხოების ბაზისური გარანტიების არარსებობის გამო, ის იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. მძიმე უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის, ასევე, უსაფრთხოების წუხილების გამო, ლგბტი ადამიანების მიგრაცია მიმდინარე წლის შესამჩნევი პრაქტიკა გახდა. მიმდინარე წელს ასევე დაფიქსირდა მეზობლების მხრიდან ძალადობრივი თავდასხმა „თანასწორობის მოძრაობის“ აქტივისტებზე. უსაფრთხოების გამოწვევების გამო სათემო ორგანიზაცია იძულებული გახდა ოფისი შეეცვალა. ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის ამ დრომდე ცნობილი არ არის. კვლავ პრობლემური რჩება ლგბტი უფლებების, როგორც ადამიანის უფლებების აღიარების პრობლემა და სხვადასხვა პოლიტიკის დოკუმენტებიდან და საჯარო განცხადებებიდან მისი წაშლის ან იგნორირების ნიშნები
აზერბაიჯანის და თურქეთის ხელისუფლებასთან შესაძლო უკანონო თანამშრომლობის პრაქტიკები
მიმდინარე წელს კვლავ გაგრძელდა თურქეთის და აზერბაიჯანის ხელისუფლებებთან შესაძლო უკანონო თანამშრომლობისა და ლოიალობის პრაქტიკები, რაც მათ შორის, შავი ზღვის უნივერსიტეტისთვის სტუდენტების მიღების შეზღუდვის გადაწყვეტილებაში გამოიხატა და რაც ასევე, ჩაღლარის სკოლების საქმიანობის ხელშეშლის პრაქტიკის ნაწილია. მაღალი საერთაშორისო ინტერესისა და კონტროლის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცების საქმის ეფექტიანი გამოძიება, რაც ამ პროცესში სახელმწიფო პასუხისმგებლობის საკითხს კიდევ უფრო ამწვავებს. წინასაარჩევნო პერიოდში შიიტი რელიგიური ლიდერის მირტაგი ასადოვის აზერბაიჯანის საზღვარზე თვითნებური დაკავების ფაქტი, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან შესაძლო უკანონო თანამშრომლობაზე კითხვებს ასევე აჩენდა.
საკულტო ნაგებობების მშენებლობისა და გადაცემის დისკრიმინაციული პრაქტიკები
მიმდინარე წელს თანდოიანცის ისტორიული სომხური ეკლესიის საქართველოს საპატრიარქოსთვის გადაცემის გადაწყვეტილება კვლავ მწვავედ დააყენა საბჭოთა პერიოდში რელიგიური უმცირესობებისთვის ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის პოლიტიკის არ არსებობის საკითხი. ისტორიული ეკლესიის საპატრიარქოსთვის გადაცემა საკითხის სათანადო შესწავლის გარეშე მოხდა. ამასთან ნაგებობის რესტავრაციის გეგმის შესაბამისად ჩანს, შენობის ისტორიული, კონფესიური და კულტურული ღირებულების წაშლის რისკები.
კვლავ გადაუჭრელი რჩება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი. მუსლიმების თვითორგანიზებულ ჯგუფთან ბათუმის მერის მიერ დაწყებული მოლაპარაკებები შედეგების გარეშე დასრულდა, წაყენებული პირობების უსამართლო შინაარსის გამო. მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე მერის უკანონო და დისკრიმინაციული უარის საქმეზე დაწყებული დავა კი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჭიანურდება. ადგილობრივი მუსლიმი თემი მათ მიერ ნაყიდ და საკუთარი ხელით აწყობილ სალოცავ სივრცეში აგრძელებს ლოცვას. ეს ადგილი მათთვის სამოქალაქო უფლებების ბრძოლის სიმბოლური სივრცე გახდა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს როლი ზემოთ წარმოდგენილ პროცესებში იყო არსებითად პასიური ან ნეგატიური, რაც აღნიშნული უწყების საქმიანობის პრობლემას კიდევ ერთხელ აჩვენებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული უწყების გაუქმების იდეა ოფიციალურად განაცხადა, თუმცა, შესაბამისი საჯარო განმარტების გარეშე ეს იდეა რატომღაც არ განხორციელდა.
მართლმსაჯულების სისტემა და ინსტიტუციური რეფორმები
ფოტო: სოფო აფციაური/ლიბერალი
სასამათლო რეფორმის გაჭიანურებული „მეოთხე ტალღა“
სასამართლოში რეფორმის გაგრძელების მიმართულებით არსებითი ხასიათის, სისტემური ნაბიჯები მიმდინარე წელს არ გადადგმულა. ბოლო კონსტიტუციური რეფორმის შედეგად, კიდევ უფრო გაფართოვდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებები, თუმცა საპასუხოდ, საბჭოს საქმიანობის და გამჭვირვალობის რეგულირება კანონმდებლობით არ მომხდარა. 2018 წლის ზაფხულში, თანამდებობა დატოვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, პრეზიდენტის მხრიდან უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა არ დასახელებულა, რაც უარყოფითად აისახა სასამართლოს განვითარების შესაძლებლობებზე.
სასამართლოსთან მიმართებით, მოსახლეობის განწყობები წინა წლებთან შედარებით გაუარესებულია. 2018 წელს მოსახლეობის განწყობების კვლევა აჩვენებს, რომ შემცირებულია საზოგადოების ნდობა სასამართლოს მიმართ. ამის მიუხედავად, პარლამენტში შეფერხებული და გაჭიანურებულია რეფორმის “მეოთხე ტალღის” ცვლილებებზე მუშაობა და ბუნდოვანია პოლიტიკური ხელისუფლების ხედვა სასამართლოს რეფორმის შემდგომ პროცესთან დაკავშირებით.
პროკურატურის რეფორმა - დეპოლიტიზების არასაკმარისი მცდელობა
კონსტიტუციური რეფორმის პოზიტიურ შედეგს წარმოადგენდა პროკურატურის სისტემის გამიჯვნა იუსტიციის სამინისტროსა და სამთავრობო კაბინეტისგან და ამ გზით, დამოუკიდებლობის გარანტიების გაზრდა. თუმცა, კონსტიტუციური რეფორმის მიზნების შესასრულებლად, პარლამენტის მიერ მიღებულმა ცვლილებებმა, საპროკურორო საბჭოს დეპოლიტიზება და პროკურატურის სისტემის მართვის მოდელის მნიშვნელოვანი ცვლილება ვერ შეძლო. მძლავრი სოციალური პროტესტის ფონზე, თანამდებობა დატოვა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა. ხარვეზიანი პროცედურებით არჩეული ახალი მთავარი პროკურორის პირობებში კი, კიდევ უფრო დაიხურა სისტემა და გართულდა უწყებასთან კომუნიკაცია.
12 მაისი - მასშტაბური საპოლიციო ოპერაცია
განსაკუთრებით კრიტიკულად უნდა შეფასდეს 12 მაისის მასშტაბური საპოლიციო ოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში და შემდგომ განვითარებული მოვლენები. 12 მაისის საპოლიციო ღონისძიება თავისი მასშტაბით, გამოყენებული საპოლიციო ძალითა და შედეგებით, განსაკუთრებით ინტენსიური იყო. პოლიციამ 12 მაისის ღამეს 40-მდე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა. ხშირ შემთხვევაში დაკავებები შერჩევითი იყო და თვითნებობით ხასიათდებოდა. კლუბ “ბასიანთან” მიმდინარე აქციის ორგანიზატორების დაკავებით და აქციის ტერიტორიიდან მანიფესტანტების იძულებითი გაყვანით, პოლიციამ უხეშად დაარღვია მშვიდობიანი შეკრების უფლება. იმ ფონზე, როცა პოლიციას კლუბების შიდა ტერიტორიაზე არცერთი ადამიანი არ დაუკავებია, ერთდროულად, ღამის კლუბებში ამ მასშტაბის საპოლიციო ოპერაციის დაგეგმვა და ჩატარება პოლიციის მხრიდან ძალის დემონსტრირების მიზანზე მიუთითებდა.
არასათანადო მოპყრობის შემთხვევების პრევენცია და რეაგირება
2018 წელს პოლიციის სისტემაში დაწყებული მნიშვნელოვანი და პოზიტიური რეფორმების მიუხედავად, პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევების პრევენცია კვლავ გამოწვევას წარმოადგენს. სისტემურ პრობლემად რჩება, მსგავსი საქმეების არაეფექტური გამოძიება პროკურატურის მხრიდან. ამ პრობლემების მძიმე გამოვლინება იყო ზვიად რატიანის ცემის საქმე, რომელიც ამ დრომდე გამოუძიებელია. მეტიც, არაერთი მიმართვის მიუხედავად, პროკურატურა ამ დრომდე უარს ამბობს, მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. არსებული გამოწვევების მიუხედავად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ღიაობა და საზოგადოებრივ ჯგუფებთან აქტიური კომუნიკაცია რეფორმების დაგეგმვის პროცესში, ასევე პოზიტიური ინიციატივები, რაც საგამოძიებო სისტემის რეფორმას და მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის ამოქმედებას უკავშირდება.
ნარკოპოლიტიკის ჩავარდნილი რეფორმა
ნარკოპოლიტიკის განუხორციელებელი რეფორმა საბოლოოდ ჩიხში სწორედ 2018 წელს შევიდა. წინა წლებში გაწეული შრომის და მომზადებული ცვლილებების მიუხედავად, მმართველ პოლიტიკურ გუნდს არ აღმოაჩნდა საკმარისი პოლიტიკური ნება და მზაობა, ნარკოპოლიტიკის ძირეული და სამართლიანი რეფორმა გაეტარებინა. მაისში, საპროტესო აქციაზე, შს მინისტრის მიერ გაჟღერებული პოზიცია, რომ უმოკლეს ვადებში, ამ მიმართულებით, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმებოდა ამ დრომდე შეუსრულებელია. წინა წლების მსგავსად, ნარკოპოლიტიკის მარეგულირებელ კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების მიღწევა, კვლავ საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით იყო შესაძლებელი. ასეთი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილება მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით. წინა წლისგან განსხვავებით, პოლიციის მხრიდან ნარკოტიკების განზრახ, უკანონო ჩადების შემთხვევები საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარა, რაც საყურადღებო ფაქტორია. თუმცა, ნარკოპოლიტიკის ყველა მანკიერი და რეპრესიული საკანონმდებლო მექანიზმი კვლავ აგრძელებს არსებობას.
ინსტრუქცია