საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ეხმიანება მთავრობის დადგენილებით კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით 09 ნოემბრიდან ამოქმედებულ დამატებით შეზღუდვებს. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ 22-საათიდან 05 საათამდე კომენდანტის საათის შემოღების მიუხედავად, შეზღუდვები არ უნდა გავრცელდეს თუნდაც ამ პერიოდში შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაზე.
როგორც ცნობილია, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმების ფონზე, მთავრობამ მიმდინარე წლის 9 ნოემბრიდან დამატებითი შეზღუდვების ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილების თანახმად, დიდ ქალაქებში დაიხურა კერძო და საჯარო ბაღები, მუნიციპალიტეტებს დაევალათ შესაბამისი ზომების მიღება საჯარო ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადის რეგულირების მიზნით. ერთ-ერთ მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რის შესახებაც მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ 6 ნოემბერს განაცხადა, გულისხმობდა დიდ ქალაქებში, 22:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, როგორც სატრანსპორტო საშუალებით, ასევე ქვეითად.[1] ამავე ცვლილებებით, 22:00-დან 05:00 საათამდე აიკრძალა როგორც პირთა გადაადგილება, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.[2]
პირველ რიგში, პრობლემურია ის ფორმალურ-სამართლებრივი გზა, რომლითაც შეზღუდვები დაწესდა დიდ ქალაქებში. გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს საფუძვლად დაედო „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის თანახმად, 2021 წლის 1 იანვრამდე მთავრობას ან მის მიერ განსაზღვრულ სამინისტროს მიენიჭა იზოლაციის ან კარტანტინის წესის დადგენის და მის საფუძველზე კონკრეტული შემზღუდავი ღონისძიებების განსაზღვრის უფლებამოსილება.[3] ამ ჩანაწერით აღმასრულებელ ხელისუფლებას მიენიჭა ფართე უფლებამოსილება, საკანონმდებლო ორგანოს გარეშე, დახურული პროცესების შედეგად განსაზღვროს კონსტიტუციურ უფლებებში ჩარევის საფუძვლები და წესი. ამით მთავრობის ხელში სახიფათო და დაუბალანსებელი ძალაუფლება იყრის თავს, რომლის თვითნებურად გამოყენების რისკებიც სათანადოდ არაა დაზღვეული.[4] სწორედ აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში დააწესა მთავრობამ კომენდანტის საათი და სხვა შეზღუდვები 9 ნოემბრიდან.
რაც შეეხება კონკრეტულად შეკრების უფლების შეზღუდვას, არსებული საკანონმდებლო ჩანაწერი მთავრობას ან კონკრეტულ სამინისტროს აძლევს შესაბამისი შეზღუდვების დროებითი დაწესების შესაძლებლობას საჯარო დაწესებულებების, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სხვა დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სხვა იურიდიული პირების საქმიანობასთან/ადმინისტრირებასთან, საჯარო სერვისების მიწოდებასთან, პირთა მიმოსვლასთან, საკუთრებასთან, შრომასთან, პროფესიულ ან ეკონომიკურ საქმიანობასთან, უკანონო მიგრაციასთან/საერთაშორისო დაცვასთან ან/და სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრასთან დაკავშირებით.[5] შესაბამისად, საკარანტინე ღონისძიებების ფარგლებში, კანონმა დასაშვებად მიიჩნია მოქალაქეთა არა ნებისმიერი ტიპის შეკრების შეზღუდვა, არამედ მოსახლეობაში სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნის მქონე თავყრილობების თავიდან აცილება.
აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, როცა კანონმა საკარანტინე ღონისძიებები განსაზღვრა, პირთა თავშეყრა კონკრეტული მიზნით შეზღუდა. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონმა მეტნაკლებად დაავიწროვა ამ ღონისძიების შინაარსი. არსებული ჩანაწერით, მთავრობას შეუძლია დროებით შეზღუდოს პირთა თავშეყრა სოციალური ღონისძიების გამოყენების მიზნით. სოციალური თავშეყრის შინაარსი კიდევ უფრო მეტად დაკონკრეტდა შემდგომში უშუალოდ მთავრობის დადგენილებით, სადაც სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებულ თავშეყრის მაგალითად სხვა შემთხვევებთან ერთად მოყვანილია ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.[6] პანდემიის პირობებშიც კი, სოციალური მიზნით საჯარო სივრცეში თავშეყრის გაიგივება კონსტიტუციით დაცულ შეკრების თავისუფლებასთან, რომელიც მოსახლეობისთვის წარმომადგენლობით დემოკრატიაში პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის არსებითად მნიშვნელოვანი ბერკეტია, ამ უფლების გაუმართლებელი დავიწროებაა[7].
კანონდმებლობაში არსებული ჩანაწერი და დამაზუსტებელი მაგალითები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ღონისძიების ეს სახე ზღუდავს უშუალოდ, საზოგადოებაში დამკვიდრებული თავშეყრის სხვადასხვა სახეს, ის არ სცდება სოციალური შეკრების ხასიათს და ერთმნიშვნელოვნად არ აქვს პოლიტიკური შინაარსი. ამ ღონისძიებით სახელმწიფოს არ აქვს უფლება შეზღუდოს ნებისმიერი პოლიტიკური მოტივით ორგანიზებული, პოლიტიკური შინაარსის მქონე საზოგადობერივი შეკრება.
ნიშანდობლივია, რომ ამ სახის რეგულაციის დაწესების შესახებ, საკოორდინაციო საბჭოს თავიდანვე არ განუცხადებია, როდესაც ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების შემოღების შესახებ დააანონსა.[8] რაც ქმნის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ 8 ნოემბრის აქციაზე[9] განვითარებული მოვლენების საფუძველზე, ხელახალი მასშტაბური პროტესტების პრევენციის მიზნით მიიღო.
ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებული საარჩევნო კონტექსტი. დაანონსებულ შეკრებას ცხადად პოლიტიკური მნიშვნელობა და მოტივი აქვს. საარჩევნო პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან ამ უფლებაში ჩარევა, მითუმეტეს, პირდაპირი საფუძვლების არარსებობის პირობებში, კიდევ უფრო მეტად ინტენსიური და გაუმართლებელი იქნება. საარჩევნო კონტექსტი მხედველობაშია მიღებული თავად მთავრობის N322 დადგენილებითაც, რომლის თანახმად, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სამართავად შემოღებული ღონისძიებები არ ვრცელდება წინასაარჩევნო კამპანიაზე,[10] რაც თავის თავში გულისხმობს მოსახლეობასთან შეხვედრებს, აგიტაციას, პოლიტიკური მიზნებით ადამიანების დიდ რაოდენობასთან კომუნიკაციას. დადგენილების ამ დათქმის გათვალისწინებით, მითუმეტეს ვერ იქნება გამართლებული საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული პროტესტის შეკრების გზით საჯაროდ გამოხატვის გამორიცხვა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს
[1] სრული ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ იხილეთ: https://netgazeti.ge/news/496242/ , ბოლოს ნანახია: 09.11.2020
[2] იხ: ,,იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში 2020 წლის 9 ნოემბერს განხორციელებული ცვლილებები, ხელმისაწვდომია: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4877009?publication=64 ბოლოს ნანხია: 09.11. 2020
[3] იხ. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლი.
[4] იხ. EMC, საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივი და პოლიტიკური შინაარსი - არსებული გამოცდილების ანალიზი, 2020. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3lfi6fN
[5] იხ. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტი.
[6] იხ: იზოლაციის და კარანტინის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N 322 დადგენილება, მუხლი 5.
[7] იხ.Clemens Arzt, Clemens Arzt, Jan Fährmann, https://verfassungsblog.de/versammlungsfreiheit-auch-in-krisenzeiten/
[8] შეზღუდვებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს განცხადების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://netgazeti.ge/news/496242/ , ბოლოს ნანახია: 09.11.2020
[9] 8 ნოემბრის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ვრცლად იხილეთ ბმული: https://emc.org.ge/ka/products/emc-moutsodebs-shss-s-dauqovnebliv-shetsqvitos-sapolitsio-dzalis-gamoqeneba-mshvidobiani-shekrebis-monatsileebis-tsinaaghmdeg
[10] იხ: იზოლაციის და კარანტინის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N 322 დადგენილება, მუხლი 1.
ინსტრუქცია