საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) დეკანოზ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის შეფასების დოკუმენტს აქვეყნებს და საქმეში მნიშვნელოვან პროცესუალურ და მატერიალურ-სამართლებრივ ხარვეზებზე უთითებს, რომელიც მთლიანობაში დეკანოზის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევისა და განაჩენში ბრალდების აშკარად სუსტი დასაბუთების პრობლემას აჩვენებს.
EMC-ის შეფასება არსებითად დეკანოზის სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი სასამართლო განაჩენების სამართლებრივ ანალიზს ეფუძნება და მას სისხლის სამართლის საქმის მასალებისა და სასამართლო პროცესების დეტალური შეფასების შესაძლებლობა არ ქონდა პროცესის დახურულობისა და ბრალდებული პირისა და მისი ადვოკატებისთვის გაუხმაურებლობის პირობის ჩამორთმევის გამო.
დამდგარი განაჩენების ანალიზი საქმეში ადამიანის უფლებების დარღვევის რამდენიმე ფუნდამენტურ პრობლემას აჩვენებს, მათ შორის:
გ. მამალაძის დაკავება განხორციელდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მას შემდეგ რაც მან საპასპორტო კონტროლი გაიარა და ბარგი ჩააბარა. საგამოძიებო ორგანოს მიერ ბარგის ამოღება მსჯავრდებულის დაუსწრებლად, ვიდეოგადაღების გარეშე განხორციელდა და ბარგი მას დაკავებიდან დაახლოებით ცხრა საათის შემდგომ წარედგინა. ბარგის წარდგენის შემდგომ, საგამოძიებო ორგანომ დათვალიერება კვლავ ვიდეოგადაღების გარეშე განახორციელა და განაჩენების თანახმად, სწორედ ამ დროის იქნა აღმოჩენილი დანაშაულის საგანი (ციანიდი), რაზეც მსჯავრდებულმა მიუთითა, რომ ნივთი მას არ ეკუთვნოდა და სავარაუდოდ ჩაუდეს. მნიშვნელოვანია, რომ გ. მამალაძის კუთვნილი ბარგის აეროპორტის სკანერში გატარებისას არ დაფიქსირდა დანაშაულის საგანი. დაცვის მხარის განმარტებით, მათ მოწმეს შეეძლო სასამართლოსთვის დაედასტურებინა, რომ სკანერის მეშვეობით მცირე ზომის, საეჭვო ნივთების აღმოჩენა შესაძლებელი იყო. თუმცა, აღნიშნულის შესაძლებლობა მათ სასამართლოში არ მიეცათ, რადგან მოსამართლემ მოწმის სრულყოფილად დაკითხვის შესაძლებლობა არ შექმნა.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ ბრალდების მხარემ არ უზრუნველყო აეროპორტში განთავსებული ვიდეოჩანაწერების ამოღება და გ. მამალაძის ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლომ ამის საშუალება მათაც არ მისცა.
ამასთან ერთად, განაჩენების მიხედვით, საგამოძიებო ორგანოები გიორგი მამალაძის დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე მის მიმართ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ თუმცა, არ დაუდგენიათ ვისგან და როდის შეიძინა გიორგი მამალაძემ დანაშაულის საგანი. აღნიშნული გარემოება მით უფრო მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც საქმის მთავარმა მოწმემ, რომელიც უთითებდა, რომ მამალაძემ მას სთხოვა ციანიდის მოძიება, სასამართლოს წინაშე არ დაადასტურა, რომ მსჯავრდებულმა ციანიდი მისგან შეიძინა.
მითითებული პროცესუალური დარღვევებიდან გამომდინარე, სასამართლოებს ეჭვი უნდა შექმნოდათ წარმოდგენილი მტკიცებულების უტყუარობასთან დაკავშირებით, თუმცა არცერთი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული საკითხი არ შეაფასა, რითაც დაარღვია ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის შესახებ კონსტიტუციური პრინციპი.
კერძოდ, ორივე განაჩენში დაცვის მხარის კრიტიკაზე, რომ პროკურატურამ არ უზრუნველყო ცალკეული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარება, რის საფუძველზეც არ იქნა მოპოვებული ბრალდებულის გამამართლებელი მტკიცებულებები, სასამართლოები ღიად უთითებენ, რომ სისხლის სამართლის პროცესი მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რის გამოც დაცვის მხარეს თავად შეეძლო განეხორციელებინა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები და შედეგები სასამართლოსთვის წარედგინა. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეთათვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფას, თუმცა არ გულისხმობს მტკიცების ტვირთის გადატანას დაცვის მხარეზე, რაც არსებითად დაარღვევდა მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარისთვის დაკისრების კონსტიტუციურ პრინციპს. სასამართლო გ. მამალაძის საქმეში სრულად აიგნორებს ბრალდების ტვირთის განაწილების აღნიშნულ პრინციპს და ნაცვლად იმისა, რომ შეაფასოს ბრალდების მხარის იმიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს თუ არა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის ბრალეულობას, მსჯელობას იმის თაობაზე, წარადგინა თუ არა დაცვის მხარემ გამამართლებელი მტკიცებულებები.
ზემოთ აღნიშნული დარღვევების გათვალისწინებით, EMC მიიჩნევს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეზე მიღებული განაჩენები არ აკმაყოფილებს დასაბუთებული გადაწყვეტილების სტანდარტს. საქმეზე არსებითი და გადამწყვეტი ხასიათის მტკიცებულება ეროვნული კანონმდებლობისა და ჩხრეკასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა სტანდარტის დარღვევით არის მოპოვებული, რაც მთლიანობაში გ. მამალაძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე უთითებს.
საქმეზე საჯაროობის სრულმა და თვითნებურმა შეზღუდვამ ბრალდების მხარე უთანასწორო მდგომარეობაში ჩააგდო და საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, პროცესზე საჯარო კონტროლი შეზღუდა, რაც ცხადია, არსებითად აზიანებს საზოგადოების ნდობას სასამართლოს სისტემის მიმართ.
EMC შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით მხარს დაუჭერს დეკანოზი გ. მამალაძის უფლების დაცვის პროცესს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
სამართლებრივი შეფასების სრული ვერსია იხილეთ აქ ⇓
ინსტრუქცია