[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / ანალიტიკური დოკუმენტები

EMC-ის სამართლებრივი შეფასება საქართველოს რკინიგზაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

ფოტო: ნეტგაზეთი

EMC მიმართავს საქართველოს რკინიგზას დაუყოვნებლივ დაიწყოს ეფექტიანი მოლაპარაკება შრომითი დავის გადაწყვეტის მიზნით და მოუწოდებს სახელმწიფოს უზრუნველყოს პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება

15 აგვისტოდან დღემდე „საქართველოს რკინიგზის" დასაქმებული ადმინისტრაციის შენობასთან პროტესტს შიმშილობით გამოხატავს და შრომითი ურთიერთობის გაგრძელებას ძველი სახელშეკრულებო პირობებით მოითხოვს. თავდაპირველად, საქართველოს რკინიგზის ორმა თანამშრომელმა შიმშილობის აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც აღმოაჩინეს, რომ დამსაქმებელი კომპანია მათგან სამუშაოს შესრულებას - კახეთის ნაცვლად თბილისში ითხოვდა და ამ საკითხზე დასაქმებულებთან შეთანხმების მიღწევის მზადყოფნას არ გამოხატავდა. მოშიმშილეთაგან ერთ-ერთი პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გამოეთიშა. ამ დროისთის შიმშილობის აქციას რკინიგზის პროფესიული კავშირების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა მოშიმშილეებისათვის ადმინისტრაციის შენობის წინ კარვის გაშლა სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება  პოლიციამ არ მისცა და გაშლილი კარავი ძალის გამოყენებით აიღო. კარვის მეორედ გაშლის მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა.

მოშიმშილე რკინიგზელის მოთხოვნების მხარდასაჭერად რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის სოლიდარობის აქცია ამ დრომდე გრძელდება. მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული,  სხვა რკინიგზელები მზადყოფნას გამოხატავენ მოშიმშილეებს შეუერთდნენ.

შრომით დავასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების აღწერა

მოშიმშილე დასაქმებულებში ამგვარი წინააღმდეგობა „საქართველოს რკინიგზაში“ ივლისში განვითარებულმა მოვლენებმა წარმოშვა. EMC-ის მიერ აღებული ახსნა-განმარტებებით ირკვევა, რომ საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის ივლისის თვეში კახეთის რეგიონში დასაქმებული რკინიგზელები თბილისში დაიბარა და განუმარტა რომ მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან დასაქმებულთა სამსახურის დასახელება იცვლებოდა. აღნიშნული კი დასაქმებულების მხრიდან წერილობითი ფორმით თანხმობის გამოხატვას საჭიროებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა მათი გათავისუფლება დაკავებული პოზიციებიდან. ამასთან, დასაქმებულთა პოზიციის ცვლილების შესახებ მომზადებული წერილობითი დოკუმენტი ცხადად არ უთითებდა რომ დასახელებული ცვლილება ასევე გულისხმობდა სამუშაო ადგილის ფიზიკურ ცვლილებას. ასევე დოკუმენტში არ იყო საუბარი კომპანიის მხრიდან სამუშაო პირობების შეცვლასთან დაკავშირებულ დამატებით გარანტიებზე.

დოკუმენტის რეალური შინაარსი დასაქმებულებისათვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, როდესაც რკინიგზის ადმინისტრაციამ მათგან ახალი შრომითი ხელშეკრულების ხელმოწერა და სამუშაოს შესრულება სხვა ადგილას მოითხოვა, რასაც მათ მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს აყრდნობდა. ამ  შეტყობისთანავე, იმავე დღეს, სამმა დასაქმებულმა უარი განაცხადა ამ პირობების მიღებაზე და წერილობითი განცხადებით მიმართეს ადმინისტრაციას მოთხოვნით - უცვლელად შეენარჩუნებინათ მათთვის სამუშაო პირობები საცხოვრებელი რეგიონისა და ოჯახისაგან მოწყვეტის გარეშე.[1]

დასაქმებულთა მიმართვის საპასუხოდ, რომელიც აღწერდა სამუშაო პირობების ცვლილების თაობაზე დასაქმებულებისაგან თანხმობის მიღების პროცესს, რკინიგზის ადმინისტრაციამ დასაქმებულებს წერილობით განუმარტა, რომ მათივე თანხმობის საფუძველზე ისინი ვალდებულები იყვნენ შეესრულებინათ სამსახურეობრივი მოვალეობა ახალ სამუშაო ადგილზე, წინააღმდეგ შემთხვვაში ისინი გათავისუფლებული იქნებოდნენ დაკავებული პოზიციებიდან.[2]

რკინიგზის ადმინისტრაციის მიერ დასაქმებულთა შრომითი პირობების გადახედვაზე მზადყოფნის არარსებობამ და მოლაპარაკების შეუძლებლობამ, დასაქმებულთა მიერ შიმშილობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.

დასაქმებულთა მიერ გამოხატული პროტესტის უკიდურესი ფორმის მიუხედავად, მიმდინარე პროცესის განმავლობაში, პროფესიული კავშირების ინფორმაციით, რკინიგზის ადმინისტრაცია არ გამოხმაურებია მათ მოთხოვნებს  დიალოგისა და მოლაპარაკების დაწყების მიზნით, რაც პრობლემის დროული და ეფექტინი გადაწყვეტის შესაძლებლობას არ იძლევა.

ამასთან, EMC-სთვის პროტესტის სხვა მონაწილეებისაგან ცნობილი გახდა, რომ რკინიგზის ადმინისტაციის მხრიდან დასაქმებულთათვის შრომის არსებითი პირობის - სამუშაო ადგილის შეცვლას, სხვა ტერიტორიულ ერთეულებშიც ჰქონდა ადგილი, რომელიც მსგავსი მეთოდით წარიმართა და რის შედეგადაც, სამსახური სამუშაოს შესრულების ადგილის შეცვლისა და შრომითი პირობების „ცალმხრივად გაუარესების გამო“, რამდენიმე თანამშრომელმა საკუთარი განცხადებით დატოვა.[3]

შრომის ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლის სამართლებრივი შეფასება

საქართველოს შრომის კოდექსი შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების, მათ შორის სამუშაო ადგილის, შეცვლის შესაძლებლობას, მხოლოდ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე უშვებს. შრომითი ხელშეკრულების, ისევე როგორც ნებისმიერი შეთანხმების უმთავრესი ბაზისი მხარეთა გაცნობიერებული და თავისუფალი ნებაა, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელობს შრომის პირობებზე მოლაპარაკების პროცესში დამსაქმებლის იმთავითვე დომინანტური მდგომარეობიდან გამომდინარე.

EMC მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში იკვეთება კომპანიის მხრიდან სამუშაო პირობების შეცვლის თაობაზე არაჯეროვანი და არაკეთილსინდისიერი კომუნიკაცია მეორე მხარესთან, რასაც თან ახლდა კომპანიის მხრიდან სამსახურიდან გათავისუფლებაზე მინიშნება და არასრული ინფორმაციის მიწოდება ცვლილების შინარსზე, რამაც დასაქმებულთა შეცდომაში შეყვანა და იმგვარ დოკუმენტზე ხელმოწერა განაპირობა, რომლის შინაარსს და მის შედეგებს სრულად ვერ აცნობიერებდნენ. ამ უკანასკნელს ასევე ამყარებს ცვლილების შინაარსის გაცნობიერებისთანავე მათ მიერ გამოხატული მყისიერი წინააღმდეგობა და წერილობითი ფორმით კომპანიასთან მოლაპარაკების დაწყების მცდელობა. ასევე, ცვლილების შედეგად მათთვის შექმნილი ცალსახად არახელსაყრელი სამუშაო პირობები, რაც მათთის გაზრდილ ფინანსურ ხარჯსა და შრომითი უფლებების მნიშვნელოვან გაუარესებას გულისხმობდა. დასახელებული გარემოებები საერთო ჯამში იძლევა დასაქმებულთა მიერ გამოხატული თანხმობის ბათილობაზე სამართლებრივი დავის წარმართვის შესაძლებლობას.

მითითებულ პროცესში მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის ადმინისტაციის მხრიდან მოლაპარაკებისა და დიალოგის პროცესში ჩაურთველობა, რაც ასევე ეწინააღმდეგება შრომით კანონმდებლობას, რომელიც პირდაპირი მოლაპარაკების გამართვას ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის აუცილებელ  და სავალდებულო პროცესად მიიჩნევს. დასაქმებულთა წერილობით მიმართვას არ მოჰყოლია ადმინისტაციის მხრიდან მოლაპარაკების გამართვაზე შემხვედრი მზაობა, რაც ამ დრომდე გრძელდება. საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზიდან იკვეთება, რომ საქართველოს რკინიგზა არ დგამს ნაბიჯებს რათა კონფლიქტური მდგომარეობა თანასწორი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული მოლაპარაკების პროცესით, ინტერესთა დაბალანსებით წარიმართოს, რაც სოციალური დიალოგის ფუნდამენტურ პრინციპებთან მოდის წინააღმდეგობაში და არ არის მიმართული შრომით უფლებებთან დაკავშირებული დავების დროული და ეფექტიანი გადაწყვეტისკენ. ამასთან, შრომითი დავის გადაწყვეტის პროცესს მნიშვნელოვნად ართულებს მხარეთა კომუნიკაციის ის ფორმები რაც აღნიშნულმა დაპირისპირებამ მიიღო. ეს მოცემულობა საჯარო დისკუსიებში ასუსტებს დასაქმებულთა შრომით უფლებრივ საკითხებს და პროცესის სწორი განვითარების შემაფერხებელი გარემოებაა.

EMC მიიჩნევს, რომ დასაქმებულთათვის შრომითი ხელშეკრულების ძველი პირობებით გაგრძელების ან ახალი პირობების შემთხვევაში დასაქმებულთა სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა სწრაფი და ეფექტიანი დიალოგის ფორმატში დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. საქართველოს რკინიგზაში დასაქმებულთათვის ხელშეკრულების არსებითი პირობების ცვლილების საკითხი, რომელიც ცალსახად ამძიმებს მათ მდგომარეობას, დასაქმებულთა უფლებების შელახვის ხარჯზე არ უნდა წარიმართოს და ის მხოლოდ მათი ნამდვილი ნების გამოხატვას უნდა დაეფუძნოს.

პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა

რკინიგზის ადმინისტაციის შენობის წინ დასაქმებულთა შიმშილობის აქცია პოლიციის მხრიდან მათი შეკრების თავისუფლების განგრძობადი შეზღუდვის პირობებში მიმდინარეობს. აქციის მონაწილე რკინიგზელებს კარვის გაშლის შესაძლებლობა პოლიციამ არ მისცა.[4] რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრთა განმარტებით, მათ მიმართვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიმართ შესაბამისი რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია.

შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება საქართველოს კონსტიტუციით დაცული უფლებაა, რომლის შეზღუდვა მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი პირობების არსებობისას შეიძლება იქნეს გამართლებული.[5] თბილისის საქალაქო სასამართლომ ანალოგიურ საქმეზე კარვის განთავსების ხელშეშლის ფაქტი უფლების უკანონო შეზღუდვად მიიჩნია და შესაბამის უწყებას კარვის განთავსების უზრუნველყოფა დაავალა.[6]

მოცემულ შემთხვევაში პროტესტის მონაწილეებს არ მიეცათ შეკრების თავისუფლების სრულყოფილი რეალიზების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა უფლების რეალიზების შეზღუდვის ლიგიტიმური საფუძველი. ფაქტის ამსახველ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ კარავი, რომელიც მომიტინგეებს შენობის წინ ჰქონდათ გაშლილი,  არ იწვევდა ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვას ქუჩაზე, არ განაპირობებდა შენობის ბლოკირებას და არ აფერხებდა მოქალაქეთა გადაადგილებას. შესაბამისად, პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროტესტის მონაწილეთა შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვის რამდენიმე ფაქტს, რაც დღემდე გრძელდება. აღნიშნულ შემთხვევას გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი და პოლიციელთა ქმედება  უფლების დარღვევად შეაფასა.[7]

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციასა და ხელისუფლების შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს და მოითხოვს:

  • საქართველოს რკინიგზამ, როგორც სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილმა კომპანიამ რაც მის მაღალ პასუხისმგებლობაზე უნდა მიუთითებდეს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს პროტესტის მონაწილეებთან ეფექტიანი და ღია მოლაპარაკებების წარმოება საკითხის გადაწყვეტის მიზნით;
  • საქართველოს რკინიგზამ გადახედოს პროტესტის მონაწილეთა შრომითი პირობების შეცვლის თაობაზე არსებულ მოცემულობას და ის დასაქმებულთა ნების თავისუფალი გამოვლენისა და ორმხრივი მოლაპარაკების პირობებში, დასაქმებული პირების ინტერესების გათვალისწინებით წარმართოს;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს მიმდინარე პროტესტის მონაწილეთა შეკრების თავისუფლების გარანტირება და დაუყოვნებლივ მისცეს მოშიმშილეებს შეკრების ადგილზე კარვის განთავსების შესაძლებლობა;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოახდინოს ეფექტიანი რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან შეკრების მონაწილეთა მიმართ უფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტებთან დაკავშირებით.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] http://liberali.ge/news/view/30893/rkinigzelta-shimshilobis-aqtsias-7-adamiani-sheuertda

[2] შენიშვნა: დოკუმენტი განთავსებულია „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ ფეისბუქ გვერდზე

[3] http://rustavi2.ge/ka/news/82863

[4] http://netgazeti.ge/news/214619/

[5] საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ;  https://matsne.gov.ge/ka/document/view/31678

[6] თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება

[7] საქართველო სახალხო დამცველის განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველი რკინიგზელების შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტს ეხმიანება; http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxo-damcveli-rkinigzelebis-shekrebis-tavisuflebis-ukanono-shezgudvis-faqts-exmianeba.page

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“