[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

EMC ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ შრომის უსაფრთხოების კანონის მიღებას

EMC დადებითად აფასებს და მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ 2019 წლის 19 თებერვალს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს „შრომითი უსაფრთხოების კანონში“, რომელიც დასაქმებულთა შრომითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.  თუმცა მიიჩნევს, რომ აღნიშნული არასაკმარისია დასაქმებულთა შრომითი უფლებების ეფექტური დაცვისთვის და ამ მიმართულებით კიდევ ბევრი ქმედითი ნაბიჯია გადასადგმელი.

შრომითი უსაფრთხოება  

2019 წლის 19 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი. კერძოდ კი, 2018 წლის მარტში მიღებული „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი ახალი კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად, დამტკიცდა ორგანული კანონის სახით, რითიც კიდევ უფრო გამყარდა დასაქმებულთა შრომითი უფლებების სტანდარტები, ამავე დროს გამოსწორდა კანონში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომლებიც ხელს უშლიდა შრომითი უსაფრთხოების ეფექტური დაცვას.

შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების გავრცელება დასაქმების ყველა სექტორზე

არსებული რეგულაციის თანახმად, შრომითი უსაფრთხოების სტანდარტები ვრცელდება მხოლოდ დასაქმებულთა ვიწრო სპექტრზე, კერძოდ კი, მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე. ხოლო, მითითებული სფეროების ჩამონათვალს, თავის მხრივ, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. ეს კი მნიშვნელოვანად ეწინააღმდეგებოდა ამ მიმართულებით არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან და კანონის მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენდა[1].

ახალი ორგანული კანონის თანახმად კი, 2019 წლის 1 სექტემბრიდან კანონის მოქმედების სფეროში ექცევა დასაქმების ყველა სექტორი, რაც ნამდვილად პოზიტიურ ნაბიჯს წარმოადგენს.

შრომის ინსპექციის დაშვება სასამართლოს გარეშე

ამჟამად მოქმედი რედაქციის თანახმად, ინსპექტირების მექანიზმს არაშერჩევითი კონტროლის (რაც ინსპექციის მთავარ საქმიანობას უნდა წარმოადგენდეს) განხორციელებისას, სჭირდება წინასწარი სასამართლო თანხმობა, დაშვების თაობაზე. დასაქმების ადგილზე საზედამხედველო ორგანოს უპირობო დაშვების არარსებობა, შრომის ინსპექტირების მექანიზმს ართმევს დარღვევაზე სწრაფი რეაგირების საშუალებას და შედეგად, ამცირებს მისი დაუყოვნებელი და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებზე, სადაც  მომეტებულია დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების/ხელყოფის რისკი.[2]

ორგანული კანონით გათვალისწინებული ცვლილების თანახმად, კი 2019 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება შრომის ინსპექტირების საზედამხედველო ორგანოს უპირობო დაშვების მექანიზმი სასამართლოს კონტროლის გარეშე, რაც ასევე წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს.

ზემოთ განხილული ცვლილებების ცალსახად პოზიტიური ხასიათის მიუხედავად, კვლავ გამოწვევად დგას შრომითი უფლებებისა თუ შრომით ურთიერთობებში თანასწორობის უზრუნველყოფის მიმართულებით მთელი რიგი საკითხები, რომელიც საქართველოს პარლამენტისა თუ აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან განგრძობად მუშაობას საჭიროებს:

 

  • შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი უფლებამოსილია ზედამხედველობა გაუწიოს მხოლოდ შრომის უსაფრთხოებაზე, ტრეფიკინგსა და შრომით ექსპლუატაციაზე და მისი უფლებამოსილება არ ვრცელდება სხვა შრომითი უფლებების დაცვის, მათ შორის შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების პრაქტიკაში უზრუნველყოფის მიზნით. ეს საკითხი კი განსაკუთრებით მნიშვნელოვან გამოწვევად სერვისის სექტორში დასაქმებულთათვის დგას, სადაც ადამიანებს ხშირ შემთხვევაში არსებითი შრომითი უფლებების დარღვევით უწევთ მუშაობა.  

    შრომის ინსპექტირების სამსახურის უფლებამოსილებების ხელოვნური დაყოფა და მისი მანდატის მხოლოდ შრომითი უსაფრთხოებით შეზღუდვა არ შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებსა და საერთაშორისო სტანდარტებს.

     
  • ასევე, გაუმჯობესებას საჭიროებს მთელი რიგი საკითხები, როგორიცაა ზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს ოდენობა და მისი ანაზღაურების წესი, ღამის საათებში მუშაობის, დასვენების დროის რეგულირება და ა.შ. ასევე მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საჭიროებს შრომითი მედიაციის მექანიზმი.[3]
  • აუცილებელია საქართველოს მხრიდან მოხდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა მნიშვნელოვანი კონვენციის რატიფიცირება, რომელიც დამატებით გარანტიებს შექმნის დასაქმებულთა უფლებებისთვის. კერძოდ, ეს კონვენციებია 1947 წლის კონვენცია შრომის ინსპექტირების შესახებ (№81), 1947 წლის შრომის ინსპექტირების შესახებ კონვენციის (№81) 1995 წლის ოქმი, 1969 წლის კონვენცია შრომის ინსპექტირების (სოფლის მეურნეობაში) შესახებ (№129), 1981 წლის კონვენცია საწარმოო უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შესახებ (№155), 1985 წლის კონვენცია საწარმოო ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების შესახებ (№161), 1995 წლის კონვენცია მაღაროებში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შესახებ (№176), 1970 წლის კონვენცია მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ (№131) და სხვ. ასევე აუცილებელია დღის წესრიგში დადგეს ევროპის სოციალური ქარტიის რიგი მუხლების რატიფიცირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი.
  • ასევე, აუცილებელია მუშაობა გაგრძელდეს შრომით ურთიერთობებში გენდერული თანასწორობისა თუ დასაქმების ადგილზე დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით, რაც ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან ვალდებულებასაც წარმოადგენს.[4] ამ სფეროში აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიები შეიქმნას მოწყვლადი ჯგუფების უფლებრივი გარანტიების შესაქმნელად, მათ შორის შშმ პირებისთვის, გონივრულ მისადაგებაზე უარის თქმის დისკრიმინაციის ფორმად აღიარების სახით. ასევე, აშკარა რეფორმის საჭიროება არსებობს დედობის, მამობისა და მშობლის შვებულების სფეროს რეფორმირების მიმართულებით.[5] გარდა მატერიალური სტანდარტებისა, ასევე აუცილებელია დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, ეფექტური ინსტრუმენტები მიეცეს საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც თანასწორობის ორგანოს.[6]
  • საკანონმდებლო ბაზის გაძლიერების პარალელურად არსებითი მნიშვნელობა აქვს ინსპექტირების სამსახურის ინსტიტუციური ზრდის ფინანსური და სხვა სახის დახმარების უზრუნველყოფას, მათ შორის სწრაფი და ეფექტური რეაგირების მიზნით ადგილობრივი ოფისების გახსნას.

 

EMC იმედს გამოვთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ გააგრძელებენ მუშაობას შრომითი უფლებების მიმართულებით, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზებასა და დასაქმებულებისთვის ღირსეული შრომითი უფლებების შექმნის მიზნით.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

 

[1] ILO-ს 155-ე კონვენციის შესაბამისად, შრომითი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სტანდარტები ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე. (C155 - Occupational Safety and Health Convention, 1981, Art. 1(1). 2)

ევროკავშირის ჩარჩო დირექტივა შრომის უსაფრთხოებისა და   ჯანმრთელობის შესახებ აღნიშნულ სფეროში ვალდებულებებს ავრცელებს საჯარო და კერძო სექტორის ყველა სფეროზე. (Council Directive 89/391/EEC of 12 June 1989 on the introduction of measures to encourage improvements in the safety and health of workers at work. Art. 2 (1)  

[2] შრომის საერთაშორისო კონფერენციის 95­ე სესია, 2006 წელი. კონვენციებისა და რეკომენდაციების გამოყენების შესახებ ექსპერტთა კომიტეტის ანგარიში.

[3] „შრომითი მედიაციის სამართლებრივი და სოციოლოგიური კვლევა“ EMC (2019) https://emc.org.ge/ka/products/shromiti-mediatsiis-samartlebrivi-da-sotsiologiuri-kvleva

[4]EMC-ის კვლევა „თანასწორობა შრომით ურთიერთობებში (საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის თანასწორობის დირექტივების შუქზე)“ (2018)  https://emc.org.ge/ka/products/tanastsoroba-shromit-urtiertobebshi

[5] დედობის, მამობის და მშობლის შვებულების უფლება თანასწორობის შუქზე: ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის კვლევა: 33-42 (2017) <https://emc.org.ge/uploads/products/pdf/დეკრეტული_შვებულება.pdf>

[6] EMC-ის კვლევა „სახალხო დამცველი, როგორც თანასწორობის მექანიზმი“ (2017) https://emc.org.ge/ka/products/kvleva-sakhalkho-damtsveli-rogorts-tanastsorobis-mekanizmi

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“