საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს: აშკარაა, რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიური და სოციალური სიტუაციისა და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მაუწყებელში კრიტიკული ჟურნალისტების დევნის პრაქტიკა გრძელდება.
2020 წლის 23 მარტს, აჭარის მაუწყებლის დირექტორმა ახალი ამბების ჟურნალისტს, თეონა ხარაბაძეს, შეუზღუდა ბათუმში მუშაობა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე სამუშაოდ ქუთაისში მიავლინა. იმ პერიოდში, როდესაც პარლამენტი ქუთაისში ფუნქციონირებდა, თეონა საპარლამენტო კორესპონდენტად მუშაობდა. თუმცა, ცხადია, რომ პარლამენტის თბილისში გადატანის შემდეგ, მისი სამუშაოს შესრულების ადგილი პრაქტიკით შეიცვალა და ბოლო წელს ის აქტიურად სწორედ ბათუმში მუშაობდა. რეალური საჭიროებისა და დასაბუთების გარეშე ჟურნალისტის ქუთაისში გადაყვანა დაუსაბუთებელი და თვითნებური გადაწყვეტილებაა. აღსანიშნავია, რომ მენეჯმენტმა თეონა ხარაბაძეს ოპერატორიც არ დაუნიშნა და დაავალა მხოლოდ რადიოსა და ვებ-გვერდის მიმართულებით მუშაობა. შრომის კოდექსით, ხელშეკრულების არსებითი პირობის ნაწილია სამუშაოს შესრულების ადგილის განსაზღვრა. არსებითი პირობის შეცვლა კი შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა თანხმობით. ამ შემთხვევაში თეონასთან შრომის არსებითი პირობების შეცვლა მასთან შეთანხმების გარეშე მოხდა. ამ პირობებში ცხადია, რომ მენეჯმენტის ეს გადაწყვეტილება თეონა ხარაბაძეზე, რომელიც ალტერნატიული პროფესიული კავშირის წევრია და ახალი მენეჯმენტის მიერ მიღებულ თვითნებურ გადაწყვეტილებებს და პოლიტიკას აკრიტიკებს, გავლენის მოხდენასა და მის დასჯას ისახავდა მიზნად.
ასევე 23 მარტს მენეჯმენტმა განუსაზღვრელი ვადით დახურა გადაცემა ჰეშთეგი, რომელიც გამორჩეულად კრიტიკული, პროგრესული და სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული გადაცემა იყო. გადაცემის დახურვა მენეჯმენტმა ეპიდემიის გავრცელების რისკებს და ამის გამო მაუწყებელში სამუშაო რეჟიმის შეზღუდვას დაუკავშირა, თუმცა, გადაცემის ონლაინ მუშაობის ფორმატისა და შინაარსის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ დირექტორის მიზანი გამორჩეულად კრიტიკული გადაცემის დახურვა უფრო იყო. აღსანიშნავია, რომ ამ გადაცემის გუნდის წევრები ალტერნატიული პროფესიული კავშირის აქტიური წევრები და მიმდინარე წინასაგაფიცვო პროცესის ლიდერები არიან და ახალმა დირექტორმა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარეს და ჰეშთეგის წამყვანს სრულიად უსაფუძვლოდ განუცხადა, რომ ამ ეს ორი პოზიცია შეუთავსებელი იყო და მას გადაცემის წაყვანის უფლება არ ჰქონდა.
ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპზე კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მიმართ ახალმა დირექტორმა დისციპლინური დევნა წამოიწყო.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში ახალმა მენეჯმენტმა ახალი ამბების სამსახურში საკვანძო პოზიციების მქონე თანამშრომლების დიდი ნაწილი გაათავისუფლა, ან სხვა სამსახურში თვითნებურად გადაიყვანა. 2020 წლის 2 თებერვალს კონტრაქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების შეზღუდვისა და სამუშაო გარემოში შევიწროების და კონტროლის მძიმე პრაქტიკის გამო, მაუწყებლის დირექტორის მოადგილე, ნათია ზოიძე იძულებული გახდა ორგანიზაცია დაეტოვებინა. 2020 წლის 19 თებერვალს მაია მერკვილაძე მოჩვენებითი რეორგანიზაციის პროცესით ახალი ამბების სამსახურის სარედაქციო მიმართულებით უფროსის მოადგილის პოზიციიდან დისკრიმინაციული და თვითნებური გადაწყვეტილებით გადაიყვანეს რადიო მაუწყებლობის სამსახურში. 2020 წლის 28 თებერვალს ახალი ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი, თვითნებური და უსაფუძვლო დისციპლინური დევნის შემდეგ, დირექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა. 2020 წლის 6 მარტს დისციპლინური წარმოების წესისა და პროცედურების აშკარა დარღვევით, დირექტორმა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს თეონა ბაკურიძეს დროებით შეუზღუდა კონტრაქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების შესრულება და მოხსნა ეთერიდან, უკვე 13 მარტს კი ამავე ინციდენტის გამო დირექტორმა თეონა ბაკურიძე სათანადო წარმოების და დასაბუთების გარეშე სამსახურიდან გაათავისუფლა.
ცხადია, რომ ახალი მენეჯმენტის მიერ ბოლო 2 თვეში მიღებული გადაწყვეტილებების ჯაჭვი, კრიტიკული ჟურნალისტების და თანამშრომლების დევნის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის და კონტროლის მოპოვების აშკარა ნიშნებს შეიცავს და აჭარის უმაღლესი საბჭოსა და პარლამენტის მხრიდან დაუყოვნებელ რეაგირებას საჭიროებს.[1] ახალი მენეჯმენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აჩვენებს არა მხოლოდ კონკრეტული ჟურნალისტებისა და მაუწყებლის თანამშრომლების შრომით უფლებების უხეშ დარღვევას, არამედ მათი გამოხატვის თავისუფლებისა და მაუწყებლის დამოუკიდებლობის ხელყოფის მკაფიო და აშკარა ნიშნებს.
აჭარის მაუწყებელში შექმნილი საგანგაშო მდგომარეობის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს:
[1] საზოგადოებრივი ორგანიზაციები აჭარის მაუწყებელში მიმდინარე საგანგაშო პროცესებზე საერთაშორისო ორგანიზაციებს კოლექტიურად მიმართავენ, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/sazogadoebrivi-organizatsiebi-acharis-mautsqebelshi-mimdinare-sagangasho-protsesebze-saertashoriso-organizatsiebs-kolektiurad-mimartaven
ინსტრუქცია