[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / სტატია

ძალაუფლების საკითხი მართლმსაჯულების სისტემაში

 

“[Populus] qui dabat olim / imperium, fasces, legiones, omnia, nunc se / continet atque duas tantum res anxius optat, / panem et circenses.” - Juvenal, Satire X.[1]

[ხალხი], ის ვინც უწინ ძალაუფლებას, უმაღლეს თანამდებობებს, ლეგიონებს - ყოველივეს აფუძნებდა, შემოძარცვული სურვილების ამარა დარჩენილი მხოლოდ ორ რამეს ელის მღელვარებით - პურსა და სანახაობას.“ - იუვენალი,[2] მე-10 სატირა.

 

შესავალი

სასამართლო სისტემის ჩაკეტილობა, ელიტებისადმი ლოიალობა და პოლიტიკური დაკვეთების შესრულება, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ თითქმის ყოველთვის გამოწვევას წარმოადგენდა. ეს საკითხი განსაკუთრებული სიმძაფრით „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ წარმოჩინდა, როცა სასამართლოზე ხელისუფლების გავლენები აშკარა და ინტენსიური იყო.[3] მიუხედავად იმისა, რომ 2004-2012 წლებში სასამართლო სისტემაში დაიძლია ისეთი პრობლემები, როგორიცაა, მაგალითად ქრთამის აღება, ამასთანავე გაიზარდა სისტემაზე მმართველი პოლიტიკური კლასის გავლენები, თავად სასამართლოს შიგნით კი თანდათანობით ჩამოყალიბდა მოსამართლეთა დომინანტური ჯგუფი, რომელიც პოლიტიკური ინტერესების გამტარი იყო.[4] ამის დასადასტურებლად საკმარისია თუნდაც ერთი მაგალითის მოხმობა, როცა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, თავის განჩინებაში (2011) „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ,“ აღნიშნა: „სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები - შსს, გამოძიების საწყის სტადიაზე დაშვებული დარღვევებით; პროკურატურა, გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაშვებული სხვა დარღვევებით; სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მსჯავრდებულების ერთ საკანში უკანონოდ მოთავსებით; შიდა სასამართლოები, არასრულფასოვანი სასამართლო განხილვებითა და მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებით; საქართველოს პრეზიდენტი, მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელი ლმობიერების გამოვლენით, და ა.შ. - ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისათვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება.“[5]

2004-2012 წლებში მართლმსაჯულების ხარვეზები არ იყო ფრაგმენტული, ის სისტემურ პრობლემებს ავლენდა. 2011 წლისთვის, საქართველო პატიმართა პროცენტული წილით მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებდა; საქმეთა მხოლოდ 0.1% სრულდებოდა გამამართლებელი განაჩენით; საპროცესო შეთანხმებები მასშტაბურად ბოროტად გამოიყენებოდა; გადაწყვეტილებები იშვიათად იყო სათანადოდ დასაბუთებული და, მთლიანობაში, სასამართლო ხელისუფლება დომინანტური პოლიტიკური ინსტიტუტების ნების კარნახით ფუნქციონირებდა.[6] მართლმსაჯულების სფეროში არსებული სისტემური უსამართლობა და ჩაგვრის პრაქტიკები შეეხო როგორც უამრავ რიგით ადამიანს, ასევე მმართველი ძალის მიმართ ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ ჯგუფებს.[7]

2012 წელს, ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლის შემდგომ, დღის წესრიგში სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმირების აუცილებლობა იდგა. მმართველი პოლიტიკური გუნდის გაცხადებულ მიზანს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლება წარმოადგენდა.[8] ამ მხრივ, პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, რამდენიმე ვრცელი საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმა განხორციელდა, ასევე მოსამართლეთა კორპუსის უდიდესი ნაწილი ხელახლა გადაინიშნა თანამდებობებზე.[9] გასული წლის ბოლოს კი, უზენაეს სასამართლოში დამატებით 14 წევრი დაინიშნა.[10]

მთელი ამ ხნის განმავლობაში, როგორც ქართული საზოგადოება,[11] ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები და დაინტერესებული მხარეები, სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. „კლანის“ არსებობაზე მიუთითებდნენ,[12] ე.ი. მათზე, ვინც საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური მოსამართლეების ნების ფორმირებაზე ზემოქმედებს, ფლობს მნიშვნელოვან თანამდებობებსა და ძალაუფლებას, აქტიური კავშირები აქვს დომინანტურ პოლიტიკურ ელიტასთან და ა.შ. ამის საპირისპიროდ, მმართველი ძალის პოლიტიკური ნარატივი მყარად დგას სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის მითითებაზე (განსაკუთრებით 2015 წლიდან). სასამართლოს დამოუკიდებლობა და ავტონომიურობა ხშირად წარმოჩინდება, როგორც ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი.

მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ავტონომიურობის საკითხის თეორიულ გააზრებას, და უფრო კონკრეტულად ამ თემის ანალიზს ტრანსფორმაციული პოლიტიკური მდგომარეობის პირობებში, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს. ხშირად ეს საკითხი ძალზე ტექნიკურ, ფორმალურ-სამართლებრივ დისკურსში ექცევა, რის გამოც ბუნდოვანი ხდება მართლმსაჯულების სფეროში არსებული პრობლემების სისტემური საფუძვლები და რთულდება მათი მოგვარების გზების დასახვა.

წინამდებარე სტატია არის მცდელობა, მართლმსაჯულების სისტემაში კლანის ფორმირების ფართო პოლიტიკური, თეორიული გააზრება მოხდეს. კერძოდ, მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს, დგას თუ არა სასამართლო დამოუკიდებლობისა და ავტონომიურობის კუთხით სისტემური გამოწვევების წინაშე; რა პოლიტიკურ მოცემულობაში იქმნებიან „კლანის“ მსგავსი დომინანტური ჯგუფები; არის მისი არსებობა შემთხვევითობა, თუ ის ბოლო დროის საქართველოს ისტორიული, სოციალური და პოლიტიკური განვითარების ლოგიკური შედეგია; აშიშვლებს თუ არა არსებული სისტემა უფრო ღრმა პოლიტიკურ პრობლემებს და საჭიროებს თუ არა ის რადიკალურ ტრანსფორმაციას.

სტატიაში უპირველესად აღიწერება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და ავტონომიურობის შინაარსი, მისი თეორიული ასპექტები. მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და გაძლიერების პოლიტიკური დისკურსის სავარაუდო მიზნებს ტრანსფორმაციულ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებში. თეორიული ჩარჩოს მოხაზვის შემდეგ, ის დაუკავშირდება საქართველოში სასამართლო ხელისუფლების მდგომარეობას, მისი განვითარების კონტექსტს, რაც შესაძლებლობას მოგვცეს დავინახოთ მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური პრობლემები ფართო პოლიტიკურ-სამართლებრივი პერსპექტივიდან.

სტატია სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ დოკუმენტში

ძალაუფლების_საკითხი_მართლმსაჯულების_სისტემაში_1593180155.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Meaning and origin of the phrase ‘Bread and Circuses,’ ხელმისაწვდომია: https://wordhistories.net/2018/09/01/bread-circuses-origin/, წვდომის თარიღი: 09.06.2020.

[2] რომაელი პოეტი, I-II სს, ხელმისაწვდომია: https://spartacus-educational.com/ROMjuvenal.htm, წვდომის თარიღი: 09.06.2020.

[3] ოლღა შერმადინი და თამთა კახიძე, კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, თბილისი, 2018, გვ. 5, ხელმისაწვდომია: https://docs.google.com/viewerng/viewer?url=https://www.transparency.ge/sites/default/files/corruption_risks-geo_1.pdf, წვდომის თარიღი: 09.06.2020.

[4] კახა წიქარიშვილი, კლანური მმართველობა სასამართლოში 2007 წლიდან დღემდე, 2019, გვ. 1, ხელმისაწვდომია: https://article42.ge/media/1001447/2019/04/22/2853cf2c9d2199d8311b47b2e4b27cce.pdf, წვდომის თარიღი: 09.06.2020.

[5] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საქმე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ,“ სტრასბურგი, 2011, პარაგრაფი 276, გვ. 69, ხელმისაწვდომია: http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/enukidze%20da%20girgvliani.pdf, წვდომის თარიღი: 09.06.2020.

[6] ჰოვარდ ვერნი, გარდამავალი მართლმსაჯულების პერსპექტივები საქართველოში, 2017, გვ. 7, ხელმისაწვდომია: https://osgf.ge/files/2017/Publications/ICTJ_Report_Georgia_2017_GEO.pdf, წვდომის თარიღი: 09.06.2020.

[7] თომას ჰამარბერგი, საქართველო გარდამავალ პერიოდში, 2013, გვ. 7-8, ხელმისაწვდომია: http://myrights.gov.ge/uploads/files/docs/8987288_38635_607369_Hammarbergreport-getm.pdf, წვდომის თარიღი: 09.06.2020.

[8] ანა აბაშიძე, ანა არგანაშვილი და სხვები, სასამართლო სისტემა: რეფორმები და პერსპექტივები, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, თბილისი, 2017, გვ. 11, ხელმისაწვდომია: http://coalition.ge/files/____________________________________________________.pdf, წვდომის თარიღი: 09.06.2020.

[9] ოლღა შერმადინი და თამთა კახიძე, დასახელებული ნაშრომი, გვ. 35.

[10] როგორ დაკომპლექტდა უზენაესი სასამართლო - მოკლე მიმოხილვა, EMC, 2019, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/uzenaesi-sasamartlos-dakomplektebis-erttsliani-protsesi-mimokhilva, წვდომის თარიღი: 09.06.2020.

[11] ოლღა შერმადინი და თამთა კახიძე, დასახელებული ნაშრომი, გვ. 14.

[12] იხილეთ, მაგალითად: სასამართლოზე ზეწოლა და “მოსამართლეთა კლანი” სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, ხელმისაწვდომია: https://netgazeti.ge/news/348442/, წვდომის თარიღი: 09.06.2020.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“